აწჰესის სკოლის მოსწავლეები სკოლის დირექტორისგან ნაყინს ელოდებიან. მოსწავლეების თქმით, დირექტორი მათ ნაყინს იმის სანაცვლოდ დაპირდა, რომ მახუნცეთში, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ წასულიყვნენ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა დაუგეგმავი შეხვედრები აჭარის მთაში 14 ივნისს გამართა. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, მახუნცეთში გამართულ შეხვედრაზე აწჰესის სკოლის დირექტორმა ცაცა დევაძემ მოსწავლეებს შეხვედრაზე მისვლა აუკრძალა და სანაცვლოდ ნაყინებს დაჰპირდა, რასაც სკოლის მოსწავლეები „ბათუმელებთან“ ადასტურებენ.
„ბათუმელებმა“ სკოლის მოსწავლეები მშობლების თანხმობით ჩაწერა, რადგან ყველა მათგანი არასრულწლოვანია. მშობლები შიშობენ, რომ მათი ვინაობის დასახელებით სკოლაში ბავშვებს შეფასებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებათ. ზოგმა მშობელმა კი განაცხადა, რომ თუ მათი შვილები აღნიშნულ ფაქტს გაამჟღავნებენ, ოჯახებს, რომლებიც სხვადასხვა სახის დახმარებას იღებენ, დახმარებას შეუწყვეტენ. ამის გათვალისწინებით მოსწავლეების კომენტარებს სახელებისა და გვარების გარეშე ვაქვეყნებთ.
აწჰესის სკოლის მოსწავლე დ.შ. (ინიციალები შეცვლილია): „ჩვენ ვაპირებდით ივანიშვილისთვის გადაგვეცა წერილები, რომ დაეფინანსებინა ჩვენი ცეკვით თბილისში წასვლა, მაგრამ დირექტორმა გაგვაფრთხილა, არ გადაგვეცა სკოლის სახელით არაფერი. სკვერში ვიჯექით ბავშვები, დირექტორმა გვითხრა, არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩემ გვერდით იდექით და ნაყინებს გიყიდითო, რამდენიმე კლასელთან ერთად მაინც მივედით აქციაზე, მაგრამ წერილი არ გადავეცით... დირექტორმა ნაყინი არ გვიყიდა, ალბათ, რომ მივედით აქციაზე, მაგიტომ, მაგრამ არც სხვებისთვის უყიდია, დღესაც ვახსენებთ“.
ხ.ბ. მოსწავლე: „დირექტორი შეხვედრაზე არგასვლის სანაცვლოდ ნაყინს დაგვპირდა, მაგრამ არ გვიყიდა, დღესაც ვთხოვთ დაპირებულ ნაყინებს“.
ს.ლ. მოსწავლე: „პირადად ჩემთვის არავის უთქვამს, შეხვედრაზე არ გავსულიყავი, იმ დღეს სკოლიდან მალე წავედი სახლში. ნაყინის ამბავი კლასელებისგან გავიგე, მეც მინდა ნაყინი“.
სკოლის დირექტორი, ცაცა დევაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო კომენტარში უარყოფს მოსწავლეებისთვის შეხვედრაზე მისვლის აკრძალვასა და ნაყინის შეთავაზებას: „მსგავსი რამ არ ყოფილა. მე მოსწავლეებმა მთხოვეს, მაშინ პრეზიდენტი რომ ჩამოდიოდა, მაგრამ მოსწავლეებისთვის გაკვეთილების დროს არ შეიძლება გასვლა-მეთქი. მე მოსწავლეებს ვაფრთხილებ, გაკვეთილების პროცესში არ გავიდნენ არსად, არც სამთავრობოზე და არც არასამთავრობოზე. ვისაც რა უნდა და იმას ალაპარაკებს, ეგ ჩემი საქმე არაა, აწყობს ზოგიერთს და ათქმევინებს ბავშვს, მასეთზე მე კომენტარს არ ვაკეთებ. ბავშვი ზოგჯერ ნათქვამსაც არასწორად გებულობს“.
კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ქედაში თამაზ ზაქარაძე კი ამბობს, რომ თავად დაინახა, როგორ იდგა დირექტორი სკვერში და სიას აკეთებდა: „ვინ იყო მისული ბიძინასთან შესახვედრად და ვინ არა“.