"თქვენ ცუდი ოცნებები გაქვთ!", ანუ რატომ დაითხოვეს პოლიციელები

11 ივნისს 60-მდე პოლიციელი დაითხოვეს სამსახურიდან. შს სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება და ეს მოვლენა პოლიციაში მიმდინარე "რუტინული როტაციით" - პოლიციელების პერიოდული გეოგრაფიული და სამსახურებრივი გადანაწილებით ახსნა. გათავისუფლებული პოლიციელები კი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. ამ საკითხზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ლევან იზორია.

- ბატონო ლევან, გავრცელებული ინფორმაციით, შსს-დან 60-მდე პოლიციელი დაითხოვეს.
- როგორც ვიცი, რამდენიმე კაცის გათავისუფლება ასე ახსნეს - "თქვენ ცუდი ოცნებები გაქვთ!" წარმოიდგინეთ, რა მინიშნებებს აკეთებენ... შსს-მ კი გაავრცელა სიცრუე, თითქოს პოლიციელების დათხოვნა როტაციას უკავშირდებოდა. არადა, არიან სისტემიდან ე.წ. პოლიტიკური ნიშნით გამოძევებული ადამიანები. ისინი ამბობენ, რომ ჰყავთ ნათესავები, რომლებიც აქტიურობდნენ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენისთვის ხელმოწერების შეგროვებაზე ან გაზეთებს არიგებდნენ. ეს ტოტალური კონტროლი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია. ესენი, პრაქტიკულად, არ ტოვებენ ადგილს განსხვავებული აზრისთვის. სურთ, ადამიანები ჰყავდეთ შიშში, შანტაჟში...

- პოლიცია ხელისუფლების მნიშვნელოვანი საყრდენია და მის რღვევას არ დაუშვებენ, ალბათ, ამიტომაც გააძლიერეს კონტროლი ძალოვან სტრუქტურებზე. თქვენთვის თუა ცნობილი პოლიციელთა განწყობა?
- საქართველო პატარაა და შეუძლებელია არ იცოდე, სად რა განწყობაა. ვიცით, რომ პროფესიონალ პოლიციელებსაც, ვისაც ჩემი და თქვენი უსაფრთხოებისთვის მთელ დღეს ქუჩაში დგომა და მუშაობა უწევთ, მობეზრდათ უსამართლო, უღირსი მოპყრობა, მათაც ჰყავთ ოჯახები, აქვთ ღირსება და არავის უნდა, მეგობარს თვალებში არ შეხედოს იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვს. ვიწრო ჯგუფი დასაშანტაჟებლად იყენებს მათ სამსახურს, შემოსავლის ერთადერთ წყაროს გიწყალობებ, თუ დამემონები, თუ სხვანაირად არ იფიქრებ და არ იოცნებებო. ეს არის ხელისუფლების აგონიაში ყოფნის ნიშანი და სხვა არაფერი.

- პოლიციის რეფორმა ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლება, რომლის ინიციატორიც თავის დროზე თქვენ იყავით.
- საპატრულო პოლიციის შექმნას, მთელი რიგი ნაბიჯები უნდა. შინაგან საქმეთა სისტემა რომ გამხდარიყო მართლაც სამოქალაქო - პოლიციაც და უსაფრთხოების სამსახურიც უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამ უწყებების შინაარსი გახადა გაუმჭვირვალე, ძალმომრეობითი და მივიღეთ პოლიტიკურ ინტერესებზე დაქვემდებარებული სისტემა. 2005 წლის მიწურულიდან შსს განუზომელი ძალაუფლების სისტემად იქცა. კი ააგეს გამჭვირვალე შენობები, მაგრამ რად გინდა, თუ სისტემა გაუმჭვირვალეა?! ჩვენ გვაქვს საბჭოთა მოდელზე დამყარებული სისტემა, რადგან ამათ კანონებიც კი არ შეუცვლიათ. იცით, რომ "პოლიციის შესახებ კანონი" საბჭოთა მილიციის შესახებ კანონის გადმოქართულებული ვარიანტია?

- სადაც კონსტიტუციის შეცვლას არ ერიდებიან, პოლიციის კანონი რატომ არის შეუცვლელი?
- კანონი რომ შეცვალონ ევროპული სტანდარტების მიხედვით, მაშინ მინისტრს აღარ ექნება პირდაპირი ბერკეტები, ჩაერიოს პოლიციის საქმიანობაში. კანონი და შინაარსი ხომ ძველია, მოქმედებაც - "კა-გე-ბეშნიკური" და მილიციური, ხოლო გარეგნული ფორმა თითქოსდა, დასავლური და ევროპული სტანდარტული - აი, ეს არის მათთვის კომფორტული. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის სიცრუის სისტემა, როცა ცდილობენ იმაში დაგარწმუნონ, რაც რეალურად არ არის.
ეს სისტემა ძალოვნებს ეფუძნება და ის მყარი რომ იყოს, დაშინების ახალ ფორმას მიმართავენ. პოლიციელთა შორის ბევრია ღირსეული ადამიანი, ეს პროფესია დიდ სიმამაცესთან, გამბედაობასა და პატრიოტიზმთანაა დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი აუცილებლად დაუბრუნდება სამსახურს და მომავალშიც განაგრძობს მუშაობას ამ სფეროში.
ამ საკითხზე კომენტარისთვის შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილს დავუკავშირდით:

- ბატონო შოთა, რის საფუძველზე დაითხოვეთ საპატრულო პოლიციის 60-მდე თანამშრომელი?
- ამაზე უკვე გაკეთდა ოფიციალური განმარტება და შეგიძლიათ ჩვენს საიტზე ნახოთ.

- ოფიციალური განმარტებაც ვნახე და პოლიციელების არგუმენტებიც მოვისმინე. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური მოტივით დაითხოვეს. ვის დავუჯეროთ?
- მე მათ მოსაზრებებს ვერაფრით გავიზიარებ. მათ შეუძლიათ, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, მაგრამ ოფიციალური მიზეზი სხვაა.

- რას გულისხმობთ?
- რეორგანიზაცია და როტაცია, მეტი არაფერი.

- ბატონო შოთა, პოლიცია უნდა იყოს პოლიტიზებული?
- რა თქმა უნდა, პოლიცია არ უნდა იყოს პოლიტიზებული. პოლიციელს კანონის გვერდის ახვევის უფლება არ აქვს და არ უნდა ერეოდეს პოლიტიკურ საქმიანობაში, არც მთავრობის მხარეს უნდა იყოს, არც - ოპოზიციის. ის უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონს.