მეთიუ ბრაიზა ბაჩო ახალაიას თავის საკამათო წარსულს ახსენებს

მეთიუ ბრაიზა ბაჩო ახალაიას თავის საკამათო წარსულს ახსენებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, მეთიუ ბრაიზა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებაში "უჩვეულოს" ვერაფერს ხედავს. ბრაიზას აზრით, საქართველოში მომავალ არჩევნებამდე, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის პოსტზე ძლიერი მენეჯერი სჭირდებოდა.

მისივე აზრით, "ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი მრჩეველი იყო, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში." აქედან გამომდინარე კი "უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ვანო მერაბიშვილი ახალი პრემიერი გახდა." "შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში, მან მენეჯერისთვის დამახასიათებელი შესანიშნავი უნარი და თვისებები გამოავლინა, რაც პრემიერის პოსტზე, ეფექტური ხელმძღვანელობისთვის გადამწყვეტი იქნება."-აცხადებს "ივერონთან" ექსკლუზიურ საუბარში მეთიუ ბრაიზა.

ბრაიზა ვარაუდობს, რომ "პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოში მომავალი მნიშვნელოვანი არჩევნების მოსამზადებლად პრემიერ-მინისტრის პოსტზე კარგი მენეჯერი სჭირდებოდა," თუმცა ამერიკელი დიპლომატის აზრით, ისიც ცხადია, რომ ნიკა გილაურიც ძლიერი მენეჯერია.

"რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, შეეცვალა ერთი ძლიერი მენეჯერი, მეორე ძლიერი მენეჯერით, ეს მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰკითხოთ."- აცხადებს ბრაიზა.

"ივერონთან" საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიას დანიშვნაც შეაფასა. იგი ბაჩო ახალაიასთვის მიცემულ "შანსზე" ამახვილებს ყურადღებას და მის წარსულს იხსენებს.

"ბაჩო ახალაია ძალოვან უწყებაში მუშაობდა, ამგვარად, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს კარგად იცნობს. ძალოვან უწყებაში თანამდებობაზე მისი ყოფნა საერთაშორისო საზოგადოებაში, ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის საკამათო იყო. ახლა, მას აქვს შანსი, წერტილი დაუსვას ყველა იმ დავას, რომელიც შესაძლოა, გაგრძელდეს."- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.