"ბაჩო ახალაია, რომელსაც მყარად მიეკერა ხელისუფლების "ნაჯახის" იარლიყი, თავდაცვის მინისტრის სავარძლიდან შს მინისტრის სავარძელში გადაჯდა. თავდაცვის მინისტრი კი სკოლის დირექტორთა "სისხლს მოწყურებული" განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გახდა. შაშკინმაც და ახალაიამაც მართვის პირველი "სკოლა" სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელად ყოფნისას გაიარეს. განათლების სამინისტროს დაეპატრონა ძალოვანი სტრუქტურის კიდევ ერთი წარმომადგენელი, პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი აფხაზეთის დევნილი მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა შეცვალა. ახალშექმნილი დასაქმების მინისტრის თანამდებობა კი ხელისუფლებასთან დაახლოებული სამშენებლო კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორმა პაატა ტრაპაიძემ ჩაიბარა", წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით არეულობა ხელისუფლების კარზე / მერაბიშვილი - "ნაციონალების" ბოლო გაბრძოლება?!
"მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინა მთავრობის ახალი სამოქმედო პროგრამაც - "უფრო მეტი სარგებელი ხალხს". პროგრამა, რომელსაც ხელისუფლება "ამბიციურს, მაგრამ შესრულებადს" უწოდებს, სულ 7 გვერდზეა გაწერილი და სამ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს - დასაქმებას, სოფლის მეურნეობას და ჯანდაცვის სფეროს. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" ისევ გაკვალულ გზას მიუყვება და "ფოჩიანი კანფეტების" ახალი და უფრო მიმზიდველი ყუთით ცდილობს მოსახლეობის გაბრუებას. ამის ერთ-ერთი მეტყველი დასტური დასაქმების მინისტრის თანამდებობის შემოღებაა და, ალბათ, იმაზეა გათვლილი, რომ სიტყვა "დასაქმებამ" მოსახლეობაზე მაგიური ზემოქმედება მოახდინოს. სავარაუდოდ, გათვლა მოსახლეობის იმ ნაწილზე კეთდება, რომელსაც საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის დაკვირვებით, "კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი არ გააჩნია", - აღნიშნავს გამოცემა.
"მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილი ახალი პროგრამის ძირითადი პოსტულატები "ქართული ოცნების" პროგრამის საპირწონედ არის შედგენილი. მაგალითად, თუ ივანიშვილი ჯანდაცვის სფეროში მილიარდის დაბანდებას აპირებს, მერაბიშვილმა "მარჟა" 3 მილიარდამდე ასწია. სოფლის მეურნეობისთვის გულუხვად გაიღო 4 მილიარდი ლარი, უმუშევრებს და სამსახურის მაძიებელთ სპეციალურ სტატუსს დაჰპირდა და ა.შ. რისი მომცემია ეს სტატუსი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ მომავალი წლიდან საქართველოში ყველა ოჯახი ოთხ წელზე გაწერილ ათასლარიან ვაუჩერს მიიღებს, პენსიები კი 100 დოლარამდე გაიზრდება და ა.შ. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც იქნება ხელისუფლების სათავეში. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა ან ვინ უშლიდა ხელს "ნაციონალურ მოძრაობას", ეს ყველაფერი 8-წლიანი მმართველობის პერიოდში განეხორციელებინა?!" - დასძენს გამოცემა.
"მთავრობის ახალი პროგრამა ეკონომიკის ექსპერტებს ჯერ არ შეუფასებიათ, თუმცა კითხვები ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება. საიდან მოიტანს ხელისუფლება დაპირებულ მილიარდებს და მილიარდიან ინვესტიციებს არსებულ საინვესტიციო და ბიზნესგარემოში? ნუთუ მერაბიშვილის მთავრობა აპირებს გაათავისუფლოს სასამართლო და მედია, შეწყვიტოს ბიზნესის რეკეტი, კერძო საკუთრების ხელყოფა, შექმნას ყველასთვის გასაგები კანონმდებლობა, ალაგმოს ელიტური კორუფცია და ფავორიტიზმი, ანუ გააკეთოს ის, რასაც უკვე დიდი ხანია ითხოვენ მისგან უცხოელი ინვესტორები? ან კიდევ - რა გავლენას მოახდენს ასეთი ოდენობის ფულის თავისუფალ ბრუნვაში გაშვება ინფლაციურ პროცესებზე და ხომ არ გაუფასურდება საოცნებო 100-დოლარიანი პენსია? თუმცა, ხელისუფლება ამაზე, როგორც ჩანს, ნაკლებად ფიქრობს - მისთვის დღეს მთავარი არჩევნების მოგებაა, მერე კი შეუსრულებელი დაპირებების გამართლებაც შეიძლება სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზით, რაც უკვე არაერთხელ მომხდარა. მთავრობის ახალი შემადგენლობა საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მთლიანად ძალოვანი სტრუქტურები გააკონტროლებენ მერაბიშვილის თამადობით. `ნაციონალების~ მთელი საარჩევნო კამპანიაც ამაზეა აგებული" - წერს სტატიის ავტორი
"პრემიერ-მინისტრად მერაბიშვილის წარდგენამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვიდან მეორე დღეს (30 ივნისს), თანაც შაბათს, რაც უჩვეულოა ჩამოყალიბებული ევროპული სახელმწიფოს პრაქტიკისათვის, გააჩინა ეჭვი, რომ გადაწყვეტილება ფორსმაჟორული ვითარებით იყო გამოწვეული, რის შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცის. გამოითქვა ვარაუდიც, რომ ბაქოში ვიზიტის სასწრაფოდ შეწყვეტის მიზეზი იყო არა სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობა, არამედ არეულობა ხელისუფლების კარზე, მერაბიშვილის ახალ თანამდებობაზე გადაყვანით კი სააკაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში შიგაგანხეთქილების ესკალაციის პრევენცია მოახდინა. შს მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნამ ცხადყო, რომ სააკაშვილმა ამ საკვანძო თანამდებობაზე მისდამი ერთგულებით გამორჩეული კადრი დანიშნა. ინტერესთა კონფლიქტის გამო შსს დატოვა კუდის უფროსმა დათა ახალაიამ, რომელიც, როგორც ირკვევა, არც არასოდეს წასულა იქიდან. არის თუ არა შსს-ს შეფად ბაჩო ახალაიას დანიშვნა მერაბიშვილის განეიტრალება, ან პირიქით, მასთან შეთანხმებული ნაბიჯი, შესაძლოა, გამოჩნდეს აღნიშნულ უწყებაში საკადრო ცვლილებებით", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.
"ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრად მერაბიშვილის გამწესებით და 4-წლიანი პროგრამის წარდგენით სააკაშვილმა ირიბად მიანიშნა, რომ პრემიერმინისტრობას არ აპირებს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ვიდრე სააკაშვილი საჯაროდ არ გასცემს პასუხს ამ კითხვას, მისი პრემიერმინისტრობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, მით უმეტეს, ახალი კონსტიტუციით მას ეს არ ეკრძალება. ანალიტიკოსთა შეფასებით, მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" რიგების კონსოლიდაციისთვისაც გაკეთდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ბოლო ხანს არათანმიმდევრულმა და იმპულსურმა გამოხდომებმა სააკაშვილს ძლიერი ლიდერის იმიჯი შეურყია და ნაციონალური ელიტის ნაწილმა მის ჩანაცვლებაზე დაიწყო ფიქრი. კანონმდებლობით, მმართველ გუნდს მთავრობის ახალი შემადგენლობის წარმოდგენისთვის 10-დან 30 დღემდე ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება, რომელიც მწვავე პოლიტიკურ საჭადრაკო პარტიას თამაშობს, მართლაც ცაიტნოტშია. ახალი პრემიერის დანიშვნით და ახალი პროგრამის წარდგენით, რომლის იდეების დიდი ნაწილი ოპონენტისგან არის მოპარული, "ნაცმოძრაობა" ცდილობს, ინიციატივას დაეუფლოს", - დასძენს სტატიის ავტორი.