საქართველოს პრეზიდენტმა არც თუ ისე მოულოდნელად საზოგადოებას ახალი პრემიერის რანგში შს უკვე ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი წარუდგინა. არც თუ ისე მოულოდნელად იმიტომ, რომ მერაბიშვილის შესაძლო გაპრემიერებაზე უკვე დიდი ხანია მიდის კულუარულად საუბარი. კულუარულად გავრცელებული ინფორმაცია კი რეალობას მას შემდეგ დაუახლოვდა, რაც ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ მოხელეებთან ორგანიზებულ შეხვედრებს, უშუალოდ ვანო მერაბიშვილი ესწრებოდა და დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებს დეტალურად აცნობდა.
მერაბიშვილის გაპრემიერების შემდეგ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ ნაბიჯით ვანო მერაბიშვილს ძალაუფლება ჩამოაშორა, მეორე ფლანგი კი ფიქრობს, რომ მერაბიშვილი მისი მენეჯერული ნიჭის წყალობით დაწინაურდა, რათა მინისტრთა კაბინეტი ისევე მოქნილად აამუშაოს, როგორც მან ეს თავის უწყებაში შეძლო.
აღნიშნულ საკითხებზე "ივერონი" ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრება.
- ასეთ სიტუაციებში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ცალსახა არასდროს არ არის. ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ხელისუფლება ჯერ ქმედუნარიანია. მართალია, ხელისუფლების მარაგის კოეფიციენტი ერთთან მიახლოებულია - ანუ მინიმალური მარაგი გააჩნია, მაგრამ მაინც მოქმედებს და იმოქმედებს კიდევ უფრო ენერგიულად. გითხრათ სიმართლე, ეს სცენარი ჯერ კიდევ 3 თვის წინათ მქონდა მოხაზული და არაფერი გამკვირვებია... თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება საკმარისად მყარად ორგანიზებული ჯგუფია და კრიტიკულ სიტუაციაში, თუ სწორად არ დათვლიან "დომინოს პრინციპი"-ს ამოქმედება ემუქრებათ, მაშინ გასაგები უნდა იყოს, რომ ერთმანეთს ასე ხელაღებით არ გაწირავენ... ცხადია, ხელისუფლებაში ერთმანეთის გაწონასწორება-შეკავების მექანიზმები მუშაობს, ამიტომ ეს დანიშვნა საქმესაც ემსახურება და კონტროლის გაძლიერებასაც. ცხადია, ვანო მერაბიშვილი უფრო კომფორტულად შსს-ში უფრო იქნებოდა, ვიდრე პრემიერ-მინისტრის სავარძელში, რადგან აქ რეალური საქმეა საკეთებელი, - აქ მკვდარი ეკონომიკაა ასამოძრავებელი და ხარბი მონოპოლიური ჯგუფებია ასალაგმი, თორემ არაფერი გამოვა. ბავშვი დროზე ადრე ვერ დაიბადება, - უსისცოცხლო იქნება! ასეა ეკონომიკაში, თუ თანმიმდევრული და ყოვლისმომცველი ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, არაფერი გამოვა. დღეს გამოჩნდება, რამდენად კვალიფიციურ მთავრობას შესთავაზებს იგი საზოგადოებას. სასწაულები არ ხდება! სასწაულებს ეკონომიკაში უმაღლესი კვალიფიკაციის პოლიტიკურად მოაზროვნე პროფესიონალები ქმნიან და არა პიარ-კამპანიაზე აგებული მცდელობები.
- რას უნდა ველოდოთ ვანო მერაბიშვილისგან პრემიერის რანგში?
- მერაბიშვილს ძალიან ცოტა დრო აქვს არჩევნებამდე რაიმე ხელშესახები წარმატების მისაღწევად, რადგან დეკლარირებული მნიშვნელოვანი პრიორიტეტები: დასაქმება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სოფლის მეურნეობის განვითარება უცებ ვერ გადაწყდება, მაგრამ მერაბიშვილი ძალიან კარგად ინფორმირებული ადამიანია და დარჩენილი დრო, თუ იგი ამას კარგად გამოიყენებს და მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს, საშუალებას მისცემს რაღაც მაინც ხელშესახები აგრძნობინოს ხალხს. მთავარია, გადადგამს კი იგი ამ ნაბიჯებს? მოარჯულებს გათავხედებულ მონოპოლურ ხარბ ჯგუფებს, რომელსაც ქვეყანა და საზოგადოება არაფრად მიაჩნია?! ამასთან, როგორც ჩანს, მერაბიშვილს სერიოზული საგარეო ფუნქციაც ექნება პრობლემური მიმართულებით! ესეც დიდი თავსატეხია ხელისუფლებისათვის. კერძოდ, პრობლემური ურთიერთობები რუსეთთან ქმნის მუდმივ საშიშ ფონს ქვეყნისათვის და მისი განვითარებისათვის და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ეს მხოლოდ ხელისუფლების მომსახურე ე.წ. "ექსპერტებს"' არ ესმით. ამიტომაც შემთხვევით არ გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა აქცენტი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე. ამ მიმართულებით ახალ პრემიერ-მინისტრს სერიოზული მუშაობა მოუწევს.
- ბატონო დემურ, ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნების პერიოდში საქართველოში სიტუაციის დასტაბილურება თავად მერაბიშვილს დაავალეს ამერიკელებმა.
- ეს საშიში თამაშებია. ვერ ვხედავ მიზანმიმართულად სიტუაციის დესტაბილიზაციის აზრს. ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებზე ხელისუფლებას სერიოზული კონკურენტი ჰყავს და ამას იგი ვერაფრით გადაფარავს. ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვის შედეგი ნულოვანი იქნება და თუ არჩევნებს საფრთხე შეექმნა, ხელისუფლება დისკრედიტირებული აღმოჩნდება.
- დავუბრუნდეთ თქვენს წინა შეფასებას, როგორ ფიქრობთ, ეს პოსტი კიდევ უფრო ხომ არ გააძლიერებს ვანო მერაბიშვილის ფიგურას და ის კიდევ უფრო საშიში ხომ არ გახდება ხელისუფლებისთვის? მითუმეტეს რომ აქტიურად საუბრობენ, მერაბიშვილის მიერ საკუთარი გუნდის შესაძლო ჩამოყალიბებაზე და ასევე არის კიდეც საუბრები ივანიშვილთან მის შესაძლო კავშირზეც, რაც დიდწილად ალბათ თავად ივანიშვილის მიერ თავის დროზე გამოთქმულმა სიმპათიებმა განაპირობა.
- არა მგონია, ეს კონტექსტი დღეს დომინირებული იყოს და აი, რატომ: ხელისუფლებას უჭირს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სავალალოა, უმუშევრობა არანორმალურად მაღალია, სიღარიბეში იხრჩობა საკმარისად მდიდარი ქვეყანა. ამ სიტუაციაში ერთმანეთის დაძირვა-განადგურება მეტი საერთო კრახის მიმანიშნებელი იქნება. ის, რომ პრემიერ-მინისტრი თავისი ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას შეეცდება, აშკარაა და ბუნებრივი. შეიძლება, ხელისუფლებას ეს არ მოეწონოს და გამაწონასწორებელი ნაბიჯები გადადგას. ასეთია პოლიტიკური ცხოვრება, - იქ ჩვეულებრივი ყოფითი ფასეულობები არ მუშაობს. პოლიტიკა ინტერესების სფეროა და იმაჯვებს ის, ვისაც გამძაფრებული წარმოდგენა აქვს და შეუძლია სიტუაციის ადეკვატური იყოს! ასეთია რეალობა!
- თქვენი ვარაუდით, ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს? ეს იქნება ახალაია, სააკაშვილის "სანდო ხელი", თუ ვინმე თავად სამინისტროდან ისევ მერაბიშვილის კადრი?
- ვინ იქნება შს ანდა თავდაცვის მინისტრი, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ძალოვნები პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩარჩოში იმოქმედებენ (მათ სხვა არეალი ამ ეტაპზე არ გააჩნიათ და არც არავინ მისცემთ!). ამდენად, მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლების იმ უმაღლეს რგოლშია კონცენტრირებული, რომლის გარეშეც ხელისუფლებაში სრული ქაოსი შეიძლება დაიწყოს. არა მგონია, ხელისუფლება ვერ გრძნობდეს ამის საშიშროებას, თუ მათი ქმედება აცდა კონსტიტუციურ ჩაარჩოებს, მაშინ რა სავალალო შედეგი შეიძლება მივიღოთ ქვეყნისათვის.
- მაგრამ დიდი ხანია ოპოზიცია ხელისუფლებას უყენებს ბრალდებებს, რომ ის ისტერიაშია და კონსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა მოქმედებს.
- არა მგონია, მთლად ასე იყოს. ილუზიები პოლიტიკაში ცუდი მოკავშირეა. ოპოზიციამ 2007 წლიდან საკუთარი თავის გამანადგურებელი უამრავი შეცდომა დაუშვა და კიდევ თუ იმ ტალღაზე დარჩა, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. საღი და უმკაცრესი პრაგმატიზმი და რეალური ხედვა მოვლენებისა დღეს ყველას აკლია. მაამებელთა ქება-დიდება-ხოტბის შესხმას კი ხედვების დავიწროება მოსდევს თან. არაა ხელისუფლება იმ მდგომარეობაში, როგორსაც წარმოიდგენენ ზოგიერთი ე.წ. ოპოზიციონერი და ეს ხელისუფლების სასარგებლო სიბრმავეა. ხელისუფლება არაერთხელ გასცდა 2007 წლიდან კონსტიტუციას და მხოლოდ შეგუება იყო შედეგი. აი, ცუდი წინაისტორია, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს და ვერც განმეორდება, რადგან ხელისუფლებას დღეს სერიოზული კონკურენტი ჰყავს.
- და ბოლოს შევაჯამოთ ძალები იმ ორი ძირითადი პოლიტიკური ფიგურისა, რომლებიც პოლიტიკურ ფლანგზე იბრძვიან. რა შანსები აქვს ორივე მხარეს?
- თუ არჩევნების მთელი პროცესის, განსაკუთრებით დასკვნითი პროცედურების კონტროლს ქვეშ მოქცევა გახდა შესაძლებელი, ხელისუფლება თავისი რესურსის ფარგლებში 25-30%-ის მეტს არ და ვერ უნდა ელოდოს. ასეთია რეალობა. ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერია ბიძინა ივანიშვილი, დღითი დღე იკრებს ძალას, მაგრამ წინასწარი ილუზიები აქაც არაა სასარგებლო. ტექნიკურად კარგად შეიძლება დათვლილი იქნეს, თუ რა ზღვარი შეიძლება იყოს აღებული. ცხადია, ეს მეტს აიღებს, ვიდრე სახელისუფლებო ძალა. რჩება ნიშები, რომლებსაც სხვადასხვა დონით აიღებენ სხვა პარტიები. ასე, რომ მთავარია ნორმალური არჩევნების რაღაც მიახლოებული პროცედურა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ თუ ის გაიმეორა, რაც წინა არჩევნებზე, საზოგადოების განწყობა ისეთია, ამას სერიოზული გართულებები მოჰყვება.