თბილისის მერი გიგი უგულავა ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს ტყუილსა და ცილისწამებაში სდებს ბრალს, - ამის შესახებ გიგი უგულავამ სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც მიტროპოლიტი სერაფიმე უგულავას მხრიდან პატრიარქის მისამართით ხმამაღალ საუბარზე ყვება.
როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად დღეს განაცხადა, ამ სიუჟეტის მხოლოდ ანონსი ნახა და ისიც - Youtube-ზე.
"გამახსენდა ერთი მართლმადიდებლური ხატი - მეორედ მოსვლის. ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო ხატია. მასზე ერთ მხარეს არის ჯოჯოხეთის, ხოლო მეორე მხარეს - სამოთხის გზა და ორივე მიმართულებით პირველ რიგში დგანან სასულიერო პირები. ძალიან დასანანი და სამწუხაროა, როდესაც სასულიერო პირი ასეთი ტყუილისა და ცილისწამების უფლებას აძლევს თავს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" 1-ელ ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც, გადაცემის წამყვან ნანა ლეჟავას ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ "საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც".