"მევლუდ ბრეგვაძე მეორეა ეროვნული გამოცდების ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შემდეგ, ვინც სახელისუფლებო კულუარებზე საჯაროდ ალაპარაკდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც ხელისუფლების მხრიდან ხალხის დაშინების ფაქტებსა და არჩევნებში მაჟორიტარად კენჭისყრის სურვილზე გააკეთა განცხადება. თერჯოლის საკრებულოს სხდომის კადრები სააგენტომ "ინფო 9" გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ედავება გაყალბებული ოქმის გამო ბრეგვაძე საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ფანჩულიძეს, ის კი დაჩქარებული წესით კენჭისყრას ატარებს და სხდომიდან მიდის. ოპოზიციაში გადასულ საჯარო მოხელეს "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის სურვილი აქვს, თუმცა რაიონული ოფისი ამის წინააღმდეგია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ძალიან ბევრი ვითმინე" - საჯარო მოხელე სახელისუფლებო კულუარებზე ალაპარაკდა / "სააშკარაოზე გამოვიტან ყველა იმ დაშინებას და ზეწოლას, რაც ხდება".
"ეს იყო არა საკრებულოს სხდომა, არამედ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ბუცხრიკიძის მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელიც ვერ განახორციელეს, რადგან ნიჭიერი მსახიობი არ ჰყავდათ. სიმართლე იყო ჩემს მხარეზე და ხალხის მხარეზე, რადგან სხდომაზე ჩემი მხარდამჭერები მოვიდნენ... ვერ გამათავისუფლებენ თუნდაც იმიტომ, რომ ოფიციალურად შვებულებაში ვარ 1 ივნისიდან 1 ივლისამდე - როგორ შეიძლებოდა ამ დროს გადაყენების საკითხის დაყენება? ოქმი როგორ შედგება, ამასაც ველოდები, მაინტერესებს კენჭისყრის შედეგები ვინ დათვალა და როგორ დაითვალეს. საკრებულოს თავმჯდომარემ ნაძირალა და მოღალატე მიწოდა. ეს იგი, თუ მე მათნაირად არ ვაზროვნებ, მოღალატე და ნაძირალა ვარ? წარმოიდგინეთ, როდესაც საკუთარ მოადგილეს ასეთი სიტყვებით მიმართავს, რა დღეში ეყოლება სხვა თანამშრომლები. რამდენიმე თანამშრომელმა, როცა კაბინეტში დაიბარეს, პირდაპირ უთხრა, მევლუდს ვუჭერთ მხარსო. ნეტავ იცოდეთ, რას ეუბნებიან და საერთოდ რა ხდება იქ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მევლუდ ბრეგვაძე.
"სააშკარაოზე გამოვიტან ყველა იმ დაშინებას და ზეწოლას, რაც ხდება. იმდენად გათავხედდნენ, რომ ჩემი ბიძაშვილიც კი დაიბარეს, ხმას ვის აძლევო. აღარ ვსაუბრობ იურისტებისა და სამსახურის უფროსების დაბარებაზე. ვინც გაბედა, ვაჟკაცურად თქვა, ვინც ვერ შეძლო, ისე შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, რომ ალბათ ეს სიტუაცია სადღაც იფეთქებს. ქუთაისის 10 ივნისის აქციამდე სოფლის ყველა რწმუნებული იყო ჩამოყვანილი და სიებს ადგენდნენ, უყურებდნენ, მათი სოფლებიდან ვინ წავიდოდა, მაგრამ რაში სჭირდებოდათ - "ოცნების" ოფისში რა პასპორტებიც მიიტანეს და ვისი მანქანაც დადგებოდა, ყველას სია 15 წუთში საკრებულოში და უშიშროებაში იდო... ანტენებზეც იყო ზეწოლები, მხოლოდ რამდენიმე სოფელში დააყენეს. ნორმალურად რომ ემუშავათ, თერჯოლის რაიონში მანამდე დამთავრდებოდა პროცესი, სანამ დააყადაღებდნენ. დალოცვილებო, თეფშია ხელშეკრულებით დადგმული, რომლის საფასურიც მომავალში უნდა გადაიხადო, ესაა ამომრჩევლის მოსყიდვა? და ის არ არის საშინელება, რომ ხალხს მარტო ერთმხრივ ინფორმაციას ვაყურებინებთ? გაზეთს ვერავინ ყიდულობს რეგიონებში - ადამიანს თუ ფული გაუჩნდა, მიდის და პურს ყიდულობს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ნაციონალების" კანდიდატი თერჯოლაში ბაჩო ახალაიას მოადგილეა. თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალმა რომ დაარიგა რაიონში წამლები, ესეც მოსყიდვაა და ამის გარდა უამრავი ფაქტია, რაც არ ჩანს და თანდათანობით გამოჩნდება. უთანხმოება დაიწყო ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან. ყველაფერს აკეთებდა ზურაბ ბუცხრიკიძე, რომ ქალაქ თერჯოლაში მაჟორიტარი ყოფილიყო რომელიმე სოფლიდან და კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა, მაგრამ მე წავედი წინააღმდეგი, რადგან თერჯოლელი ვიყავი და კენჭისყრაც მსურდა - ამის შემდეგ წავიდა ჩემ მიმართ ზეწოლა, რომ მე თუ ამდენ პროცენტს არ მივიღებდი არჩევნებზე, საერთოდ დავიკარგებოდი და სამუშაო ჩემთვის არ იარსებებდა. თუ მივიღებდი 65-70%-ს, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვიქნებოდი, მაგრამ ყველანაირი პირობები შემიქმნეს, რომ ხმები ვერ ამეღო. თუმცა. მოხდა ის, რაც ალბათ ღვთის ნება იყო - მივიღე 93%. ლოგიკით, საკრებულოს თავმჯდომარეობა მეკუთვნოდა, მაგრამ მოადგილედ დამნიშნეს, - არც ამის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ რომ არ დავენიშნე, იცოდნენ ამომრჩევლების წყენას დაიმსახურებდნენ", - ამბობს მევლუდ ბრეგვაძე.
"შემდეგ უკვე პირდაპირ წავიდა საუბრები და დავერბოვკება. ჩემი ნებისმიერი წარმოთქმული სიტყვა ან საქმე იგნორირებული იყო. გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ხომ აზრი არ ჰქონდა რამეზე ლაპარაკს. ტარიელს ვეუბნებოდი, ერთი წინადადება გამახსენე, რომელიც მე დამიყენებია ორი წლის მანძილზე და დამთანხმებოდი-მეთქი. ამჟამად საკრებულოს ოქმს ველოდები. დღევანდელი მდგომარეობით შვებულებაში ვარ. წინა საკრებულოს სხდომის ოქმი გაყალბებულია, მაშინ განვაცხადე, რომ საკრებულოს თანამშრომლების დაბარებაში და დაშინებაში ჩართულები იყვნენ თავად თავმჯდომარე და საკრებულოს რამდენიმე წევრი, მაგრამ ოქმში ჩემი სიტყვა შესული არ არის. ჩემი გადაყენებაც ემსახურება ერთ მიზანს - დააშინონ ის ადამიანები, რომლებიც მხარს მიჭერენ და ასეთი ადამიანების რიცხვი თვითმმართველობაში 80%-ია", - დასძენს მევლუდ ბრეგვაძე.