მთავრობაში ძირეულ ცვლილებებს არ ველოდები, შესაძლოა, ერთი- ორი კომიკური მინისტრი შეიცვალოს

მთავრობაში ძირეულ ცვლილებებს არ ველოდები, შესაძლოა, ერთი- ორი კომიკური მინისტრი შეიცვალოს

ვანო მერაბიშვილის გაპრემიერების მიზეზებსა და იმაზე, სავარაუდოდ როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობა, "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებას? გასაგებია, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ყველაზე სერიოზული რესურსი აამოქმედა, მაგრამ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იმავდროულად გაცხადდა შემდეგიც - მმართველი პარტიის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, ქვეყნის პირველი პირი, ანუ პრემიერ-მინისტრი სწორედ შსს-ს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება?
- თუ არჩევნების შემდეგ მერაბიშვილი იქნება პრაქტიკულად პირველი პირი, ანუ პრემიერ-მინისტრი, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე დადებით მოვლენად ჩავთვლიდი. თუმცა, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. ვინაიდან, დღევანდელ პრეზიდენტს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმაზე, იქნება თუ არა თავად პრემიერ-მინისტრი.
კონსტიტუცია და საერთაშორისო პრაქტიკა სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობას არ უკრძალავს. ვერავინ იტყვის, რომ ისლანდიაში დემოკრატია არ არის, ადამიანის უფლებები ირღვევა და ავტორიტარული რეჟიმია, მაგრამ ამ ქვეყანაში მოქმედი პრეზიდენტი სულ ახლახან პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს. ხელისუფლების შიდა სამზარეულოს საქმის კურსში არა ვარ. რა ვარიანტები და მოდელები განიხილება, არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კონსტიტუცია არ უკრძალავს მმარველ პარტიას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თავად დაასახელოს მისთვის სასურველი პირი პრემიერ-მინისტრად. თუ ვინ იქნება მმართველი პარტია, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან წინ არჩევნებია. ჩემი გათვლებით, მმართველი პარტია კვლავაც დარჩება "ნაცმოძრაობა", მაგრამ არის სხვა მოსაზრებებიც. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

თუ არჩევნების შემდეგაც პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი იქნება, არ გამიკვირდება. საქართველოს მოსახლეობამ იცის მერაბიშვილის მიერ გაკეთებული საქმეები. ჩვენ ვიცით, თუ როგორი მენეჯერი და მეურნეა იგი. რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატს, ვიცით, რომ ივანიშვილი კარგი ბიზნესმენია. მე არ ვარ ივანიშვილის მომხრე, მაგრამ მეორე მხრივ ასევე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მისი კაპიტალის წარმოშობის აბსოლუტიზაციის. ანუ, იმაზე საუბრის, რომ მისი კაპიტალი რუსული კაპიტალია და ასე შემდეგ. მე მას მხარს არ ვუჭერ არა იმიტომ, რომ ფული რუსეთში იშოვა, არამედ იმიტომ, რომ მე სხვა არგუმენტები მაქვს, რის გამოც მის მხარდამჭერად თავს არ ვთვლი.

- ჯერ პრეზიდენტმა, ხოლო შემდეგ უკვე ვანო მერაბიშვილმა განაცხადეს, რომ მისი მთავარი ამოცანა დასაქმება, სოფელზე ზრუნვა და ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება იქნება. მერაბიშვილი რომ კარგი მენეჯერია, უდავოა, მაგრამ არჩევვნებამდე სამი თვეა დარჩენილი და ძნელი სავარაუდოა, რომ დარჩენილ დროში რაიმე ხელშესაღების მოსწრება იყოს შესაძლებელი...
- მერაბიშვილი მართლაც კარგი მენეჯერია, მაგრამ მას ჯადოსნური ჯოხი არ აქვს, რომ ერთი აქნევით საქართველო აქციოს ისეთ ქვეყნად, სადაც უცებ მოგვარდება უმუშევრობის პრობლემა, პენსიები უცებ გაიზრდება და ცხოვრების დონე სამ თვეში გაუმჯობესდება. ასეთი რამ არსად არ მომხდარა და არც ჩვენთან არ მოხდება. მე არც ის მგონია, რომ მერაბიშვილს ამ სამ თვეში სტრატეგიული ამოცანების გადაჭრა ევალება. არა მგონია, რომ მერაბიშვილის გაპრემიერება მხოლოდ არჩევნებზე იყოს ორიენტირებული. ჩემი აზრით, მისი დაწინაურება უფრო შორეულ გათვლაზეა ორიენტირებული, ვინაიდან არჩევნებში მმართველი პარტიის მთავარი სტრატეგია და ფიგურა უკვე გამოკვეთილია. პრეზიდენტი ყოველდღე ხვდება ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობას. ასეთი აქტიური და ინტენსიური წინასაარჩევნო კამპანია არც ოლანდს, სარკოზის და არც ეგვიპტის პრეზიდენტს არ ჰქონიათ. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი პარტიის ბედი ერთ კაცზეა დამოკიდებული. სხვები თუ გამოდიან და ხალხს ხვდებიან, სჯობია, საერთოდ არ გამოჩდნენ. ეს ეხაბა არა მარტო მმართველ პარტიას, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც სახელისუფლო პოზიციას იზიარებენ და თავის თავს ექსპერტებს უწოდებენ.

- პრემიერ-მინისტრად მერაბიშვილის დანიშვნას ბევრი წინასაარჩევნოდ რეპრესიული მანქანის გაძლიერების შესაძლებლობას უკავშირებს. თქვენც ასე ფიქრობთ?
- არა, არა მგონია. მე პირიქით, ველი საწინააღმდეგო შედეგს. მოდით, ვიყოთ რეალისტები, რომ სდომოდა, რეპრესიული მანქანის გაძლიერებას მერაბიშვილს ვინმე ხელს უშლიდა? რა გამოდის, მერაბიშვილს უნდოდა, უფრო აქტიურად ამოქმედებულიყო რეპრესიული მანქანა და ვინმე აჩერებდა? ეს ხომ გამორიცხულია.
სამი თვე ერთი მხრივ პატარა დროა, მაგრამ არ არის მცირე დრო საიმისოდ, რომ პრემიერ-მინისტრმა გარკვეული ცვლილებები განახორციელოს. არ გამოვრიცხავ ერთი-ორი კომიკური მინისტრის შეცვლას, რომელთა მიმართ ბევრი პრეტენზიაა დაგროვილი.

- კანონმდებლობით, მმართველ გუნდს მთავრობის ახალი შემადგენლობის წარმოდგენისთვის 10-დან 30 დღე აქვს, მაგრამ, როგორც გაცხადდა, მთავრობის ახალი შემადგენლობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. თქვენი პროგნოზით, როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობა?
- ჩემი აზრით, მერაბიშვილს მთავრობის ახალი შემადგენლობის სელექციისათვის ძალიან ცოტა დროა აქვს. ის, რომ პრეზიდენტმა მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განცხადება პარლამენტის საგაზაფხული სესიის დახურვის მეორე დღეს გააკეთა, იმაზე მეტყველებს, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტისთვისაც მოულოდნელობა იყო.
იმის გამო, რომ მე არ ვიცი, თუ რა ხდება კულუარებში, ჩემთვის ძნელია მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მსჯელობა. საუკეთესო შემთხვევაში, მთავრობაში ძირეულ ცვლილებებს არ ველოდები. შეიძლება, ერთი-ორი ისეთი კომიკური მინისტრი შეიცვალოს, რომელთა მიმართ ძალზე ბევრი პრეტენზიებია დაგროვილი. სამართლიანია თუ უსამართლოა ეს პრეტენზიები, სხვა საკითხია. მთავარია, პრეტენზიები არსებობს და თანაც წლების მანძილზე. თუმცა, არ გამიკვირდება, რომ მერაბიშვილმა ამ ეტაპზე მთავრობაში ხელი არავის არ ახლოს.

- თქვენი აზრით, როგორი იქნება ერთი მხრივ დასავლეთის, ხოლო მეორე მხრივ რუსეთის რეაქცია მერაბიშვილის გაპრემიერებაზ? რა დამოკიდებულება ექნება პრეზიდენტ პუტინს სააკაშვილის სავარაუდო შემცვლელის მიმართ? სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს რუსი აგენტები მერაბიშვილის უწყებამ დააკავა, სააკაშვილის სამთავრობო გუნდიდან მერაბიშვილი ერთადერთი მინისტრი იყო, რომელზეც რუსული მედია პრაქტიკულად ყოველთვის დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა . . .
- ჩემი აზრით, დასავლეთის რეაქცია იქნება ნეიტრალური. ყოველ შემთხვევაში უარყოფითი რეაქცია გამორიცხულია, რადგან დასავლეთში ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა პოლიტიკოსი შსს-ს მინისტრი შეიძლება იყოს, ხვალ - პრემიერი, ზეგ ეკოლოგიის მინისტრი და მაზეგ - ჯანდაცვის ანაც განათლების მინისტრი.

რაც შეეხება რუსეთს. მერაბიშვილს გაცილებით მეტი ინტერვიუები აქვს მიცემული რუსული პრესისთვის, ვიდრე - ქართულისთვის. ამ ინტერვიუებში მერაბიშვილი ყოველთვის ახერხებდა იუველირული ელასტიკურობით აევლო გვერდი ფეთქებადი თემებისთვის. მისი ინტერვიუები ყოველთვის უფრო პრაგმატული იყო და აგრესიული არასდროს არ ყოფილა. ჩემი აზრით, მერაბიშვილს რუსეთში რუსოფობად არავინ თვლის.

პუტინის დამოკიდებულება პიროვნების მიმართ, მე მგონი, გადამწყვეტი არ არის. საქართველოს ლიდერებისადმი პუტინის დამოკიდებულებას განსაზღვარავს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ახლოვდება 2014 წელი, რომელიც გადამწყვეტი იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობაში. თუ 2014 წელსაც ჩვენ ბრიუსელიდან მოვისმინეთ რიტუალური შეგონებები, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელი და ადრე თუ გვიან თქვენ ნატო-ში იქნებით, ეს უკვე ძალზედ არასასიამოვნო გზავნილი იქნება ქართული მოსახლეობისთვის, თუმცა - ძალზედ გარკვეული და კონკრეტული რუსეთისთვის.

მოდით, ნუ დავივიწყებთ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ჩიკაგოს სამიტის შემდეგ გააკეთა - 2014 წელს ნატო-ს აღარანაირი საბაბი არ ექნება, რომ საქართველოს ნატო-ში მიღებაზე უარი გვითხრას.

თუ მერაბიშვილის პრემიერობის პერიოდში მოხერხდა მოდუს-ვივენდის მოძებნა რუსეთთან საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობის საკითხში, რაც მე პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია, ერთადერთი, რაზეც არ წავა პუტინი არასოდეს კომპრომისზე, ეს საქართველოს პროდასავლური ორიენტაციაა. ამ თვალსაზრისით, ვინც არ უნდა იყოს საქართველოში ლიდერი, საქართველოსთან დამოკიდებულებაში არსებითად არაფერი შეიცვლება. ეს მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი რუსეთის პოლიტიკის მიმართ ასე მკვეთრი შეიძლება არ იყოს, როგორიც დღევანდელი პრეზიდენტია. მაგრამ ეს რუსეთის პოლიტიკაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. რუსეთი ჩვენგან არა ლოიალურ განცხადებებს, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თხოულობს.

გარდა ამისა, ჩვენთან რატომღაც უყურადღებოდაა დარჩენილი პუტინის უკანასკნელი დიდი ოცნება - ევრაზიის კავშირი. ევრაზიულ კავშირში უკრაინის შესვლა-არშესვლის ბედის გადაწყვეტის შემდეგ, ამ კავშირში საქართველოს და სხვა რამდენიმე ყოფილი რესპუბლიკის საკითხის გადაწყვეტის დრო დადგება. ამიტომ, მერებიშვილის პიროვნების პერსონიფიცირებაზე აქცენტებს მე ვერ გავაკეთებ. საკითხი ეხება ქვეყნის ორიენტაციას. შეიცვლება ორიენტაცია, შეიცვლება საქართველოსდმი რუსეთის დამოკიდებულებაც.