პრემიერ-

პრემიერ-"ხერხემალ"-მინისტრი

"ქვეყნის ხერხემალი" ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში ოფიციალურად მესამე პირი გახდა, მაგრამ ყველაზე ავტორიტეტული ძალოვანი სისტემის გარეშე დარჩა. მართალია, ის მთავრობის ხელმძღვანელი გახდა, მაგრამ ძალოვანი მინისტრები მის დაქვემდებარებაში არ იქნებიან და სწორედ ამიტომ ახლა მისი შემცვლელის დასახელებას ელოდებიან, რადგან ეს უკვე იმ კითხვებს გასცემს პასუხს, რაც საქართველოს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა.

მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით უუფლებო თანამდებობაა და მას მხოლოდ ეკონომიკური გუნდი ემორჩილება. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ძლიერდება პრემიერ-მინისტის თანამდებობა და სუსტდება - პრეზიდენტის. მანამდე კი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს, ოფიციალურად საკმაოდ უუფლებო თანამდებობაა. ამიტომ ქვეყანაში ოფიციალურად მესამე პირად ყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუკი არ გავითვალისწინებთ თავად ამ პირის პოლიტიკურ მდგომარეობას.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ოთხი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და არც ერთი მათგანი არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა. შესაბამისად, არც ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა.

ვანო მერაბიშვილი კი, რომელსაც თავად სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ "ქვეყნის ხერხემალი" უწოდა, წინა პრემიერებისგან ამ მხრივ განსხვავდება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მის სიძლიერეს ძლიერი შს სამინისტრო განაპირობებდა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე რეიტინგულ ძალოვან სტრუქტურად ითვლება.

ახლა კი მერაბიშვილი ამ ძალის გარეშე დარჩა და პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მიზანი ქვეყანაში დასაქმების, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის პრობლემების მოგვარებაა. ზუსტად ეს მიზნები კი სააკაშვილის მთავარ ოპონენტს, ბიძინა ივანიშვილს აქვს გაცხადებული.

მართალია, ეს საკითხები ქვეყნისთვის ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს და განსაკუთრებით საარჩევნოდ, მაგრამ, როდესაც ხელისუფლებაში გავლენების გადანაწილებაზეა საუბარი, ცხადია, ამ სფეროების კურირება ბევრს არაფერს ნიშნავს.

სააკაშვილის ოფიციალური განცხადებით, ახალი პრემიერის მიზანი სამი მთავარი პრობლემის - უმუშევრობის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარება იქნება. ამასთან, საქართველოს მთავრობაში დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნება და ჩამოყალიბდება დასაქმების ახალი პროგრამა თავისი პრიორიტეტებით.

"ვანო მერაბიშვილმა შეძლო მთლიანად პოლიციაში, რომელიც იყო დისკრედიტებული, ახალი სტრუქტურის, ახალი მექანიზმების შექმნა, ახალი ხალხის მიყვანა. ამის გარდა, მან შეძლო ძალიან ბევრი საპასუხისმგებლო დავალების შესრულება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მერაბიშვილის წარმატების მაგალითად 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ რამდენიმე ათასი მოქალაქისთვის სახლების აშენების პროგრამა დაასახელა.

მისი თქმით, მერაბიშვილმა კარგად იცის სოფლის მეურნეობის საკითხები და ამ საკითხს ძალიან კარგად მიხედავს.

იმის გამო, რომ მერაბიშვილმა ყველაზე რეიტინგული და ანგარიშგასაწევი ძალოვანი მინისტრობიდან ეკონომიკის განვითარების ზედამხედველად გადაინაცვლა, ქართველ ექსპერტებს სხვადასხვა ვარაუდი გაუჩნდათ.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს: "არ მგონია, ამ ვითომ დაწინაურებით თავად მერაბიშვილი დიდად გახარებული იყოს, რადგან აქამდე ის რეალურად პრემიერ-მინისტრზე უფრო მეტი იყო".

ცისკარიშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ბოლო პერიოდში შსს-ს ემორჩილებოდა თითქმის ყველა უწყება და ამიტომ მიიჩნევს, რომ "ძალაუფლების მოხვეჭის თვალსაზრისით ეს უკან გადადგმული ნაბიჯია მერაბიშვილისთვის, რადგან ეს ითვალისწინებს მეტ პასუხისმგებლობას. ის იძულებული იქნება გამოვიდეს ჩრდილიდან და საჯარო საქმიანობით დაკავდეს და არა საიდუმლო მოდულაციებით, გამჭვირვალეობით ცნობილ შენობათა სარდაფებში".

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ვანო მერაბიშვილის პრემიერობა იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა მთავრობაში ერთი ცვლილება უკვე განახორციელა და ახალაიას ან მისი მსგავსი პიროვნების შსს-ს მინისტრად დანიშვნით ქვეყანაში "დაუფიქრებელი ტერორი" დაიწყება.

რაც მთავარია, ის იმასაც ვარაუდობს, რომ "მაღალკვალიფიციური მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით ამ უკანასკნელს ძალოვანი უწყება ჩამოაშორეს".

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მერაბიშვილის შს მინისტრობიდან გათავისუფლება მისდამი უნდობლობას და იმასაც უკავშირდებოდეს, რომ მის მიმართ გარკვეული სიმპათიები ივანიშვილმა პოლიტიკაში გამოჩენისთანავე გამოხატა. გარდა ამისა, საზოგადოებაში არაერთხელ გავრცელდა ხმები, რომ მერაბიშვილი რეპრესიული მანქანის სრულად ამოქმედებაზე არ მიდის.

"ეტყობა, ეს ხმები მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოს. თუ შს მინისტრად ახალაია ან მისი მსგავსი პირი დაინიშნა, ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში დაუფიქრებელი ტერორი დაიწყება", - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

მის ამ მოსაზრებას სოსო ცისკარიშვილიც იზიარებს, რომელიც ამბობს, რომ "ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან ამ გადაწყვეტილებით სააკაშვილმა მერაბიშვილი პრაქტიკულად ჩამოაცილა პოლიციის მართვის ფუნქციას. როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი წარმართავს თავდაცვის და უშიშროების სფეროს და შს სამინისტროსაც. ამიტომ, პრემიერ-მინისტრს საქმე აღარ ექნება თავის ყოფილ უწყებასთან, ხოლო ასეთი პრემიერის ავტორიტეტი ქვეყანაში შეიძლება ვივარაუდოთ იმ წინამორბედთა ბედით, რომელიც ასე უხვად იყო ამ თანამდებობაზე".

თუმცა, მისი თქმით, "კითხვები ძალიან ბევრი გაჩნდა. თუნდაც ის, თუ რატომ ჩათვალა ბატონმა პრეზიდენტმა, რომ საკუთარი ოცნება უნდა აისრულოს ივნისის ბოლო დღეს და არა ოქტომბერში? არ გვიკვირს მისგან სულსწრაფი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ არ შეიძლება მისგან რაიმე საბაბის გარეშე მომხდარიყო ასეთი წინასწარ დაუგეგმავი ნაბიჯის გადადგმა".

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სააკაშვილმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ პოლიციის წარმატება ივანიშვილის დამსახურება არ არის და ეს ზოგადად სახელმწიფოს დამსახურებაა. სააკაშვილი ასეთ განცხადებებს განსაკუთრებით მიმდინარე წლის მაისში აკეთდებდა მას შემდეგ, რაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მერაბიშვილმა თქვა, რომ პოლიციის რეიტინგი ქვეყანაში თავად მმართველი პარტიის რეიტინგზეც კი მაღალია.

სწორედ ამიტომ ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილების მიზანი უფრო მეტად ნათელი მთავრობის ახალი შემადგენლობისას გახდება, როდესაც გაცხადდება, თუ ვინ დაიკავებს ყველაზე ძლიერი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის თანამდებობას.

როგორც კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, შინაგან საქმეთა მინისტრობის შესაძლო კანდიდატებად ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინს განიხილავენ. ეს მოსაზრება გუშინ პრეზიდენტის მიერ თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულმა ქებამაც გაამყარა, როდესაც სააკაშვილმა ახალაიას მიერ თავდაცვის სფეროში შეტანილ წვლილზე ისაუბრა მიუხედავად იმისა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში არც თავდაცვის სფეროში მომხდარა რაიმე განსაკუთრებული და ამასთან, როგორც სამხედრო თემაზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, ქართული ჯარიც და თავად სამინისტროც ასეთ ცუდ მდგომარეობაში ვარდების რევოლუციის შემდეგ არ ყოფილა.

მეორე ვერსიით კი, მერაბიშვილის ადგილს მისი ერთ-ერთი მოადგილე, ამირან მესხელი, ან ეკა ზღულაძე დაიკავებს. ექსპერტთა შეფასებით, ორივე შემთხვევა განსხვავებული ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა და შესაბამისად, ელოდებიან, როდის გაცხადდება მერაბიშვილის შემცვლელის ვინაობა.