პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ – მინისტრად მერაბიშვილის გადაყვანა და შს მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნა მერაბიშვილის მიმართ უნდობლობით არის გამოწვეული. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაარჩევნოდ ისეთ მინისტრს ჩააბარეს, რომელიც უკან არცერთი დავალების შესრულებაზე არ დაიხევს.
„მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნის დროს ვთქვი, რომ ამით მერაბიშვილის დასუსტება არის გეგმაში. მისი გადაყვანა პრემიერად და შს მინისტრად ახალაიას დანიშვნა, მერაბიშვილის ჩაჩოჩებას ნიშნავს. მერაბიშვილის მოხსნის საკითხი ადრეც იყო რამდენჯერმე. როგორც ჩანს ისეთი იდეალური ურთიერთობა, როგორზეც საუბრობენ არ იყო მერაბიშვილსა და სააკაშვილს შორის. მეორეც, ძალიან ხშირად იყო მერაბიშვილის მიმართ ქება - დიდება. ის ითვლებოდა ყველაზე ჭკვიან კაცად მთავრობაში და გარკვეულწილად პრეზიდენტის კონკურენტადაც კი აღიქმებოდა. ამასთან, პრეზიდენტის კომპლიმენტებს შეუერთდა ივანიშვილის კომპლიმენტიც, რომელმაც ჩათვალა, რომ მერაბიშვილი კარგი მენეჯერია და ა.შ ამან გააძლიერა სააკაშვილში მერაბიშვილის მიმართ ეჭვი და ამიტომაც მოხდა ეს ცვლილება“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს რამაზ საყვარელიძემ.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, საყვარელიძის თქმით, ახალაია შს მინისტრად რომ დაენიშნათ, სწორედ ის ბრალდებები და სისასტიკე გამოადგა, რაზედაც აქამდე საუბრობდნენ. „ანუ, მეტი ნდობა მინისტრს, რომელიც უკან არ დაიხევს არცერთ ბრძანებაზე წინასაარჩევნოდ“,- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის გაპრემიერებით მისი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. „ბაჩო ახალაიათი კი არ ჩაანაცვლეს მერაბიშვილი, მერაბიშვილი გადავიდა პრემიერ – მინისტრად და ახალაია დანიშნეს მის ადგილზე. არანაირი საფუძველი არ გავქვს ვივაურაუდოთ, რომ მერაბიშვილი ცუდად უძღვებოდა თავის სამინისტროს და ამიტომ შეცვალეს ის ახალაიათი. რამდენადაც ვიცნობ ჩამოთვლილ ადამიანებს, კომპეტენტური ხალხია და მათ ენდობა პრეზიდენტი. ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ ამ ცვლილებებში“,- განაცხადა გია ნოდიამ.
ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ საკადრო მონაცემთა ბანკში პრეზიდენტს მეტი ოპტიმალური არჩევანი არ ჰქონდა და მან სამთავრობო ცვლილებებისთვის ბოლო რესურსი გამოიყენა.
„ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტოში გაერთიანებულია უშიშროება, უსაფრთხოება და პოლიცია, იქ დილეტანტის მიყვანა არ შეიძლებოდა. ახალაია ამ სფეროს კარგად იცნობს, თანაც ეს იქნება ერთგვარი ტესტი წინასაარჩევნო კამაპანიის მსვლელობის დროს, ვინაიდან შსს–ს ძალზე დიდი ფუნქცია ევალება, რომ არჩევნები ყოველგვარი ზედმეტი ემოციური აფეთქებების გარეშე ჩატარდეს“,- აცხადებს სოსო ცინცაძე და დადებითად აფასებს დიმიტრი შაშკინის გადაყვანას განათლების სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროში.
„რაც შეეხება შაშკინის მისვლას თავდაცვის სამინისტროში, მიმაჩნია, რომ ესეც ოპტიმალური ცვლილებაა. შაშკინი თავისი კავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამერიკელებთან, როგორც მინიმუმ დააჩქარებს ნატოში ჩვენი გაწევრიანების საკითხს, იმ თვალსაზრისით, რომ თუ კი რაიმე პრეტენზიები აქვს რუსეთს ქართულ არმიასთან, შაშკინი ამ პროცესს გაანეიტრალებს. სუბელიანის შეცვლაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. დალი ხომერიკით მისი ჩანაცვლება უფრო სიმბოლური ცვლილებაა“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოსო ცინცაძემ.
ამასთან, ცინცაძეს უკვირს, რატომ არ მოხდა მინისტრების ხათუნა კალმახელიძის და გოგა ხაჩიძის შეცვლა, რომელთა მიმართაც, მისი თქმით, საზოგადოებაში ძალიან დიდი აგრესიაა.
„მოვტყუვდი ჩემს გათვლებში, რადგან არ მეგონა თუ პოსტებს შეინარჩუნებდნენ ხათუნა კალმახელიძე და გარემოს დაცვის მინისტრი. მინისტრები, რომელთა მიმართაც სერიოზული პრეტენზიებია. განსაკუთრებით ის, რაც ხდება ჩვენ ციხეებში, უნდა გამხდარიყო ამ ცვლილების მიზეზი. გნებავთ ის რაც მოხდა 2 კვირის წინ, როცა 19 წლის პატიმრის გაუპატიურებაზე იყო საუბარი. ეს სადამ ჰუსეინის დროს ხდებოდა ერაყში, კომუნისტების დროსაც არ მომხდარა ასეთი რამე. თუნდაც ეს იყოს ეჭვი და არ იყოს დადასტურებული ფაქტი, მაინც უნდა დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი და ამაზე მინისტრმა უნდა აგოს პასუხი“,- აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ მერაბიშვილის გადაყვანა პრემიერ – მინისტრად პრემიერის ინსტიტუტის გაძლიერებას ემსახურება და ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას მერე საქართველოს ძლიერი პრემიერი არ ჰყოლია და ყველა პრემიერი დროებითი და სუსტი იყო. „რაც შეეხება მერაბიშვილის პრემიერ – მინისტრად დანიშვნას, ეს რატომ მოხდა, ამაზე ზუსტ პასუხს 3-4 კაცი გაგცემთ და მე არ ვარ ეს კაცი, თუმცა შემიძლია ვივარაუდო, რომ მერაბიშვილის მისვლა პრემიერის კაბინეტში არ არის დროებითი და ის იქნება არჩევნების შემდგომაც და არ არის გამორიცხული რომ 2013 წლის არჩევნების შემდგომაც, თუ ეს არჩევნები მოიგეს, პრემიერის პოსტი მზადდება და ძლიერდება მისი მისვლით“,- აღნიშნავს ცინცაძე.
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ მერაბიშვილმა შესუსტებული და ნდობადაკარგული სააკაშვილის საარჩევნო დაპირებები უნდა აიღოს თავის თავზე და მოსახლეობა დაარწმუნოს.
„ახალაიას დანიშვნით კიდევ უფრო გაძლიერდა ძალოვანი უწყებების როლი წინასაარჩევნოდ. ისინი გადავიდნენ წინასაარჩევნო შტაბის რეჟიმში. დღეს მერაბიშვილი არის არა მთავრობის ხელმძღვანელი, არამედ ის არის ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი. ის ჩაანაცვლებს ნაკლებად პოპულარულ სააკაშვილს. ის პროგრამა რაც მერაბიშვილმა უნდა აჩვენოს, სააკაშვილს უნდა ეჩვენებინა, მაგრამ სააკაშვილს ისეთი ნდობა აღარ აქვს, მერაბიშვილზე კი ლეგენდები დადის, რომ სისტემა ააწყო, რომ რასაც ამბობს აკეთებს და ამიტომ მოხდა საარჩევნოდ მისი დანიშვნა. ის ითვლება სანდო ადამიანად და ამის გამოყენებას აპირებენ საარჩევნოდ”,- აცხადებს ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ ბაჩო ახალაიას დანიშვნა შს მინისტრად ხალხის დაშინებას ემსახურება იმ მიზეზით, რომ ახალიას სისასტიკეზეც ლეგენდები დადის.
რაც შეეხება სუბელიანის მოხსნას და მის ადგილზე დალი ხომერიკის დანიშვნას, ზაქარეიშვილი ამას ცინცაძის მსგავსად სიმბოლურ ცვლილებად აფასებს და ამბობს, რომ ყველა უკანონობა რაც სუბელიანს ჩაუდენია მერაბიშვილის დავალებით ხდებოდა და ახლა ხელის შეხოცვა სუბელიანზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია; თავდაცვის მინისტრის პოსტზე - განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი; განათლების მინისტრის პოსტზე - გამოცდების ეროვნული ცენტრის ახლადდანიშნული დირექტორი ხატია დეკანოიძე. თანამდებობას ტოვებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, რომელსაც დალი ხომერიკი შეცვლის. დალი ხომერიკი აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად მუშაობდა.