"უბრალოდ ვანო" ანუ გილაურს ფეხი დაუცდა?!

თუ გილაური იქცა განტევების ვაცად, მას შესაძლოა ბევრი "ცოდვა" აჰკიდონ

საქართველო პოლიციურ სახელმწიფოდ გაფორმდა?!

ვანო მერაბიშვილი რუსულ პრესასთან საუბრისას (ქართულ პრესას ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილივით არ სწყალობს) ხშირად აღნიშნავდა, რომ მისთვის სულაც არ არის მიუღებელი, როდესაც საქართველოს პოლიციურ სახელმწიფოს უწოდებენ და შესაბამისი არგუმენტებიც მოჰყავდა. ამიტომაც მერაბიშვილს, ალბათ, არც ის უნდა ეხამუშოს, თუ იტყვიან, რომ საქართველო პოლიციურ სახელმწიფოდ ოფიციალურად გაფორმდა - მთავარი პოლიციელი მთავრობის ხელმძღვანელი გახდა.

შესაძლოა, ზოგიერთისთვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ, მაგრამ პრინციპში საქმე აქთკენ მიდიოდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის კადრებს ხელისუფლება "ხანძარსაშიშ მიმართულებებზე" ნიშნავდა. მაგალითად, ადეიშვილის კადრი ნათია მოგელაძე კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურს ჩაუყენეს სათავეში, რომელიც ერთ-ერთ ოპოზიციურ ძალაზე "სპეციალიზდება". გამოცდების ეროვნულ ცენტრში მცირე ბუნტი მერაბიშვილის ხელქვეითის, ხატია დეკანოიძის დანიშვნით გადაჭრეს. ამ ლოკალური პრობლემების გარდა, ხელისუფლებას ჰქონდა კიდევ ერთი მიზანი - წინა პლანზე წამოეწია "ახალი სახე", რეიტინგული და ცოტა არაორდინარული ფიგურა, ანუ უბრალოდ ვანო. ვანო მერაბიშვილის ფიგურა მოსახლეობისთვის ბუნდოვანებით არის მოსილი - არსად ჩანდა, მაგრამ მისი ხელი ყველგან იგრძნობოდა. ეს, ალბათ, გადაწყვეტილების მიმღები "დიდი ოთხეულის" (სააკაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი და მერაბიშვილი) აზრით, მერაბიშვილის ფიგურას მიმზიდველობას სძენდა. ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან შეხვედრას უცვლელად ესწრებოდა ვანო მერაბიშვილი.

ორიოდ თვის წინ ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, შს მინისტრი გადამდგარიყო თანამდებობიდან და "ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიას ჩასდგომოდა სათავეში. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში უფრო პრაქტიკული გადაწყვეტილება არჩიეს. კერძოდ, პრემიერ მერაბიშვილს შეუძლია, აქტიურად წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია და პარალელურად, უზრუნველყოს ყველა სამინისტროს, დეპარტამენტის, რაიონისა თუ სოფლის გამგეობის კონტროლი, რათა ადმინისტრაციული რესურსის 100%-იანი მობილიზება მოხდეს და ჩინოსნებს მოწინააღმდეგის ბანაკში გადაბარგების სურვილი არ გაუჩნდეთ.

გარდა ამისა, მერაბიშვილით გილაურის ჩანაცვლება მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, "ორთქლის გამოსაშვებადაც" სჭირდებოდეს. დაგროვილი უკმაყოფილების პირობებში თუ განტევების ვაცი არ იპოვე, ანუ "ქვაბიდან ორთქლი" არ გამოუშვი, აფეთქება მოხდება და შემდეგ აღარაფერი გიშველის. ამ ორთქლის გამოშვებას ხელისუფლება წინა არჩევნებისას "ნაკლები სისხლით" ახერხებდა. თუმცა დღეს, როდესაც რეალურია იმის საფრთხე, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები წააგოს, შესაძლოა, "ქვაბს" თავი ბოლომდე მოხადონ. ამ შემთხვევაში შესაშური ნამდვილად არ იქნება ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის ბედი, რომელსაც მთავრობის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზეს (წესით, ასეთი შეთავაზება ყოფილი პრემიერისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს). თუ გილაური იქცა განტევების ვაცად, მას შესაძლოა ბევრი "ცოდვა" აჰკიდონ - დაწყებული ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის ჩავარდნით, საწვავის მონოპოლიის დაშვებითა და "ებრაელ ბიზნესმენთა საქმით" დასრულებული, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯი შეულახა (რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქართველოში ჩამოტყუებაში ხომ უშუალოდ გილაური მონაწილეობდა). გილაურს კი ოთხკედელშუა შესაძლოა, რამდენიმე უფრო წვრილი ფიგურაც მიუსვან, რომლის შემდეგ პროპაგანდისტული მანქანა დაიწყებს მტკიცებას, რომ ხელისუფლება "გაიწმინდა" და ყველა უბედურება რამდენიმე მაღალჩინოსნის ბრალი ყოფილა.

P.S. ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი პროგრამის მთავარი მიმართულებები იქნება: დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ამ პროგრამაზე მერაბიშვილს "საავტორო უფლებები" ნამდვილად არა აქვს. თუმცა დღეს ხელისუფლებისთვის მთავარი და სწრაფი საარჩევნო ეფექტის მოხდენაა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი დასაქმების საკითხთა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნა იყო.

"ადამიანები, რომლებიც რაიმე სისტემას ანგრევენ, აღტაცებას იწვევენ მათში, ვინც მორჩილად მიჰყვებოდა ამ სისტემას" კურტ ვონეგუტი