"მოძრაობა "არას" წევრი ოთარ ბექაური შს სამინისტროს მუქარაში ადანაშაულებს. როგორც "რეზონასთან" საუბრისას აღნიშნავს, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გეგმავს. ბექაურის განცხადებით, პოლიციელის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ მან თბილისის ფორუმზე პოლიციისთვის არასასურველი კომენტარი დაწერა. ამის შემდეგ მას პოლიციელი დაუკავშირდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. ამის მიუხედავად, მას გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს და ამას მხოლოდ მედიის საშუალებით აკეთებს. მისი თქმით, პოლიციის მხრიდან მუქარა მასზე და "არას სხვა წევრებზე სხვა დროსაც ყოფილა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ან დამიჭერენ, ან ფიზიკურად გამისწორდებიან" / "არას" წევრი ამბობს, რომ პოლიციელი ინტერნეტფორუმზე დაწერილი კომენტარის გამო ანგარიშსწორებით დაემუქრა.
"თბილისის ფორუმზე" საჯაროდ გამოვხატე ჩემი აზრი და აღვნიშნე, რომ რაღაც თვალსაზრისით ქურდების დაბრუნება კარგი იქნებოდა-მეთქი - ეს იმიტომ დავწერე, რომ ჩემი აზრით დღევანდელი პოლიციელები ქურდებზე უარესები არიან. ამ კომენტარის შემდეგ შსს-ს თანამშრომელმა გიგი შუბითიძემ მუქარის შეტყობინება გამომიგზავნა - "გინდა შენით დავინტერესდეთ? იცოდე, მაგარ შარში გაყავი თავი და შენნაირები ბევრი მომინელებიაო". კონკრეტულად არაფერი უთქვამს, მაგრამ რასაც ველოდები, ის არის, რომ ან დამიჭერენ, ან ფიზიკურად გამისწოდებიან. დიდი იმედი არ მაქვს, რომ პროკურატურა ამ ამბით დაინტერესდება, მაგრამ მას საჯაროდ, მედიის საშუალებით მოვუწოდებ, გამოძიება დაიწყოს. პოლიციიდან ბევრი მუქარა მომდის და ეს პირველი შემთხვევა არ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ოთარ ბექაური.
"მოგეხსენებათ, ჩვენი მოძრაობა კოალიცია "ქართულ ოცნებაშია" და ახლა ჩვენი ორგანიზაციის წევრების მიმართ პოლიტიკური დევნა გაორმაგებული და გასამმაგებული ძალით მიმდინარეობს. მე რომ პროკურატურაში ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად მივიდე, არ არის გამორიცხული, იქვე დამიჭირონ. ამის მეშინია და მას გამოძიების ოფიციალური თხოვნით ამიტომ არ მივმართავ", - განმარტავს მოძრაობა "არას" წევრი.
"ბექაურის თქმით, რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართავს. აპარატში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც გიორგი ტუღუშის პრესსამხურიდან ნინო ერემაშვილმა განაცხადა, ომბუდსმენის აპარატს ბექაურმა ჯერ უნდა მიმართოს, სახალხო დამცველმა საქმე უნდა შეისწავლოს და ისინი კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ. კომენტარისთვის შსს-სა და პროკურატურასაც დავუკავშირდით. შსს-ს პრესამსახურის უფროსი ზურაბ გვენეტაძე დაზარალებულს ურჩევს, რეაგირებისთვის პოლიციას მიმართოს. "რეზონანსმა" მას სთხოვა პოლიციელთან დაკავშირება, თუმცა პრესცენტრის უფროსის თქმით, მან არ იცის შსს-ს თანამშრომელი გიგი შუბითიძე რომელ განყოფილებაში მუშაობს და შესაბამისად, ვერ დააკავშირებდა. პროკურატურაში კომენტარი საერთოდ არ გააკეთეს. პრესცენტრში "რეზონანსს" დაპირდნენ, რომ გაარკვევდნენ და მოგვიანებით დაუკავშირდებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით ტელეფონის იმავე ნომერს არავინ უპასუხა. გუშინ ამ საკითხის შესწავლა საიამაც დაიწყო - მათი განცხადებით, დეტალებს შეისწავლიან და თავიანთ მოსაზრებას მხოლოდ ამის შემდეგ გაახმიანებენ", - დასძენს გამოცემა.