სად გაიზარდნენ? რამ გააბოროტათ ასე? ვინ არიან საერთოდ? _ ეს კითხვები ბოლო 8 წლის განმავლობაში არაერთგზის გაისმა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხები ჯერაც ვერ მიგვიღია. პარადოქსული სიტუაციაა: «ნაციონალურმა მოძრაობამ» შეიძლება მალე ხელისუფლება დატოვოს, საზოგადოებამ კი ბოლომდე ვერ გაარკვია, ვისთან აქვს საქმე და რა იყო იმ გამორჩეული სადიზმის მიზეზი, რომელმაც საქართველო გააოგნა.
როდესაც ალექსის დე ტოკვილი ფრანგული რევოლუციის ისტორიის შესწავლას შეუდგა, მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. «ფრანგული რევოლუციის დაავადებაში არის რაღაც ისეთი, რასაც მე ვგრძნობ, მაგრამ არც მისი აღწერა, არც მიზეზების გაანალიზება შემიძლია, _ წერდა ის და ესოდენ ნაცნობ კითხვებს სვამდა: საიდან მოვიდა ეს ახალი რასა? ვინ შექმნა ის? ვინ უზრუნველყო მისი წარმატება? ვინ მისცა ასეთი სიცოცხლისუნარიანობა?» «ყოველივე იმასთან ერთად, რაც ფრანგულ რევოლუციაში ამოვხსენით, მის სულისკვეთებასა და საქმეებში რაღაც ამოუხსნელი რჩება... მე ვგრძობ მას, მაგრამ უცნაური გაუმჭვირვალე სუბსტანცია ხელს მიშლის, დავინახო ის და შევეხო». ასე რომ, ჩვენ, ერთის მხრივ, ხელთ გვაქვს ალექსის დე ტოკვილის ფასდაუდებელი ნაშრომი «ძველი წყობა და რევოლუცია», მეორე მხრივ კი, ეს მოკლე, გულწრფელი აღიარება, რომელსაც ნაცნობი განწყობა გასდევს.
იგივე კითხვები ათწლეულების განმავლობაში ყორნებივით დასტრიალებდნენ რუსულ ემიგრაციას და დოსტოევსკის «ეშმაკნი» მის სამაგიდო წიგნად იქცა. რევოლუციიდან 40 წლის შემდეგ ფ. სტეპუნმა თავის ნაშრომში «ეშმაკნი» და ბოლშევიკური რევოლუცია» ეს რომანი ჩვენთვის აქტუალურ ასპექტში თითქმის იდეალურად გააანალიზა. სტეპუნი საინტერესო განსაზღვრებებს პოულობდა, მაგალითად, «მკვდარივით უგრძნობი, ყოფიერების ფესვებს მოწყვეტილი სული» (ამაზე ქვემოთ), ხოლო ბოლო სტრიქონები შიგალევს დაუთმო, რომელიც «უსაზღვრო ფილანტროპული თავისუფლებიდან უსაზღვრო დიქტატორულ დესპოტიზმამდე მივიდა. შიგალევის სისტემა საკმაოდ მარტივია, _ წერდა სტეპუნი, _ ყველა ადამიანის გაბედნიერებისთვის კაცობრიობა ორ არათანაბარ ნაწილად უნდა გაიყოს. «ერთი მეათედი მიიღებს პიროვნულ თავისუფლებას და განუსაზღვრელ ძალაუფლებას დანარჩენ ცხრა მეათედზე, რომელიც გადაიქცევა უსახური, მორჩილი, თუმცა მაძღარი და თავისებურად ბედნიერი ცხოველების ფარად». ამ წინადადების მოსმენის შემდეგ, საუბრის ერთ-ერთი მონაწილე (ლიამშინი) გამოვიდა წინადადებით, არა გარდაქმნან, არამედ ააფეთქონ ის ცხრა მეათედი და დატოვონ მხოლოდ განათლებული ადამიანების მცირე ჯგუფი, რომლებიც «მეცნიერულად დაიწყებს ცხოვრებას». შიგალევმა უპასუხა, რომ, თუ «ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა», ეს «ამოცანის საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა». ჩვენ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ თვალშისაცემი, ზედაპირული პარალელის გავლებით ამ ხილვებსა და სააკაშვილის «სინგაპურს» შორის, მაგრამ რომანის «ზედა და ქვედა პალატის ეშმაკები», როგორც მათ სტეპუნი უწოდებდა (ერთის მხრივ, კირილოვი და სტავროგინი, მეორე მხრივ, პეტრე ვერხოვენსკი და სხვები) «ვარდების რევოლუციის» ზოგიერთ მოღვაწესთან გაცილებით ღრმა კავშირში იმყოფებიან.
ცხადია, შეუძლებელია ფრანგული და რუსული რევოლუციების შედარება იმ საოპერეტო გადატრიალებასთან, რომელიც საქართველოში 2003-ში მოხდა, თუმცა განადგურების ძალებს, რომელიც მან გაათავისუფლა, იგივე ბუნება და დესტრუქციული მისწრაფებები ჰქონდა. მასობრივი რეპრესიებისგან საქართველო, სავარაუდოდ, მხოლოდ იმან იხსნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო დასავლეთის პოზიცია, ხოლო ის XXI საუკუნეში ტოტალურ ტერორს ძნელად ეგუება; ამ მხრივ ქვეყანა ვიდეოკამერისა და ინტერნეტის არსებობამ გადაარჩინა. თუმცა იქ, «სადაც მზის სხივი ვერ აღწევს» (მაგალითად, საპატიმროებში), ხელისუფლება მოქმედებდა ისე სასტიკად, რომ გილიოტინისა და მაუზერის ეპოქებთან პარალელების გავლების სურვილი სავსებით ბუნებრივად იბადებოდა.
ჩვენ ვერ ვისაუბრებთ რევოლუციურ ხელისუფლებაზე, როგორც ერთიან მონოლითზე; უპრინციპო პოლიტიკოსები ღორული ინსტინქტებით და დაბალი რგოლის შემსრულებლები, რომლებმაც ფულის გულისთვის შეიძლება საკუთარი დედაც დაახრჩონ, ნებისმიერ ეპოქაში არსებობდნენ, განსაკუთრებით საშიში «რევოლუციური კოქტეილის» მესამე ელემენტია, რომელიც ამ ორ კატეგორიას სისხლსმოწყურებულ მონსტრებად გადააქცევს, მათ მოქმედებას ამართლებს, მეტიც, საბედისწერო მიმართულებით უბიძგებს. სწორედ მათ შესახებ კითხულობს ხოლმე გაოგნებული ერი: «ვინ არიან, საიდან გამოძვრნენ?».
1916 წელს დასავლეთის ფრონტზე ნიჭიერი ფრანგი ისტორიკოსი ოგიუსტენ კოშენი დაიღუპა. ბევრი რამ მის ნაშრომებში დღეს შეიძლება საკამათოდ მოგვეჩვენოს, თუმცა ფაქტია, მან სცადა «პირველწყარომდე» ჩაეღწია, არ შემოფარგლულიყო იაკობინელთა რევოლუციური კლუბების აღწერით, არამედ უფრო ადრინდელი პერიოდი შეესწავლა და «უგრძობი, ყოფიერების ფესვებს მოწყვეტილი სულების» სამჭედლო მოეძებნა.
XVIII საუკუნის 60-იან წლებში საფრანგეთში ერთი მეორის მიყოლებით იქმნებოდა ჯგუფები, რომლებიც მონარქიის დეგრადაციის ფონზე მიზნად პროგრესული იდეების გავრცელებას ისახავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეები გამოჩენილ ფილოსოფოსებსა და ლიტერატორებს ეკუთვნოდა და გამორჩეულად დესტრუქციულსა და კაცთმოძულეს არაფერს შეიცავდა, ამ ჯგუფების წარმომადგენლები აგრესიულად ესხმოდნენ თავს ყველას, ვინც სხვანაირად ფიქრობდა და, თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, მათ მარგინალიზებას ცდილობდნენ. კოშენი ამას «უსისხლო ტერორს», ავტორიტეტების განადგურების ხანას უწოდებს, რომელიც რობესპიერის გილიოტინის ამუშავებამდე 20-25 წლით ადრე დაიწყო. ამ ჯგუფებში მძიმე ფსიქოლოგიური ატმოსფერო სუფევდა, იდევნებოდნენ განსხვავებული აზრის მატარებლები, შემდეგ კი პრინციპული ხასიათის ცვლილება მოხდა _ ისინი საკუთარ რეალობაში გადასახლდნენ. «რეალური იყო მხოლოდ ის, რასაც ისინი ხედავდნენ და კარგი მხოლოდ ის, რასაც ისინი იწონებდნენ. აზრი, რომელიც ამ წესებს ემორჩილებოდა, თავიდან კარგავდა ინტერესს რეალურის მიმართ, შემდეგ კი რეალობის შეგრძნებას», _ წერდა კოშენი და დასძენდა, რომ ყოველივე ამის საბოლოო მიზანი განადგურება იყო. ანალოგიური არაფორმალური ჯგუფების აღმოჩენა რუსული რევოლუციის წინარე პერიოდშიც შეიძლება; ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ბოლშევიკები და ესერები პარტიებისა და ტერორისტული რაზმების ფორმირებას შეუდგებოდნენ.
ის, ვინც «ვარდების რევოლუციამდე» ხშირად სტუმრობდა ზოგიერთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ იქ პროცესები კოშენის მიერ აღწერილი ალგორითმის მიხედვით განვითარდა: თავისუფალი დისკუსია ფაქტობრივმა დიქტატმა ჩაანაცვლა, წარმოსახვითმა სამყარომ რეალურის ადგილი დაიკავა, ხოლო რეალური საქართველო ერთ დიდ ხარვეზად აღიქმებოდა. «ვარდების რევოლუციის» წინ ეს მიდგომა დომინანტური გახდა «ნაციონალურ მოძრაობაში» და გარკვეული კვალი «ჟვანიას გუნდსა» და რესპუბლიკურ პარტიაშიც დატოვა. მაგრამ იყო თუ არა ეს ჯგუფები, გუნდები და ორგანიზაციები ის ადგილი, რომლის წიაღშიც განადგურების ვირუსი დაიბადა, თუ ისინი მხოლოდ მისი გაძლიერებისთვის (მუტაციისთვის) საგანგებოდ შექმნილ ლაბორატორიებს წარმოადგენდა? იქნებ ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო?
ყოველივე თქმული არ ნიშნავს, რომ რევოლუციამდელი საფრანგეთი, რუსეთი ან საქართველო იდეალური იყო; სამივეს გადაუდებელი რეფორმები სჭირდებოდა. თუმცა რეფორმების ნაცვლად მათ მიიღეს რეალობის მსხვრევის ყოვლისმომცველი, შიზოფრენიული აქტი, რომელიც ბოთლიდან გამოშვებულმა «რევოლუციის ჯინებმა» განახორციელეს. ეს, ფაქტობრივად, საქართველოს განადგურების მცდელობა იყო. ამ ადამიანებს, როგორც მარიონეტებს, გაცილებით ჭკვიანი და გამოცდილი ძალები იყენებდნენ, თუმცა ამჯერად ჩვენ არა პოლიტიკა, არამედ პათოგენეზი გვაინტერსებს.
«იაკობინელის ფსიქოლოგიური ანალიზი აუცილებელია არა მხოლოდ ამ ტიპის შესწავლისთვის, _ წერდა იპოლიტ ტენი, _ მის გარეშე ჩვენ ვერ გავიგებთ გარდატეხას, რომელიც რევოლუციას ორ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ნაწილად ჰყოფს: თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ გაუცნობიერებელი სწრაფვის და გააზრებული დიქტატურისა და ტერორის პერიოდებად». პირველწყაროდ ტენი «სიღრმისეულ ეგოიზმს» განიხილავდა, რომელიც «ეჯახება რა წინაღობებს სოციალურ წყობაში», დასაყრდენს დემოკრატიისა და თანასწორობის იდეებში ეძებს, მაგრამ მიზნის მიღწევის შემდეგ მათ არაფრად აგდებს. «გახდა რა დაუძლურებული საზოგადოების მბრძანებელი, იაკობინელმა აჩვენა თავისი ჭეშმარიტი არსი ორივე მიმართულებით, რომელშიც «მე»-ს პათოლოგიური განვითარება ვლინდება: ეს იყო აგდებული დამოკიდებულება სხვისი შეხედულებებისა და სინდისის მიმართ და სხვისი სიცოცხლისა და ქონების უნამუსო ხელყოფა. ამ ორი თვისებიდან თავისით განვითარდა მესამე _ გაბოროტება, არა მხოლოდ ის გაბოროტება, რომელსაც წინააღმდეგობა და ბრძოლა იწვევს, არამედ ეგოიზმისთვის დამახასიათებელი ქრონიკული გაბოროტება, რომელიც თეორიულ უთანხმოებასა და პრაქტიკულ წინააღმდეგობას დასჯად დანაშაულად განიხილავს».
საფრანგეთსა და რუსეთში «რევოლუციის დემონებს» ცოფიანი ძაღლების ბედი ეწია. ტერმიდორიანელთა გადატრიალება და სტალინის რეპრესიები (მათ არცთუ იშვიათად «საბჭოთა ტერმიდორს» უწოდებენ) არ გულისხმობდა უარის თქმას რევოლუციის იდეალებსა და ლოზუნგებზე, მაგრამ მათ საიმედოდ ჩამოაცილეს განადგურების ძალები მართვის სადავეებს (ეს უდანაშაულო ადამიანების დახვრეტას, ცხადია, არ ამართლებს). საინტერესოა, რომ ბოლო წლებში ამ ძალების იზოლირებას (რა თქმა უნდა, სხვა მეთოდებით) ცდილობდა ზოგიერთი მაღალჩინოსანი სააკაშვილის გარემოცვიდან, რადგან აცნობიერებდა, რომ ერი «ცხრა მეათედის აფეთქების» მსურველებს ადრე თუ გვიან აუჯანყდება. მაგრამ მათ ვერ მოახერხეს «შიზოფრენიის დიქტატურის» გადაქცევა შედარებით ზომიერ რეჟიმად, რადგან საკუთარი აზრის სისწორეში მიხეილ სააკაშვილი ვერ დაარწმუნეს.
ასეა თუ ისე, იმ განწყობას, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს, შეიძლება «ტერმიდორის წინათგრძნობა» ეწოდოს. საზოგადოებამ უკვე მოახდინა დესტრუქციული ძალების იზოლირება და ახლა პოლიტიკოსებისგან ელის მათ გამოხვეტას სახელისუფლო სტრუქტურებიდან, ცხადია, უსისხლო, გაცილებით ჰუმანური მეთოდებით, ვიდრე ეს XVIII-XX საუკუნეებში ხდებოდა. სააკაშვილის ფატალური შეცდომა, ალბათ, ის იყო, რომ დროულად ვერ მოახერხა დისტანცირება ამ ძალებისგან (განა შეეძლო?) და ახლა, როგორც ჩანს, ჩაძირვა მათთან ერთად მოუწევს.
მალე ყველაფერი დასრულდება, მაგრამ პრობლემა შეიძლება დაგვიბრუნდეს, თუ ახალ საქართველოში ყველა ადამიანს არ მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შანსი, მათ შორის იმ მარგინალიზებულ, ფსევდოგანათლებულ ადამიანებს, რომელთაც ავადმყოფური ამბიციები გააჩნიათ. უნდა მოხერხდეს მათი ძალისხმევის გადამისამართება პოზიტიური მიზნებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ მოხდება მათი თავმოყრა «დესტრუქციის ნაკრძალებში» და იქ განადგურების ენერგია დაგროვდება. რეპრესიებით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. იმისათვის, რომ ბოლო წლებში მომხდარი უბედურების გამეორება თავიდან აიცილოს, სახელმწიფო და საზოგადოება გაცილებით უფრო ჭკვიანი და ყურადღებიანი უნდა გახდეს, ვიდრე 2003-ში იყო.