რატომ დაუპირისპირდა გიორგი კარბელაშვილი კობა სუბელიანს?

რატომ დაუპირისპირდა გიორგი კარბელაშვილი კობა სუბელიანს?

ორშაბათს, გვიან ღამით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი სამუდამოდ დაემშვიდობება თანამდებობას. სუბელიანს სიკვდილის ბუზი დააჯდა. პრინციპში, დიდი ხნის წინ ის პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადაეგდოთ, თუმცა გიგი უგულავას კადრს მთავრობაში პასუხის გამცემი არ აღმოაჩნდა. სუბელიანი დევნილთა ჯალათი გახდა და დევნილებს პანჩურებით ისტუმრებდა სამინისტროდან, მსგავს ინციდენტებზე "ალიაში" არაერთი ფაქტი დაწერილა, მაგრამ ვინ იყო წამკითხავი და გამგონი?!

"ალიას" ინფორმაციით, ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კარბელაშვილი პირადად დაუპირისპირდა კობა სუბელიანს, რამდენიმე დღის წინ ის შეხვდა წყნეთში ჩასახლებულ დევნილებს და საკუთარი თვალით ნახა, რა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს ხალხი. სწორედ აქედან დაიწყო სუბელიანის პოლიტიკური პანაშვიდი. გიორგი კარბელაშვილს მძიმე საუბარი ჰქონია სუბელიანთან - უამრავი კითხვაა, სად მიდის ამდენი ფული? რა ხდება, რატომ არის ასეთი მძიმე ვითარება? შენ, ბოლოს და ბოლოს, რისი მინისტრი ხარო? ამ საკითხის ირგვლივ ხელისუფლების შიგნით საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებაა, რაც შესაძლოა, სუბელიანისთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდეს.

"ალია" ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა გვიანი იყო და ვერ შევძელით მათი კომენტარების მოპოვება. ერთი კი ფაქტია, სუბელიანს მოუწევს დევნილთა მძიმე მდგომარეობაზე პასუხისგება.