ოპოზიცია მომაკვდავი სოფლის მეურნეობის გაცოცხლებას ითხოვს

ოპოზიცია მომაკვდავი სოფლის მეურნეობის გაცოცხლებას ითხოვს

„თავისუფალი დემოკრატები“ სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას უკიდურესად საგანგაშო უწოდებენ და ხელისუფლებას სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ვითარება მართლაც საგანგაშოა. 2010 წელმა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სოფლის მეურნეობას გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და პარტიის წევრმა დავით ონოფრიშვილმა ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სფეროში არასწორი პოლიტიკის გატარების გამო გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად საქართველომ სასურსათო დამოუკიდებლობა დაკარგა.

 

მათი განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის 80 პროცენტზე მეტი დღესდღეობით იმპორტირებულია. განსაკუთრებით საგანგაშოა ხორბლის, ხილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულისა და კარტოფილის მოსავლიანობის კლება, შემცირდა პირუტყვისა და ფრინველის სულადობის მაჩვენებელებიც.

 

„კატასტროფულად დაიკლო ხორბლის ნათესების ფართობმა და მოსავლის რაოდენობამ - 2003 წლამდე ხორბლის მოსავალი აჭარბებდა 200 ათასს ტონას, 2010 წელს კი მხოლოდ 45 ათასი ტონა იყო. 50 ათას ჰექტარამდე განახევრდა ნათესი ფართობის ოდენობა. დაეცა მოსავლიანობაც. საქართველოს ყოველწლიური მოხმარება, საშუალოდ, 600 ათასი ტონა ხორბალია. ქართული ხორბალი ბაზრის მოთხოვნილებას მხოლოდ 7%-ით აკმაყოფილებს, როცა 2003 წელს ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლი 30%-ზე მეტი იყო“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

 

ონოფრიშვილის თქმით, ადგილობრივი წარმოების შემცირების პროპორციულად იზრდება ფასები იპმორტირებულ პროდუქციაზე, რამაც გამოიწვია სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ კვების პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელის შემცირებაც. „თავისუფალი დემოკრატები“ აღნიშნული მდგომარეობის მთავარ მიზეზად ხელისუფლებაში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის არარსებობას ასახელებენ.

 

„ხელისუფლების დაპირების მიუხედავად არ მუშაობს პროგრამები „ტრაქტორი ყველა სოფელს“ და „იაფი სესხი“, უმეტეს სოფლებში მოშლილია სამელიორაციო სისტემა“, - აღნიშნეს ალასანიამ და ონოფრიშვილმა. მათივე განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად გამოყოს სუბსიდირება. „თავისუფალი დემოკრატების“ აზრით, აუცილებელია რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდების შექმნაც.

 

ოპოზიციამ მხოლოდ ახლა გაამახვილა სოფლის მეურნეობაში არსებულ რთულ ვითარებაზე ყურადღება, ექსპერტები ბოლო რამდენიმე წელია გამუდმებით მიუთითებენ, რომ ქვეყანაში ეს დარგი ლამისაა სამუდამოდ დასამარდეს.

 

სოფლის მეურნეობის ექსპერტის თამაზ კუნჭულიას მონაცემებით, 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში 800 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მუშავდებოდა. ითესებოდა, საკვები კულტურები, ბოსტნეული, სიმინდი და ა.შ.

2008 წელს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 250 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამუშავდა, 2009 წელს - 300 ათასი ჰექტარი.

 

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი საერთოდ აღარ არსებობს.  საკვები კულტურები თითქმის აღარ ითესება, ასევე აღარ იწარმოება თამბაქო და აბრეშუმი.

რაც შეეხება ხორბალს, თუ წინა წლებში ეს კულტურა 150-200 ჰექტარზე ითესებოდა, ამჯერად, ეს მაჩვენებელი 50-55 ჰექტრამდეა დასული. შესაბამისად, ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფის კოეფიციენტი მხოლოდ 8%-ს თუ შეადგენს.

 

ბოსტნეულის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 80%-ია, როცა ეს მონაცემები 100%-ზე ქვევით არ ჩამოდიოდა. თვითუზრუნუნველყოფის 100%-იანი მაჩვენებელი მხოლოდ სიმინდის კულტურას შემორჩა, მაგრამ წელს აქაც ჩავარდნაა.

 

რაც შეეხება თამბაქოს, ქვეყანა 20-25 ათას ტონას აწარმოებდა და ეს დარგი დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. „საქართველოში 74 მილიონი დოლარის თამბაქოს პროდუქტის იმპორტი ხორციელდება, ჩვენთან კი თამბაქოს წარმოება შეწყვეტილია. ეროვნულმა მეურნეობამ მოთხოვნაზე რეაგირების უნარი დაკარგა“, - აცხადებს თამაზ კუნჭულია.