"2 კიტრი, 2 პომიდორი, ცოტა ყველი და ერთი ნაჭერი პური" - პოლიტპატიმრის დღიური ნორმა

"ქართული ოცნების" ახმეტის შტაბის უფროსის, ზაქარია ქინქლაძის ადვოკატი ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებს პატიმრის არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. როგორც ადვოკატი ქეთი ზაქარიაშვილი ამბობს, ქინქლაძესთან საკვები და პირადი ჰიგიენის ნივთები არ შეაქვთ ეს კი საერთაშორისო ნორმებით და ქართული კანონმდებლობით წამებას და არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდება.

თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები ამბობენ, რომ ყველა საჭირო ნივთი და საკვები პატიმართან დაუბრკოლებლად შედის.

ამ საქმის შესწავლა სახალხო დამცველის ოფისმაც დაიწყო.

ახმეტელმა პოლიციელებმა ზაქარია ქინქლაძე 24 ივნისს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მას ახმეტის გამგეობის თანამშრომელმა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა პაატა სუხიშვილმა უჩივლა. ადოკატი ამბობს, რომ მას სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებაც არ მისცეს.

ქეთი ზაქარიაშვილი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ პატიმარს საკვები რამდენიმე დღის წინაც შეუგზავნეს, თუმცა ამ დრომდე ამანათი არ მიუღია.

"დღეს მივდივარ და გავარკვევ ყველაფერს. ვფიქრობ, პატიმარს აშიმშილებენ. სამშაბათს ვიყავი მასთან და მკაცრი გაფრთხილების შემდეგ საკვები მისცეს. ხუთშაბათს, მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ ორი კიტრი და ორი პომიდორი, ძალიან ცოტა ყველი და ერთი ნაჭერი პური შეუტანეს. ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, ყველაფერს ვაწვდითო. პატიმარსაც არ უნდა, ზედმეტი დაძაბულობა ჰქონდეს დაწესებულების თანამშრომლებთან, მეუბნება, პრობლემა მშვიდად მოაგვარეო. გარეთ ვინც ვართ, იმათ გვეშინია ამ ქვეყანაში და პატიმარს რომ ეშინოდეს, რა გასაკვირია?!"მისივე თქმით, როცა პატიმარი საკვებს და პირადი ჰიგიენის ნივთის ვერ იღებს, ეს საერთაშორისო ნორმებით არაადამიანურ მოპყრობასთან და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს. ზაქარიაშვილი ამბობს, რომ პრობლემა პატიმრის მონახულების დროსაც ექმნება და ლოდინი საათობით უწევს. "მარტო მე რომ შევიდე, პროცედურას 8-9 საათი წელავენ."

რაც შეეხება ქინქლაძის სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, მასზე დასწრების უფლება არ მისცეს.

"არც კი ვიცოდით სასამართლო თუ ტარდებოდა. ადვოკატი მსჯავრდებულმა მოითხოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გაგვაგებინეს. ისიც კი არ ვიცოდით, სად ჰყავდათ პატიმარი, ღამის სამის ნახევარზე ვიპოვე ყვარელში. ახმეტის განყოფილებაში ველოდებოდი 12 საათამდე და მერე ყვარლის იზოლატორში ვიპოვეთ".

ადვოკატის თქმით, ქინქლაძის ბრალი წვრილმანი წულიგნობაა, რაც ჯარიმას ან 90 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება სოფელ დოესის მკვიდრებს, ბიძაშვილ ოხანაშვილებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პოლიციამ სარწყავი წყლის მოთხოვნით გამართულ აქციაზე დააკავა და სასჯელს ყვარელში იხდიან, ზაქარიაშვილი ამბობს, რომ ისინიც ქინქლაძის დღეში არიან.

"როგორც ვიცი, 2 კაცია დაკავებული და ისინიც ყვარლის განყოფილებაში იმყოფებიან. მათთან შეხება არა მაქვს, ამიტომ დაწვრილებით ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ვიცი, რომ საჭმელი მათთანაც არ შედის" - ამბობს ზაქარიაშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქინქლაძის დაკავების შემდეგ რამდენიმე დღეში, 26 ივნისს, სს საქმე მის მეუღლეზეც აღიძრა. მაია წულუკიძეს ბრალად თაღლითობა ედება და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმე პოლიტიზირებულია და წულუკიძე უდანაშაულოა.

"ამაში ეჭვიც არ მეპარება. როგორ შეიძლება ქმარს აკავებდნენ და უცებ რაღაც სისულელე ცოლსაც გამოუჩხრიკონ? თან სამოქალაქო საქმე სს საქმეში გადაიყვანონ? წულუკიძეს ბრალად "ორანჯ ბარათების" თაღლითურად მითვისება ედება. გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარ რაიმეს თქმა მიჭირს..."

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ქინქლაძის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, საიდანაც ირკვევა, რომ "მოსამართლე ლაბაზა დუიშვილს სხდომაზე არ დაუკითხავს არც ერთი თვითმხილველი. იგი დაეყრდნო მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელის მიხეილ ბერძენიშვილის განცხადებას, რომელიც თვითონაც არ ყოფილა ფაქტის თვითმხილველი. პოლიციელი მიხეილ ბერძენიშვილი კი მოწმე ტრისტან ბერძენიშვილის ნათესავია.

"თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ზაქარია ქინქლაძის მხრიდან გინების ფაქტი საერთოდ უარყვეს და განაცხადეს, რომ პოლიციისთვის ასეთი ჩვენება არ მიუციათ. მოწმე ბექა ხვადაგურიძე აცხადებს, რომ "ზაქრო სთხოვდა იმ ადამიანს, მანქანა გადაეყენებინა, რომელიც ოფისის წინ იყო გაჩერებული. არავითარი ლანძღვა-გინება არ ყოფილა".

საიას იურისტი ლელა ტალიური "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ზაქარიაშვილთან ერთად მსჯავრდებულის დაცვას საიას ადვოკატიც ახორციელებს. ტალიურიც ადასტურებს, რომ პატიმართან საკვები ძალიან მცირე რაოდენობით შედის.

"როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, შეგზავნილი საკვებიდან, რაც ოჯახის წევრებმა მიიტანეს ყვარლის იზოლატორში, პატიმარს რეალურად ძალიან მცირე რაოდენობით მიუვიდა. მასთან ერთად არიან კასპის რაიონის სოფელ დოესიდან გადაყვანილი პატიმრები, ოხანაშვილები, რომლებიც სარწყავი წყლის მოთხოვნით დააკავა პოლიციამ. მათაც დღეში ერთხელ აძლევენ საკვებს", - ამბობს იურისტი.

ტალიურის თქმით, საქმის სამი მოწმე ახმეტის გამგებლის და სხვა თანამდებობის პირების ახლობლები არიან.

"მოვლენები ქინქლაძეების ოჯახის წინააღმდეგ 2011 წლის ნოემბერში დაიწყო. ზაქარია ქინქლაძეს ახმეტის ცენტრში ფართი ჰქონდა ნაქირავები საკანცელარიო მაღაზიისთვის, მაგრამ საიჯარო ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ფართის დაცლის შემდეგ კი, ის გარემოს დანაგვიანებისთვის 200 ლარით დააჯარიმეს.

"ამას მოჰყვა მისი შვილის სამსახურიდან გათავისუფლება. ლევან ქინქლაძე ახალი მისული იყო თელავის სოციალური მომსახურების სააგენტოში სამუშაოდ, როცა მოსთხოვეს განცხადება დაეწერა და სამსახურიდან წასულიყო. მთელი ეს კასკადი მის წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია ხორციელდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ადამიანიც პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული. ის ყველაფერზე ლაპარაკობდა, რაც ახმეტაში ხდებოდა არა მხოლოდ მის წინააღმდეგ, არამედ სხვა ადამიანების მიმართაც, რომლებიც პოლიტიკურ აქტივობას იჩენდნენ. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელიც ხმამაღლა აპროტესტებდა რაიონში განხორციელებულ ზეწოლებს", - ამბობს ტალიური.

რაც შეეხება ქინქლაძის მეუღლეს, ტალიური აცხადებს. რომ მისი დაცვის ქვეშ წულუკიძე არ იმყოფება.

"მხოლოდ ის ვიცით, რომ თაღლითობის ბრალდებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმის დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის".

ტალიურის თქმით, რამდენიმე დღეში სპეციალური მიმართვაც გაკეთდება და ქინქლაძის საქმეც მასში მოექცევა.

როგორც "რეზონანსს" სახალხო დამცველის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქინქლაძის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და დეტალების გარკვევა ამ დრომდე გრძელდება.

"ქინქლაძის საქმესთან დაკავშირებით არავის მოუმართავს. საქმის შესწავლა სახლახო დამცველის ოფისმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და დეტალების გარკვევა ამ დრომდე მიმდინარეობს. რწმუნებულები პატიმრის მონახულებასაც აპირებენ და რამდენიმე დღეში ინფორმაციასაც გავავრცელებთ",- გვითხრა ინფორმაციის და პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ნინო ერემაშვილმა.

"რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს პრესცენტრს, თუმცა თეა სუხიშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.