ნუგზარ წიკლაურის მიერ ბიძინა ივანიშვილის რეციდივისტად გამოცხადებაზე

ნუგზარ წიკლაურის მიერ ბიძინა ივანიშვილის რეციდივისტად გამოცხადებაზე "ქართული ოცნება" პასუხის გაცემას არ აპირებს

"საპარლამენტი უმრავლესობის წარმომადგენელმა ნიგზარ წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს რეციდივისტი უწოდა: "ქართული ოცნების" ლიდერი უკვე რეციდივისტად გადაიქცა. მინდა, ეს ყველას ესმოდეს. საქმე ჩვეულებრივ რეციდივისტთან გვაქვს, რომელიც სხვადასხვა საშუალებით ქართველის ხალხის არჩევანის ყიდვას ცდილობს", - განაცხადა წიკლაურმა. "რეზონანსი" შეეცადა, გაერკვია, ხომ არ აპირებს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, სასამართლოს მიმართოს და წიკლაურს სახელისა და ღირსების შელახვისთვის დასდოს ბრალი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ივანიშვილს შეუძლია უჩივლოს წიკლაურს, თუმცა მისი სარჩელი უპერსპექტივო იქნება" / "ქართული ოცნება" ნუგზარ წიკლაურის მიერ ბიძინა ივანიშვილის რეციდივისტად გამოცხადებაზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

"არ მგონია, ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოს ბატონმა ბიძინამ ან ჩვენი გუნდიდან ვინმემ. იმიტომ, რომ წიკლაური, ზოგადად, ისეთი სიტყვებით მეტყველებს, ჩვენ მის გამონათქვამებზე რაღაც რეაგირება რომ გვექნეს, არ მგონია, ამის ღირსი იყოს. ცოტა სასაცილოა, როცა ის ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. არ მგონია, რამეს აპირებდეს ბატონი ბიძინა. მათ უკვე სხვა არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ. ეტყობა, გამწარებული ადამიანი ასე მეტყველებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე.

"პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მეოთხე პუნქტში ასეთი ჩანაწერია - "პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისთვის" - ეს გულისხმობს, რომ ეს არის პარლამენტის წევრის იმუნიტეტი, უფლება და პრივილეგია, არ მიეცეს პასუხისგებაში ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, თუნდაც ეს განცხადება პოლიტიკური ოპონენტის მისამართით იყოს გაკეთებული. რა თქმა უნდა, ბატონ ივანიშვილს სარჩელის შეტანა შეუძლია, თუმცა ეს სარჩელი უპერსპექტივო იქნება, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის წევრს მისი მოვალეობის შესრულებისას გამოთქმული მოსაზრებისთვის - მათ შორის ცილისწამებლური და შეურაცხმყოფელი ხასიათის მოსაზრებისთვის, ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე.