"სარკოზიც შს მინისტრი იყო და საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა"

"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბატონმა პრეზიდენტმა უკვე აიხდინა ოცნება და ნაადრევად დანიშნა ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად. ის, რაც ოქტომბერში უნდა გაეკეთებინა, თავისი მოუთმენელი ბუნების გამო გააკეთა ივნისის ბოლო დღეს და წინასწარ განსაზღვრა ის კურსი, რომლის განხორციელებასაც ოქტომბრიდან აპირებდა. მაგრამ არ შეიძლება გამოირიცხოს ისიც, რომ ეჭვმა იძალა პრეზიდენტში. ამიტომაც დროზე ადრე მოაშორეს მერაბიშვილი პოლიციის მმართველის თანამდებობას, რადგან არსებული კანონმდებლობით ეს არის უშუალოდ პრეზიდენტის და არა პრემიერ-მინისტრის სამართავი სისტემა", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სარკოზიც შს მინისტრი იყო და საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა" / `"ჩვენს ხელისუფლებაში თანამოაზრეები კი არა, თანამზრახველები არიან" / `კორუფციის უფლება დღეს ლიცენზირებულია და ამ ლიცენზიას 3-4 კაცი თუ გასცემს".

"მან ფორმალურად დააწინაურა მერაბიშვილი, ამავე დროის ჩამოაშორა პოლიციის მართვის სისტემას და თვითონ დაიქვემდებარა პოლიცია, ოღონდ მერაბიშვილის გარეშე. შესაძლოა, ეს იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ პოლიციის დღევანდელი ერთგულების ხარისხი არ იყო მისაღები პრეზიდენტისთვის. გვახსოვს, როგორ ათავისუფლებდნენ თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრს ასევე მინისტრის თანამდებობის შეთავაზებით. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი საინტერესოა, მაგრამ არ აჩენს იმის მოლოდინს, რომ სიკეთისკენ წაგვიყვანს. ძალიან მწირია ამ თანამდებობაზე კანდიდატთა რიცხვი. ვინც დაინიშნება, ასჯერ მაინც უნდა იყოს გამოცდილი პრეზიდენტის ერთგულებაში და არცთუ დიდი ჭკუით გამოირჩეოდეს, რომ საკუთარი აზრები არ გახდეს მისთვის უპირატესი. არჩევნების წინ პრეზიდენტს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც მისი დავალების შესრულებისას ბევრ ფიქრს არ დაიწყებს. მიჩნდება კითხვა, რატომ ვერ დაიცადა ორშაბათამდე სააკაშვილმა?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"ახალდანიშნულმა პრემიერმა პრიორიტეტებად დაასახელა უმუშევრობა, დაზღვევა და სოფლის მეურნეობა, რაც ძალიან ჰგავს "ქართული ოცნების" პრიორიტეტებს. ამ პრიორიტეტების დასახელება არ გამორიცხავს ღამღამობით ჩუმად ოცნებას. გავიხსენოთ, სარკოზიც შს მინისტრი იყო და საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა. შესაძლოა, კარიერული ზრდა ბატონმა მერაბიშვილმა ამ მიმართულებით განაგრძოს, თუ ახალი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის საპენსიო თანამდებობა მიმზიდველი აღმოჩნდება მისთვის. თუმცა, საინტერესოა, ვისი წარდგენილი იქნება ამ თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილი, -ივანიშვილის თუ სააკაშვილის", - ამბობს რესპონდენტი

"ჩვენი პრეზიდენტი კვლავ დასდევს ორ კურდღელს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გარბიან. ასეთ დროს იკვეთება ხელისუფლების უპირველესი მიზანი - ძალაუფლების შენარჩუნება. თავში ქვა უხლია ყველას და ყველაფერს, არავის აზრს არ გავითვალისწინებთ, თუ ეს ხელისუფლებას სავარძლების დაკარგვამდე მიიყვანსო. სხვადასხვა მიმართულებით გაქცეულ ორ კურდღელს დადევნებული შესაძლოა ისეთ უხერხულ პოზაში აღმოვჩნდეთ, რომ იძულებული გავხდეთ, საბოლოოდ გავიტრუნოთ პუტინისეულ ევრაზიულ კავშირში - ასეთ ვარიანტზე ჩვენი ხელისუფლება უარს არ იტყვის, თუ პუტინისაგან მიიღებს გარანტიას, რომ სავარძელს შეინარჩუნებს! ხელისუფლება მზად არის, ყველაფერი დათმოს, დაფხრიწოს სახელმწიფო ინტერესების მთელი ნუსხა, ოღონდ თანამდებობაზე დარჩნენ. სხვა მოტივაცია მათ არ გააჩნიათ, მათ შიშისგან დაბრმავებულ თვალებს სხვა არაფრის დანახვა არ შეუძლიათ", - განაგრძობს პოლიტოლოგი.

"ამდენად, არიან ისინი საშიში და არა მგონია, რომელიმე კონკრეტული პირის მოწოდებამ სერიოზული გავლენა მოახდინოს მათ გადაწყვეტილებებზე. მით უმეტეს, თანდათან ვრწმუნდებით, რომ არც პრეზიდენტია უფლებამოსილი, ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს, ის სულ უფრო მეტად ხდება საკუთარ გარემოცვაზე დამოკიდებული. გარემოცვის წევრები ბევრ შეურაცხყოფას იტანენ მისგან, მაგრამ სანაცვლოდ უზარმაზარ ხეირს იღებენ როგორც ფინანსური, ასევე კომფორტული კუთხით. ამგვარი ერთობა კი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენს ხელისუფლებაში თანამოაზრეები კი არა, თანამზრახველები არიან. შესაბამისად, ისეთი რამ, როგორიც არის თავშეკავება, განსხვავებული აზრის განხილვა, გადადგომა, თანამდებობის დატოვების სურვილის გამჟღავნება ან სხვა პოლიტიკურ ჯგუფში გადანაცვლება, გამორიცხულია. თანამზრახველები ასე არ შორდებიან ერთმანეთს. თავიანთი არაერთი ჯგუფური დანაშაული იციან და ვერ დაუშვებენ, რომ ამ ჯგუფს ერთი ადამიანიც დასცილდეს. თავისუფლების მოსაპოვებლად მათ ინდივიდუალური რესურსი არ გააჩნიათ, ერთად უნდა გაიმარჯვონ ან ერთად დაიღუპებიან. ასეთი კოშმარული პერსპექტივა თვითონვე დაუხატეს საკუთარ თავს და ახლა იმ შიშის ტყვეობაში არიან, რასაც იწვევს მათში საქართველოს მოსახლეობის სურვილი, ქვეყანაში იყოს რეალური დემოკრატია", - განმარტავს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "NDI-მ საარჩევნო გარემოს შეფასებისას შეშფოთება გამოთქვა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პოლარიზების გამო...", - პასუხობს:

"ეს არ გახლავთ მხოლოდ NDI-ს რეკომენდაცია. ეს აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველზე შედგენილი ჯგუფის ნაფიქრალია, რომელიც საქართველოს ვერდიქტია. ამ დოკუმენტის საფუძველია, საქართველო იყოს კეთილდღეობის მქონე დემოკრატიული სახელმწიფო და არა ყალბი დემოკრატიის მორევში ჩაფლული ქვეყანა. თუმც როგორც კი გამოქვეყნდა ეს დოკუმენტი, ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის კაჭკაჭები ალაპარაკდნენ, - ამ დოკუმენტში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აქებენო. სწორედ კაჭკაჭები ლაპარაკობენ, რომ არ იქნება ყველა სატელევიზიო არხი ჩართული არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში, რათა არ მოხდეს მოსახლეობის მობილიზაცია ქუჩაში გამოსასვლელად - ასეთი რა გადაწყვიტა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ არც ეეჭვება მის გამო მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლა? ქურდს ქუდი ეწვისო. როდესაც ინფორმაციის გავრცელება რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის საფრთხეს შეიცავს, ე.ი. მისი მზაკვრული ჩანაფიქრი ამით საჯარო ხდება. NDI-ს რჩევები მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ბევრად უკეთესი, რისი პოტენციალიც მას ნამდვილად აქვს. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის გაუთავებელი ცინიზმი, ოპონენტი პოლიტიკური ძალების გაუთავებელი შეურაცხყოფა აკნინებს არა მარტო პრეზიდენტს, სახელმწიფოსაც, მით უფრო მაშინ, როდესაც პრეზიდენტი საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებს".

"სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ ტყუის, როდესაც კოალიცია "ქართულ ოცნებას" პუტინის რაზმად წარმოაჩენს. ცილისმწამებლობაში მდიდარი ფანტაზიის მქონე სააკაშვილი ვეღარ პოულობს თემას, რითაც ტონუსს მისცემს საკუთარ გუნდს, ამიტომაც, რასაკვირველია, უჭირს. ადამიანს, რომელიც თავს ივალდებულებს, ყოველდღე სიბინძურის ნიაღვარი გადაასხას კონკურენტ პოლიტიკურ ძალას, სულ უფრო ნაკლებად უჯერებენ და სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რამდენად უსამართლოა მისი ბრალდებები. ეჭვი არ მეპარება, ასეთი უსამართლო თავდასხმები, ტოტალური და უნამუსო ტყუილები მხოლოდ გააღვივებს უსამართლობის განცდას "ქართული ოცნების" მიმართ. უსამართლობით დაჩაგრული სუბიექტი კი ყოველთვის კონსოლიდირების მომტანია. ჩვენს ქვეყანაში სრულიად უკუგდებულია ამა თუ იმ ორგანოს კონსტიტუციური ვალდებულებები. მოწმე ვართ, რომ სასამართლო, პროკურატურა და ბიზნესი იუსტიციის სამინისტროს ქვედანაყოფებად იქცნენ, კონტროლის პალატა, ეროვნული ბანკი, ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის სამინისტროები და კიდევ არაერთი უწყება შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფებია. ისინი უმორჩილესი ქვეშევრდომები არიან ამ ვერტიკალის თავში მყოფი ადამიანებისა. ასეა განაწილებული საქართველოში მართვის სისტემა და აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 72% ქართული ეკონომიკისა ფუნქციონირებს ჩრდილოვანი ეკონომიკის რეჟიმში", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

"ეს 72%-იანი ნიშნული ეკონომიკის პატიოსნების კუთხით 151-ე ქვეყნის რანგს გვანიჭებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი ეკონომიკური პროცესის წარმმართველი არის კორუფციის უმაღლესი დონე - მასობრივი კორუფცია მოისპო იმიტომ, რომ კორუფციის უფლებაა მონოპოლიზებული. ეს უფლება დღეს ლიცენზირებულია და ამ ლიცენზიას 3-4 კაცი თუ გასცემს. რაც უნდა ტყუილები ილაპარაკოს ხელისუფლებამ, სიმართლეს ვერსად წაუვა. ისინი მობილიზებული და მოტივირებული არიან არჩევნების გასაყალბებლად. დასავლეთის ლიდერებიც აცნობიერებენ, რომ თუკი საქართველოში ხელისუფლების უკანონო უზურპაცია მოხდება, უმალ ევრაზიულ სივრცეში შევა საქართველო, ვიდრე ნატოში. ხელისუფლება ეცდება მრავლად იყოს მერეთის მსგავსი ინციდენტი, მაგრამ სანამ უსამართლობის განცდა ზეობს ქვეყანაში, პროტესტის გამოხატვის ფორმაც სულ უფრო გამწვავდება. ეს ალბათ ხელისუფლებამაც შეამჩნია, ამიტომაც დაარიგეს იარაღი მოსახლეობაში და ამას ნებაყოფლობითი რეზერვი დაარქვეს. ხელისუფლება მოახლოებულ მძიმე განსაცდელს ხედავს და მზად არის, ეშმაკსაც კი შეეკრას", - დაასკვნის პოლიტოლოგი.