"შს მინისტრი მხოლოდ მერაბიშვილის თანაშემწე იქნება"
"დღეს ეს გუნდი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. თითოეულმა მათგანმა იცის, რომ სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის"
"იმ პერიოდში ზურაბ ადეიშვილი ცდილობდა, დაერწმუნებინა სააკაშვილი"
"ისინი ჩვენს თვალწინ პოლიტიკური გვამები გახდებიან"
"კონდოლიზა რაისი ხმის ჩაწყვეტამდე უყვიროდა სააკაშვილს, ცხინვალში შესვლა არ გაბედოო"
"ბუში სწერდა სააკაშვილს, თუ ამას იზამ, მარტო დარჩები, ჩვენ ვერ ჩავერევით და შენი ქვეყანა დაინგრევაო"
უმრავლესობის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე "კვირის პალიტრას" კულუარებში მიმდინარე დღემდე უცნობ და სკანდალურ ფაქტებზე ესაუბრა.
- რას მივაწეროთ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, მას ხომ ისედაც დიდი გავლენა ჰქონდა ქვეყანაში?
- ეს ასახავს იმ ისტერიას, რომელიც მმართველ ჯგუფში სუფევს. ეს 5-6-კაციანი ჯგუფი ივანიშვილის მოძრაობის აღზევებას აღიქვამს როგორც სასიკვდილო ხიფათს და ცდილობენ, სრული კონტროლი დაამყარონ, რადგან ძალადობის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩენიათ. გავლენის სფეროები არ შეიცვლება. ნიკა გილაურსა და დათო ბაქრაძეს ერთად აღებულს არ ჰქონდათ ის წონა, რაც მერაბიშვილის რომელიმე მოადგილეს, რომ აღარაფერი ვთქვათ, თვითონ მერაბიშვილზე. უბრალოდ, ოპერატიული მართვა მთლიანად მერაბიშვილს ჩააბარეს. მერაბიშვილი დე ფაქტო შეინარჩუნებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, ხოლო მინისტრად ისეთი პირი დაინიშნება, რომელიც მისი თანაშემწე იქნება და სხვა არაფერი. მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნა ნიშნავს, რომ სააკაშვილი თავის გადარჩენის ერთადერთ შანსს მერაბიშვილში ხედავს. არადა, ვანო მერაბიშვილს სტრატეგიის გათვლის უნარი არ გააჩნია. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის, მხოლოდ ის იცის, რომ ძალა აღმართს ხნავს. ეს კი მხოლოდ დააჩქარებს რეჟიმისთვის იმ სავალალო შედეგს, რომელიც გარდაუვალია.
ასეთი მიდგომა ღუპავს მათაც კი, ვისაც რეალური ძალა აქვთ. ხოლო როცა რეალურად არ გაქვს ძალა, და მაინც ძალადობაზე აკეთებ გათვლას, ეს ორმაგად დამღუპველია.
- სააკაშვილს მერაბიშვილში ეჭვი ხომ არ შეეპარა და ამიტომაც ხომ არ ჩამოაშორა ძალოვან უწყებას?
- წლების წინ მართლაც იყო მომენტი, როცა სააკაშვილს უნდოდა მერაბიშვილი როგორმე მოეშორებინა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, ვინაიდან ხედავდა მისი გავლენის ზრდას. მაშინ სხვა ვითარება იყო. სააკაშვილს უნდოდა მისი ფინანსთა მინისტრად გადაყვანა, მაგრამ მაშინ ეს ვერ განახორციელა ნოღაიდელის შეუვალი პოზიციის გამო. იყო დრო, როცა სააკაშვილი ვიწრო წრეში აცხადებდა, ტელეკომპანია "იმედი" მეც მჭირდება, რადგან სხვანაირად ადეიშვილს და მერაბიშვილს ვერ გავაკონტროლებო. ასე რომ, დრონი იცვლებიან. დრონი მეფობენ და აგერ უკვე სააკაშვილი მერაბიშვილში ხედავს გადარჩენის უკანასკნელ შანსს. ძალაუფლება საზოგადოდ ყველგან მსოფლიოში ეყრდნობა, როგორც ეკონომიკურ მდგენელს, ისე მრწამსსა და ძალას. დღეს მრწამსი და ეკონომიკური მდგენელი აღარ არსებობს. ამ რეჟიმს დღეს მხარს უჭერენ მხოლოდ ისინი, ვინც თავისი კეთილდღეობა დაუკავშირეს რეჟიმს. აღარ არსებობს გულწრფელი პატივისცემა და ხალხის ნდობა. ვაცლავ ჰაველის სიტყვებს გავიხსენებ კომუნიზმის კრახზე. მან თქვა, რომ კომუნიზმს არაფერი დარჩა ტყუილის, სიძულვილისა და ძალადობის გარდა.
ნახეთ, რა დაახვედრეს მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება გააჟღერა?მხოლოდ ტყუილი, სიძულვილი და ძალადობა. ეს დღემდე ასე გრძელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას სხვა რესურსი უბრალოდ არ გააჩნია. როცა რეჟიმს რჩება მხოლოდ არარეალური ძალა, ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟიმის დღეები დათვლილია. ზოგ შემთხვევაში თვეებია, ზოგ შემთხვევაში ერთი ან ორი წელიწადი, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი განწირულია. ისინი ჩვენ თვალწინ პოლიტიკური გვამები გახდებიან. პოლიტიკურ გვამს კი ძალიან ბევრი სისულელის ჩადენა შეუძლია. ჩვენ ახლა ამ მოვლენების მომსწრე ვიქნებით და უნდა ვეცადოთ, მშვიდობიანად დავასრულოთ ეს პროცესი.
- იყო დრო, როდესაც თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყავით...
- "ვარდების რევოლუციის" შემდგომ ახალმა ლიდერებმა მთხოვეს, დარჩი, შენი გამოცდილება გვჭირდებაო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ 2008 წლის გაზაფხულზე შემომთავაზეს, "ნაცმოძრაობის" სიით კენჭი მეყარა პარლამენტში. დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაშვებული ჰქონდათ შეცდომები, მიმაჩნდა, რომ ერთადერთი კონსტრუქციული ძალა მაშინ სააკაშვილის გუნდი იყო. ეს მოსაზრება მოგვიანებით ოპოზიციის ქმედებებმაც განმიმტკიცა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდგომ, რასაც სააკაშვილის გადადგომა მოჰყვა, მას და მის გუნდს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდათ, უნდა შეესრულებინათ ის, რასაც ხალხს დაჰპირდნენ, კერძოდ, დეცენტრალიზაცია, დემოკრატიზაცია და საკუთრების უფლების დაცვა. ნებისმიერი სხვა ქმედება ნიშნავდა ახალი დანაშაულის ჩადენას, რომლის შემდეგ თავადვე აღმოჩნდებოდნენ თავიანთი თანამდებობების მძევლები. დღეს სწორედ ასეა. დღეს ლაპარაკი აღარ არის ძალაუფლების, ფულისა და გავლენის შენარჩუნებაზე, ეს გუნდი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. დღეს თითოეულმა მათგანმა იცის, რომ სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის. მაგრამ მაშინ ხომ ასე არ იყო?
იმ პერიოდში ზურაბ ადეიშვილი ცდილობდა, დაერწმუნებინა სააკაშვილი და მისი გუნდი, ახლა წავიდეთ ხელისუფლებიდან, მიშა, ნუღარ იყრის კენჭს, ვიყოთ პოლიტიკური პარტია და ვნახოთ, შემდეგ რა იქნებაო. ყველა უცხოელი იზიარებდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ აზრმა ვერ გაიმარჯვა.
როცა პარლამენტში შევედი, დავიწყე იმ საქმეების შესწავლა, რაც პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტში შემოდიოდა. მე გია არსენიშვილის მოადგილე ვიყავი. მაშინ პირველად მივხვდი, რომ ყრუ კედელთან მქონდა საქმე.
- თქვენი გამოცდილების პოლიტიკოსს თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა მტყუან-მართლის გარჩევა, რატომ და რა დროს გადაწყვიტეთ რომ გამიჯვნოდით ხელისუფლებას?
- გამიჯვნა მაშინ გადავწყვიტე, როცა სოზარ სუბარის მოხსენება პარლამენტში ცნობად მიიღეს. ადამიანის უფლებები ყველგან ილახება, მაგრამ სახალხო დამცველის მოხსენებას ასე უდიერად არც ერთ ქვეყანაში არ ეკიდებიან. გუნდის წევრებს ვეხვეწებოდი, მივიღოთ ეს მოხსენება, მადლობა ვუთხრათ სოზარ სუბარს, ვთქვათ, რომ ფაქტების გადამოწმება მოგვიწევს, მაგრამ ანგარიშზე რეაგირება მოვახდინოთ-მეთქი. ისტერიკაში ჩაცვივდნენ, სოზარი მტერია, პოლიტიკური ამბიციები აქვსო, გაიძახოდნენ. ვიხვეწებოდი, დავანებოთ პოლიტიკურ ამბიციებს თავი, ფაქტები გამოვიძიოთ-მეთქი. კატეგორიული უარი მივიღე. პროკურატურაში გაგზავნილი ჩემი ყველა წერილი უპასუხოდ რჩებოდა. არადა, მოდიოდნენ და მოდიოდნენ უკანონოდ დასჯილი, ქონებაწართმეული მოქალაქეები. კოლეგებს ვუთხარი, - თუ სახალხო დამცველის ანგარიშს რეაგირება არ მოჰყვება, უმრავლესობას დავტოვებ-მეთქი. ამასობაში მოგვისწრო აგვისტომაც. მაშინდელმა ომმა გადამადებინა ჩანაფიქრის აღსრულება ნოემბრამდე, მაშინ არ შემეძლო გუნდის დატოვება, ამას სხვაგვარად გაიგებდნენ. ერთიანობის შენარჩუნება აუცილებელი იყო, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. როგორც იქნა, ეს პერიოდი გადავიტანეთ. 15 ნოემბერს გავაკეთე საჯარო განცხადება და დავტოვე უმრავლესობა...
- შიგნიდან როგორ ჩანდა პროცესები, ამერიკელებიც აფრთხილებდნენ სააკაშვილს, თუ აგვისტოს ომი მაინც მათ წაახალისეს?
- საზოგადოებამ რომ იცოდეს, რა ხდებოდა კულუარებში... სააკაშვილმა წყობიდან გამოიყვანა აბსოლუტურად გაწონასწორებული და მშვიდი დიპლომატები. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონდოლიზა რაისი ხმის ჩაწყვეტამდე უყვიროდა სააკაშვილს, ცხინვალში შესვლა არ გაბედოო, მაგრამ არავის დაუჯერა და წამოეგო ისეთ პროვოკაციას, რომელსაც არათუ პოლიტიკოსი, 2 წლის ბავშვიც არ წამოეგებოდა.
ამერიკელები და ევროპელები სააკაშვილს გამუდმებით აფრთხილებდნენ, არ წამოგებოდა რუსეთის პროვოკაციას. არ დამავიწყდება, ჯერ კიდევ 2006 წელს ამერიკელი დიპლომატის ნათქვამი, ძიძობით დავიღალეთო.
2004 წლის 17 აგვისტოს საქართველოში თურქეთის მაშინდელი ელჩის, ქალბატონ დიჩლე ქოფუზის რეზიდენციაში გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა. მას ვადა ამოეწურა და სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. მახსოვს, როგორ ემოციურად უხსნიდა ზოგიერთი ქართველი ექსპერტი უცხოელ დიპლომატებს, რომ სააკაშვილი არაადეკვატური, გიჟია და რომ საქართველო დაღუპვის პირას იყო, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა დღეებს ითვლიდა, ვინაიდან რუსეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტი უკვე გარდაუვალი იყო. დღეს კი ეს ექსპერტები იცავენ სააკაშვილის ნებისმიერ არაადეკვატურ მოქმედებას, დაწყებულს 2008 წლის აგვისტოს კატასტროფით, 2010 წლის 13 მარტის "იმედის" ტელევიზიით გადმოცემული "მოდელირებული ქრონიკით" და 2010 წლის ზაფხულში აზერბაიჯანთან კონფედერაციის შექმნის სურვილის გამოცხადებით დამთავრებული.
დიდი ენთუზიაზმით ნათლავენ ერის მოღალატეებად ყველას, ვინც საქართველოს გადარჩენისათვის ცდილობს, დაიწყოს დიალოგი რუსეთთან. ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ წლების წინ, რეჟიმის გაძლიერების შემდგომ, საკუთარი კეთილდღეობა რეჟიმის სამსახურს დაუკავშირეს და სხვაგვარად არ ძალუძთ. როგორც ამბობდა დიდი მაიაკოვსკი, საბჭოთა ინტელიგენციის დევიზია, "ჯობს მოკვდე წითელი ბაირაღის ქვეშ, ვიდრე ღობის ძირას". ახალგაზრდა ლაქია-ექსპერტებიც ტოლს არ უდებენ უფროს კოლეგებს და გვიმტკიცებენ, რომ უფროს თაობას სანდო ცვლა ჰყავს...
2004 წლის აგვისტოს პირველი ნახევარი ძალზე მძიმე იყო. ბრძოლაში უკვე არტილერიაც ჩართეს. ინტენსიურად ველაპარაკებოდი ზურაბ ჟვანიას. პასიური მეჩვენებოდა, მისმენდა, თავს მიქნევდა და თითქმის არაფერს მპასუხობდა. გავაფრთხილე, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ჩვენი შენაერთების სწრაფი და უპირობო გამოყვანა იყო; რომ მას, როგორც პრემიერ-მინისტრს, არაფერზე მოეწერა ხელი კოკოითისთან, ვინაიდან ამას უარესი ესკალაცია მოჰყვებოდა და ყველაფერი მას დაჰბრალდებოდა. გაფრთხილებისათვის დიდი მადლობა მითხრა. ხუთშაბათს, 19 აგვისტოს, მობილურით დავურეკე, ვინაიდან კაბინეტში პირდაპირ ტელეფონს არ იღებდა. ლაპარაკი არ მაცალა. ჩურჩულით მითხრა (მივხვდი, რომ სააკაშვილის კაბინეტში იყო), ყველაფერი კარგად დასრულდა და პრეზიდენტი რამდენიმე წუთში გამოვა საგანგებო განცხადებითო. ასეც მოხდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მზად არის კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს სამხედრო ძალა. მაშინ გადავრჩით. უდიდესი წვლილი სააკაშვილის შეკავებაში აშშ-ის მაშინდელმა ადმინისტრაციამ შეიტანა.
2004 წლის ზაფხულამდე, ცხინვალსა და თბილისს შორის სარეისო ავტობუსი დადიოდა. ქართველი ექიმები შედიოდნენ ცხინვალში და ოპერაციებს აკეთებდნენ. ცხინვალელი ოსები თბილისში ჩამოდიოდნენ, სწავლობდნენ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, თბილისში იმართებოდა ცხინვალელი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენები; ცხინვალის ადმინისტრაციის მუშაკები რეგულარულად უკავშირდებოდნენ თავიანთ კოლეგებს (ზოგიერთს პირადი მეგობრობა აკავშირებდა საბჭოური წლებიდან) თბილისში სხვადასხვა სამეურნეო და ტექნიკური პრობლემის მოსაგვარებლად და ა.შ. ეს ყველაფერი ერთბაშად დაინგრა. 2004 წლის ზაფხულის შემდეგ ურთიერთობები ცხინვალის რეგიონის ოს მოსახლეობასა და საქართველოს შორის განადგურდა, უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან და უპირველესად ვლადიმირ პუტინთან. 2004 წლის ზაფხულის შემდეგ პუტინი ხშირად ამბობდა, რომ სააკაშვილმა "გადააგდო" და ამის გამო მასთან საქმეს აღარასოდეს დაიჭერდა. ზოგიერთმა ცნობილმა ქართველმა რამდენჯერმე მოსინჯა პუტინთან არაფორმალურ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებასთან შერიგებაზე საუბარი, მაგრამ ამაოდ.
2004 წლის ზაფხულის შემდეგ უცხოელმა დიპლომატმა და პირველ რიგში საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა დაინახეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საღი აზრის საწინააღმდეგოდ, ირაციონალურად, ახირებულად, მხოლოდ საკუთარი ამბიციებისა და ემოციების აყოლით და საქართველოში არ არსებობს მისი შეკავების მექანიზმი.
- საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მართვის პირობებს უცხოელები კარნახობენ.
- უბედურება ის არის, რომ სააკაშვილისთვის დედამიწის ზურგზე არ არსებობს ავტორიტეტი. მე მას კარგად ვიცნობ, 23 წლის ყმაწვილი იყო, როცა ჩემს კომიტეტში მოვიდა სამუშაოდ. "ვარდების რევოლუციის" გამარჯვებამ და მისმა აღიარებამ მთელ მსოფლიოში, გამარჯვებამ საპრეზიდენტო არჩევნებში 2004 წლის იანვარში, ისტორიულმა წარმატებამ აჭარაში სააკაშვილში ეიფორიული განწყობა გამოიწვია და ახალი, დიდი და სწრაფი გამარჯვებების მეტი წყურვილი გაუჩინა. "ვარდების რევოლუციის", განსაკუთრებით კი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მას ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს ლიდერებთან და წამყვან პოლიტიკოსებთან. 2004 წელს შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ბუშს, ხშირად ხვდებოდა და ტელეფონით ესაუბრებოდა მსოფლიოს სხვა უძლიერესი სახელმწიფოების ლიდერებს, გამოდიოდა მსოფლიოს ავტორიტეტულ ფორუმებზე.
აჭარაში 2004 წლის მაისში მიღწეული წარმატების შემდეგ სწორედ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მისი დაპირისპირება, მისი რადიკალური განცხადებები ქმნიდა იმ სენსაციას, რომლის გამოც მას რეგულარულად ეძლეოდა ეთერი მსოფლიოს წამყვან ტელეპროგრამებში. სწორედ რუსეთთან დაპირისპირებამ განაპირობა მსოფლიოს ლიდერების მისდამი დიდი ყურადღება. მაგრამ ის შეუვალი იყო, როცა რეალისტი პოლიტიკოსები ცდილობდნენ მის დარწმუნებას, რომ შეცდომას უშვებდა. მისთვის მთავარი იყო, რომ მას იღებდნენ, ელაპარაკებოდნენ როგორც თანასწორს; ყველაფერი ეს სააკაშვილს უჩენდა ილუზიას, რომ მსოფლიო პოლიტიკაში იყო ჩართული და მსოფლიოს ბევრ ლიდერზე უფრო ძლიერი, ნებისყოფიანი და შორსმჭვრეტელი იყო. სააკაშვილისათვის, როგორც საკუთარი ფსიქიკის მძევლისათვის, ეს იგივე იყო და არის, რაც ნარკომანისთვის ძლიერი ნარკოტიკი. სწორედ ამ "ნარკოტიკის" ძიებაში ცდილობდა საკუთარი თავი ფერადი რევოლუციების მოდელის შემქმნელად და მსოფლიოში დემოკრატიის გამავრცელებლად წარმოეჩინა. ამისთვის გზავნიდა "დესანტებს" ბელორუსიაში, "ევროპის უკანასკნელი" დიქტატორის, ლუკაშენკოს დასამხობად, კიევში - ნარინჯისფერი რევოლუციის მხარდასაჭერად და ა.შ.
2007 წლიდან აშკარად იგრძნობოდა საქართველოს ხელისუფლებისადმი არცთუ დადებითი განწყობა. აშშ-იMს ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა ერთმა უცხოელმა პოლიტოლოგმა მითხრა, ვაშინგტონში იგრძნობა, რომ სააკაშვილთან ურთიერთობით დაიღალნენ და რომ თეთრ სახლში გაისმა ფრაზა: ჭე არე ტირედ ტო ბე ბაბყ სიტტერს ("დავიღალეთ ძიძობით"). ცოტა ხანში კი გერმანიაში მოღვაწე ძველი თაობის ერთმა გერმანელმა დიპლომატმა დიდად შეშფოთებულმა მიამბო აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საუბრის ფრაგმენტი. ქალბატონი მერკელი თვითონ შეხებია საქართველოს პრობლემებს, თუმცა ბუშს დაუსწრია მერკელისთვის და ხუმრობით უთქვამს: - გეხვეწები, არ მითხრა, ხომ გეუბნებოდი, სააკაშვილს დემოკრატიული ინსტინქტების დეფიციტი აქვსო. თუ ეს ყმაწვილი მართლაც აყოლილია ირაციონალურ ემოციებსა და პათოლოგიურ ამბიციებს, ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლიაო?! მოგვიანებით ეს "დაღლა" იქამდე მივიდა, რომ მსოფლიოს თავშეკავებული დიპლომატები ჩვენს მთავრობას "ბოროტ ბავშვთა ბაღს" ეძახდნენ. ეს ბევრჯერ უთქვამთ პირადად ჩემთვის.
2008 წელს სააკაშვილი ამბობდა, კრემლიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ აღარ აინტერესებთ სამხრეთი ოსეთი, მათ ეს ჩემთან რამდენჯერმე წამოსცდათო. კა-გე-ბეს თანამშრომლები ხომ სწორედ "წამოცდენის" ოსტატები არიან?
განა უფრო პრიმიტიული ხაფანგის დაგება შეიძლებოდა?
2008 წელს ამერიკის ადმინისტრაცია დარწმუნდა, რომ სააკაშვილს აღარ შველოდა გაფრთხილება... ამიტომ
2008 წლის 17 აპრილს ელჩმა ჯონ ტეფტმა ოფიციალურად მიიტანა და ჩააბარა სააკაშვილს ჯორჯ ბუშის წერილი, სადაც ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია. ბუში სწერდა, თუ ამას იზამ, მარტო დარჩებიო, ჩვენ ვერ ჩავერევით და შენი ქვეყანა დაინგრევაო.
9 ივლისს კონდოლიზა რაისი ამისთვის ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ ხმის იოგები არ დაზოგა, უკიოდა, თუ ამას იზამ, ჩვენ დაგტოვებთო. მაინც ქნა ის, რაც ქნა. უფრო მეტიც, პირველიდან 2 საათამდე ცხინვალში დაგეგმილი იყო სანაკოევისა და სააკაშვილის ერთობლივი გამოსვლა და გამარჯვების აღლუმი. რა უნდა გედოს თავში და როგორ უნდა მოგატყუონ ასე იოლად ჩეკისტებმა, რომ მსგავსი რამ ჩაიდინო?
აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ხმა, რომ ჩვენი ხელისუფლება ახალგორზე იერიშის მიტანას აპირებდა. 7 სექტემბერს სარკოზი უნდა ჩამოსულიყო. ეს მისი მეორე ჩამოსვლა იყო საქართველოში. შევიკრიბეთ ერთ-ერთ საელჩოში დიდ მიღებაზე და ცხადი შეიქნა, რომ ახალგორზე ინფორმაცია გვიან მიუვიდათ ელჩებს.
არ დამავიწყდება მუდამ კორექტული და მშვიდი დიპლომატების შეშლილი სახეები და შეკრული მუშტები, გაკვირვებული კითხულობდნენ, ნუთუ არ არსებობს პასუხისმგებელი ძალა ამ უბედურ ქვეყანაში, რომელსაც ძალუძს შეაჩეროს ეს "ბოროტთა საბავშვო ბაღი". ახლა ახალგორზე შეტევას აპირებენ. ჩვენ უკვე მივიღეთ მითითება, დავტოვოთ საქართველო და თანამშრომლების ევაკუაცია მოვახდინოთ, მაგრამ უარი ვთქვით და დაგვტოვეს იმ პირობით, თუ საკუთარ თავზე ავიღებთ პასუხისმგებლობას.
ჩვენ არ დავტოვეთ თბილისი ქართველი ხალხის სიყვარულისა და სიბრალულის გამოო. მაშინ ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი ვიყავი, მაგრამ პირადად ვერ ვხვდებოდი სააკაშვილს. ამიტომ დიპლომატებს ვეხვეწებოდი, ყველა არხი გამოიყენეთ, რომ ეს აუხსნათ სარკოზის-მეთქი.
პირადად ვიცნობ ხავიერ სოლანას და მათაც, ვინც დაესწრნენ სოლანას შეხვედრას სააკაშვილთან. მოგვიანებით მათ წარმოუდგენელი რამ მიამბეს, - 6 საათის განმავლობაში თქვენი პრეზიდენტი წინ და უკან განუწყვეტლივ ქანაობდა, ციებიანივით ბოდავდა, - ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ახალგორის რაიონი, ჩვენ უნდა გავიყვანოთ რუსები ახალგორიდან, რადაც უნდა დაგვიჯდესო. ჩვენ კი ვისხედით და ამ ბოდვას ვუსმენდით. საუბარი ვერ შედგა, რადგან სხვა ვერაფერი მოვისმინეთ მისგანო.