საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა მხარის თანაბარ პირობებში მოქცევას, კონტროლის პალატამ უნდა შეიმუშაოს და დაიცვას გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურები, გამოძიება უნდა იყოს საფუძვლიანი და ობიექტური, ხოლო მედიამ უნდა გამართოს და გააშუქოს პოლიტიკური დებატები... - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია რეკომენდაციებისა, რომლებიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის საერთაშორისო დელეგაციამ, საქართველოში დაახლოებით ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის შემდეგ შეიმუშავა. ანგარიშის პრეზენტაცია 29 ივნისს თბილისში, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში”, შედგა.
როგორც „ენდიაის“ პრეზიდენტმა კენეტ ვოლაკმა განაცხადა 29 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ანგარიში იმ მასშტაბური ინფორმაციის გადამუშავების შედეგად მომზადდა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს საერთაშორისო დელეგაციამ ხელისუფლების, ოპოზიციის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის, მედიისა თუ სხვა არაერთი წყაროს საშუალებით მოიპოვა. ითქვა, რომ „ენდიაი“ არ აპირებს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში ჩარევას და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზანს ემსახურება.
29 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, NDI-ის საერთაშორისო დელეგაცია მიესალმება 2008 წლის შემდეგ მომავალი საარჩევნო ციკლისთვის მოსამზადებლად გადადგმულ რიგ წარმატებულ ნაბიჯებს, რომ, მაგალითად, შეიქმნა ახალი ინსტიტუტები - ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია და კონტროლის პალატის
სამსახური - და კიდევ უფრო განვითარდა სხვა ინსტიტუტები, მაგალითად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათშორისი კომისია. საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და მედიისთვის ე.წ. ”მასთ ქერის” ნორმების გათვალისწინებით, წინა არჩევნებთან შედარებით, 2012 წლის საარჩევნო პროცესი, დელეგაციის აზრით, ”უფრო ფორმალიზებული და რეგულირებულია.” ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საარჩევნო რეფორმის სხვადასხვა საფეხურზე პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იყო დიალოგისა და მოლაპარაკებების პროცესში, რასაც რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვა და მათ შორის არის, მაგალითად, შერეული საარჩევნო სისტემით პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების განაწილება თუ კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ზოგიერთი განმარტების გაუმჯობესება.
2008 წლის შემდეგ გადადგმული წარმატებული ნაბიჯების ჩამონათვალი მედიას 29 ივნისს NDI-ის დელეგაციის წარმომადგენელმა, საქართველოში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა, პერ ეკლუნდმა გააცნო, თუმცა იქვე გამოითქვა შეშფოთებაც:
”დელეგაცია შეშფოთებულია მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციით ქვეყანაში და კონსტრუქციული დისკუსიის არარსებობით პოლიტიკურ ლიდერებს შორის. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შეურაცხყოფა ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა და, მეტიც, საარჩევნო კამპანიის რიტორიკაში ჯერ ისევ გვხვდება სიძულვილის ენა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მისამართით. კვლავაც ვრცელდება ცნობები პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლისა და კამპანიის თანხების არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე; კვლავაც ისმის ბრალდებები საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ.”
იმისათვის, რომ პრობლემები დაიძლიოს და 2012 წლის არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობა განმტკიცდეს, NDI-ის ანგარიში მთელ რიგ რეკომენდაციებს მოიცავს, რომელთა ადრესატებსაც წარმოადგენენ, მაგალითად, ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, ცენტრალური საარჩევნო კომისია, კონტროლის პალატა თუ მედია. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ რეკომენდაციას ლაიტმოტივად გასდევს მოწოდება კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
იმის გარდა, რომ საერთაშორისო დელეგაცია საქართველოს ხელისუფლებას ძალადობრივი ფაქტების სრულფასოვანი გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებს, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისთვის გამიზნულ რეკომენდაციებში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებას და საარჩევნო კანონმდებლობის თანაბრად გამოყენებას.” ანგარიშის ფრაგმენტი, რომელიც ”საარჩევნო კანონმდებლობის აღსრულებით ანგარიშვალდებულების გაზრდას” უკავშირდება, NDI-ის დელეგაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, აშშ-ის ყოფილმა კონგრესმენმა სემ გეჯდენსონმა წაიკითხა:
”საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი დამოკიდებულია ჩართულობაზე, გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებასა და პროცესის სამართლიანობაზე. სამართალდამცველებმა, პროკურორებმა და სასამართლოებმა, ისევე როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სრულფასოვნად უნდა შეასრულონ საკუთარი მოვალეობა და პასუხი უნდა აგებინონ ყველას, ვინც არ იცავს საარჩევნო კანონმდებლობას და არღვევს ამომრჩევლისა და კანდიდატების უფლებებს.”
„ენდიაის“ ანგარიშის მიხედვით, იმის გარდა, რომ, მაგალითად, ”თავი უნდა შეიკავონ ფინანსების უკანონო ხერხებით მოპოვებისა და ხარჯვისგან”, პოლიტიკურმა პარტიებმა ”პარტიულ სიებში უფრო მეტი ქალი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ და ასევე დაასახელონ ქალები მაჟორიტარ კანდიდატებად მათთვის კონკურენტუნარიან ოლქებში.”
ამავე რეკომენდაციების მიხედვით, მედიამ არჩევნები ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესაბამისად” უნდა გააშუქოს, ხელმისაწვდომი უნდა გახადოს სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამები და ”უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტებისთვის დებატების ხელმისაწვდომობა”. ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზგასმულია დებატების მნიშვნელობა რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.
რაც შეეხება კონტროლის პალატისთვის გამიზნულ რეკომენდაციებს, NDI-ის ანგარიშში, მაგალითად, ვკითხულობთ, რომ ”სამსახურმა უნდა შეიმუშაოს, გამოაქვეყნოს და დაიცვას გამჭვირვალე, თანმიმდევრული და სამართლიანი პროცედურები” და, მათ შორის, უზრუნველყოს ”გამოძიების (მონიტორინგის) შესახებ შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობა.” ამასთან, ”ყველა გამოძიება (მონიტორინგი) უნდა იყოს სიღრმისეული და მიუკერძოებელი” და მედიასთან მჭიდრო და გამჭვირვალე ურთიერთობით სამსახურმა უნდა შეძლოს მიაღწიოს იმას, რომ არ აღიქმებოდეს ”მიკერძოებულ ორგანოდ”.
კონტროლის პალატის მისამართით ჩამოყალიბებულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს „ენდიაის“ ანგარიშის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სეგმენტად მიიჩნევს ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია. თუმცა, ზოგადად, მისთვისაც ცხადია, რომ ენდიაის ანგარიში მწვავე და კატეგორიულ სახე არ ატარებს და ეს მისთვის არც იყო მოსალოდნელი:
”ანუ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მხარის თვალში - იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია - შეფასებისას დარჩნენ ნეიტრალურები და ობიექტურები. ალბათ, სწორედ ამიტომ იკავებენ თავს მკაფიო შეფასებების გაკეთებისგან. თუმცა მე ვიტყოდი, რომ NDI ნამდვილად დიდ დახმარებას უწევს ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. მაგალითად, ჩვენი სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მთლიანად არის მხარდაჭერილი NDI-ის მიერ.”
შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში NDI-ის 3 გრძელვადიანი და დაახლოებით 20 მოკლევადიანი მეთვალყურე ჩამოვა. გრძელვადიანი მეთვალყურეობის პროცესი ივლისში დაიწყება.