რამ განაპირობა "ლეიბორისტული პარტიის" დაღმასვლა, ვის ადანაშაულებს ტერიტორიების დაკარგვაში პირველი "მშრომელი" და რატომ გამოაცხადა პარტიამ ივანიშვილი პერსონა ნონგრატად, ამის შესაებ "ივერონს" ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ესაუბრა.
- ბატონო შალვა, არჩევნებამდე სამი თვე დარჩა, როდიდან იწყებთ "ლეიბორისტები" აქტიურ საარჩევნო კამპანიას და რას სთავაზობთ ამომრჩეველს?
- ჩვენ საარჩევნო კამპანია 1995 წლის აგვისტოდან, პარტიის დაფუძნების დღიდან დავიწყეთ და მას შემდეგ სულ საარჩევნო კამპანიაში ვართ. მუდმივად ვეუბნებით ხალხს, რომ არჩევანი არის თეთრი და შავი, სიკეთე და ბოროტება, ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც მათ ოცნებებს და მიზნებს შევასრულებთ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს ჯერ ვერ გაიგო და ცხოვრობენ აი ამ დღეში. ამის მიუხედავად ჩვენ მათ არ ვებუტებით, მუშაობის ხარისხს არ ვაგდებთ და ბრძოლას შიშველი ხელებით განვაგრძობთ.
- ეს გასაგებია, მაგრამ კონკრეტული პროგრამა და კანდიდატები როდის უნდა წარადგინოთ?
- ჩვენმა ამომრჩევლებმა ლეიბორისტების პროგრამა ჩემზე კარგად იციან. ყველაზე კარგად კი იმ კატეგორიამ იცის, რომელიც ხმას არ გვაძლევს და ავის მოსურნეა. ისევე, როგორც კარგად იციან რამდენი მილიარდის საქმე გავუკეთეთ საზოგადოების უმადურ ნაწილს, დაწყებული დენის ტარიფების შემცირებით, დამთავრებული საკასო აპარატებით, მაგრამ ვისაც არ უნდა არაფრის დანახვა და სატანა ყავს დაპატრონებული, ის მუდმივად იქნება ამ მდგომარეობაში. რაც შეეხება კანდიდატებს, მათი ვინაობა ყველამ იცის, ისიც იციან დღეში რამდენ ჭიქა ჩაის სვამენ. ზოგადად ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით საქართველოში მაჟორიტარიზმის არსებობას. სახელმწიფო გაყიდა არა სააკაშვილმა და შევარდნაძემ, არამედ საქართველოს ყიდდა და გაყიდის მაჟორიტარ დეპუტატთა კორპუსი, რომელიც საკუთარი ინტერესებისათვის მზად არის ნებისმიერ ავის მსურველს და ქვეყნის დამანგრეველს შეეკრას. ასეთი მაჟორიტართა კორპუსი ჯერ შევარდნაძესთან იყო კოალიციაში, მერე ნაციონალებთან გადავიდნენ და ახლა ელოდებიან ვინ უფრო გაძლიერდება, რომ იქ იშვირონ ფეხი. საქართველო მათთვის დახლზე დადებული პროდუქტია. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მაჟორიტარი და პარტიული დეპუტატები ერთ პალატაში არ სხედან. იძულებული ვართ ჩვენც დავასახელოთ მაჟორიტარები, როდის ჯერ არ ვიცით.
- მომავალ არჩევნებში ვის მიიჩნევთ მთავრ კონკურენტად?
- ჩვენი კონკურენტია ამერიკიდან და ნატოდან დანიშნული ხელისუფლება და ოპოზიცია, ჩვენი კი არა, საქართველოს მტერი და კონკურენტია. ის, ვინც ნატოში შესვლაზე საუბრობს, ჩვენი შვილების მკვლელია, ამაზე კი სააკაშვილი და ივანიშვილი საუბრობენ.
- საზოგადოების დიდი ნაწილი ძლიერ ოპოზიციურ ძალად ივანიშვილის კოალიციას მიიჩნევს, როგორ აპირებთ "ქართულ ოცნებასთან" კონკურენციას?
- ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გახრწნილი და ვერცხლის მოყვარეა, ამიტომ ივანიშვილი იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სანამ ასეთი ხალხი იქნება ჩვენ არაფერი გვეშველება, ივანიშვილი არაფერ შუაში არ არის.
- ბატონო შალვა, შესაძლოა არჩევნებამდე კიდევ ერთი კოალიცია კუკავა-ბურჯანაძემ დააფუძნონ, პარალელურად "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი მაჟორიტარ კანდიდატებზე კონსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან გადის, როგორ შეაფასებდით ამ პოლიტიკურ პროცესებს?
-ბურჯანაძე და ივანიშვილი არა მარტო დღეს, არამედ ვარდების რევოლუციამდეც თანამშრომლობდნენ, როდესაც მილიარდერმა მაშინდელი ლიდერები ჟვანია, სააკაშვილი და ბურჯანაძე ხელისუფლებაში მოსვლისთვის მილიონებით დააფინანსა. მათ თანამშრომლობას ათეული წლების ისტორია აქვს. ამ ურთიერთობაში გასაკვირი არაფერია, გარდა იმისა, რომ არაკაცურად და არაჯენტლმენურად ივანიშვილი ბურჯანაძეს ლანძღავს და ქალბატონი ბურჯანაძე მას ერის ბელადს და გადამრჩენს უწოდებს, რაც შეეხება კუკავას და ბურჯანაძის მომავალ ერთობას, არ ვიცი, ისინი მუდმივად იშლებიან და ერთიანდებიან.
- თუ აპირებთ "ლეიბორისტები" წინასაარჩევნოდ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას?
- არა, პარტიის სტრატეგია ითვალისწინებს პარტიის მშენებლობას და პარლამენტში არაკოალიციურ სტრუქტურებს. როცა პარტია სხვადასხვა სახელწოდების ქვეშ დამალვას, ბლოკიდან ბლოკში და კოალიციიდან კოალიციაში სირბილს ცდილობს, მერე ასეთი ქვეყანა შენდება, რასაც დღეს ვხედავთ, თუ ამას აშენება ჰქვია.
- როგორ შეაფასებდით "ლეიბორისტების" შანსებს, საკანონმდებლო ორგანოში მოსვლას რამდენი კაცით ვარაუდობთ?
- ჩვენ პარლამენტში უმრავლესობითაც მოვსულვართ, მაგრამ მერე გახრწნილმა შევარდნაძემ და არანაკლებ გახრწნილმა სააკაშვილმა ისე გააყალბეს არჩევნები, რომ პარლამენტიდან გამოგვყარეს. ლეიბორისტები ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, პარლამენტში შევალთ თუ არა, მომავალი თაობა იტყვის, რომ აი ესენი იბრძოდნენ ქვეყნის გადარჩენისათვის, მაგრამ საზოგადოებაში იყო უღირსი ფენა, რომელიც ხან თანამდებობაზე, ხან ბიზნესზე იყიდებოდა, მათ თავიანთი შვილები საფლავებზე დააფურთხებენ.
- თქვენ 2003 წელი გაიხსენეთ და სწორედ იმ პერიოდში თქვენ პარტიას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და ერთ-ერთ ძლიერ ოპოზიციურ პარტიად მოიაზრებოდა. თუმცა, მოგვიანებით საზოგადოებაში ეს განცდა გაქრა და პარტიამ სადღეისოდ ერთგვარი დაღმასვლა დაიწყო, რატომ დაკარგეთ რეიტინგი, სად დაუშვით შეცდომა?
- ასეა, გეთანხმებით, იმიტომ, რომ დღევანედელი ან ხვალინდელი ფულის მოლოდინში ვერცხლის მოყვარული საზოგადება ივანიშვილის მიმართულებით დაიძრა. ამ ხალხმა, ვინც ჩვენიდან ივანიშვილთან ისკუპა, იგივე გააკეთა 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს და სააკაშვილის გვერდით დადგა, ანუ მათთვის ვერცხლის გამო ქვეყნის ღალატი ახალი არ არის. მაშინ სოროსის ფულებით დაინტერესდნენ, ახლა კი მილიარდერით, რომელიც რეალურად მილიარდერი არ არის, ის ჩვეულებრივი თაღლითია. ლეიბორისტებს არანაირი შეცდომა არ დაგვიშვია, იდეებისთვისა და ხალხისთვის არასდროს გვიღალატია.
- "ივერონისთვის" ცოტა ხნის წინ ცობილი გახდა, რომ შესაძლოა პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგეს და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთად ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში რას უნდა ემსახურებოდეს სააკაშვილის ამგვარი გადაწყვეტილება?
- კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მთელი ძალაუფლება პრემიერ მინისტრის ხელში გადადის, სააკაშვილს რაც არ უნდა დააბრალო, იმას მაინც ვერ დააბრალებ, რომ არ იცის რას აკეთებს და სად დგას ძალაუფლებისა და ფულის სუნი. ძალაუფლებისა და ფულის სუნი ახლა პარლამენტში და პრემიერ-მინიტრის ინსტიტუში დგას, პრეზიდენტი "გააკულაკეს" და შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ ეს ასე მოხდეს.
- ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ, რომ თითქოს თქვენ ხელისუფლების დანაყოფი ხართ. როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ასეთი მოსაზრებები?
- ვინც დღეს ამაზე საუბრობენ, 2003 წელს ამტკიცებდნენ, რომ შევარდნაძესთან ვიყავით შეკრულები. ამ კატეგორიის ადამიანებს თავისი ბინძური პირი არ გამოურეცხავთ და ახლა ამას გვაბრალებენ. ამ კრიმინალმა ოლიგარქმა დაიწყო ამაზე ლაპარაკი და ამას იმეორებენ მისი სატელიტებიც, რათა მბრძანებლის კეთილგანწყობა დაიმსახურონ და მეტი ფული მიიღონ. მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს და ვაცხადებ, რომ სააკაშვილი, ივანიშვილი ქვეყნისთვის არის ერთნაირი საფრთხე და ორივეს ერთად დავმარხავთ.
- თუმცა, "ლეიბორისტებიც" ხშირად აცხადებთ, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების თამაშს თამაშობს, რით ადასტურებთ ამას?
- მეტი ფაქტი რა უნდა გითხრათ, 26 მაისს ნიუ-იორკში "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" დამოუკიდებლობის დღე ერთად იზეიმეს, ფოტოები ხომ ყველამ ნახა. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის სისხლით ნათესავი ალასანია მისი ნებართვის გარეშე ივანიშვილთან მივიდოდა, ან ივანიშვილი ყოველ მეორე ინტერვიუში ბოკერიას და მერაბიშვილის ქებას დაიწყებდა, როდესაც ივანიშვილი პოლიციის, ეკონომიკურ რეფორმას ხოტბას ასხამს და მმართველ პარტიას გარანტიას აძლევს, რომ ისინი ადგილზე დარჩებიან, ესეც შემთხვევითია?.. ივანიშვილი 21- ე საუკუნის ჟულიკია, რომელიც გაცრუებული იმედებისთვის პასუხს ძალიან მალე აგებს.
- თუმცა, რამდენიმე წლის წინათ, თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში თქვენ ივანიშვილს პრემიერ-მინისტრობას სთავაზობდით, მაშინ რატომ იყო ის თვქენთვის სასურველი?
- მას ტექნიკურ პრემიერ-მინისტრად ვირჩევდით და არა ბელადად და კერპად. ვიწვევდით, რათა ის ფული მერაბიშვილთან კი არა, ხალხთან დაეხარჯა, ამ პოსტს ვთავაზობდით იმიტომ, რომ ფულის მოყვარული გათახსირებული მასა, რომელმაც მაშინ ფეხი იშვირა და ჩვენს კონკურენტთან ბადრი პატარკაციშვილთან გაიქცა, ჩვენ მხარეს გადმოგვებირებინა. გვინდოდა პატარკაციშვილის მილიონებისთვის ივანიშვილის მილიარდები დაგვეპირისპირებინა, რათა სულგაყიდული ვერცხლისმოყვარე ხალხი გადმოგვებირებინა.
- ანუ, გამოდის, რომ ხალხის მოსყიდვას თქვენც ფულით აპირებდით და ივანიშვილი მხოლოდ ფულის გამო გჭირდებოდათ.
- ხალხი გადმოვიდოდა, მაგრამ იმ ფულს, რასაც ივანიშვილი სააკაშვილს ახარჯებდა, ჩვენ ხალხისთვის და ქვეყნისთვის დავხარჯავდით, ივანიშვილი ჩვენი წინსვლისთვის კი არა, ქვეყნის წინსვლისთვის გვჭირდებოდა. მაგრამ იგი მაშინ მიხეილ სააკაშვილს დაუდგა გვერდში და მეორე, გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაამარჯვებინა. მაშინ მილიარდერი ოპოზიციაში რომ გადმოსულიყო, დღეს საკაშვილი პრეზიდენტი არ იქნებოდა, აფხაზეთი და ცხონვალი არ დაიკარგებოდა, უამრავ უბედურებას თავიდან ავიცილებდით და საქართველო გადარჩებოდა.
- ბიძინა ივანიშვილისგან მილიონები რომ ვერ მიიღეთ ამიტომ გახდა ის თქვენთვის მიუღებელი?
- არამარტო ამიტომ, იმის გამოც, რომ მან კიდევ გააგრძელა ხელისუფლების დაფინანსება, მათ შორის როცა 2010 წელს რადიო მუზის დასაფინანსებლად სანდრა რულოვსს 4 მილიონი გადაურიცხა.Aამის სემდეგ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას მისი სახით ზურგში ჩასაფრებული მკვლელი ჰყავს.
- ისევ წინასაარჩევნო ვითარებას დავუბურუნდეთ, ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობაში" რღვევა დაიწყოს და ლიდერები ოპოზიციაში გადავიდნენ, კერძოდ "ქართულ ოცნებაში." როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია ეს?
- დავიწყოთ იქიდან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რღვევის რამდენიმე ეტაპი უკვე გაიარა. ივანიშვილი, ბურჯანაძე, ძიძიგური, დავითაშვილი, რესპუბლიკელები, ალასანია ყველა ნაცმოძრაობის ლიდერი, წევრი და ვარდების რევოლუციის ორგანიზატორი იყო, ყველანი ოპოზიციაში გადმოხტნენ და ერთი ადგილის გასუფთავება უნდათ. ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ რეჟიმის არსი არ შეიცვლება. რეჟიმი არის მარიონეტული, პროამერიკული, პრონატოური, ამიტომ ხალმა უნდა აირჩიოს ან ისინი ან ჩვენ, სხვა არჩევანი არ აქვთ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ივანიშვილთან გადასვლას ეს დამოკიდებულია ამერიკელი პარტნიორების გადაწყვეტილებაზე და არა უსახო ვანოზე.