გაუხმაურებელი „ჯაშუშური სკანდალის“ გახმაურებული დეტალები

გაუხმაურებელი „ჯაშუშური სკანდალის“ გახმაურებული დეტალები

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 20 მოქალაქის დაკავების ფაქტის კომენტირებისგან შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე თავს იკავებს. ძალოვანი უწყება დუმილის პარასკევს დაარღვევს. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, შოთა უტიაშვილის განცხადებით განმარტებები, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაკეთდება. შესაბამისად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 პირიდან ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმეს ვინაობა გახდა ცნობილი. მათ შორის ერთ–ერთი რუსლან გალოგრე, ბათუმში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ოლეგ გალოგრეს“ მფლობელია. 

კიდევ ერთი ეჭვმიტანილი არმენ გევორქიანი აბაშიძის მმართველობის პერიოდში აჭარის სომხურ დიასპორას ხელმძღვანელობდა. დაკავებულია ასევე რუბენ შიკოიანიც, რომელიც „ჯავახკის“ წარმომადგენელის, რუბენ ტოროსიანის განცხადებით, არმენ გევორქიანთან ერთად მოძრაობის წევრია 1998 წლიდან. 
ტოროსიანმა მათი დაკავება შეაფასა, როგორც „მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესია“ და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით მათ ინფორმაცია ერევანში პარტია „დაშნაკ ცუტუნს“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნეს. 

მედია საშუალებებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. ის ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძეა. დაუდასტურებული ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის საგარეო დაზვერვის სასარგებლოდ საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ შესყიდვებზე, ასევე ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პირადი მონაცემების შეგროვებას ცდილობდნენ. ეჭვმიტანილთა უმრავლესობა 19 ოქტომბერს ბათუმში აიყვანეს.

ინფორმაციით, რომლის მოპოვებაც პეტერ დევრიშაძის შესახებ შევძელით, ის ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენია. წარმოშობით ქობულეთელი დევრიშაძის სახელზე დარეგისტრირებულია ინდივიდუალური მეწარმე „პეტრე დევრიშაძე“, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ აგვისტოში გამოქვეყნებულ არაკეთილსინდისიერ შემსყიდველთა სიაში მოხვდა. 

ამავე სააგენტოს ვებ–გვერდზე მითითებულია, რომ ინდივიდუალური მეწარმე „პეტრე დევრიშაძე“ მონაწილეობდა სწრაფმავალი კატარღის შესყიდვის მიზნით 2008 წლის 30 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში და გაიმარჯვა. რის საფუძველზეც 2008 წლის 27 ნოემბერს მასთან დაიდო დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

რაც შეეხება რუსლან გალოგრეს, ის რუსეთის ფედერაციის საბაჟოს ენერგოპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ოლეგ გალოგრეს ძმაა. ოლეგ გალოგრე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობდა სარფის საბაჟოს და ამ პოსტზე კარგახანს დაჰყო. ბოლოს ასლან აბაშიძესთან ურთიერთობა აერია და ბათუმის დატოვება ოჯახთან ერთად მოუხდა. გალოგრეები ჯერ ბაქოში, შემდეგ მოსკოვში გადავიდნენ, სადაც მალევე – ენერგოპროდუქტების ექსპორტ-იმპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა. 

რუსლან გალოგრეს მეუღლე ამბოს, რომ მომხდარის გამო თავს შეუძლოდ გრძნობს და ამ თემზე საუბარი არ სურს. თუმცა მაინც აღნიშნავს, რომ მისი ქმარი დამნაშავე არ არის. 

„ჩემი მეუღლე სრულიად უდანაშაულო, წესიერი, პატიოსანი ადამიანია. არასოდეს ყოფილა არც პოლიტიკანი, არც ბიზნესმენი. რაშიც მას ადანაშაულებენ, სრული აბსურდია. ვინც კი ჩემს მეუღლეს ბათუმში იცნობს, ყველა შოკშია. რატომ დააკავეს, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ვცადე გარკვევა მაგრამ მე საერთოდ არაფერს არ მეუბნებიან, - აცხადებს ოლგა გალოგრე.

მისივე თქმით, ჯაშუშობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი არმენ გევორქიანიც მათ ეზოში ცხოვრობს, თუმცა არც ის და არც მისი მეუღლე გევორქიანს არ იცნობენ. ოლგა გალოგრეს განმარტებით, გევორქიანი ადრე მოსკოვში ცხოვრობდა და ბათუმში არც თუ დიდი ხნის წინ დაბრუნდა. 

ბათუმში ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში, ზღვასთან ახლოს მდებარე VIP სასტუმროს მეპატრონის ოჯახის წევრის დაკავება იქვე ახლოს მდებარე პიაცას მშენებლობის გამო ხელისუფლებასთან წარმოქმნილ უთანხმოებებს უკავშირდება. თუმცა სასტუმროს ადმინისტრატორი ხელისუფლებასთან უთანხმოებას უარყოფს. 

 „რა მოხდა და რატომ დააკავეს, ჯერ არავინ იცის. რუსლანის დაკავებაზე საუბარი არ მსურს. არა იმიტომ რომ ვინმესი მეშინია. ეს ისეთი საკითხია, არაფერი არ არის ჯერ გარკვეული და კომენტარი რანაირად უნდა გავაკეთო. ინფორმაცია, თითქოს პიაცას მშენებლობის გამო სასტუმროს მეპატრონეებს ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდათ არასწორია. ეს ამბავი გამორიცხულია და მე ვერ დაგიდასტურებთ. რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს რუსლან ამ სასტუმროს მეპატრონეა, არც ეს გახლავთ სიმართლე არ გახლავთ. მუშაობდა მენეჯერად“, – აცხადებს სასტუმრო „ოლეგ გალოგრეს“ ადმინისტრატორი გურამ ბოლქვაძე.

დაკავების ფაქტს იხსენებს მაღაზიის თანამშრომელი, რომლის მახლობლადაც გალოგრე დააკავეს. სპეცოპერაციის თვითმხილველი მაკო სურმანიძე ამბობს, რომ ის ქუჩაში აიყვანეს.  

„დაახლოებით ერთი კვირის წინ, ნიღბიანი ადამიანები გადმოვიდნენ მანქანიდან და დაიჭირეს პირდაპირ ქუჩაში. თვითონაც გაოგნებული იყო. არ ვიცი ზუსტად რა მიზეზით აიყვანეს. მას ნიღბიანებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირდაპირ დაადეს ხელბორკილები და წაიყვანეს, – იხსენებს მაკო სურმანიძე.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ იმ ინფორმაციებით, რომელიც ახალ „ჯაშუშურ“ სკანდალთან დაკავშირებით ჯერჯერობით გავრცელდა, რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება რთულია. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ საქართველოს თავდაცვის უწყების მიმართ ბევრი ინტერესი იკვეთება. 

„ბუნებრივია, რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ, საქართველოს მიერ ხომ არ ხორციელდება რაიმე შესყიდვები, რომელიც იქნება არაოფიციალური და ფარული, მაგრამ სახელმწიფოს ეგიდით, და რომელიც მოხმარდება რუსეთის დასუსტებას კავკასიაში. ასეთი ინფორმაციების მოსაპოვებლად რუსული სპეცსამსახურები ხშირად ბიზნეს სტრუქტურებს ეფარებიან და ცდილობენ თავდაცვის სისტემაში შესყიდვების სქემა ასე გამოიკვლიონ“, - ამბობს თავდგირიძე.

სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ ყველა აგენტურულ ქსელს თავისი დანიშნულება აქვს. ამ შემთხვევაში კი, სავარაუდოდ ის ჯგუფია აყვანილი, რომლის დანიშნულებასაც კონკრეტულად შეადგენდა იმის დადგენა, რა გემთსაწინააღმდეგო შეიარაღება გვქონდეს და სანაპირო დაცვა რა ტიპის იარაღის კომპლექსებით იყო დაცული. 

„რუსეთისთვის ყველა ეს ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანი იყო. ისევე როგორც ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ და საიდან იმართება უპილოტო თვითმფრინავები. ეს ინტერესი გაჩნდა მაშინვე, როგორც კი უპილოტო საფრენი აპარატები აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოჩნდა~, - აღნიშნავს ექსპერტი.

თავდგირიძე არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის სისტემიდან გარკვეული ინფორმაცია მართლაც ჟონავდა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ამის საშუალებას იძლევა თუნდაც ის, რომ თავდაცვის სამინისტროში სამხედრო და სამოქალაქო ოფისები მკვეთრად გამიჯნული არ არის და ამის გამო, სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს ხშირად ხელი მიუწვდებათ სამხედრო საიდუმლოებასთან. თავდგირიძის განცხადებით დაინტერესებული მხარე ამ ხარვეზებს აუცილებლად გამოიყენებს. ხოლო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო ოფისების გამიჯვნით, სამოქალაქო პირები დაცულები და აგენტურული ქსელისთვის შეუღწევადები იქნებიან, ვინაიდან სამხედრო საიდუმლოებაზე დაშვება არ ექნებათ.

ოფიციალური სტრუქტურები ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. იმ მოტივით, რომ დაკავებულებს ჯერ მხოლოდ ეჭვმიტანილის სტატუსი აქვთ. აჭარელ სამართალდამცველთა განცხადებით, მომხდარის შესახებ ოფიციალურ კომენტარს შს სამინისტრო 5 ნოემბერს გააკეთებს.