მედიაზე ზეწოლის შემაშფოთებელი ქრონიკა

მედიაზე ზეწოლის შემაშფოთებელი ქრონიკა

"ვარდების რევოლუციის" შემდგომ მედიაზე ზეწოლის ფაქტები თითქმის სრულად არის ასახული საერთაშორისო ანგარიშებში. თითოეულ შემთხვევას დღესაც მღელვარებით იხსენებენ ჟურნალისტები.

ელისო ჩაფიძე, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, ჟურნალისტი: - 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა "შერატონ მეტეხი-პალასში" პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც დასწრება მოვითხოვე. ადმინისტრაციაში მითხრეს, მხოლოდ უცხოელი ჟურნალისტებისთვის იმართებაო. ამ პასუხმა გამაოგნა, მაშინ ვთქვი კიდეც, სააკაშვილი პრეზიდენტად ქართული და არა უცხოური მედიის მსმენელებმა, მაყურებლებმა და მკითხველებმა აირჩიეს-მეთქი. შემდეგი შემაშფოთებელი სიმპტომი იყო 2004 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომლითაც სააკაშვილმა, ფაქტობრივად, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა და ამ თემას მწვავე კრიტიკული წერილი მივუძღვენი. სწორედ ამავე პერიოდში ერთდროულად დაიხურა სამი ტოქშოუ სხვადასხვა ტელეარხზე, ინგა გრიგოლიას, ეკა ხოფერიასა და ირაკლი იმნაიშვილის. არც ერთ სატელევიზიო ეთერში აღარ იყო პოლიტიკური დებატების გამართვის საშუალება. ესეც შემაშფოთებელი სიგნალი იყო, რომ ჩვენ გვყავდა ავტორიტარული ხელისუფლება. იმ პერიოდში იმდენად დიდი იყო სიმპათია "ვარდების რევოლუციით" მოსული ხელისუფლებისადმი როგორც ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც, რომ საზოგადოებამ მას ეს ნაბიჯები აპატია. დიდი განგაში ამ ფაქტების გამო არ ატეხილა.

რამდენიმე თვის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა სხდომა, სადაც სააკაშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოწერა აუკრძალა, საბიუჯეტო სახსრები უნდა დავზოგოთო. პარალელურად კი სააკაშვილი და ხელისუფლების სხვა წევრები ხშირად ამბობდნენ, რომ არ კითხულობენ ქართულ გაზეთებს. გახსოვთ, ალბათ, იმ პერიოდში ხელისუფლება რეიტინგული იყო, ავტორიტეტით სარგებლობდა და ასეთმა განცხადებებმა ბეჭდურ მედიას ზიანი მიაყენა, - საქართველოში გამომავალ თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთს ტირაჟი სამი ათასით მაინც შეუმცირდა. შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემა შეზღუდეს, რამაც თანდათან სავსებით მახინჯი სახე მიიღო.

2008 წელს ექსპერტთა ჯგუფმა ლაშა ტუღუშის ხელმძღვანელობით (ერთ-ერთი წევრი მეც გახლდით) მუშაობა დაიწყო საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფდა ჟურნალისტებზე ფიზიკური ზემოქმედებისა და საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, მეორე მხრივ კი, საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემას.

მაშინ ჟურნალისტებს უკვე ძველებურად ხელი აღარ მიგვიწვდებოდა გრანტებზე (ჟურნალისტური გამოძიებების ჩატარება საკმაოდ ხარჯიანია და საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ, როცა ამას მედიასაშუალებები თავად ვერ უზრუნველყოფენ). ამაზე პასუხისმგებლობას "ღია საზოგადოება - საქართველოს" მაშინდელ თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილს ვაკისრებ. დავით დარჩიაშვილი იყო ის პირი, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების დროს "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში" მუშაობდა, მაშინ ის პირდაპირ, კონკურსების გარეშე გვიკავშირდებოდა ჟურნალისტებს და გვთხოვდა ამა თუ იმ თემაზე (პატიმრების უფლებების დარღვევებზე, შსს-ს მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ ქმედებებზე, კორუფციაზე და ა.შ.) ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას. "ვარდების რევოლუციის" შემდგომ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" თავმჯდომარედ დაინიშნა და მეც ვკითხე, პროგრამაში ჟურნალისტური გამოძიების საწარმოებლად იყო თუ არა გათვალისწინებული თანხები. მან მიპასუხა: დიდია ამ ხელისუფლებისადმი ნდობა და მოლოდინი, რომ საჭირო რეფორმებს გაატარებს. აქედან გამომდინარე, ფონდის ინტერესებში არ შედის ჟურნალისტური გამოძიების დაფინანსება, რათა ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯი არ შეელახოსო(?!).

გავიდა ხანი და ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა (მის ვინაობას არ დავასახელებ, არ მინდა პოლიტიკურ სპეკულაციაში ჩამეთვალოს) ახალი გაზეთის შექმნა შემომთავაზა. უარი ვუთხარი, ჩავთვალე, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტს ცდუნების წინაშე მაყენებდნენ. იმხანად კიდევ ერთი გამაოგნებელი რამ მოხდა, - შალვა რამიშვილი დაიჭირეს, მიზეზებზე შეიძლLება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ პროვოკაცია სახელმწიფო მოხელემ მოუწყო. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლების წევრები ჩემთან დარეკვასა და დირექტივის მოცემას ბედავდნენ, თუმცა, ერთი-ორი "მეგობრული ზარიც" მახსოვს, როცა დახმარებაზე უარი მიიღეს.
2006 წელს აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს პირდაპირ ეთერში სცემა. ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტები ცივილიზებულ ქვეყნებშიც ხდებიან, მაგრამ დამნაშავე დაუსჯელი არ რჩება. ჩვენთან კი აკაკი ბობოხიძის დაუსჯელობით ძალადობა თითქოს წააქეზეს. ბობოხიძეს ცემა-ტყეპა ლამის ჩვეულებად ექცა.
2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედის" დარბევამ შეგვზარა. საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა ვერ აღმოჩნდა საკმარისი ტელეკომპანია "იმედის" დასახმარებლად და ის ხელისუფლებამ მიიტაცა. მას შემდეგ ქართული მედიის დევნა-შევიწროებას ისტერიული სახე მიეცა.

2008 წლის არჩევნებზე სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში "ნაციონალების" მხარდამჭერი ახალგაზრდები ფიზიკურად გამისწორდნენ, დამიმტვრიეს კამერა და დღემდე ეს საქმე გამოუძიებელია. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეომასალა პროკურატურასაც გადავეცი, აშშ-ის საელჩოსაც, BBC-მაც და CNN-მაც გააშუქეს, ამას ხელისუფლების რეაგირება არ მოჰყოლია. საქმე აღიძრა, მაგრამ დღემდე გამოუძიებელია, ბუნებრივია, არც ვიდეოფირზე აღბეჭდილი დამნაშავეები დაუსჯიათ.

შემდეგ იყო "კვირის პალიტრაში" შემოსავლების სამსახურის მოულოდნელად შემოსვლა და ჟურნალისტების აქცია თქვენს რედაქციასთან; პრობლემები შეგვიქმნეს საგაზეთო ჯიხურების გამოც, მერე ფოტოგრაფები დაიჭირეს და ამ მთლიან ჯაჭვში მედიაზე ძალადობის კვალი კარგად ჩანს.

"ბადრის ...ებს"(?!) გვეძახდნენ

ჟურნალისტ თეა ადეიშვილის ახსნა-განმარტება ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის შემდგომ (სტილი დაცულია): "ოთახი სავსე იყო სპეცრაზმელებით, ყველა მათგანს ნაქსოვი შავი ნიღაბი ეკეთა, შავი ქურთუკი ეცვა, ზოგიერთს არ ჰქონდა ავტომატი. იატაკზე დაყრილი ხალხი პანიკაში იყო. სპეცრაზმელები ოთახში დააბოტებდნენ და ტელეფონებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ, ჩვენი ხმა თავიანთი ღრიალით გადაეფარათ. მაგიდაზე ხელკეტებს ურტყამდნენ და ოთახში შეყრილ გოგონებს "ბადრის ...ებს"(?!) გვეძახდნენ. ტელევიზორში, რომელიც ქრონიკის ოთახის კუთხეში იდგა, ჯერ კიდევ ჩანდა საინფორმაციო სტუდია, დაბნეული სპეცრაზმელები ღრიალებდნენ, ესენი ისევ ეთერში არიან, ამათი დედაო. ზედა სართული თითქმის დაცლილი იყო თანამშრომლებისგან. ნიუსრუმში იარაღიანმა თავდამსხმელმა შემიყვანა, სადაც სკამებზე ისხდნენ საეთეროდან გამოყრილი ჩემი თანამშრომლები, მათ შორის იყო ჩემი ფეხმძიმე მეგობარი, დიანა ტრაპაიძე, რომელზეც განსაკუთრებით ვნერვიულობდი. გოგონები ტიროდნენ. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა".