ვანო მერაბიშვილის ახალი პოლიტიკური ამპლუა

ვანო მერაბიშვილის ახალი პოლიტიკური ამპლუა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 30 ივნისიდან პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. საქართველოს პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა 30 ივნისს, საღამოს შვიდი საათისთვის პრეზიდენტის სასახლეში უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ნიკა გილაურთან და ასევე უკვე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან ერთად: ”ვანო არის ის კაცი, რომელმაც შეძლო ჩვენთან ერთად კორუფციის და კრიმინალის ბეჭებზე დადება. ვანომ შეძლო პოლიციაში, რომელიც მთლიანად იყო დისკრიდეტირებული, ახალი სტრუქტურის, ახალი მექანიზმების შექმნა, ახალი ხალხის მიყვანა. მან ბოლო წლებში შეძლო რამდენიმე ძალიან საპასუხისმგებლო დავალების შესრულება. მარტო ის რად ღირს, რომ, მაგალითად, როცა 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ რამდენიმე ათეულ-ათას ჩვენ თანამოქალაქეს დაჭირდა ახალი სახლები, ეს პროგრამა მაშინ ჩავაბარეთ ვანოს და წარმოუდგენლად მოკლე ვადებში მან შეძლო პრაქტიკულად ახალი ქალაქების აშენება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ბეჭებზე დადებს ჩვენ მთავარ მტერსაც, უმუშევრობას”.

უმუშევრობის ”ბეჭებზე დადების” პირობა ვანო მერაბიშვილმა მას შემდეგ დადო, რაც მიხეილ სააკაშვილმა ახალ პრემიერ-მინისტრს გადასცა სიტყვა: ”მე ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უმუშევარია. მე მესმის მათი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა. ვაპირებ ორშაბათსვე წარმოვადგინო გეგმა და ამ გეგმაში იქნება გაწერილი თანმიმდევრობით, თუ რას გავაკეთებთ დღეს, ხვალ და მომდევნო წლებში, რომლის მთავარი აქცენტები იქნება სამი პრინციპი: დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა”.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველივე სიტყვებიდან გაირკვა, შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამეტო არჩევნები გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ნიკა გილაურს ვანო მერაბიშვილმა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ უკვე ახლა წარუდგინოს ხალხს საარჩევნო პროგრამა: ”ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ხალხმა იცოდეს ჩვენი პრიორიტეტები, რომ ის სტაბილურობის განცდა, რომელიც არის ქვეყანაში, გაგრძელდეს, რომ ჩვენი წარმატება, რომელსაც მიაღწია ქვეყანამ, განვითარდეს და ბევრად უფრო ხელშესახები გახდეს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ამიტომ განცხადება, რომელიც დღეს უნდა გავაკეთო, არის ახალი დასაწყისის მანიშნებელი”.

”ახალი დასაწყისის” დაწყებამდე აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა. მისმა სიტყვამ პრეზიდენტის რეზიდენციაში სულ 5 წამი წაიღო: ”ბატონ პრეზიდენტს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რაც მან ბოლო წლების განმავლობაში ჩემდამი გამოიჩინა. დიდი მადლობა ყველას”.

მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურის სამწელიწადნახევრიანი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი დადებითად შეაფასა და გაწეული შრომისათვის არც მადლობა დაიშურა: ”გილაური იყო ძალიან ეფექტური პრემიერ-მინისტრი. მან მთავრობა პრაქტიკულად უიმედო სიტუაციაში ჩაიბარა, ყველაზე რთულ დროს და მოახერხა თითქმის შეუძლებელი. არა მხოლოდ გადალახა მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ომის შედეგები, არამედ საქართველო აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ეკონომიკად”.

როგორც ირკვევა, ნიკა გილაური საქმის გარეშე არ რჩება. მან პრეზიდენტისაგან უკვე მიიღო შეთავაზება, სათავეში ჩაუდგეს საქართველოს მთავრობის საპარტნიორო ფონდს, რომელიც, მისი თქმით, კონცენტრირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი პროექტების შექმნაზე ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში: ”ერთი სიტყვით, მე მას იმის კეთება ვთხოვე და შევთავაზე, რაც მას ყველაზე კარგად ეხერხება. შესაბამისად, ის დარჩება ჩვენს გუნდში”.

კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომელიც 30 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას აცნობა, მთავრობაში ახალი პოსტის შექმნაა. საქართველოს უახლოეს მომავალში დასაქმების სახელმწიფო მინისტრი ეყოლება: ”საქართველოს მთავრობაში შეიქმნება ახალი პოსტი - დასაქმების სახელმწიფო მინისტრი. ჩამოყალიბდება ცალკე დასაქმების პროგრამა, ყველა თავისი პრიორიტეტებით”.

ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მის წარმატებულ მინისტრობას უკავშირებს კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მიხეილ თავხელიძე. როგორც მან საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შსს-ს რეფორმა არის ყველაზე წარმატებული და ეფექტიანი რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში.

თუმცა სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყვანა სხვა პოსტსზე მის მოხსნას უფრო ჰგავს, ვიდრე დაწინაურებასო, ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილის დაყვანას ის კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს: ”დაძაბული არჩევნები გვიახლოდება. წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყვანა სხვაგან მის მოხსნას უფრო ჰგავს, ვიდრე დაწინაურებას. ასეთი გამოთქმაა, გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიანო. ახლა ჩვენ პოლიტიკურად საკმაოდ რთულ გადასასვლელზე ვიმყოფებით და ცხენის შეცვლა, მერაბიშვილის შეცვლა თავისთავად არ გამოიყურება ლოგიკურად. ალბათ იმდენი კომპლიმენტი უძახა ივანიშვილმა მერაბიშვილს, რომ, მე მგონი, ეჭვი გაუჩნდა სააკაშვილს მერაბიშვილის ერთგულებაში”, - მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ორშაბათს გახდება ცნობილი. ორშაბათსვე დასახელდება შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვანო მერაბიშვილს შს მინისტრის თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია შეცვლის, შესაბამისად, ორშაბათს უნდა დასახელდეს თავდაცვის ახალი მინისტრიც. ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებაც, რომ ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გახდება.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ კარიერას, 1999 წელს მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. 2000 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2004 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის ეროვნული უშიშროების საკითხებში თანაშემწედ დანიშნა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებდა. 2004 წლის 18 დეკემბერს კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე მერაბიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნის საბაბად იქცა. მისი გადაყენების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები და უფლებადამცველები მინისტრს მკვლელობის ფაქტების დამალვაში ადანაშაულებდნენ. ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას 2012 წლის 30 ივნისამდე ასრულებდა.