"სააკაშვილი იქნება თუ არა 2013 წელს პრემიერ-მინისტრი, კითხვაზე პასუხი, უკვე გაცემულია, - არა"

საქართველოს მთავრობაში პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ცვლილებასაც ელოდებიან. ოპოზიციის აზრით, მიხეილ სააკაშვილმა ამით დასავლეთს აჩვენა, რომ 2013 წელს პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს.

ვანო მერაბიშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად დღეს წარუდგენს. თუმცა მთავრობის ერთი ახალი სამინისტრო და ახალი მინისტრი უკვე ცნობილია. გუშინ პრემიერმა დასაქმების სახელმწიფო მინისტრად ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე წარადგინა.

ოპოზიცია მთავრობაში დაწყებულ ცვლილებებს არჩევნებს უკავშირებს. მათი ვარაუდით, ხელისუფლება ცდილობს ახალი და ძლიერი გუნდით საზოგადოებას აჩვენოს, რომ არჩევნების მოგება შეუძლია.

"ქრისტიან დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილის დანიშვნით დასავლეთს მკაფიოდ უთხრა, რომ ის 2013 წელს პრემიერ-მინისტრი აღარ იქნება.

"მერაბიშვილი შიგნით რა ცვლილებებს განახორციელებს, არ ვიცი. ის არის გილაურის დონის ფიგურა. თუ ხელისუფლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა, მაშინ გილაური მაქსიმუმ ერთი წელი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა, მაგრამ ვერ იქნებოდა ის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ქვეყანა რეალურად უნდა ემართა.

"მეორეს მხრივ, მერაბიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელსაც ვინმე პრემიერ-მინისტრად დანიშნავს და საპრეზიდენტო არჩევნების ბოლოს ეტყვის, რომ შენ გადადექი და ჩვენ დაგვითმე ადგილიო, იმიტომ, რომ ის სხვა დონის ფიგურაა", - ამბობს ვეფხვაძე.

მისივე თქმით, არჩევნები ახლა არა სააკაშვილმა არამედ მერაბიშვილმა უნდა მოიგოს.

"მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში იქნება პრემიერ-მინისტრი 2016 წლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვაზე პასუხი, სააკაშვილი იქნება თუ არა 2013 წელს პრემიერ-მინისტრი უკვე გაცემულია, - არა.

"ამასთანავე არა მგონია, სააკაშვილმა რომელიმე საჯარო თანამდებობა დაიკავოს, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის გარდა მისთვის შესაფერისი თანამდებობა არ იქნება", - აცხადებს ვეფხვაძე.

როგორც საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, მერაბიშვილს ორი საკმაოდ წარმატებული რეფორმა უკავშირდება, ამიტომ მისი დანიშვნით ხელისუფლება უფრო მეტს ელოდება, ვიდრე გილაურის პრემიერობისას.

"რუსმა ჟურნალისტებმა მკითხეს - მედვედევ-პუტინთან პარალელს ხომ არ გაავლებდითო, მგონია, რომ მერაბიშვილი მედვედევისგან განსხვავებით სააკაშვილის აჩრდილიდან დიდი ხანია გამოვიდა. მას კვლევებში გარკვეულ ნომინაციებში სააკაშვილზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

"ის ერთადერთი პოზიტივი, რაზეც ხელისუფლება ლაპარაკობს - პატრული და კრიმინალის დაბალი დონე მერაბიშვილს უკავშირდება. ამიტომ ეს ადამიანი სხვა დონის პოლიტიკური ფიგურაა, არამარტო ნიკა გილაურის, არამედ პუტინ-მედვედევის ტანდემშიც", - ამბობს ვეფხვაძე.

რაც შეეხება მთავრობაში ახალ სახეებს, ვეფხვაძე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება.

"ახლა უკვე ყველა ხვდება, რომ არჩევანი სააკაშვილსა და სხვებს შორის კი არ იქნება გასაკეთებელი, არამედ მერაბიშვილსა და სხვებს შორის. ბუნებრივია, გამარჯვების შემთხვევაში, ის მთავრობას გადაახალისებს. ვფიქრობ, სახეები 2013 წლამდე არ შეიცვლება", - ამბობს ვეფხვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ მთავარი მთავრობის გუნდურობაა და არა ის, ვინ იქნება ამა თუ იმ სამინისტროს ხელმძღვანელი.

"მთავრობის ეფექტიანობა რამდენიმე კომპონენტით განისაზღვრება. ეს არის - პროგრამა, პოლიტიკური ნება და პიროვნებები თავიანთი წარსულით. ვფიქრობ, ამ ცვლილებებით მთავრობა გაცილებით ძლიერი და ეფექტური იქნება. გარკვეულწილად ახალ ეტაპზე გადავდივართ, წინ გვაქვს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.

"ბუნებრივია, ამ დროს მსგავსი გადაწყვეტილება საკმაოდ გონივრულია. ნიკა გილაური შეუცვლელი იყო 2009 წელს, როდესაც მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ქვეყანა სტაბილურობამდე მიიყვანა. კარგად გაართვა თავი ამ გამოწვევას. მაგრამ მთავრობა ორიენტირებულია არა მარტო ეკონომიკაზე, არამედ სოციალურ სფეროზე და უსაფრთხოებაზეც.

"ვანო მერაბიშვილის გამოცდილება კი, ჩემი კომენტარების გარეშეც ყველამ კარგად იცის", - ამბობს დარჩიაშვილი.

მისივე თქმით, "მთავარია, მთავრობა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა ქმნის", იყოს გუნდური, შეკრული და პასუხს აგებდეს არა მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების საპასუხისმგებლო არეალზე".

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობით ქვეყანაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

"ვანო მერაბიშვილი იყო და არის ფიგურა, რომელიც მეორე პირია ქვეყანაში. ის პრემიერ-მინისტრად უბრალოდ გაფორმდება. ვანო მერაბიშვილი რომ მინისტრი იყო და ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრი, მაშინაც ყველამ იცოდა, რომ მერაბიშვილი იყო მნიშვნელოვანი და გილაური ნაკლებმნიშვნელოვანი.

"შაშკინი რომ განათლების მინისტრი იქნება, მე როგორ გამოვიცნო, კიდევ რომელი წერა-კითხვის უცოდინარი დაინიშნება მინისტრის პოსტზე? ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ისე როგორც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრის პოსტზე დანიშვნა იყო წარმოუდგენელი, ვინაიდან მას არანაირი შეხება არ ჰქონია არც ძალოვან სტრუქტურებთან და არც შინაგან საქმეებთან, არც სამხედროში ყოფილა და მუნდირიც არ ცმია, არავინ არ იცის ვინ რა გახდება ამ ქვეყანაში", - აცხადებს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, შესაძლოა, მთავრობაში ახალი მინისტრებიც ვიხილოთ, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად ვერაფერს შეცვლის.

"ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მთავარ ადგილებზე კარგად დასავიწყებელი ძველი სახეები იქნებიან. მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და სააკაშვილი. ერთი-ორი ახალი სახე უკვე ელვარებს. შრომის მინისტრი ტრაპაიძე, რომელიც 5 მილიონიან ქვეყანაში 40 ათასი კაცის დასაქმებით გვემუქრება.

"არ გამოვრიცხავ, რომ სადმე ამერიკიდან, კანადიდან ან ავსტრალიიდან კიდევ რომელიმე გამოიწერონ ქართველი ეგზოტიკურობისთვის, მაგრამ სიახლე არ იქნება. სააკაშვილი უკვე დაძველდა და გამოსაცვლელია.

"საქართველოს ხელისუფლებას მანამ არ ეშველება არაფერი, სანამ მთავრობა საერთოდ არ გამოიცვლება. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი პროპაგანდაა და არავითარი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ქვეყანასთან, დასაქმებასთან, ეკონომიკურ აყვავებასთან, ხალხის კეთილდღეობასთან. ამას აქვს კავშირი არჩევნებთან", - ამბობს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებით ხალხის დაბნევა უნდათ.

"ვითომ გაძლიერდნენ და სხვა გუნდით მოდიან, ამით ხალხის დაბნევა უნდათ. შესაკრებთა გადანაცვლებით რომ ჯამი არ იცვლება, ამას ვის ატყუებენ? სინამდვილეში არაფერი არ შეიცვლება.

"ვანო მერაბიშვილს მენეჯერული თვისებები აქვს, რომელიც მან პოლიციის და შსს-ს ხელმძღვანელობისას გამოავლინა, მაგრამ საქართველო და პოლიცია სხვადასხვაა, პრემიერ-მინისტრი ცოტა უკეთ რომ უნდა ერკვეოდეს თავისი ქვეყნის ისტორიაში და ვითარებაში, ცხადია.

როგორც ჩანს, მერაბიშვილი ტელე-პრემიერი იქნება, მაგრამ ამასაც რაღაც ნიშნები სჭირდება, რომელიც მას არა აქვს. სააკაშვილიდან ენების ცოდნა მაინც უნდა აეღო, პრემიერ-მინისტრი უცხოელს რომ შეხვდება რას ეტყვის? რა ენაზე დაელაპარაკება? გილაურს ეს კიდევ შეეძლო, ერთ-ორ უცხო ენაზე რამე ეთქვა.

"ამიტომ ვანო მერაბიშვილის დაწინაურება მისთვის თავსატეხი იქნება. პრემიერ-მინისტრობა ადამიანისგან უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე შსს მინისტრობა - საჯარო პოლიტიკოსობას ითხოვს. ვანოსგან კი საჯარო პოლიტიკოსს ვერავინ დააყენებს. მართალია, მას სხვა ტალანტები აქვს - თავისი პოლიციელები უყვარს, მაგრამ მარტო პოლიციელების სიყვარული არ კმარა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეაყვაროს თავი. ამიტომ ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა მგონია, ვიდრე მრავალინდექსზე გამრავლებული გილაურია, მისგანაც კარგი პრემიერ-მინისტრი მაინც არ დადგება", - ამბობს ბერძენიშვილი.