რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე სახალხო კრებიდან ,,ქართულ ოცნებაში'' კარგა ხანია წავიდა. როგორ, როდის და რა ვითარებაში, ეს ცალკე შეფასების თემაა, თუმცა მისი ერთი ფრაზა ახლაც განხილვის საგანია - კრებიდან როგორ წავიდოდი, როცა იქ არც ვყოფილვარო. სამაგიეროდ, ინტერვიუში ბატონმა გოგიმ, ჩვენთან ერთად, სახალხო კრების ბევრი თარიღი და ემოცია გაიხსენა. დღეს გოგი ქავთარაძე ზესტაფონის მაჟორიტარი კანდიდატია ,,ქართული ოცნებიდან'', გვაძლევს ორ დაპირებას და უფლებას, ამ დაპირებებზე პასუხი ნებისმიერ დროს მოვთხოვოთ. გოგი ქავთარაძესთან საუბარს კი მისთვის ყველაზე აქტუალური თემით, ზესტაფონით ვიწყებთ:
- პირველად ქუთაისის აქციაზე გამოცხადდა, რომ კენჭი ზესტაფონში უნდა მეყარა, მაგრამ ეს ამბავი თვენახევრით ადრე ვიცოდი. დაფარული არაა, რომ ბატონმა ბიძინამ შეხვედრაზე თავად მკითხა, ზესტაფონის მაჟორიტარობაზე რას იტყვიო. ბატონი ბიძინა ჩემთვის ისეთი პიროვნებაა, უარს ვერ ვეტყოდი, ამიტომ ვუპასუხე, თუ რამე შემიძლია, მოურიდებლად მითხარით და გავაკეთებ-მეთქი.
- გინდოდათ მაჟორიტარობა, ბატონო გოგი?
- არა, რასაკვირველია, არ მინდოდა, მაგრამ არც დავფიქრებულვარ, თანხმობა ისე მივეცი. უკვე იმერეთის 21 სოფელში ვიყავით. იქ ისეთი სავალალო მდგომარეობაა, ვინმეს რომ მოეყოლა, ვერც დავიჯერებდი, თუ დღეს ხალხს დენი, წყალი და გაზი არ ექნებოდა. ზესტაფონი განსაკუთრებული რაიონია, მოსახლეობის ნახევარი მრეწველობითაა დაკავებული, ნახევარი - სოფლის მეურნეობით. მხატვრულად წარმოიდგინეთ: ვიღაც ,,X '' კაცი ფეროში ამთავრებს ცვლას, გამოდის ფეროდან, თოხს იღებს და მიდის მიწაზე სამუშაოდ. ეს არ უნდა დაიკარგოს! ერთ კვირაში ზესტაფონში გავდივარ და, ფაქტობრივად, თბილისში აღარცYჩამოვალ, მინდა, უკეთ გავერკვე, რა ხდება რეალურად ფეროში. ამაზე არავისთან მილაპარაკია და თქვენი გაზეთით გაიგებენ, რომ ფეროს ხელმძღვანელობასთან, ასევე მინისტრ გოგა ხაჩიძესთან მინდა შეხვედრა და ზესტაფონის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბარი. სოფელ ქვედა საქარაში ერთმა კაცმა პირადად მითხრა, 62 წლის ვარ და აქ ჩემზე ხნიერი სხვა არავინაა, ისეთი მძიმე ეკოლოგიური სიტუაციაა, ხალხი კიბოთი იხოცებაო. ან სიტყვა ,,გზას'' საერთოდ როგორ ახსენებს პრეზიდენტი, როცა იმერეთის ბევრ სოფელში გზაა გარმონივით ოღროჩოღროა.
- რატომ მაინცდამაინც ზესტაფონი, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს თავად შემოუთავაზებია?
- ალბათ, გაიკითხა ბატონმა ბიძინამ, საიდან ვიყავი წარმოშობით. ასე ვთქვათ, ხარკი უნდა გავიღო ან რაიონისთვის. ჩემი მშობლები ზესტაფონიდან იყვნენ და მინდა, მათ მივუძღვნა ყველაფერი. მინდა ერთი რამ გითხრათ: წესდებაში კი წერია, თუმცა ეს პუნქტი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და ამოქმედდეს - თუ კაცი თავის რაიონში იმას ვერ გააკეთებს, რასაც ხალხს დაპირდა, ის მაჟორიტარი პარლამენტიდან უნდა გამოითხოვონ! ამოიღეთ მერე ეს ფრაზა ინტერვიუდან, მოდით ჩემთან და მითხარით, დეპუტატობიდან რატომ არ მიდიხარ, წადი, მაინც არაფერს აკეთებო! აუცილებლად წავალ და საქმეს იქამდე არ მივიყვან, ვინმემ ეს შემახსენოს. კიდევ ერთ განცხადებას გავაკეთებ: ზესტაფონში რაღაც ბანერები გამოუკრავთ ,,ნაციონალებს'' და ჩემი ციტატა წაუწერიათ, ქავთარაძე დარწმუნებულია, რომ აგვისტოში ომი ქართველებმა დაიწყესო. მესმის, არჩევნების წინ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი იწყება კანდიდატებს შორის, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, მოდით, ზესტაფონის კანდიდატებმა მთელ საქართველოს მივცეთ მაგალითი, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთი არ ვლანძღოთ და გავსვაროთ. სხვისი არ ვიცი, საკუთარ თავზე მე ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამას არ გავაკეთებ. ახლა არც რეჟისორი ვარ, არც მსახიობი, არც თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, უბრალოდ, იმ რაიონის მდგომარეობა მაინტერესებს, რომლის მაჟორიტარობის კანდიდატიც ვარ. ეს ძალიან რთული საქმეა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ყველაფერზე, პირველ რიგში, ხალხის წინაშე უნდა ვაგოთ პასუხი.
- ახლა შეიძლება, ხალხს კითხვა გაუჩნდეს, ეს მსახიობები და რეჟისორები ივანიშვილს ვალს უხდიან, თუ მართლა სჯერათ რასაც ამბობენ და აკეთებენო. თქვენ შემთხვევაში როგორაა?
- მოდით, ასე დავაყენოთ საკითხი - მგონი, ,,ოცნებაში'' უმეტესობა იმიტომაა, სჯერა, ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო პოლიტიკიურ ასპარეზზე, საქართველოში ტოტალური დეპრესია გამეფდებოდა. ყველამ დაიჯერა, რომ გაჩნდა ახალი კაცი, რომელიც ნამდვილი ლიდერია.
- ვიცი, სახალხო კრებასა და თქვენ განცხადებაზე ლაპარაკი აღარ გინდათ, მაგრამ ნონა გაფრინდაშვილმა ინტერვიუშიOმითხრა, გავოგნდი, როცა გოგი ქართულ აკადემიასთან ერთად ივანიშვილის სასახლეში ვნახე და იქ გამაგებინა, კრებიდან რამდენი ხანია წამოვედიო. ეს ამ ფორმით რატომ გააკეთეთ?
- არ დამთავრდა ამაზე საუბარი! ხან ამას ლაპარაკობენ, ხან - იმას. მოდით, ახლა თქვენ აიღეთ თქვენ თავზე ამ თემის დახურვა და გავხსნათ ფრჩხილები ბოლომდე: მე ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული აკადემიის წევრი. როცა სახალხო კრების შექმნის ამბავი გამოცხადდა, ითქვა, ვინც რომელ პარტიასა და ორგანიზაციაში ხართ, დარჩით ამ პარტიული კუთვნილებით და ისე შემოდით კრებაშიო. მეც, როგორც სახალხო კრების წევრი გავხდი ,,ქართული აკადემიიდან''.
- სახალხო კრების წევრი გახდით და შეხვედით კრების სათათბიროში, ხომ ასეა?
- დიახ, სათათბიროს წევრიც ვიყავი და სპიკერიც. იქ ჩემი მეგობრები არიან, რომლებთანაც არც კონფლიქტი მომსვლია და მათზე ცუდს ვერც ვერავინ დამაცდენინებს, რადგან ერთად ბევრი რამე გავიარეთ. უბრალოდ, მერე ამხელა პასუხისმგებლობა ავიკიდე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეობა და ვხვდებოდი, რომ ეს ორი საქმე ერთად რთული შესათავსებელია. ორივეს ერთად ვერ მოვასწრებდი, რაღაც უნდა დამეთმო, ამიტომ მე ვერ ვთქვი ეს კრებაში და 26 მაისის მერე იქ აღარ მივსულვარ.
- არც 27 მაისს გასულხართ რუსთაველზე?
- არა, 26-ში ღამე რომ ვიყავი, იმის მერე კრებაში ფეხი აღარ მიმიდგამს, 100%-იანი ვიცი. მოკლედ, ეს 26 მაისი არის ათვლის წერტილი, როცა მე წამოვედი კრებიდან და დავბრუნდი აკადემიაში.
- კრების არც ის ლიდერი ხართ, ვინც ეკა ბესელიასთან ერთად, საკუთარ თავზე მთელი აქცია აიღო და ხალხი პარლამენტიდან ტელევიზიისკენ დაძრა? თქვით, კრებაში არც ვყოფილვარო, ოღონდ, პირადად თქვენ, ხალხი არ მიგყავდათ საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ?
- ყველა აქციაზე ვიყავი, ოღონდ, 26 მაისის მერე არც ერთზე... კარგი, გეტყვით ახლა რაღაცას - შეიძლება, ჩემი შეცდომა ისაა, რომ კრებაში ხმამაღლა არ გამოვაცხადე, იცით რა, მე წავედი და აღარ მოვალ-თქო. უბრალოდ, აღარ მივედი.
- რატომ უნდა გამოგეცხადებინათ? ლიდერებისთვის გეთქვათ, რომ ფაქტის წინაშე არ დამდგარიყვნენ.
- იცით რა, მერე ამას დემარში უფრო დაერქმეოდა. დიახ, ასე იყო, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ არ ვთქვი, თუმცა ქალბატონი ნინოს მადლობელი ვარ. ერთხელ თქვა, ალბათ დატვირთულობის გამო გავიდა თამაშიდანო. რეზო ესაძე ჩემი მასწავლებელია. მან გამზარდა, მისიც ძალიან მადლიერი ვარ, კი ვეუბნებოდი, შეიძლება, მოუცლელობის გამო ხელიდან გამოგეცალო-მეთქი, მაგრამ... იცით, პერსონალურად ბატონ რეზო ესაძესთან ვარ დამნაშავე, რომ, პირველ რიგში, მას არ ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ეს ჯერ მისთვის უნდა მეთქვა და მერე სხვისთვის.
- სხვებმა რა დააშავეს? ერთი მძიმე შეფასებაც მაქვს თქვენთვის - კრების წევრმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, კრება კი არ დაიშალა, გოგი ქავთარაძემ დაშალა და წაშალა საკუთარი თავიო. ხალხშიც ისევაა აზრი, მიატოვა, ჩუმად წავიდაო...
- მე თქვენ აგიხსენით, რომ კრებაში მივედი, როგორც ქართული აკადემიის წევრი და წამოვედი ქართული აკადემიის წევრად. სხვა მომენტი იქ არ ყოფილა. არ მიმაჩნია საჭიროდ, თავი გავიმართლო, თავის სამართლებელი არაფერი მაქვს. შეიძლება, ვიღაცამ რაღაც დამაბრალოს, ან, ბოდიში ამ სიტყვისთვის, ხელი შემახოცოს, მაგრამ ისე ვიცხოვრე, ჩემთვის ასეთი რამ არ უთქვამთ. მე და კრების წევრებს არ დაგვიკარგავს ერთმანეთი, ჩვენ შორის წყენა არაა, მეტსაც გეტყვით, როცა ვინმეს ვნახულობ, ამ საკითხს არც ვარჩევთ.
- როცა ივანიშვილს ბურჯანაძე-შაშიაშვილი არ სჭირდება და მხოლოდ აპოლიტიკური სახეები მიჰყავს ,,ოცნებაში'', ეს არდაშლაა?
- არაფერი არაა ამაში საგანგაშო. ოღონდ, არ ვიცი, რას მიაწერენ მერე კანდიდატებს, ,,კრებას'' თუ ,,ოცნებას''. ეს უკვე შეთანხმების საკითხია. რაც არ ვიცი, არ ვიცი. რაც უნდა მოხდეს, ერთ რამეს მართლა შევასრულებ - სასულიერი პირი არ ვარ, ვინმე ჯვარზე დავაფიცო, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რაც უნდა უსამართლოდ მლანძღონ, სიძულვილის ენით არავის ვუპასუხო. არ მესიამოვნება, მაგრამ ყველაფერს მშვიდად მოვისმენ და მოვითმენ. მე ასე მინდა! როცა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მისი ლანძღვა და კრიტიკა დაიწყო, ვერ წარმოვიდგინე, ეს ყველაფერი ამდენი კარგი საქმის გამკეთებელ ადამიანზე როგორ უნდა ეთქვათ.
- კარგი საქმის გამკეთებელი არ უნდა გაკრიტიკდეს?
- რასაც ამბობენ, ყველაფერი მართალი ხომ არაა? ხალხი უნდა გაერკვეს, დაფიქრდეს. რაღაც მიიღოს, რაღაც - არ მიიღოს, რაღაც დაიჯეროს, რაღაც - არა. მეც ასე ვარ, ახლა ჩემ თავზეც გამოვცადე. ჩემზე რაღაც თქვა თემურ შაშიაშვილმა, მაგრამ შეიძლება, ვუპასუხო, შეიძლება - არა. აქამდე ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არაფერს ამბობდა, პოლიტიკაშიც არ ყოფილა, ახლა მოვიდა და ვუთხრათ, ასე რატომ იქცევიო?! ვისი რა საქმეა, ისე იქცევა, როგორც საჭიროდ მიაჩნია! მოგეწონება, გაიზიარებ, თუ არადა, იტყვი, იქნებ, ასე სჯობდესო. ბატონი ბიძინა ზოგიერთ საკითხს საკმაოდ მკვეთრად სვამს. ზოგ რამეში ვთანხმდებით, ზოგ რამეში გარკვევა მინდა.
- ,,ოცნებაში'' წასვლის მერე ეს ფრაზა მეორედ თქვით, ადრეც ამბობდით, რაღაცების კითხვა მინდა და ვერ ვეკითხებიო. რა გაინტერესებთ და რატომ ვერ ეკითხებით?
- იმიტომ, რომ რაღაც საკითხები არ ვიცი კარგად. თან დიდი ხანია, არ მინახავს, თუმცა როცა შევხდით, ორჯერ ორი-ორი საათი ვისაუბრეთ. ბევრი შემიძლია ვთქვა ბატონ ბიძინაზე და არც მეხათრება. კაცი ალალად ამბობს, არ შემიძლია ეს სახალხო გამოსვლებიო, მაგრამ ცდილობს ისწავლოს, რაც დასაფასებელია. მას კი არა, ჩემი პროფესიის კაცს, მე მიჭირს ეს მიტინგური სიტუაციები.
- გადასარევად კი მიგყავდათ კრების მიტინგები...
- აბა, მე მკითხეთ, როგორ ვიყავი?! ახლა სხვა ვითარებაა, ვიცი, ხმამაღალ რამეს ვამბობ, მაგრამ 2012 წელს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები და საერთოდ, პერიოდი ქვეყნის ისტორიაში. მოხდება თუ არა დაპირისპირება, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ხელისუფლებაზე...…
- გაყალბებას ელოდებით და ამისთვის ემზადებით?
- ტრადიციულად უნდა გითხრათ - ამ მთავრობისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ოღონდ ერთი ამბავი უნდა გავიხსენო: როცა 26 მაისს რუსთაველზე ტყვია მომხვდა და კინოთეატრში შევედი, ჩემთან სოსო ჯაჭვლიანი, დიმა ჯაიანი და დიმას ვაჟი, ჯაბა იყვნენ. მაშინ ახალნაოპერაციები ვიყავი, ჯაბა ერთ ნიღბიანთან მივიდა, ბატონი გოგო შეიძლება ცუდად გახდესო. ამის თქმა იყო და ის ნიღბიანი მოვიდა ჩემთან და მეუბნება, სასწრაფოს ხომ არ დავუძახო, ან რამე წამალი ხომ არ მოვატანინო, ბატონო გოგიო? ახლა ყველაზე რომ ვთქვა, ერთნაირები არიან მეთქი, ხომ შეიძლება, იმ ნიღბიანმა წაიკითხოს და თქვას, რა უმადური კაცი ყოფილაო, ამიტომ ამას ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცი, მექანიკურად მოსდით თუ რით ავხსნა, მაგრამ ქუჩაშიც რომ მხვდება პოლიცია, ყოველთვის მომიკითხავენ და თბილად მესალმებიან.
- მაშინ, ლოგიკურად დავასრულოთ - ვანო მერაბიშვილის პრეიმერად დანიშვნის მერე ყველა ამბობს, ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი საბოლოოდ მკვიდრდებაო. ამ ვითარებაში, 26 მაისის გამეორების საფრთხეს ხედავთ?
- არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მერაბიშვილის გაპრემიერება რაღაც კარგს მოგვიტანს! ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ჩემი შინაგანი ინტუიცია მეუბნება, რომ ეს არაა ჩვეულებრივი მოვლენა, უაზროდ გადადგმული ნაბიჯი. ტანი მიგრძნობს, ეს დადებითი მოვლენაა. აი, გაიხსენეთ ჩემი სიტყვა, ვიცი, ამით კარგი ფაქტი მოხდა. მჯერა, რომ ბატონი ვანო კარგად მოიქცევა.