მთავრობის ახალ შემადგენლობასა და იმაზე, სავარაუდოდ, რა შეიძლება იდგეს ვანო მერაბიშვილის გაპრემიერების უკან, "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარისვილს ესაუბრა.
- ბატონო სოსო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახლდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, უფრო შეიძლება საგნობრივად საუბარი არჩევნების წინ სამთავრობო ცვლილებების შესახებ. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ მერაბიშვილის გაპრემიერებას და, მეორე მხრივ, მთავრობის ახალ შემადგენლობას?
- პირველი შთაბეჭდილება ის გახლავთ, რომ ამჯერად მკაფიოა ძალთა დაბალანსების შედეგები თავად ხელისუფლებაში, რადგან განსხვავებული ინტერესები, რომელიც სააკაშვილის ორ უპირობო ფავორიტს - ბატონ მერაბიშვილსა და ბატონ ადეიშვილს აქვთ, კიდევ უფრო დაუბალანსებელი ჩანს. ფაქტია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავად შსს-ს მინისტრის ვინაობას. ამ თანამდებობაზე მარტივად პროგნოზირებადი პირი დაინიშნა. მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტს, ახალაიას გარდა, სხვა კადრი არ გააჩნია, ვისაც შეიძლება ანდოს ისეთი სერიოზული სამინისტრო, როგორც შინაგან საქმეთა უწყებაა. ამავე დროს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახალაიას არ დასჭირდება მერაბიშვილი სააკაშვილთან შუამავლად, ის დამოუკიდებლად იურთიერთობებს პრეზიდენტთან. შესაბამისად, პოლიციაზე მერაბიშვილის გავლენა შესუსტდება და ალბათ არც ის დროა შორს, როცა შსს-ში კადრების შეცვლა დაიწყება.
ჩემთვის ყველაზე უფრო მეტად შემაშფოთებელია დამოკიდებულება განათლების სისტემის მიმართ. განათლების მინისტრს ელემენტარული, ერთსემესტრიანი პედაგოგიური გამოცდილება მაინც უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლაში ანაც უმაღლეს სასწავლებელში. ის, რომ ქალბატონი ხატია დეკანოიძე შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორი გახლდათ, სულაც არ ნიშნავს, რომ შესაბამის უნარებს წარმოაჩენს მოზარდებთან ურთიერთობისას. ვწუხვარ, რომ არის იმის მოლოდინი, რომ განათლების სისტემა სრულიად მკაფიოდ და ახლა უკვე ლეგიტიმურად გადაიქცევა მანდატურთა სანავარდოდ.
- აშკარაა, რომ სამთავრობო ცვლილებები მმართველი გუნდის მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას უკავშირდება, მაგრამ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ძალოვანი უწყებიდან მერაბიშვილის ჩამოშორება? რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ახალაიას შსს-ში გადაყვანა რეპრესიული მანქანის გაძლიერებას უნდა ნიშნავდეს?
- ჩემი აზრით, მერაბიშვილის გაპრემიერება სააკაშვილის მხრიდან უშეცდომო და ნაკლებად რისკიანი ნაბიჯია. სააკაშვილი ამჯერადაც ცდილობს, ორი კურდღლის დაჭერას. ერთ კურდღელში ის ხედავს საფრთხეს, რომ შესაძლოა, მეოცნებე შსს-ს მინისტრი სრულიად დამოუკიდებელი გახდეს და იმ "ოცნებას" დაუკავშირდეს, რომელიც სააკაშვილს აფრთხობს. მეორე მხრივ, ეს გახლავთ ადამიანის დაწინაურება მისი სამსახურებრივი საქმიანობისას მოხვეჭილი ავტორიტეტის საარჩევნო მიზნებისთვის გამოსაყენებლად. ამ გადაწყვეტიოლების არც თუ უკანასკნელ კომპონენტად უნდა მივიჩნიოთ სრულიად აშკარად წარმოჩინილი მერაბიშვილის გაპრემიერებაზე რუსეთის გარკვეული წრეების რეაქცია. ამის დასტურად შემიძლია გავიხსენო ორშაბათს, რადიო "თავისუფლებაში" რუს კოლეგებთან გამართული ორსაათიანი დისკუსია, რომელიც სწორედ მერაბიშვილის გაპრემიერებას მიეძღვნა. მერაბიშვილმა რუსეთის ყოფილი დიპლომატებისა და პოლიტოლოგებისაგან მიიღო მიწვევა, ჩავიდეს რუსეთში, გახდეს შსს-ს მინისტრი და რუსული პოლიციის რეფორმა განახორციელოს. რუსი ჟურნალისტი მანდილოსნების მხრიდან მერაბიშვილის მიმართ სიმპატიები არა ერთხელ დადასტურებულა. თუკი რამე პოზიტიური ინფორმაცია გაჟღერებულა რუსულ მედიაში, იყო დაკავშირებული მხოლოდ მერაბიშვილის სახელთან, რამაც აიძულა კიდეც ამერიკაში ყოფნისას ჩვენი პრეზიდენტი, ერთ-ერთ გამოსვლაში ეთქვა ფრაზა, რომ მერაბიშვილის მაღალი რეიტინგი პოლიციის მაღალ რეიტინგს უკავშირდება. მერაბიშვილის გაპრემიერებაში სააკაშვილის მიერ აშშ-ში წამოცდენილ ამ ფრაზაში უნდა ვეძებოთ.
ალბათ ყველაზე საინტერესო პროცესი წინ გველოდება. ხელისუფლების შიგნით, იმ პიროვნებებს შორის დაპირისპირების დაწყებაა მოსალოდნელი, რომელთაც საკუთარი თავი პრეზიდენტთან უფრო ახლოს ეგულებოდათ.
ცხადია, ახალი პრემიერის ინიციატივა გახლავთ დასაქმების სახმინისტრის პოსტის შემოღება, ვინაიდან ვითარებაში, როცა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ქალბატონი ვერა ქობალია ხელმძღვანელობს, მოქალაქეთა დასაქმებაზე სერიოზულად საუბარი ზედმეტია. თუ ადამიანს უმუშევრობა აქვს მოსასპობი და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების რეალურად გადაქცევა სურს, სწორედ ეკონომიკის სამინისტრო უნდა ყოფილიყო ახალი პრემიერის საყრდენი. როდესაც ამ უწყებას კანადელი ბიზნესმენი ხელმძღვანელობს, რომლის ყველაზე დიდი წარმატება დღეში 18 ლავაშის გაყიდვა იყო, ცხადია, ისეთი წარმატებული კანდიდატი, როგორიც მერაბიშვილია, ქობალიას მინისტრობას ძნელად უნდა შეგუებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის მინისტრსაც არ დასჭირდება პრემიერი პრეზიდენტთან ურთიერთობისთვის შუამავლად.
- თქვენი აზრით, სამთავრობო ცვლილებებმა გასცა თუ არა პასუხი კითხვას, სად იქნება პრეზიდენტი იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნები კვლავ მმართველმა გუნდმა მოიგო?
- ჩვენი ყოველთვის წინმსწრები პრეზიდენტი ამჟამად სრულიად სამართლიანად იკავებს თავს ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან. საკმაოდ აქტიურად ცვლად პოლიტიკურ გარემოში იგი თავად არ არის ჩამოყალიბებული, რომელი თანამდებობა მიითვისოს. თუმცა, ცხადია ის არ აპირებს, დათმოს სადავეები და არც იმას გამოვრიცხავ, რომ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, მოწმე გავხდეთ არა ერთი საკონსტიტუციო ცვლილების. წინანდელი მზაობა პრემიერ-მინისტრობისა, არაერთი კონტაქტის შემდეგ სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის ლიდერებთან, როგორც ჩანს, ცოტა შეერყა და ცხადია, ის აქაც შეეცდება ორი კურდღლის დაჭერას, ნებისმიერი სტრუქტურების დახმარებით დასავლეთის ნდობის შენარჩუნებას, რომელიც მას საერთოდ აქვს.
- პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. დასაქმება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სოფლის აღორძინება, წყალი, გაზი, გზა და უფასო ინტერნეტი ყველა სოფელს. მან პრაქტიკულად იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც - ხელისუფლების ოპონენტმა ივანიშვილმა. თუ მანამდე სახელისუფლო გუნდი ივანიშვილს პოპულიზმში სდებდა ბრალს, ახლა ამავე თემებზე თავად საუბრობენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი დაპირებები მოსახლეობის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა? და თუ კი, სადაა ამ დროს ნათია მოგელაძის სამსახური?
- შესაძლებელია, საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის სანდო იყოს ის ვერსია, რომ ივანიშვილი და მერაბიშვილი ერთად მუშაობდნენ იდენტური გეგმის შედგენაზე. დამაიმედებელი ციფრებით მერაბიშვილის პირველივე გამოსვლა არის სრულიად მკაფია გზავნილი ქალბატონი მოგელაძისთვის, რომელმაც იმედი მაქვს, არითმეტიკა კარგად იცის. თუ საკუთარი მილიარდის შემომთავაზებელ ივანიშვილს საკუთარი ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება და უნდა დაჯარიმდეს, მაშინ 4-ჯერ მეტი ჯარიმა აქვს გადასახდელი მერაბიშვილს, რადგან ის საზოგადოებას ოთხჯერ მეტს პირდება. ასეთ ვითარებაში ჩნდება კითხვა - აქამდე რატომ იყო სირცხვილი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება? ზოგიერთებს ეთაკილებოდათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და მისი გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებაზე საუბარი.
- "ნაცმოძრაობა" 8 წელია, ხელისუფლებაშია და იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებას 8 წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგებზე ესაუბროს, მმართველი გუნდიდან კვლავ დაპირებები გვესმის. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მმართველი გუნდი საზოგადოების წინაშე ანგარიშზე უარს ამბობს, თუ რასთან გვაქვს საქმე?
- ჩვენი ხელისუფლების პრაქტიკაში არსებობს მხოლოდ ოპტიმიზმის ჩანერგვის მეთოდი. არანაირი თვითკრიტიკა, არანაირი ობიექტური ანალიზი არ ხდება სიტუაციის. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკის 72% მოქცეულია ჩრდილოვანი ეკონომიკის რეჟიმში. ჩვენ მსოფლიოში პატიოსნების შკალაზე 151-ე ქვეყანა ვართ. როდესაც ქვეყნის 72% არ ხვდება რეგალური ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში, რა წარმატებებზე შეიძლება იყოს საუბარი და რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ვანო მერაბიშვილს, გაუგებარია. თუ იგი, უპირველეს ყოვლისა არ აღიარებს ელიტარულ კორუფციას და ბრძოლას არ დაუწყებს მას, აშკარაა, რომ ვერაფერსაც ვერ გააკეთებს. ასეთ შემთხვევაში მერაბიშვილი თავის თავს ალბათ ვერ დასჯის. ელიტარული კორუფცია გახლავთ ის ბერკეტი, რომლითაც იმართება ჩვენი ცხოვრების საკმაოდ მძიმე არსებობა. ჩვენ გვახსოვს ბატონი პრაზიდენტის ომახიანი განცხადება პარლამენტში - "საქართველოში არანაირი მონოპოლია არ იქნება, საქართველოში ვერავინ ვერაფერს ვერ დააჯდება". დააჯდა, დააჯდა, ბატონო პრეზიდენტო და ძალიან მოხერხებულადაც გრძნობს თავს. სხვათა შორის, ასეთი მონოპოლისტობა პრეზიდენტმა მერაბიშვილსაც შესთავაზა, როდესაც მოუწოდა, ქვეყანაში მარილის შემოტანის მონოპოლისტი გამხდარიყო.
გასახსენებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ამჯერად ვსაუბრობთ ხელისუფლების ეკონომიკური უმეცრებებზე. მერაბიშვილს, სურს, თუ არ სურს, წარამარა მოუწევს შეჯახება ისეთ თემებთან, როგორებიც არის 7 ნოემბერი, 26 მაისი, გვირგვლიანისა თუ სხვათა მკვლელობები, ცემით დაჩმორებების ტექნოლოგიები, ნარკომანებისა და პატიმრების შემოსავლის წყაროდ ქცევა და მრავალი სხვა.
ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობის ორი ახალი სახე მაინც შეძლებს ამ ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთებას. ვგულისხმობ ლტოლვილთა მინისტრ დალი ხომერიკს და თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინს. ქალბატონ დალი ხომერიკს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემთვის სანდო ადამიანებისგან მასზე ვიცი, რომ სათნო და გულისხმიერი პიროვნებაა. იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავად გახლავთ აფხაზეთიდან, ბევრად უფრო გულისხმიერი იქნება დევნილებისადმი, ვიდრე - მისი წინამორბედი სუბელიანი.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ რევერანსი ამერიკის მიმართ. სჯობს, შაშკინი თავდაცვის მინისტრი იყოს და გაანებოს თავი ბავშვებისა და პატიმრების წვალებას. მეორე მხრივ, IღI-ში გაზრდილი კადრი ამერიკელებისთვისაც უფრო მისაღები უნდა იყოს, რადგან იგი იმ სტრუქტურების პარტნიორად უნდა დარჩეს, რომელთა ერთადაც საქართველო საერთაშორისო ოპერაციებში იღებს მონაწილეობას. ამ უწყებაში შაშკინი საკუთარ ნებაზე ვერ გამოაცხობს წესებს, როგორც ამას მოსწავლეებთან და პატიმრებთან მიმართებაში აკეთებდა.