იეღოვას მარტო ეკლესია ვერ ალაგმავს

იეღოვას მარტო ეკლესია ვერ ალაგმავს

თბილისში სხვადასხვა შენობების კედლებზე იეღოველთა წინააღმდეგ მიმართული წარწერების მომრავლებას საქართველოს საპატრიარქო სექტანტების მიმართ მოსახლეობის პროტესტად მიიჩნევს.

„ეს არის ტოტალიტარული სექტა, რომელიც ადამიანის სულს ღუპავს. მოსახლეობა ხედავს, რომ არავინ იღებს ზომებს სექტის გავრცელების წინააღმდეგ, ჩვენ გვაწუხებს იეღოველთა მომრავლება, რადგან ისინი თავს იღუპავენ. ადამიანებშიც არის პროტესტის გრძნობა და ისინი ამას გამოხატავენ კედელზე წარწერით“, - აცხადებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ ცხოვრებაძე.

საქართველოში სექტანტების მომრავლებას საპატრიარქო სახელმწიფოებრივ პრობლემად მიიჩნევს. თუმცა, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ეკლესიის მეთოდი მხოლოდ ქადაგება და ლოცვაა.

„ეკლესია მისიონერულ გზებს მიმართავს. ეს არის წმინდა ნინოს და ანდრია პირველწოდებულის გზა. ამ გზით ეკლესიის წარმომადგენლები ქადაგებენ, მოძღვრავენ ხალხს და განუმარტავენ იეღოველთა სექტის მავნებლობის შესახებ. ეს პრობლემა კი მარტო ეკლესიის ძალებით ვერ გადაიჭრება. ამ დროს სახელმწიფო მშვიდად უცქერის იეღოველთა რიცხვის მომრავლებას, რაც არაგონივრულია“, - მიაჩნია საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, ტელევიზიებს საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის ეთერი დაეთმოთ.