პოლიციაში

პოლიციაში "გაყიდული" საქმეები! ექსკლუზიურად ვანო მერაბიშვილისთვის...

გათავისუფლებულები, დაქვეითებულები, სისტემიდან დათხოვნილები, გათავისუფლების მოლოდინში მყოფნი და საერთო ჯამში გაურკვევლობით თავგზააბნეულები, _ გურიის სამხარეო პოლიციას საკადრო ცვლილებების დიდმა წინასაარჩევნო ტალღამ გადაუარა.

როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ვიზიტი ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს ძვირად დაუჯდა. სამმართველოს უფროსს, დავით კაპანაძეს და მის მოადგილეს ბესიკ ბრეგაძეს თანამდებობები დაატოვებინეს. გურიის სოდის უფროსი, ტატო ვასაძე კი ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს უბნის რწმუნებულების ხაზით.

ეს ბოლო დიდი ცვლილებები ლანჩხუთის პოლიციაში, სტატიის პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა...

თენგიზ თარგამაძე: "როგორც პოლიციელს, მიკვირს, რატომ არ ისმის კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში? რას ნიშნავს ამდენი პიროვნების დასჯა, სასტიკი საყვედურები, თანამშრომლების გათავისუფლება, დაქვეითებები, უფროსებისა და მოადგილეების მოხსნა. იცით რა ხდება? ხელმძღვანელი სადაც სუსტია, იქ იხსენება ამდენი მოადგილე და თანამშრომელი. იქ ხდება ასეთი ამბები, სადაც უვიცია ხელმძღვანელი და რეგიონში ოპერატიულად ვერ ფლობს სიტუაციას. გაგიკვირდებათ, საქონლის იმდენი ქურდობაა ლანჩხუთში საერთოდ რომ არ ყოფილა არასდროს. მაგრამ არხეინად გრძნობენ თავს, ჩამოსულები არიან, საწვავი არ აკლიათ და მანქანა. თვითონ გულაობენ, არც რესტორნებს იკლებენ იკლებენ და არც ჭამა-სმას. იგულაონ, მაგი ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მართალ კაცს და სამართალს ნუ შეეხება!"

ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომელი თენგიზ თარგამაძე 17 წლიანი მუშაობის შემდეგ, სისტემიდან დაითხოვეს. ის "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურად ყვება იმ ამბებს, რაც გურიის სამხარეოს მთავარ სამმართველოსა და ლანჩხუთის პოლიციაში მას შემდეგ ხდება, რაც საკადრო ცვლილებების შედეგად გურიის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა მთლიანად იმერეთიდან წამოყვანილი კადრებით დაკომპლექტდა.

2 დღის წინ, იმერელი კადრები გურულებით ჩაანაცვლეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ამ ყველაფრის მიზეზი, გარდა ბიძინა ივანიშვილის ხალხმხრავალი აქციისა, სხვა რამეც იყო...

გაჟონილი ინფორმაციები, გაუხსნელი და "გაყიდული" საქმეები

გურიაში, ბოლო დროს, პირუტყვის გახშირებული ქურდობით შეწუხებული ადამიანები პოლიციაში განცხადების დასაწერადაც აღარ მიდიოდენ. იცოდნენ, რომ მათთან ან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ განცხადების უკან გატანაზე, ან არანაირი რეაგირება არ მოყვებოდა.

თენგიზ თარგამაძის თქმით, ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც უკვე დაგეგმილი საქმე გაურკვეველი მიზეზების გამო "ფუჭდებოდა".

"გარდა იმისა, რომ ინფორმაციები გადიოდა, ხშირად, საჭიროდაც არ თვლიდნენ გადამოწმებას. ოპერატიულ სამუშაოებს იმ მარტივი მიზეზის გამო არ ატარებდნენ, რომ ინფორმატორი სხვა პოლიციელი იყო და არა თვითონ. რაღაცეებს იმიზეზებდნენ. ჩასაფრებულები იყვნენ ერთმანეთზე და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობაც კარგად ხედავდა, მაგრამ ყველა თავის სკამს უფრთხილდებოდა. ერთია ეს სკამი და ვერ გაიყვეს. ქუთაისელების თქმის არ იყოს, _ არ დადგეს ერთი გრძელი სკამი, ყველა რომ დაეტიოს ზედ."

ჩვენი რესპონდენტის განცხადებით, საქმე იქამდე მივიდა, რომ გამზადებული და ოპერატიულად დამუშავებელი საქმეები, ბოლო მომენტში აღარ სრულდებოდა. გაუხსნელი საქმეების გამო, ლანჩხუთის სამმართველო ზემდგომებმა შეაწუხეს.

თენგიზ თარგამაძე: "ამასთან დაკავშირებით, საუბარი მქონდა ლანჩხუთის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, გიგი გეგიაძესთან. მითხრა, ყველა ინფორმაცია ჩემთან მოიტანე და პირობას გაძლევ, არ დაიკარგებაო. დაიმედებული წამოვედი, მაგრამ შვებულებიდან რომ დავბრუნდი, თავის ადგილზე აღარ დამხვდა, სხვა დაუნიშნავთ."

ქუჩიდან აყვანილი ბავშვები _ მოკლე გზა პოლიციიდან ნარკოლოგიურამდე

შვილების გაშვება ლანჩხუთის ქუჩებში უსაფრთხო აღარ იყო. ყოველგვარი ოპერატიული შეტყობინების, ან რაიმე მსგავსი მიზეზის გარეშე შეეძლო პოლიციას, ჩამოექროლა "ბირჟაზე" მდგომი ახალგაზრდა ბიჭებისთვის და ჯერ პოლიციაში, შემდეგ კი ნარკოლოგიურში გაექანებინა.

თენგიზ თარგამაძე: "ვხედავდი, როგორ აჰყავდათ ჩემს თანამშრომლებს ბავშვები ქუჩიდან, აჰყავდათ უმიზეზოდ, მერე მოჰყავდათ პოლიციაში და მიჰყავდათ ნარკოლოგიურში. რატომ მიგყავთ მეთქი, _ ვეუბნებოდი. ზოგჯერ მეც მავალებდნენ, _ მოდი დაწერე დაკავების ოქმიო. მე არ დამიკავებია და რატომ უნდა დავწერო,-მეთქი. თქვენ ქუჩიდან, სადღაციდან ბავშვები მოგყავთ, იქნება, სადმე გალახეს, მერე რომ იჩივლოს მან ან მისმა მშობელმა, პასუხი მე რატომ უნდა ვაგო,-მეთქი? ამას რომ დაგავალებდა ხელმძღვანელობა და წინააღმდეგობას გაუწევდი, როგორ ბედავ შეპასუხებასო, ბრაზობდნენ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, ქულების დასაწერად. პირზე დავადგები, თუ უნდა ნებისმიერს!"

თარგამაძის თქმით, ამ პოზიციის გამო, გურიის სამხარეოს უფროსს დავით ცირეკიძეს ამბავი მიუტანეს, _ ინტრიგანია, თანამშრომლებს ასე ელაპარაკებაო.

თუმცა, თარგამაძის ათვალწუნების მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მას გარკვეული სახის ურთიერთობები ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მისი სისტემიდან დათხოვნის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ამავდროულად, მისი გათავისუფლება ვაჟიშვილის "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების ფაქტს დაემთხვა.

საყვედური მერაბიშვილის ბრძანების შესრულებისთვის

2006 წელს ლანჩხუთის პოლიცია გენერალურმა ინსპექციამ შეამოწმა. როგორც თარგამაძე ამბობს, ამ წლის შედეგებით, ძებნის ხაზით, ლანჩხუთს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. მაშინ ის სწორედ ამ ამ ხაზით მუშაობდა. მიუხედავად საუკეთესო შედეგებისა, მას თბილისიდან გენინსპექციის საყვედური მოუვიდა.

თენგიზ თარგამაძე: "თავისუფლად შეუძლიათ გადაამოწმონ ეს მონაცემები, ყველაფერი მაგათ ხელში არ გადის? 2006 წლის შედეგებით, ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავით ძებნის ხაზით. ჩამოვიდა გენერალური ინსპექციის წარმომადგენელ და სხვებთან ერთად, მეც მესაუბრა. საუბრის დროს, მინისტრის ერთ-ერთ ბრძანებაზე მივუთითე, _ მე მხოლოდ ამ ბრძანების ფარგლებში ვმოქმედებდი და ვიმოქმედებ,-მეთქი. არაფერი უთქვამს, ისე წავიდა. რამდენიმე ხანში, საყვედურის წერილი მოვიდა ჩემზე. დღემდე არ ვიცი რატომ მივიღე საყვედური. დასკვნაში ჩახედვის უფლებაც კი არ გვქონდა, იმ დასკვნაში, რომელიც მე მეხებოდა. ალბათ, ამის მიზეზი მინისტრის ბრძანების ცოდნა იყო. ეს ერთადერთი საყვედური იყო, რაც 17 წლიანი მუშაობის მანძილზე მიმიღია. ამის შემდეგ, ადგნენ და სისტემიდან დამითხოვეს, თითქოს კრიმინალი და კაცისმკვლელი ვიყო! დამითხოვეს გენინსპექციის გაყალბებული დასკვნის საფუძველზე.

ვამბობ, რომ დავუმტკიცებ გენინსპექციას სიყალბეს და არავინ მეძახის, რეაგირებას არავინ ახდენს. იქნებ ვიტყუები? არ უნდა დაიწყონ საქმის მოკვლევა? აი, ასეთ სისტემას აშენებენ ეგენი!"

P.S. "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ამ თემაზე სატელევიზიო სიუჟეტები გააკეთა ტელეკომპანია "მაესტრომ" და "მე-9 არხმა", დაიწერა პრესის საშუალებითაც, რაც საკმარისი საბაბი იყო იმისთვის, რომ სამართალდამცავი ორგანოები თარგამაძის განცხადებებით დაინტერესებულიყვნენ. მინიმუმ, ის მაინც გაერკვიათ, შეესაბამება თუ მის მიერ მედიით გავრცელებული ფაქტები სიმართლეს.