"იმ ადამიანების ამოცანა, ვინც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის დამარცხების მერე ქვეყანას რეალურად მართავს (თავად ვანო, გიგა ბოკერია, ალბათ ქალაქის მერი) სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ისეთი ფორმის მოძებნა იყო, რომელიც ვანოს პირველ კაცად აქცევდა - ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებს ვერასდროს მოიგებს ბევრი მიზეზის გამო. ამიტომ, რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო. უბრალოდ, ცოტა დააჩქარა პროცესი ჩვენმა აქტიურობამ", - აცხადებს "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება... ერთადერთი რამის მეშინია..." / თინა ხიდაშელი არჩევანის ზღვარზე.
"სააკაშვილს არ აქვს გადაწყვეტილი საკუთარი მომავალი და ვერც წარმოუდგენია, არ იყოს ხელისუფლებაში. სამაგიეროდ, მის ნაცვლად გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და დაანახა, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში "ნაცმოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში - ეს სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებაა, თავად მიხეილ სააკაშვილიც დააყენებს ფაქტის წინაშე ამ ადამიანებმა, ვინც გუნდში რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს. ძალიან კარგად, ბევრზე უკეთ ვიცი ვინ არის ვანო მერაბიშვილი. მყარად ჩამოყალიბებული აზრი მაქვს. ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება მოხდეს. რომ ოდესმე მერაბიშვილი გახდეს იმ ტიპის ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა შეიძლება. ის ისეთი ტიპის ამბებთან არის დაკავშირებული, რაც ზნეობრივი არჩევანია. არ მჯერა უზნეო ადამიანების მიერ გაკეთებული პოლიტიკის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.
"კოალიციას მართლაც ბევრი გეგმა გვაქვს მოფიქრებული, მაგრამ ეს უფრო მოგელაძეს ეხება. ამ მხრივ ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, უკვე თავისივე მიღებულ ბოდვების კანონებშიც ვეღარ ჯდებიან. სრული ფსიქიატრიული შემთხვევვაა, მაგრამ მაინც ვახერხებთ გავაანალიზოთ, რა ნაბიჯს რა შეიძლება მოჰყვეს. რაც შეეხება ძალადობას და ზეწოლას, აქ ერთადერთი გეგმა გვაქვს - არავითარი აღელვება და ემოციური დაძაბვა - გამოჩნდა, რომ სააკაშვილი მდგომარეობიდან სწორედ ჩვენმა სიმშვიდემ გამოიყვანა - როლები შეიცვალა. თუ ადრე ჩვენ ვუწყობდით მას ნერვების ომს, ახლა პირიქით, ის გვეთამაშება ნერვებზე. გამოგიტყდებით, იყო რამდენიმე უმძიმესი მომენტი - მაგალითად, საბაჟოზე აპარატურის დაწვა - ის იმაზე მძიმე იყო, ვიდრე ბანკში ფულის დაყადაღებაა, სადაზღვევო ანაზღაურებდა ყველაფერს, მაგრამ გვქონდა განცდა, როცა სიბრაზე გახრჩობს და გინდა პასუხი გასცე, მაგრამ ყველას დიდი გამოცდილება გვაქვს, სიბრაზით გაცემულ პასუხებს რა ტრაგიკული შედეგები მოაქვს. ეს არ არის მარტო ბიძინა ივანიშვილის სიმშვიდე - წლების მანძილზე მიღებული გამოცდილებით ვინარჩუნებთ სიმშვიდეს", - განმარტავს რესპონდენტი.
"ისინი აცნობიერებენ, რომ პრობლემებს ვერ გვიქმნიან, ვერ გვაჩერებენ, სანამ თამაშობენ დემოკრატიის ზღვარზე. ზღვარს რომ გადავიდნენ, გარანტირებულად ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი, მერე რა მოხდება. დგება ხოლმე ფაქტობრივი მდგომარეობა, როცა ხალხს მოწოდება აღარ სჭირდება, ქუჩაში ისე გამოდის. რა იგულისხმება ზღვარს გადასვლაში: პირველი - ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებული რამე ქმედება. მეორე - ივანიშვილს არ ეხებიან, მაგრამ ლიდერებს აპატიმრებენ და მესამე: უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს ის, რაც ახლა ხდება - ზეწოლა და ძალადობა მხარდამჭერებზე, აქტივისტებზე. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის მესამე ვარიანტი უფრო მძიმეა - საშინელება ისაა, შენ ხალხს რომ აპატიმრებენ და ვერაფერს აკეთებ, მხოლოდ ეუბნები, რომ 3 თვე უნდა მოითმინო. საოცრებაა, რომ ამ ხალხს ეს ესმის. სინამდვილეში ხელისუფლება ძალიან მშიშარაა, მისი ბუნება ადვილად გათვლადია და ალბათ, მესამე ვარიანტით იმუშავებენ", - მიიჩნევს თინა ხიდაშელი.
"დარწმუნებული ვარ. კოალიცია არის შემძლე, დაამარცხოს არჩევნებში სააკაშვილის ხელისუფლება. გაყალბებისგან ხმების დაცვის საშუალებაც გვაქვს. თუმცა არის რაღაც რისაც მეშინია - შესაძლო 80%-ზე მეტის! ეს არ იქნება სასურველი, მაგრამ ამის ნიშნები არის. თან ამ საქმეში მთავარი "პარტნიორი" მიშა სააკაშვილია. ერთხელ დავემუქრე გიგა ბოკერიას, იმდენს იზამთ, ოპოზიციაშიც ვეღარ დარჩებით-მეთქი. დიდი ხანი ამის თავად არ მჯეროდა. ასეთი რისკის წინაში ვდგევართ, ამიტომ ახლა ჩემი ფიქრია ამ კაცმა ისეთი შეცდომები არ დაუშვას, რომ მორიგი კატასტროფა მივიღოთ ქვეყანაში. საუკეთესო ვარიანტი იქნება ისინი დარჩნენ, როგორც ოპოზიცია და ეს გზა გაიარონ - სიამოვნებით დავაკვირდები ამ პროცესებს", - დასძენს თინა ხიდაშელი.