"ეგონათ მომისყიდეს და როცა ნახეს, რომ ეს ვერ შეძლეს, გამათავისუფლეს".

"საკრებულოს სხდომები ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება, შესაბამისად, ეს არის პირველი სხდომა, რაც მე "ქართულ ოცნებაში" შევედი. როცა დღის წესრიგი დაგვირიგეს, ვნახე, პირველ საკითხად ჩემი გათავისუფლება უნდა განხილულიყო, რომ უმრავლესობამ ეს დავალება პარტიული ლიდერებისა და უშუალოდ ქალაქის მერის მითითებით მიიღო. შესაბამისად, მივმართე ჩემს კოლეგებს, თავს ნუ შეიწუხებდნენ - ორი თვის წინ აწიეთ ხელი რომ აგერჩიეთ, ახლა ისევ თქვენ უნდა გადამირჩიოთ და რომ არ იწვალოთ, განცხადებას თავად დავწერ-მეთქი - შევედი იმ ადამიანების მდგომარეობაში, ვისაც რობოტებივით აწევინებენ ხელს. თანაც მათ შორის, ადამიანებისა, ვისაც პატივს ვცემ და არ მინდოდა, მძიმე სიტუაციაში დამენახა", - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი დავით საგანელიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეგონათ მომისყიდეს და როცა ნახეს, რომ ეს ვერ შეძლეს, გამათავისუფლეს".

"მიუხედავად ამისა, იურიდიულმა დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ ფარული კენჭისყრის გამართვა აუცილებელი იყო. ოპოზიციამ დარბაზი დატოვა. უმრავლესობიდანაც რამდენიმე ადამიანმა არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, მათ გვარებს არ დავასახელებ, არ მინდა უხერხულობაში ჩავაყენო. ყველა დანარჩენმა 33-მა ჩემ წინააღმდეგ მისცა ხმა და ვერ წარმოიდგენთ, ამით როგორი კმაყოფილი ვარ. ერთი მაინც რომ ყოფილიყო წინააღმდეგი ამ 33-დან, ნახევარი მაინც მეტყოდა, ეს ერთი მე ვიყავიო. ახლა კი ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ადამიანები მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც უბრძანებენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით საგანელიძე.

"თურმე, როგორც კი "ქართული ოცნების" წევრი გავხდი, ჩემს ლექსიკაში სალანძღავი სიტყვები გაჩენილა. მსგავსი აბსურდი არ მომისმენია, სამადაშვილს ვთხოვე კიდეც, ჩემ მიერ ნათქვამი ერთი უხამსი განცხადება მითხარი-მეთქი: იმ ორთვიან პერიოდში, რაც თავმჯდომარის მოადგილე ვარ, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს. ეტყობა სამადაშვილისთვის ცხოვრების ერთადერთი მიზანი კარგი ხელფასი, კარგი კაბინეტი და მანქანაა და დღეს, როცა თავის პროზაული "ნაფიქრი" გაგვიზიარა, დაავიწყდა, რომ პოლიტიკოსს, პირველ რიგში, ზნეობა უნდა ჰქონდეს და უსირცხვილოდ არ უნდა თქვას ყველაფერი. მან დღეს ეს ზღვარი დაარღვია. ვწუხვარ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში იმ ნიღაბსაც კარგავენ, რომლითაც ხალხს ეჩვენებიან", - განარძობს რესპონდენტი.

"როცა მოადგილედ მირჩევდნენ, განვაცხადე - ნურავის ეგონება, თანამდებობით შემცვლით-მეთქი. მათთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა კარგ ხელფასსა და შეღავათებზე უარი მეთქვა. ამის იქით ვერ აზროვნებენ და მიიჩნიეს, რომ უფრო ბევრი შესთავაზეს საგანელიძეს, რომ ეს თანამდებობა დათმოო - მათთვის მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა, ზნეობა და ქვეყნის სიყვარული კი მათგან შორსაა. ეგონათ მომისყიდეს და როცა ნახეს, რომ ეს ვერ შეძლეს, გამათავისუფლეს... მინდა გითხრათ, რომ ნაციონალებისთვის "ქართული ოცნება" ყველაზე მიუღებელი პოლიტიკური ძალაა და იციან, რომ მათ მალე პოლიტიკიდან გაყრის. ამიტომ გავცდით მათთვის პერსონალური მტრებიც. როცა ზურაბ აბაშიძე გაათავისუფლეს, რამდენიმე თვეს ეს ადგილი ვაკანტური იყო და მე მხოლოდ ორი თვის შემდეგ ამირჩიეს. შეიძლება ახლაც ასე მოხდეს, რადგან კანონით საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე ოპოზიციონერი უნდა იყოს. შესაძლოა ვინმე თავისი რიგებიდან "გააოპოზიციონერონ..." - დასძენს დავით საგანელიძე და შეკითხვას "მაჟორიტარად კენჭისყრას თუ აპირებთ და სად?" - პასუხობს:

"მაჟორიტარობის კანდიდატი მაშინ ვიქნები, თუ ამას გუნდი მიიჩნევს საჭიროდ. ოპოზიციიდან ვიყარე კენჭი ონში, დიდუბეშიც და ვაკეშიც და სამივეჯერ მოვიგე. გარწმუნებთ, რომელ რაიონშიც უნდა ვიყო, აუცილებლად მოვიგებ".