რისთვის უხდის მადლობას სააკაშვილს და რატომ აკრიტიკებს ჯონ ბასს შალვა რამიშვილი

რისთვის უხდის მადლობას სააკაშვილს და რატომ აკრიტიკებს ჯონ ბასს შალვა რამიშვილი

სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” სკანდალურმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა  საქართველოში აშშ-ის ელჩი, ჯონ ბასი გააკრიტიკა და ბრალი ქართული საზოგადოების ანტიამერიკული განწყობის შექმნაში დასდო. “ქართულ სიტყვას” შალვა სწორდ ამ განცხადების დეტალებსა და, საერთოდ, არანორმალურ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს:

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს ამერიკის შეერთებელი შტატები - ამერიკულ კულტურაზე გავიზარდე და ვინატრებდი, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ისეთი დემოკრატია იყოს, როგორიც დასავლურ სამყაროში. საქართველოსა და აშშ-ს შორის, რა თქმა უნდა, კულტურული განსხვავებები ყოველთვის იქნება, მაგრამ მინდა, ჩვენთანაც სახელმწიფოს მოწყობის ისეთი პრინციპები იყოს, როგორიც იქაა, მაგრამ გამოვხატე  წუხილი, რადგან უფრო და უფრო მიჭირს დისკუსიების წარმართვა პრორუსულ ძალებთან, ან ისეთ პოლიტიკოსებთან, რომელთაც არ უნდათ ამერიკასთან დაახლოება, მაგალითად, კახა კუკავასთან იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ზედმეტად დიპლომატიურ რიტორიკას მიმართავენ, რაც ძალიან სამწუხაროა. რუსეთში ამერიკის ელჩი ხშირად პირდაპირ ბრალს სდებს რუსეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დარღვევაში და ა.შ. თუ რუსეთში ელჩი აკეთებს კრიტიკულ განცხადებას კონკრეტულ მოვლენაზე, რატომ არ შეიძლება, რომ იგივე ყაიდის მოვლენაზე იგივენირი კრიტიკა აქაურმა ელჩმაც გააკეთოს?! ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საქმე ადამინის უფლების დარღვევასთან, ან ავტორიტარიზმის გამოვლენასთან გვაქვს, ადამიანის უფლებებზე მაღლა არანაირი ხელისუფალთაშორის შეთანხმება არ უნდა იდგეს. იმიტომ გვიყვარს აშშ და იმიტომ ვართ პარტნიორები, რომ ამერიკა არის ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა განუზომლად მაღლა დგას. აი, ეს პრობლემა დავაყენე. ჩემი შეკითხვის შემდეგ, რომელიც “მერიოტში” ელჩს დავუსვი წინასაარჩევნო დარღვევებზე, ველოდებოდი, რომ ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით პასუხი უფრო კრიტიკული იქნებოდა. ამასთან, მეგონა, რომ ამერიკული მხარე იმ ჩხუბის გამოც, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორში მოაწყვეს, უფრო კრიტიკული იქნებოდა, მაგრამ მძაფრი კრიტიკა ვერ დავინახე. “ფეისბუქზე” წუხილი ამიტომაც გამოვთქვი.

ვიცი, რომ ამერიკამ ქართული დემოკრატიისთვის, თუნდაც ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთა - მაგალითად, დააფინანსა რეგიონალური საინფორმაციო ცენტრები, მაგრამ თუ ხელისუფლებას არ გააკრიტიკებენ, მას დიპლომატიური პასუხები არ ესმის.

- შალვა, მოდი, წინასაარჩევნო მღელვარებაზეც ვისაუბროთ: სააკაშვილს კარგად იცნობ და, შენი აზრით, მისგან არჩევნებამდე რას უნდა ველოდოთ?

- მიშა ძალიან ცდილობს, რომ თავი შეიკავოს, მაგრამ სპონტანური გამოვლინებები არ ასვენებს. აი, მაგალითად, ანტენების თემა იყო სპონტანური - ერთ დღეს გაიღვიძა და თქვა, დააყადაღეთ ყველა ანტენაო. ასე იმიტომ მგონია, რომ მეორე დღეს “მასტ-ქერი” ჩართეს, რაც იმაზე რეაქცია იყო, რომელიც ანტენების დაყადაღებას მოჰყვა. მგონი, უფრო და უფრო ხშირად ვიხილავთ მიშას ფსიქიკური თავისებურებებით გამოწვეულ არაერთ სპონტანურ ქმედებას. მოსახლეობა სიმშვიდით უნდა აღიჭურვოს და როგორმე არჩევნებამდე მივიდეთ. რაც შეეხება “მასტ ქერს”, ეს გადმოგდებული ბარტყია, რომელიც ვერ დაფარავს იმ დანაშაულს, რომელიც ხელისუფლებამ ანტენების დაყადაღებით ჩაიდინა.

- პოლიტიკური ნიშნით მასობრივ დაყადაღება-დაჯარიმებაზე რას იტყვი? უკვე ანეგდოტად დადის, ბიჭმა გოგოს უთხრა, ჩემი ოცნება ხარო და ბიჭი დააყადაღესო...

- (იცინის) ნამდვილად არანორმალური გარემოა, რაც თანდათან კიდევ უფრო გამძაფრდება, მინისტრთა კაბინეტის ცვლილებებიც ამაზე მეტყველებს.
დაყადაღებები და ჯარიმები აბსურდულია. ყველაზე აბსურდული კი ისაა, რომ ივანიშვილის მრავალმილიონიანი დაჯარიმება სასამართლომ 2 სხდომაზე განიხილა და ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

- შალვა, ხელისუფლბის მომხრეები მუდმივად ყბადაღებულ გამოძალვას გახსენებენ, რომლის გამოც სასჯელი მოიხადე...

- ჯერ ერთი, არ გამომიძალავს და ვიყავი ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლი და ამის დამადასტურებელი საბუთი სტრასბურგის განაჩენი იქნება, სადაც ერთი სასამართლო მოვიგე, რომელიც იმას ეხებოდა, რომ წინასწარი გამოძიებისას ხელისუფლებამ უამრავი შეცდომა დაუშვა. ახლა საქმე არსებით განხილვაზე მიდგა და გამამართლებელ განაჩენს ველოდები. ისე, რაც მოხდა, თუნდაც მართალი რომ ყოფილიყო, უკვე მოვიხადე 4-წლიანი სასჯელი და ნებისმიერი მცდელობა, რომ ჩემი დისკრედიტაცია ამ კუთხით მოახდინონ, სერიოზული ხალხისთვის ანგარიშმისაღები არაა. ძალით თავს ვერავის შევაყვარებ, ადამიანებმა თვითონ განსაზღვრონ, ვის დაუჯერონ და ვის - არა. ამიტომ, ამ საკითხს ფილოსოფიური სიმშვიდით ვუყურებ.

- გადაცემით - “აკრეტიდაციის გარეშე”, მგონია, რომ საზოგადოებაში გამეფებულ შიშს ებრძვი..

- შიში ნელ-ნელა ქრება, რადგან ხალხი დარწმუნდა, რომ ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ამ რეჟიმის გაგრძელების წინააღმდეგია. საერთოდ, რაოდენობა ძალიან ბევრს აკეთებს - ყველას ვერ დაიჭერენ, ყველას ვერ დააშინებენ. რაც უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდება, რომ ბევრია მისი თანამოაზრე, შიში უფრო გატყდება. “აკრედიტაციის გარეშე” დღევანდელობის სარკეა.

- შალვა, ალბათ, დამეთანხმები, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული სამოქალაქო საზოგადოებაზე...

- უფრო დიდ მნიშვნელობას უბრალო ხალხის გაააქტიურებას ვანიჭებ, ვიდრე - “ენ-ჯე-ო” სექტორის, რომელიც ფულს იმაში იღებს, რომ აქტიური იყოს. გაცილებით ფასეულია, რომ გააქტიურეს რიგითი ადამიანი, რომლის მოქალაქეობრივი ვალიცაა, მონაწილეობა მიიღოს თავისი მომავლის არჩევანში. ასეთ დროს, შედეგიც არ დააყოვნებს, რადგან საზოგადოების უდიდეს ნაწილში კარგა ხანია, ამ ხელისუფლებას დასაყრდენი აღარ აქვს.
­

- “მე-9 არხზეხომ არ აპირებ გადასვლას?

- არა... ჯერჯერობით, “მაესტროში” ვარ...

- შენი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოსად გარდაქმნა შეძლო?

- მის მეცენატობაზე ლაპარაკს არ დავიწყებ - ეს ყველამ იცის. ბევრი ამბობს, რომ ივანიშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს და ძლიერი პოლიტიკოსი ვერ იქნება, თუმცა ავიწყდებათ მისი გამჭრიახობა, რაც კარგი პოლიტიკოსისთვის აუცილებელია. ოპონენტები, ისეთები კი არა, რომლებიც “რუსეთის კაცობაზე” ლაპარაკებენ, ისინი ჩვეულებრივი დემაგოგები არიან, სხვა ადამიანები, მათ შორის, ჩემი ამხანაგებიც ივანიშვილს უწუნებენ გემოვნებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ივნიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოახერხა მთელი იმ ოპოზიციური მოძრაობის მობილიზება, რომელიც აქამდე სპონტანური და არა სტრუქტურიზებული იყო, ანუ ადრე ოპოზიციურ მოღვაწეობას არ ჰქონდა მკაფიო მიზანი და გეგმა. ამ კაცმა ოპოზიციური მოძრაობა დაამსგავსა კომპანიას, სადაც ყველას აქვს თავისი ფუნქცია, არის სუბორდინაცია და შედეგს აუცილებლად მიაღწევს.

- რაც შეეხება ახალ სახეებს, საზოგადოებას სურს, იხილოსგაუსვრელიადამიანები პოლიტიკაში...

- საიდან უნდა მოიყვანოს ასე მალე ახალი სახეები?! ჩვენ, ყველას გვინდა დიმიტრი გელოვანი, მაგრამ პოლიტიკაში წლების განმავლობაში არ მოდიოდნენ წარმატებასმოწყურებული წესიერი ადამიანები, ასეთი ხალხი ბევრ ქვეყანაში არ მიდის პოლიტიკაში, რადგან როცა პოლიტიკაში მიდიხარ და კეთილსინდისიერი ხარ, იმდენ ფულს ვეღარ შოულობ, ჟურნალისტები ყურადღებას გაქცევენ, საჯარო ხარ და თავისუფლებას კარგავ. ის ადამიანები კი, რომლებიც თავისუფლებას ირჩევენ, ხშირ შემთხვევაში, არ მიდიან პოლიტიკაში. თანდათან ჩამოყალიბდებიან ახალი სახეები. რაც შეეხება ძველ სახეებს, არც ერთი მეხამუშება. ხომ გაგიგია, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს - მღვდლის ცოლიო. მოწონს თუ არა საზოგადოებას ეს გუნდი, ამას არჩევნები დაგვანახებს.

- რას იტყვი ივანიშვილის პოლიტიკურ სვლებზე, ან მის საჯარო გამოსვლებზე?

- მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და ხმამაღლა განვაცხადო:Dდღეს ბიძინა ივანიშვილის პიარზე მუშაობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი “პიარშჩიკი” მიხეილ სააკაშვილი - რაც მეტ შეცდომას დაუშვებს, მით უფრო კარგ სვლებს გააკეთებს ივანიშვილი და უფრო ამაღლდება მისი რეიტინგი. 
ივანიშვილის გამოსვლებში უკვე კონკრეტიკა, მომავლის რეალური გეგმებია და ეს ძალიან კარგია. ხალხს არ მოსწონდა მისი უემოციობა, მაგრამ ეს თავიდან იყო. ჩვეულებრივი ადამიანია - აქვს ემოციები, ხანაც პრაგმატულია.

- ქართველებს კერპების შექმნა გვჩვევია, რაც დამღუპველია...

- ეს საშიშროება ახლაცაა, მაგრამ უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ კერპი არც ივანიშვილია და არც - სხვა, მაგრამ ერთია, როცა ამას ხელოვნურად ამკვიდრებ, მაგალითად, მოგყავს შეხვედრებზე ყვითელი ავტობუსებით ხალხი, რომელიც “მიშა, მიშა”-ს ყვირის და ღმერთს გიწოდებს და მეორეა, როცა აქციაზე მიდიხარ და “ბიძინა, ბიძინა”-ს ყვირილს იწყებენ, შენ, ლიდერი ამბობ: “საქართველოს გაუმარჯოს!”, რადგან უხერხულობას გრძნობ. ჩემთვის ეს უფრო მისაღებია და სწორია, ვიდრე ის, რომ დაბეჩავებულ ადამიანებს თავგზა აურიო და აიძულო, ღმერთი გიწოდონ.