პროკურატურის “ვარსკვლავთბიჭუნა”, ზურაბ ადეიშვილისა და გიგი უგულავას ფავორიტი დავით საყვარელიძე პოლიტიკაშიც იგივე მიზნებით მიდის, რა მიზნებითაც პროკურატურაში მივიდა.
“ჩემთვის მთავარია, ემსახურებოდე ხალხს და მის ინტერესებს და სადაც უნდა ვიყო, იქნება ეს პროკურატურა თუ პოლიტიკური სივრცე, მე სწორედ ამას გავაკეთებ”, - განუცხადა “პირWელს” დავით საყვარელიძემ პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით გაკათებულ კომენტარში.
რამდენად “ხალხზე ორიენტირებულად” ეჩვენება პროკურატურის მუშაობა სააკაშვილის ძალოვნების ფავორიტს, ძნელი სათქმელია, თუმცა იმ სტატისტიკის შეხსენება, რასაც ადეიშვილის რეპრესიული უწყება წლებია, ახორციელებს, პოლიტიკოსობის მსურველ ახალგაზრდა ძალოვანსაც გამოადგება. მართალია, მან ეს სტატისტიკა კარგად იცის, რადგან წლების განმავლობაში ამ რეპრესიების თანამონაწილე იყო, მაგრამ შეხსენება მაინც აუცილებელია.
მაშ ასე: სააკაშვილის ხელისუფლების თანახერხემალი, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილია. იუსტიციის სამინისტროს ფაქტობრივ ფუნქციებში კი შედის: პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა-შევიწროვება და რეპრესიები; პოლიტიკური გემოვნების გამო, ასეთი ადამიანების ოჯახის წევრების და ახლობლების დაკავება-დაპატიმრებები; კერძო საკუთრების “ნებაყოფლობითი გაჩუქების” უზრუნველყოფა ძირითადად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პროკურორების, გამომძიებლებისა და საგანგებოდ მიყვანილი ნოტარიუსების თანდასწრებით; ასევე კერძო საკუთრების უფრო გამარტივებული ფორმით - მესაკუთრებისათვის წართმევით ჩამორთმევა; ბიზნესის დატერორება; საქართველოში არსებული უკლებლივ ყველა ოჯახის შესახებ სრული ინფორმაციული პაკეტის შექმნა, რომ ბევრად გაადვილებული იყოს მათი დაშინება-შანტაჟება და მათი პოლიტიკური გემოვნების სრული კონტროლი “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ და ა.შ.
სწორედ იუსტიციის სამინისტროს და უშუალოდ, დავით საყვარელიძის შეფის დამსახურებაა ის გარემოება, რომ ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანას 22 400 პატიმარი ჰყავს, 40 000-ზე მეტი პრობაციონერი და 2 000-ზე მეტი ბრალდებული. რაც შეეხება არაოფიციალურ მონაცემებს, ეს ციფრი გაცილებით მაღალია და პატიმრების რაოდენობით ქვეყანა ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. კატასტროფულია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობაც და ამ ყველაფერს სწორედ ადეიშვილის უწყება აკონტროლებს, ვინაიდან მოსამართლეები პროკურატურის მითთებებს ასრულებენ და სწორედ ადეიშვილის უწყებაში დაწერილ განაჩენებს და გადაწყვეტილებებს ახმოვანებენ.
გარდა ამისა, არაოფიციალური, მაგრამ მრავალი მიმართულებით გადამოწმებული მონაცემების მიხედვით, საპროცესო შეთანხმებებიდან პროკურატურა საქართველოს მოსახლეობიდან ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი ლარის ამოღება-მობოლიზებას ახდენს.
ეს არის გზა, რომელიც “ვარსკვლავთბიჭუნა” დავით საყვარელიძემ გაიარა. ასეთი იყო მისი პროკურორული მიზნები, რომელსაც წლების განმავლობაში ემსახურებოდა. ეს არის “ბექგრაუნდი”, რომელზეც დავით საყვარელიძე საკუთარი პოლიტიკური მომავლის აწყობას გეგმავს.
ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატობის მსურველი 31 წლის დავით საყვარელიძე მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ 2009 წლიდან მუშაობდა. მანამდე 2008-2009 წლებში იყო თბილისის პროკურორი, 2007-2008 წლებში - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი. მისი ქონებრივი დეკლარაცია კი ასე გამოიყურება:
2009-2011 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით 353 211 ლარი აიღო.
როგორც “პირWელის” მიერ საყვარელიძის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით - 90 144 ლარი აიღო, 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 122 745 ლარი, 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 140 322 ლარი გამოიმუშავა. ამ მონაცემების მიხედვით, დავით საყვარელიძე ყოველთვიურად ხელფასის სახით დაახლოებით, 12 ათას ლარს იღებდა, რაც ნიშნავს საქართველოს მოქალაქე პენსიონერის 12 წლის პენსიას; ეს მაშინ როცა, საქართველოში საარსებო მინიმუმი 155 ლარს შეადგენს და სწორედ 155ლარით ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი; დაახლოებით 700 000 საქართველოს მოქალაქე კი, სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში გადის.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა “თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება”, 2010 წლის დეკლარაციაში ცარიელია. 2009 და 2011 წლების დეკლარაციებში კი აღნიშნულ გრაფაში საყვარელიძეს შესაბამისად, 25 000 და 30 000 ლარი აქვს მითითებული.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის საყვარელიძის დეკლარაციის მიხედვით, მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის დედა მადონა ჭეიშვილი თბილისის მერიაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ “03”-ის დირექტორი იყო, სადაც წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 21 000 ლარი აიღო.
2011 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად კი, მადონა ჭეიშვილს შპს მე-5 კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობა ეკავა, სადაც ანაზღაურების სახით 12 000 ლარი გამოიმუშავა. პარალელურად, ჭეიშვილი გასულ წელს მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში კონსულტანტად მუშაობდა, სადაც 19 500 ლარი აიღო.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დავით საყვარელიძეს 2009 წლის დეკლარაციის თანახმად, “სტანდარტ ბანკში” სახელფასო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 4 800 ლარი ერიცხებოდა.
2010 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს “სტანდარტ ბანკში” გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) მხოლოდ 20 000 ლარი უფიქსირდებოდა.
უკვე 2011 წლის დეკლარაციაში დავით საყვარელიძეს “სტანდარტ ბანკში” გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 4 800 ლარი ერიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს “ლიბერთი ბანკსა” და “ბანკ რესპუბლიკაში” სახელფასო ანგარიშები საყვარელიძის დედას მადონა ჭეიშვილსაც ჰქონდა გახსნილი, თუმცა თანხა არ ერიცხებოდა.
მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, საყვარელიძეს თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარედ, 150 კვ.მ ფართობის ბინა აქვს მითითებული.
2010 წლის დეკლარაციაში კი დავით საყვარელიძეს ზემოთ აღნიშნული ბინის გარდა, უძრავი ქონების გრაფაში თბილისში, ნუცუბიძის #193-ში 90 კვ.მ ფართობის ბინა უფიქსირდება. ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ორივე ბინის 50%-50% დედის კუთვნილებაა.
აღსანიშანავია, რომ 2011 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარედ 150 კვ.მ ფართობის ბინა მხოლოდ დავით საყვარელიძეს ეკუთვნის, ხოლო ნუცუბიძის #193-ში მდებარე ბინა - მადონა ჭეიშვილს. ამასთან, თუ 2010 წელს ბინის ფართი 90 კვ.მ იყო, 2011 წელს როგორც ჩანს, გააფართოვეს და 161.31 კვ.მ არის მითითებული.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) 2009-2011 წლების დეკლარაციის შესაბამისი გრაფები ცარიელია.
ამასთან, 2009-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, საყვარელიძეების ოჯახის არცერთი წევრი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, არც საყვარელიძეს და არც მის დედას 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.
დეკლარაციას თუ ვენდობით, 2009-2011 წლების განმავლობაში საყვარელიძეს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღიათ.
ასევე დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა - “თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე”, როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლებში ცარიელია.
ცნობისთვის, დავით საყვარელიძის ოჯახი დედის მადონა ჭეიშვილისგან შედგება.