ირაკლი ალასანია: ,,მე ვიქნები სიის თავში, ბოლოში თუ საერთოდ არ ვიქნები სიაში, ივანიშვილის გადასაწყვეტია!''

ირაკლი ალასანია: ,,მე ვიქნები სიის თავში, ბოლოში თუ საერთოდ არ ვიქნები სიაში, ივანიშვილის გადასაწყვეტია!''

 

,,ქართულ ოცნებაში'' გაერთიანებულ პარტიებს, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, რომ იტყვიან, ძვირად უჯდებათ. გამონაკლისი არც ,,ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებია''. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია ,,ვერსიას'' ხელისუფლების მხრიდან შექმნილ ,,პროვოკაციულ სიტუაციაზეც'' ესაუბრება და კოალიციის სამომავლო გეგმებზეც:

- ბატონო ირაკლი, ალბათ მოულოდნელი არ იყო თქვენთვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ივანიშვილს მოქალაქეობის მიღებაზე ამ ინსტანციაშიც უარი უთხრეს. 

- საქართველოში, ზოგადად, სასამართლოების გადაწყვეტილებები კარგა ხანია, მოულოდნელობებს არ წარმოადგენს. ყველამ ვიცით - ეს სისტემა პირდაპირ კონტროლდება იუსტიციის მინისტრისა და პრეზიდენტის მიერ. მიუხედავად ამისა, როგორც კოალიციის ლიდერმა თავიდანვე განაცხადა, ყველა სამართლებრივ სივრცეს ავითვისებთ. ამას გავაკეთებთ სამი მიზეზით. პირველი: არ გავაყვანინოთ სააკაშვილს პროცესები სამართლებრივი სივრცის გარეთ. მეორე: კოალიცია საზოგადოებას უგზავნის გზავნილს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნების გზით მოვახდინოთ ხელისუფლების ცვლილება. და მესამე: ეს საერთო გადაწყვეტილებაა, რომელიც კიდევ ერთხელ აშიშვლებს ამ რეჟიმს. ჩვენ მომდევო ნაბიჯებზე იურისტები და ადვოკატები მოილაპარაკებენ. ერთი რამ კი ნათელია - ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უსამართლოდ ჩამორთმევა არის პოლიტიკური ოპონენტის ჩამოცილების მცდელობა. ხელისუფლებას ეშინია კონკურენტული არჩევნების, რადგან დაინახა, რომ ,,ქართულ ოცნებას'' აქვს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა. მათ ისიც დაინახეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ გააყალბებინებს არჩევნებს და სწორედ ამიტომ გადავიდნენ ასეთ აქტიურ, აგრესიულ და საფრთხის შემცველ კამპანიაზე. მერეთში მომხდარი ინციდენტი იცით, რას ემსახურებოდა? - მათ აქვთ გეგმა, დაგვაკარგვინონ წონასწორობა.

- და გეყოფათ მოთმინება? არჩევნებამდე საკმაო დროა...

- ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ აღარ გვეყოს მოთმინება და ქუჩის აქციებით ან ნებისმიერი სხვა ფორმით, პროტესტის ახალი ტალღა ავაგოროთ.  მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ვუთხრა საზოგადოებას - ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან კამპანიას. გავაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც გვქონდა დაგეგმილი: ჩავალთ ყველა სოფელში და შევთავაზებთ მოსახლეობას ალტერნატივას. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ხალხთან მივდივართ არა მხოლოდ  არსებული ვითარების კრიტიკით, არამედ სოფლის მეურნეობაში მილიარდიანი ინვესტიციის ჩადების გეგმით, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების საზოგადოებრივ და სამოქალაქო სოლიდარობაზე დამყარებული რეფორმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის იდეით. ეს ყველაფერი კი ფინანსურადაა გათვლილი. ასე ველაპარაკებით ხალხს და არა ისეთი ფუჭი დაპირებებით, რითაც 8 წლის განმავლობაში ატყუებდნენ მათ ,,ნაცმოძრაობის'' წარმომადგენლები. რეალურად ხომ, მათი არც ერთი დანაპირები, ,,საქართველო სიღატაკის გარეშე'', ,,გამთლიანებული საქართველო'', ,,საქართველო ნატოში'' თუ სხვა, არ ასრულებულა. ჩვენ სხვაგვარად მოვიქცევით. ჩვენ ხომ ის ძალა ვართ, ვინც მოწესრიგებული, საჯარო, უზარმაზარი სოლიდარობისა და, ამავდროულად, საპროტესტო აქციის დემონსტრირება მოახდინა. ეს ახალი სიტყვა, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაა. ფილოსოფიურად ჩვენ ისე ვუდგებით საკითხს, რომ ოპოზიციაში ყოფნა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს. იმასაც გპირდებით, რომ შევინარჩუნებთ იმ კარგს, რაც შეიქმნა ამ 8 წლის განმავლობაში (უნდა აღვნიშნოთ, რომ რაღაცები გაკეთდა). უბრალოდ, მათზე დაშენებულ, ახალ, უფრო ეფექტურ საშუალებებს გამოვძებნით, რომ საქართველო პროგრესისკენ წავიყვანოთ და არ დავაბრუნოთ წარსულში. სხვათა შორის, ,,ნაცმოძრაობა'' ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ჩვენ ვიქნებით ძალიან ლმობიერი კრიმინალის მიმართ და ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ კვლავ დაიწყება მათი თავაშვებული თარეში. საგანგებოდ და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: პირიქით, კრიმინალთან კიდევ უფრო შეუწყნარებელი ბრძოლა იქნება, მაგრამ ეს არ იქნება ადამიანებისთვის პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, ეს არ იქნება მთავრობასთან დაკავშირებულ ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე განხორციელებული ზეწოლა მოქალაქეებზე... გარდა ამისა, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, დამოუკიდებელი სასამართლო გადახედავს საქმეებს და რეაბილიტაციას გაუკეთებს ყველა იმ უკანონო გადაწყვეტილებას, რაც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. კრიმინალური ორგანიზებული დანაშაულის წინაშე კი, ვიქნებით შეურიგებლები. მე, ოფიცერი, სამართალდამცავ სტრუქტურებში ნამუშევარი და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყოველთვის ავლენდა, როგორ უნდა აკეთო კაცმა წესიერი ბიზნესი და რომლის მხარდაჭერითაც გატარდა პოლიციის თუ ჯარის რეფორმა, ვართ ამის გარანტორები.       

- ოფიცრობა და უშიშროებაში მიღებული გამოცდილება დაგეხმარათ პოლიციელების გადმობირების დაგეგმვაში?  

- ჩვენ პოლიციელთან და ზოგადად, ნებისმიერ მოქალაქესთან ღიად ვსაუბრობთ ჩვენი იდეების, ღირებულებებისა და პროგრამების შესახებ. პოლიციელებს განსაკუთრებულად ვცემთ პატივს, რადგან ვიცით, რომ იქ 80%-ზე მეტი ქვეყნის პატრიოტია. საჯარო პოლიტიკაში ვართ და ჩვენ ინტერესებში არ შედის, არც გვჭირდება, ფარული თანამშრომლობით რაიმე ინფორმაციის მიღება. როცა პოლიტიკაში მყოფი ადამიანი ასეთი სახით ცდილობს საჯარო მოხელის გადმობირებას, ეს სახელმწიფოსა და სახელმწიფო სისტემის უდიდესი შეურაცხყოფაა. ეს ჩემთვის მიუღებელია. ამასთანავე, მე საკმაოდ მაღალ სტანდარტებს ვუყენებ ჩემი პარტიის ყველა წევრს. დაკავებულები ჩემი პარტიის წევრები არიან. მათ მხარს ვუჭერ, რადგან ვიცი, როგორ უყვართ ქვეყანა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ - ამ აშკარა პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდნენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს პროვოცირება მოხდა ძალიან სულმოკლე ნაბიჯებით. არ მინდა გამოძიებას გავუსწრო, სასამართლო შედგება და იქ ყველა მტკიცებულება გამოვლინდება.

- გამოძიებასთან ითანამშრომლებთ?

- სამწუხაროდ, როგორც გავიგე, გრიფით საიდუმლო დაადეს იმ მასალებს, რომლებიც გამოაქვეყნეს. ეს უკვე ეჭვის საფუძველს გვაძლევს, რომ იქ მეტი რამ უნდა გამოჩნდეს. ამაზე მეტს ჯერ არაფერს ვიტყვი. იმედია, ჩვენი არც ერთი წევრი აღარ წამოეგება პროვოკაციაზე. მთავარია, მშვიდად, გეგმაზომიერად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მიუხედავად იმისა, რა სიხშირით განმეორდება მერეთის მსგავსი ინციდენტები. სხვათა შორის, მერეთში სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი იყო წამოსული, როგორც ზონდერჯგუფის მაკონტროლებელი და როგორც ვიცი, ამის მერე იგი დააწინაურეს კიდეც. ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი, ნათელი ამოცანა, რომ მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნების გზით მოვახდინოთ ხელისუფლების ცვლილება. 

- და როგორ დაიცავთ იმ თანამებრძოლებს, რომლებიც, შესაძლოა, ,,დაპატიმრებების სერიის'' მსხვერპლნი გახდნენ? 

- ადვოკატებისა და ადამიანის უფლებათადამცველებისგან შექმნილი სერიოზული ჯგუფი გვყავს ჩართული ამ პროცესებში. ხელისუფლება ფეხს ითრევდა, მაგრამ დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ, კარგია, რომ შეიქმნა უწყებათშორისი ჯგუფი. მასში შესულია ყველა მასალა და ველოდებით რეაგირებას. ყველა სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ. არის ზეწოლა, უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ სწორედ იმიტონ, რომ ეს უსამართლობა დავამარცხოთ, მართალი გზით, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ. დაპატიმრებულებს ვუცხადებთ მორალურ, სამართლებრივ მხარდაჭერას, ჩართული გვყავს პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობა. სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამისთვის, უალტერნატივო იარაღად ექცა აგრესია, ზეწოლა და დაპატიმრებები... არა მგონია, ასე იოლად დათმოს პროცესები და დაკავებული ხალხი გამოვიყვანოთ ციხიდან, მაგრამ არჩევნების მერე ყველაფერი კარდინალურად შეიცვლება. 4 თვის მერე, კოალიცია ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა და ეს სამარცხვინო და სულმოკლე ნაბიჯები ჩაბარდება წარსულს. ამის შემდეგ უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნებამდე მივიდეთ. არ უნდა წამოვეგოთ ,,ნაცმოძრაობის'' პროვოკაციებს. 

- თქვენ მშობლიურ სამეგრელოში რა ვითარებაა და ამ რეგიონში უფრო მეტად არის თუ არა პროვოკაციების შედეგად, დაპირისპირების საფრთხე?  

- მთავარია, რომ სამეგრელოშიც და ზოგადად, ქვეყანაში, შიში დაძლეულია.  ქართველი კაცის სწრაფვა თავისუფლებისკენ და იმისკენ, თავად გადაწყვიტოს ვის მოუსმინოს, ვის შეხვედრაზე მივიდეს და ვის მისცეს ხმა, შეუქცევადი და გარდაუვალი პროცესია. სააკაშვილი უკვე წარსულის პოლიტიკოსია. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის ამოცანა კი ისაა, სააკაშვილს არ ჩავადენინოთ ისეთი სისულელე, რომელიც ძვირად დაუჯდება საზოგადოებას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კახეთში მოხდება, სამეგრელოში თუ შიდა ქართლში. სწორედ ამიტომ ვართ დინჯი, ფრთხილი, გააზრებული ნაბიჯების გადადგმის მომხრე. 

- როგორც ვიცი, არ აპირებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის, 400 ათასი ლარის გადახდას. პარტიის ქონება რომ დაგიყადაღონ, წინასაარჩევნო კამპანიას როგორღა წარმართავთ? 

- რაც მეტად გამოვლინდება ამ ავტორიტარული მმართველობის სახე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, მით უფრო სწრაფად დარწმუნდება ყველა, რამდენად გარდაუვალია, ეს ხელისუფლება ჩამოშორდეს მართვის სადავეებს. ჩვენ მათ სისულელებზე პასუხს ვერ ვაგებთ. ჩვენ საკუთარ თავზე ვართ პასუხისმგებელი და ქართულ საზოგადოებაზე. რაც უნდა მოხდეს, წინასაარჩევნო კამპანიას ბოლომდე მივიყვანთ, თანაც ეს კამპანია იქნება იმ საკითხებზე აგებული, რაც ხალხს აინტერესებს. არავითარ შემთხვევაში, არ წამოვწევთ ისეთ საკითხებს, რაც ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს. სხვა მხრივ, მაქსიმალურად ვიაქტიურებთ. 

- ისე, თქვენი პარტიის წევრები ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურობენ და ჩანან. ამბობენ, ,,რესპუბლიკელების სკანდალის'' შემდეგ, ალასანიას თანაპარტიელებს კოალიციაში პოლიტასპარეზობისთვის მეტი შანსი მიეცათო. თქვენი და ივანიშვილის ურთიერთობაც შეცვლილა, თურმე...     

- ურთიერთობა ყოველდღე იცვლება, რადგან კიდევ უფრო მჭიდრო, ახლო თანამშრომლობაში და პოლიტიკურ პარტნიორობაში შევდივართკოალიციაში მყოფი ექვსივე ძალა. არანაირი დაპირისპირება არ არის არც ჩვენ შორის და არც ივანიშვილთან. უმნიშვნელოვანესი კი ისაა, რომ ამ 6 თვეში, ჩვენ თვალწინ, სწრაფად დაიბადა პოლიტიკოსი ივანიშვილი, რომელსაც შეუძლია ერთ მუშტად შეკრას არა მარტო კოალიცია, არამედ მთელი ქართული საზოგადოება. დიახ,  კოალიციაში ურთიერთობები ყოველდღიურად იცვლება უკეთესობისკენ. 

- ურთიერთობის უკეთესობისკენ ცვლაა ის, რომ კოალიციის საარჩევნო სიაში თქვენი გვარი #1 არ ეწერება?  

- ამ მხრივ, არავის არაფრის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. მე ვიქნები სიის სათავეში, ბოლოში თუ საერთოდ არ ვიქნები სიაში, კოალიციის ლიდერის გადასაწყვეტია. თვისობრივად, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი. 

- მაჟორიტარების საკითხიც ლიდერის გადასაწყვეტია? 

- დიახ. ოღონდ ჩვენთან მჭიდრო კონსულტაციებით. დაახლოებით ნახევარი საქმე გაკეთებული გვაქვს. უახლოეს დღეებში ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ განაცხადებს, ვის კანდიდატურას სად წავაყენებთ. სიის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. ჯერ არის დრო და რატომ დავაჩქაროთ მოვლენები? მთავარია, ეს საკითხი ურთიერთობებში პრობლემებს არ შექმნის და ,,ქართული ოცნება'' მიზანს აუცილებლად მიაღწევს. 

- აასრულებს ქართულ ოცნებას არა? ისე, სააკაშვილმა განაცხადა, ქართულ ოცნებებს მე ვასრულებო.   

- მიშამ რაც აასრულა ამ 8 წლის განმავლობაში, დავინახეთ. ეს უკვე წარსულია. ჩვენ მომავალს ვუცქერით. უკან არ ვიხედებით. წარსული მხოლოდ იმიტომ გვაინტერსებს, რომ სააკაშვილისა და მისი წინამორბედების შეცდომები არ გავიმეოროთ. ჩვენ ყველაზე ნათელი წარმოდგენა გვაქვს, როგორ საქართველოზე ოცნებობს ჩვენი ხალხი, რადგან დავდივართ რეგიონებში, ვხვდებით მოსახლეობას და ველაპარაკებით მათ. ჩვენი მიზანია, მათ ეს მთავარი ოცნება ავუსრულოთ და ისეთ საქართველოში ცხოვრების საშუალება მივცეთ, როგორზედაც ოცნებობენ.