"ხშირად მეკითხებიან, ბოლო დროს საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი გახდით. პოლიტიკისგან გვერდზე დგომა გადაწყვიტეთ?! - მე გვერდზე არასდროს დავდგები, უბრალოდ, ყველა ხილს თავისი დრო აქვს", - ამბობს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ჩვენთან საუბარში. პოლიტიკურ ცხოვრებას მოწყვეტილი ყოფილი პოლიტიკოსი ძველ პროფესიას დაუბრუნდა და მალე ქართველ და საერთაშორისო საზოგადოებას სახელისუფლებო გუნდის მიერ ბოლო რვა წლის განმავლობაში განხორციელებულ "რეფორმებსა" და სიახლეებს დოკუმენტურ ფილმად წარუდგენს.
- რამდენიმე წლის განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები ბრძოლის წინა ხაზზე ვიყავით. ჩვენმა ძალისხმევამ შექმნა იმის პირობა, რომ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ასე რადიკალურად შეიცვალა.
- ანუ ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლას წინ თქვენი აქტიურობა უძღოდა?
- არა, მე საზოგადოების განწყობას ვგულისხმობ, რომელსაც დაემატა ბიძინა ივანიშვილის ფიგურა, მან ქართული პოლიტიკური რეალობა თავდაყირა დააყენა, მაგრამ გზა, რომელზეც ახლა ამ პოლიტიკურმა კოალიციამ უნდა გაიაროს, უკვე დატკეპნილი იყო. ასე რომ, მას მუშაობა გაუადვილდება.
ჩვენი დაუმორჩილებელი ბრძოლით მივაღწიეთ იმას, რომ ხელისუფლებამ ყველას დაანახვა, რისი გამკეთებელი იყო ძალაუფლების შესანარჩუნებლად. გვახსოვს უამრავი დასახიჩრებული და გარდაცვლილი ადამიანი, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ებრძოდნენ ამ ბოროტებას. ახლა კი, დადგა დრო, როცა ხელისუფლება იძულებულია, ახალი გარემოებები გაითვალისწინოს და მივედით იქამდე, რომ ქართველ საზოგადოებას ძალიან სერიოზული შანსი გაუჩნდა, ეს ჭირი არჩევნებით მოიცილოს. ახალმა ძალამ ჩვენი გამოცდილება უნდა გამოიყენოს, რათა ხალხს თვალები ბოლომდე აეხილოს და იცოდეს, ვინ არის მისი ხელისუფლება, რა სისასტიკის ჩამდენია. მე კი ვიცი, რომ ნაციონალური მოძრაობა ტერორისტული ორგანიზაციაა, მაგრამ ეს სხვასაც უნდა ავუხსნათ.
- პოლიტიკური ექსპერტების თქმით, გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა, არჩევნებამდე მშვიდი გარემო ვეღარ შენარჩუნდეს...
- დიახ, სრულიად საფუძვლიანი ეჭვია. მათი წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად არც ახლა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, არსებობს ამის საფუძველი, თუნდაც გორის სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიაზე განხორციელებული აშკარა თავდასხმა. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ და ღია ბრძოლა გამოუცხადეს. ჩემი აზრით, შედეგი მათთვის კატასტროფული იქნება. დაიმსხვრა მითი დემოკრატიული რეფორმების შესახებ და მიხვდნენ, რომ კუთხეში არიან მიმწყვდეული, ამიტომაც გადავიდნენ ძალადობაზე, მაგრამ იგივე სცადა წინა ხელისუფლებამ და ბევრად უფრო მძიმედ დაამთავრებს მიხეილ სააკაშვილი.
მისი მანიაკური საქციელიდან და რაც მთავარია, შეშლილი სახიდან კარგად ჩანს, რომ ცუდად აქვს საქმე. ამას ნიშნის მოგებით კი არა, სინანულით ვამბობ, - მაწუხებს ის ამბავი, რომ მანიაკური ფსიქოზით დაავადებული ადამიანი დღემდე ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია. ამ ურჩხულს თავები მოჭრილი აქვს და მხოლოდ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც სოფელ მერეთში სასწრაფოდ პროვოკაციის მოსაწყობად გამოიძახეს. საქართველოში სამაშველო ჯგუფებს გვერდითი დავალებებიც აქვთ, - მაგალითად, ბუნტის მოწყობა. ამაში კი პრემიებს იღებენ და, რა თქმა უნდა, არც ეზარებათ.
- ბოლო დროს გახშირდა ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნები. რამდენად რეალური გეჩვენებათ, რომ ერთ დღეს ეს უწყებები ხელისუფლებას განუდგნენ?
- ეს გარდაუვალია. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი არჩევნებამდეც ვერ მიაღწევს. თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბოროტების მანქანა ასე ადვილად არ დანებდება. სააკაშვილს, ბოკერიასა და მერაბიშვილს კარგად ესმით რა ელოდებათ, არც თავს ზოგავენ და არც თანხას, რომ კონტროლი არ დაკარგონ, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის შემობრუნების ძალა უკვე აღარ შესწევთ.
- საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" თანადამფუძნებელი ხართ. რა არის თქვენი საქმიანობის იდეა?
- ამ ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად ვერ ვმონაწილეობ, რადგან ფილმის გადაღებაში ვარ ჩართული. მისი თავმჯდომარეა კოკა გუნცაძე, ვაჟკაცი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ურთიერთობებში. მასთან ერთად არიან ლევან და გია გაჩეჩილაძეები, ასევე ლევან ჩიკვაიძეც. ანუ ის გუნდია შეკრული, ვისაც ქართული საქმის გაკეთება შეგვიძლია.
ჩვენ კი არ დავშლილვართ, ერთად ვართ, უბრალოდ, ზოგი ერთ საქმეს აკეთებს, ზოგიც - მეორეს. ასე რომ, არავის ეგონოს, რომ დაგვათითოკაცა. თუ დაგვჭირდება, ისევ ერთად გამოვალთ. თუ ხალხს დაუპირისპირდებიან, საზოგადოება ამას არ დაუშვებს და კომბლებს უჩვენოდაც გამოიყენებს. ჩემი ნათქვამი სიტყვა "კომბალი" აიტაცეს და სახელისუფლებო ტელევიზიებმა თავიანთ სიუჟეტებში ნახევარი წლის განმავლობაში ატრიალეს, მაგრამ როცა მათი პატრონები ქალებსა და მოხუცებს ურტყამენ, თურმე "კანონს იცავენ". ერთ დღესაც იმ გადაგვარებულ არსებებს, საკუთარ ახლობლებსა და ნათესავებს აბჯარასხმულები ჯოხებს რომ უშენენ, ხალხი მოუტრიალდება და ცხვირ-პირს დაულეწავს.
- რამდენად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში გოგა ხაინდრავას ისევ მაღალი თანამდებობის დაკავების სურვული გაუჩნდეს?
- არა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს გამორიცხულია. არავითარ შემთხვევაში არ ჩავერთვები პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე ჩემი პროფესია მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი საქმის კეთებას გავაგრძელებ. თუმცა საზოგადოებრივად ყოველთვის აქტიური ვიქნები. ჩემთვის მთავარი კონკრეტული ჯგუფები და პერსონები კი არა, ქვეყნის მომავალია. ამიტომ გამადიდებელი შუშით დავაკვირდებით ახალი ძალის ნაბიჯებს, რათა ის შეცდომები არ განმეორდეს, რაც ამ რვა წლის განმავლობაში ხდებოდა... ეს ეხება როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პროცესებს. მე კარგად ვიცნობ აფხაზეთის კონფლიქტის ანატომიას და ვიცი, რა ხდება ამა თუ იმ განცხადების მიღმა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩირიკბას განცხადება შემთხვევითი არ არის, ის რუსეთის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი აგენტია და იცის, როდის რა უნდა თქვას.
სააკაშვილი, რომელიც ვითომ რუსეთს ებრძვის, სინამდვილეში რუსეთის ხელის ბიჭია. მისი და რუსეთის კეთილი დამოკიდებულების შედეგია ჩირიკბას განცხადება, ივანიშვილი და ალასანია პრაგმატული ხალხია და მათთან ურთერთობა შესაძლებელიაო... საჭირო ჟამს ასეთი პროვოკაციული განცხადებების სანაცვლოდ სააკაშვილმა ააშენა რუსეთის კლანური მმართველობა. არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელს იმდენი არ გაუკეთებია რუსეთისთვის, რამდენიც სააკაშვილს, ბენდუქიძეს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს. როგორც ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, კარგად ვარ მათ ქმედებებში ჩახედული და ვიცი, რაც ადრე ხდებოდა, რასაც ახლა აკეთებენ.
- კონკრეტულად?
- დადგება დრო, ამას დოკუმენტურად დავამტკიცებ და სწორედ ამის საფუძველზე ვპირდები მათ საინტერესო სასამართლოს. რუსეთის სამსახური, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ეწეოდნენ, დღემდე გრძელდება და ფართოვდება. ამათთვის ვითომ მთავარია, რუსეთისკენ იფურთხებოდე და იგინებოდე და პატრიოტი ხარ, სხვა არაფერი აინტერესებთ. რუსეთს აგენტურის ძალიან დიდი ისტორია აქვს. ძალიან ბევრი ამერიკის დაზვერის მაღალჩინოსანი რუსეთს ემსახურებოდა. რუსეთში ამ საქმის პროფესიონალები არიან და სააკაშვილის გუნდის წევრებივით არიფები კი არა, სერიოზული ადამიანები ჩაუყენებიათ თავიანთ სამსახურში.
ასე რომ, "ნაციონალებმა" ყველანაირი რესურსი ამოწურეს, ძალადობის, შეშინებისა და მოსყიდვისაც. აღარც ფასადური შენება ხიბლავს ხალხს და არც "რესტავრაციები". თავიდან უხაროდა საზოგადოების ერთ ნაწილს, მაგრამ ახლა იმდენად მარაზმში გადაცვივდნენ, რომ ბაგრატის ტაძარს ლიფტი მიუშენეს ამ ნეობოლშევიკებმა, დამთვალიერებლისთვის სჯობს ასეო. ვინმეს უნახავს მსოფლიოში ისეთი ტაძარი, რომლის ერთი ნაწილი X საუკუნის იყოს და მეორე თანამედროვეობის ნიმუში. რაც უნდა ზემოდან დარიგებული ახსნა-განმარტებით იმართლოს თავი ნიკა ვაჩეიშვილმა, ყველამ იცის, რომ ეს კრეტინული გადაწყვეტილებაა. კარგა ხანს თავს ვიკავებდი ნიკა ვაჩეიშვილის საქციელის შეფასებისგან, რადგან მეგონა, ამ კაცს ჰქონდა ღირსება, თავისი ქვეყანა უყვარდა და საკუთარ წარსულს პატივს სცემდა. თუმცა ბაგრატის ტაძრის შემთხვევაში ამ კაცმა სული გაყიდა. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაახლოებული, არ იციან, რომ ქვეყნის კულტურა მხოლოდ ხინკალი და მწვადი არ არის. არ ვიცი, ვაჩეიშვილს ეს შიშით მოსდის თუ უმეცრებით, მაგრამ უპატიებელ შეცდომებს უშვებს.
- ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ გისაუბრიათ მათთან "უპატიებელ შეცდომებზე?"
- რა თქმა უნდა, შეკითხვებიც გამჩენია და არაერთხელ მიკამათია მათთან. სხვათა შორის, ხშირად დავფიქრებულვარ, ასე მაგნიტივით როგორ იზიდავდა სააკაშვილი ამ მშიშარა, მონური სულის ადამიანებს. მაგრამ რას ვიზამთ, საბჭოთა კავშირის გავლენა დღემდე ძლიერია ქართველ საზოგადოებაში და ამას ვერ გავექცევით... მონურად რომ არ დავუხარე თავი, იმიტომაც მქონდა მათთან მუდმივი უთანხმოება და კამათი, განსაკუთრებით ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდში.
უბრალოდ, სანამ ზურა ჟვანია ცოცხალი იყო, ხელს ვერ მკიდებდნენ. მისი მოკვლის შემდეგ ღიად დამიპირისპირდნენ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებაში იმდენად დიდი ავტორიტეტი მქონდა, რომ პირდაპირ მოშორება ვერ გამიბედეს. ამიტომ, კარგა ხანს შორიდან მიტრიალებდნენ...
- კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ძალიან კარგი, ოღონდ ეს არ გულისხმობს პოლიტიკურ თანამშრომლობას, "ქართული ოცნების" წევრებთან მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაქვს. თინიკო ხიდაშელი, დათო უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია ჩემი ახლო მეგობრები და თანამებრძოლები არიან. ჩემი ძმაც მათ რიგებშია. ასევე, გია ხუხაშვილიც ძალიან ახლობელი ადამიანია ჩემთვის, მაგრამ არც ერთ მათგანთან პოლიტიკური კავშირი არ მაქვს... ძალიან დიდ პატივს ვცემ გამორჩეულ ქართველს, ბიძინა ივანიშვილს. ყველანაირად ვგულშემატკივრობ, მაგრამ მის გუნდთან არც ერთ საკითხში არ ვთანამშრომლობ.
- გვახსოვს თქვენი მწვავე მიმართვა საზოგადოებისადმი, ძალიან გულგატეხილი იყავით, ახლა კი იმედიანად ხართ...
- ჩემი მიმართვა ეხებოდა მხოლოდ საზოგადოების ნაწილს. კარგად იციან მათ, ვისაც ეს ეხებოდა. მიხარია, როცა ამ დაიმედებულ და ბრძოლისუნარიან საზოგადოებას ვუყურებ და მეც დაიმედებული ვარ, ჩემს ხალხს "ვაზის ყვავილობის" დრო უბრუნდება. ბედნიერი კაცი ვიქნები, თუ ჩემი სიტყვების უკან წაღება მომიწევს.
- ბატონო გოგა, რა სტადიაშია თქვენი დოკუმენტური ფილმი "დემოკრატიის შუქურა?"
- ფინიშისკენ მივდივართ. ამჟამად მისი სხვადასხვა ენაზე გახმოვანებასა და ტიტრების დადებაზე ვმუშაობთ. ფილმში 2004 წლიდან მოყოლებული იმ რვაწლიანი კოშმარის ყველა ის საკვანძო ფაქტია გადმოცემული, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, თუ რა ტიპის დემოკრატიას "აშენებს" საქართველოში სააკაშვილი, როგორ ხუჭავდა თვალებს საერთაშორისო საზოგადოება კანონდარღვევაზე, რას უჭერდა მხარს ამერიკის ადმინისტრაცია და რა შედეგი მივიღეთ მათი "მოღვაწეობის" შედეგად. ფილმში შეტანილია ბადრი პატარკაციშვილის მოღვაწეობისა და მისი დასასრულის ეპიზოდი, ასევე ისიც, თუ როგორ მოკლეს ზურა ჟვანია. ვერ ვიტყვი, რომ ფილმში აქამდე ართქმული ფაქტები იქნება შეტანილი, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად გაიგონა ეს ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.
- ფილმში გადმოცემულია მინისტრის პოსტიდან დანახული საქართველოს ცხოვრებაც?
- არა იმდენად მინისტრის პოსტიდან, რამდენადაც იმ ადამიანის თვალთახედვა, რომელმაც იცოდა, რა ხდებოდა ხელისუფლებაში შიგნით, ასევე ყურს უგდებდა საკუთარი ხალხის მაჯისცემას, პროტესტსა და აღშფოთებას. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, ძალიან დიდ ინფორმაციაზე მიმიწვდებოდა ხელი. შემდეგ კი, როცა ამ ბოროტების ძალიდან გამათავისუფლეს, ხელისუფლებაში ნანახმა მართალია სუბიექტური, მაგრამ ჩემებური ხედვა ჩამომიყალიბა. თუმცა, რამდენად სუბიექტურია ფილმი, ეს მაყურებელმა თავად გადაწყვიტოს, როცა ამ ფილმს ტელევიზიით ნახავს. ეს არის სატელევიზიო ფილმი და მისი ჩვენება, რა თქმა უნდა, არასახელისუფლებო არხებზე შედგება. რამდენიმე უცხოურ ქვეყანასთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, იქაურ ტელევიზიებშიც ვაპირებ დაანონსებას.