რასაც აიტანს ქართველი ხალხი, იმას მიიღებს და აიტანს აშშ-ის ადმინისტრაცია

რასაც აიტანს ქართველი ხალხი, იმას მიიღებს და აიტანს აშშ-ის ადმინისტრაცია"

"ქვეყანამ რამდენიმე პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, მაგრამ მათგან აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური და არა მხოლოდ დე ფაქტო პირველი პირი ზურაბ ჟვანია იყო, ახლა კი ვანო მერაბიშვილია. მთავარი კი ის არის, რომ ჩვენში ოლიგარქიული მმართველობის სისტემაა, ანუ ხუთი კაცი კონსტიტუციის, მისი ინსტიტუტების მიღმა მართავს სახელმწიფოს: ესენი არიან, ერთი მხრივ, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და მეორე მხრივ - ბოკერია და უგულავა. ამიტომ მთავარია არა ის, ვინ სად დაინიშნება, არამედ ის, რომ ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის არსებობდეს კონსენსუსი. ქვეყნის რეალური პრემიერ-მინისტრი ყოველთვის მერაბიშვილი იყო, მაგრამ დღეს ის ჩრდილიდან გამოვიდა", - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეს არის გზავნილი საზოგადოებისადმი: "პოლიცია მოდის ხელისუფლებაში!" / "რასაც აიტანს ქართველი ხალხი, იმას მიიღებს და აიტანს აშშ-ის ადმინისტრაცია"

"სააკაშვილს ახლა მთავრობა კი არა, წინასაარჩევნო შტაბი სჭირდება და მერაბიშვილი, ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსად დაინიშნა. ასეთი რამ კი მხოლოდ არშემდგარ სახელმწიფოებში ხდება. პრობლემა ის არის, რომ ამ საარჩევნო შტაბის წამყვანი, ასე ვთქვათ, დამრტყმელი ძალა ძალოვანი სტრუქტურები იქნება. ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა, ეს არის გზავნილი საზოგადოებისადმი: "პოლიცია მოდის ხელისუფლებაში!" არანაირი დემოკრატია, არანაირი ძალაუფლების გადანაწილება... თუმცა ამით ხელისუფლება თავის სისუსტესაც ავლენს, მას სხვა გამოსავალი, საარჩევნო რესურსი, უბრალოდ, აღარ აქვს. ახლა სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნებაა. მმართველ გუნდში მიხვდნენ, რომ დღეს მერაბიშვილი სააკაშვილზე პოპულარულია, ამ თვალსაზრისით, გარკვეულწილად კარის გადატრიალებასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

"რაც შეეხება მინისტრების პორტფელების გადანაწილებას, უპირატესობა აქაც ძალოვან ფიგურებს მიენიჭა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სურთ შექმნან ახალი ქართველი, რომელიც საბჭოთა მენტალიტეტის მქონე მორჩილი მოქალაქე უნდა იყოს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ გადაადგილებებში არსად ჩანს გიგა ბოკერია, ის და მისი ჯგუფი დროებით გვერდით ჩააჩოჩეს, რაც მიანიშნებს, რომ ორ სახელისუფლებო დაჯგუფებას შორის გაჩნდა ბზარი, რომელიც ჯერ ნაპრალად არ ქცეულა. არც ის არის შემთხვევითი, რომ ამ ყველაფერს დევნილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანის გათავისუფლება მოჰყვა, რომელსაც ხშირად სდებენ ბრალს დევნილების წინააღმდეგ ძალადობრივი ფორმების გამოყენებაში, თუმცა, რეალურად ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებდა. და ახლა, მერაბიშვილის აღზევების ფონზე, სუბელიანი აქციეს განტევების ვაცად, თუმცა მას არავინ არაფერს ეკითხებოდა, ის ყოველთვის პაიკი იყო, ამ გზით ცდილობენ დევნილების გულის მონადირებას. სუბელიანს ბინძური საქმეები აკეთებინეს და ახლა მოიცილეს", - მიიჩნევს რესპონდენტი

"ქართველი საზოგადოება არ უნდა იყოს ილუზიის ტყვეობაში, რომ საქართველოს ბედი სადღაც სხვაგან წყდება, ქვეყნის ბედს მხოლოდ მისი მოსახლეობა გადაწყვეტს. რასაც მიიღებს, რასაც აიტანს და დაუშვებს ქართველი ხალხი, იმას მიიღებს და აიტანს აშშ-ის ადმინისტრაციაც. თუ ქართველმა ხალხმა, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხმა არ ამოიღო, არავინ დაგვეხმარება. ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს", - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვას - "აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩირიკბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე მზად არის ესაუბროს ისეთ პრაგმატულ თანამოსაუბრეებს, როგორებიც არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან...", - პასუხობს:

"აფხაზები ხვდებიან, რომ ქვეყანაში ვითარება შეიძლება შეიცვალოს, თუ ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვა. ივანიშვილის გარემოცვაში არის ხალხი, ვისაც შეუძლია აფხაზებს ღირსება შეუნარჩუნოს და ისე დაელაპარაკოს, მათი გათვლა სწორია. აფხაზეთის საკითხი უახლოესი ათი წლის განმავლობაში ვერ მოგვარდება, მაგრამ ეს პროცესი დღეს თუ არ დაიწყო, უსასრულოდ გაჭიანურდება".