"ძალიან მარტივად ვუყურებ ყველაფერს, ლოგიკური ცვლილება მოხდა მთავრობაში, ხელისუფლებაში ფორმალურად მთავარი პოსტი მთავარ მკვლელს უნდა ეკავოს... მკვლელობა და კარგი მენეჯერობა ერთმანეთს არ გამორიცხავს. გავიხსენებ სააკაშვილის გამონათქვამებს - დაუფიქრებლად ესროლეთ! ვანო მერაბიშვილი ამას აცხადებდა პარლამენტში უმრავლესობის სხდომაზე", - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი სოზარ სუბარი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოზარ სუბარი: "ჩვენ გვაქვს რეალური ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტი იგეგმება!"
"გადაჭრით იმის თქმა, რომ ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია მოკლულია, ძნელია. ფაქტია, არსებული მასალები ეჭვს ბადებს. რაც შეეხება დანარჩენ საქმეებს - ვგულისხმობ ვაზაგაშვილს, რობაქიძეს, უამრავ საქმეს, რომელთა ჩამდენებიც დღემდე არ არიან დასჯილები. რაც შეეხება მენეჯერობას, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი ერთ უწყებაზე იზარჯება, ბუნებრივია, ადვილად შესაძლებელია ეს უწყება კარგად აეწყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მერაბიშვილი კარგი პრემიერი იქნება, რადგან პრემიერს მოუწევს თანხის უკვე ყველა სტრუქტურაზე გადანაწილება. იმ პრიორიტეტების შესრულება, რაც მერაბიშვილმა გამოაცხადა, ამ ხელისუფლებას არ შეუძლია. ახალი პრემიერი ოთხწლიან გეგმას დებს - ფაქტია, რომ ისინი ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებენ, მაგრამ მეორეა, რას აპირებს ქართველი ხალხი. ამ ორი საკითხს შორის დიდი სხვაობაა. ისინი ვერ შეძლებენ ხელისუფლებაში დარჩენას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.
"ფაქტობრივად, ტერორი ყოველდღიურად ძლიერდება, მოგეხსენებათ დააყადაღეს "ქართუ ბანკი" და გააქვთ აუციონზე ისე, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, ვინ არიან მისი რეალური მფლობელები, აქვს თუ არა რამე წილი ამ ბანკში ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ტერორის ნაირსახეობა და სადაც ამ ეტაპზე ამას არ ერიდებიან, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ცხადია, საფრთხეები გაიზრდება. ვიცნობთ ამ ხელისუფლებას და მათი ტერორი არ გვაშინებს - ჩვენ თუ არ წავედით რადიკალურ ნაბიჯებზე და შევუშინდით ამ ხელისუფლებას, ასე არ გამოვა. რადიკალური ნაბიჯია, როცა ვამბობთ - აჰა, ბანკი გინდა? წაიღეთ, ანგარიშს დაგვიყადაღებთ? - ვივლით ფეხით, მაგრამ მაინც მოვიგებთ არჩევნებს", - დასძენს სოზარ სუბარი და შეკითხვას - "შეგახსენებთ თქვენი ლიდერის განცხადებას, მან დაიქადნა, რომ ხელისუფლებას კაპიკსაც გადაუხდის იმ 150-მილიონიანი ჯარიმიდან, თუმცა გამოდის, რომ ის ორჯერ მეტს იხდის იმ დაყადაღებული ქონების ხარჯზე", - პასუხობს:
"რის ჩადენასაც ეს ხელისუფლება აპირებს, ჩვენ გვაქვს რეალური ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტი იგეგმება. რაღაც ინფორმაციები ამ თემაზე უკვე გავრცელდა. რაღაცებს, მაპატიეთ და ვერ დავაკონკრეტებ. ამ საფრთხის მიუხედავად, ივანიშვილმა თავი გადადო - რა ვუყოთ, რომ ჩემი ძმა ციხეშია, რა ვუყოთ, რომ ასეთი ინფორმაციები ვრცელდება - შევშინდეთ? ჩვენ თუ შევშინდებით სააკაშვილი იქნება არა ოქტომბრამდე, არამედ ათეული წლები, სწორედ ესაა რადიკალური ნაბიჯები - ჩვენ არ ვაპირებთ დაშინებას და უკან დახევას".