კალაძეს მილანში კუდ-ის თანამშრომელი

კალაძეს მილანში კუდ-ის თანამშრომელი "ესტუმრა"

კახა კალაძის განცხადებით, მილანში კუდი-ს თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელიც მასზე მასალებს აგროვებდა. "ქართული ოცნების" წევრი არ ასახელებს ამ პიროვნების ვინაობას, თუმცა "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას იტალიის უშიშროების სამსახურმა და მისმა მეგობრებმა მიაწოდეს. "სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება დავასახელო იმ პიროვნების სახელი და გვარი, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ადამიანი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია", - გვითხრა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა.

თუ როგორ აპირებს კალაძე საპარლამენტო არჩევნებში სამტრედიაში კონკურენტის დამარცხებას, რა პასუხს გასცემს საზოგადოებას, მასზე აგორებულ ბოლონდროინდელ სკანდალებზე, ამ და სხვა საკითხებზე ყოფილი ფეხბურთელი "რეზონანსს" ესაუბრა.

"რეზონანსი": გაავრცელე განცხადება, სადაც ამბობ, რომ მილანში შსს-ს წარმომადგენელი იმყოფებოდა და შენზე ინფორმაციებს აგროვებდა. ვინ იყო წასული და რა საკითხთან დაკავშირებით აგროვებდა ინფორმაციებს?

კახა კალაძე: საქმე ეხებოდა იტალიაში საფეხბურთო სკანდალს. ჩემი გვარი თავიდან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ფიგურირებდა, თუმცა ამასთან მიმართებაში ყველაფერი დამთავრდა. განცხადებაც გავაკეთე და თუ საჭიროება მოითხოვს, მზად ვარ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე. იტალიელებისთვის ეს განცხადება გასაგები იყო და ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენს ხელისუფლებას მაინც სურდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ დამნაშავე ვიყავი და ვიღაც კრიმინალებთან შეხება მქონდა. არაფრისგან შავი პიარის აგორება უნდოდათ, მაგრამ საქართველოში ადგილობრივი ძალოვნების არავის აღარ სჯერა.

რაც შეეხება პიროვნებას, უფლება არ მაქვს ამ ადამიანის სახელი და გვარი დავასახელო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ვიცით. ეს ინფორმაცია იტალიის უშიშროებამ და ჩემმა სამეგობრომ მომაწოდეს. რაც მთავარია, ვიცით ის ვინც არის - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია.

"რ": თუმცა შენზე სკანდალი ამით არ ამოწურულა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 ივნისის ოზურგეთის აქციამდე მილანში იმყოფებოდი, სადაც ქართველ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდი. აქამდე ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაგიკეთებია და ახლა რას იტყვით ამ ინფორმაციაზე?

კ.კ: ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება სწორედ არ მიმაჩნია. საერთოდ არ გამიკეთებია ამაზე კომენტარი, იმიტომ რომ უაზრობაა. სურთ, რომ ასეთ მოგონილ ჭორებზე თავი მამართლებინონ, თუმცა ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ამდენი ხანია ფეხბურთში ვმოღვაწეობ და ბიზნესი მაქვს, მაგრამ კრიმინალურ სამყაროსთან შეხება არასოდეს მქონია. აქ სწორედ იმიტომ ვარ, რომ კრიმინალებს და ნაძირლებს ვებრძოლო, რომელიც დღეს ხელისიფლებაში მოგვევლინენ.

"რ": სამტრედიაში მაჟორიტარ დეპუტატად იყრი კენჭს...

კ.კ: სამტრედიაში შეხვედრები მქონდა, თუმცა მაშინ ჩემი სახელი მაჟორიტარ დეპუტატობასთან დაკავშირებით გაჟღერებული არ ყოფილა. ეს იყო უბრალო შეხვედრები, მაინტერესებდა, თუ რა ხდებოდა სოფლებში.

სამტრედიის გარდა, გურიაშიც ვიყავი და ფაქტობრივად ყველა სოფელში ერთი და იგივე სიტუაციაა - უმუშევრობა, სიღატაკემდე მისული ჩვენი თანამოქალაქეები. ძალიან რთული მდგომარეობაა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ყველაზე დიდი სოფლებიც კი დაცლილია. ხალხი უცხოეთშია გადახვეწილია. ქვეყანას ძალიან ბევრი ემიგრანტი ჰყავს და მათი რიცხვი დღითი დღე უფრო იზრდება. წასვლის მიზეზი არის ერთი - უმუშევრობა. ამ მხრივ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

თუმცა, კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია და ეს კარგად მაქვს გათვითცნობიერებული. ოქტომბერში, როდესაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვა, გლეხებისთვის ბევრი რამ შეიცვლება.

"რ": რა პრობლემებიც ჩამოთვალე, როგორ აპირებ მათ მოგვარებას?

კ.კ: პრობლემები მართლაც ძალიან ბევრია. მაგრამ ჩვენი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე ერთი მილიარდის ინვესტირება ჩაიდება - ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი თანხაა. მხოლოდ პირველ ეტაპზე მაქვს საუბარი.

ეს ნიშნავს, რომ ქალაქში თუ სოფელში, ყველას ექნება საშუალება ტრაქტორი ჰყავდეს, მიწა დაამუშაოს, შხამქიმიკატები იყიდოს, რომელიც სჭირდება მოსავლის მოყვანისთვის. გლეხს ყველანაირი პირობა ექნება, რათა გაძლიერდეს.

ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი სოფელი. როდესაც ძლიერი სოფელი გაქვს, ქალაქიც ძლიერი იქნება. ასევე ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჯანმრთელობის დაზღვევა ექნება.

კიდევ ერთი პრობლება, ეს არის სოფლებში გაზისა და წყლის უქონლობა. 21-ე საუკუნეში ამაზე რომ გვიწევს ლაპარაკი, ცოტა არ იყოს სასაცილოა. ხშირად ვისმენ ხელისუფლების მხრიდან, რომ "ერთი ხელის მოსით არაფერი არ კეთდება" - ამაში მათ ნამდვილად ვეთანხმები, მაგრამ უკვე 8 წელი გავიდა და ეს ძალიან დიდი დროა. კარგი იქნებოდა, რომ ლაპარაკის ნაცვლად მართლაც საქმე ეკეთებინათ, როგორც მათი ლოზუნგია.

"რ": როგორ ფიქრობ, რითი აჯობებ შენს უშუალო ოპონენტს სამტრედიაში და რა უპირატესობა გექნება მასთან მიმართებაში?

კ.კ: არ ვიცი, "ნაციონალების" მხრიდან კანდიდატი ვინ იქნება. მე არავის არ ვეჯიბრები, თუმცა კონკურენცია იქნება. ყველაფრისთვის მზად ვარ, ჯანსაღი კონკურენცია მაქვს მხედველობაში და არა ის სიბინძურე, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს.

თავად სამტრედიელმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა იყოს მაჟორიტარი დეპუტატი. მათ ნამდვილად ვერ ვაკადრებ იმას, რომ გინდა თუ არა ხმა მომეცით-თქო.

ქვეყანა შიშის ქვეშ ცხოვრობს, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა პოლიციამ დათესა. მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ პოლიციაშიც ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელია, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს.

თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა დღეს უკვე პოლიციის ნაწილი ემსახურება ერთ მშიშარა ადამიანს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რაც ძალიან მალე დასრულდება.