“ბედის ირონიაა - პატრულმა გამანადგურა და ახლა პოლიციელებს ხელისუფლებისგან ვიცავ!”

“ბედის ირონიაა - პატრულმა გამანადგურა და ახლა პოლიციელებს ხელისუფლებისგან ვიცავ!”

 

კონტოლის პალატამ საქველმოქმედო ფონდი “ქომაგი”, დაარსებისთანავე, ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებასთან” დააკავშირა და მისი ანგარიშები დააყადაღა, თუმცა პატრულისგან მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ფონდის თავჯდომარე ია მეტრეველი “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას იმედოვნებს, რომ ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ფონდი ხელისუფლებისგან რეპრესირებული ხალხის დახმარებას მაინც გააგრძელებს:

 - მას მერე, რაც “ქომაგი” დაფუძნდა, ისმის ბრალდება, რომ ვითომ ბიძინა ივანიშვილი გვაფინანსებს, რაც მტკნარი სიცრეუა. ბატონ ბიძინას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, რადგან მინდოდა, მისთვის ჩემი პირადი ტრაგედია დეტალურად გამეცნო და გაეგო, ხელიდან თუ როგორი ანგელოზი შვილი გამომაცალეს - 19 წლის ბიჭი მომიკლეს და ამ ხელისუფლებამ შავები მაშინ ჩამაცვა, როცა ყველაზე ბედნიერი დედა უნდა ვყოფილიყავი!

 - ქალბატონო ია, რომ არა პირადი ტრაგედია, მაინც ოპოზიციაში იქნებოდით?

 - აუცილებლად, რადგან ეროვნული მოძრაობიდან ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ხალხი და სიმართლეა. სხვათა შორის, ბატონ ბიძინას რომ შევხვდი, მხოლოდ პირადი ტრაგედიაზე კი არ ვესაუბრე, არამედ “ზონდერებისა” და პოლიციის მიერ ჩახოცილ იმ ბიჭებზეც გადავეცი ინფორმაცია, რომლებიც ბუტას შემდეგ დაიღუპნენ. დარწმუნებული ვარ, ბუტა ცოცხალი რომ იყოს, ისიც ჩემთან ერთად იდგებოდა!

 - რაც შეეხება კონტროლის პალატის მიერქომაგისდაყადაღებას...

 -კონტროლის პალატამ ჭორის დონეზე გააკეთა განცხადება, რომ ვითომ ივანიშვილისგან ვფინანსდებით. სინამდვილეში კი, კონტროლის პალატას ამის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს. რატომ მაკავშირებენ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილს, როცა ქუჩაში 2004 წლიდან ვდგავარ?

 - ივანიშვილს, ალბათ, იმიტომ გაკავშირებენ, რომქომაგისდაარსებამდე თინა ხედაშელმა განაცხადა, მათ, ვისაც განხვავებული მოსაზრების გამო ხელისუფლება შეავიწროვებს, ივანიშვილი გარკვეულ კომპენსაციას მისცემსო...

 - არ ვიცი, თინა ხიდაშელმა მსგავსი განცხადება გააკეთა თუ არა, მაგრამ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს “გონივრული ეჭვის საფუძველზე” იღებს თუ ასეა, მაშინ ჯერ ჩემი ივანიშვილთან კავშირი დაამტკიცოს და მერე, შემომედავოს. იმის გამო, რომ სოზარ სუბარმა თქვა, რა კარგია, ფონდი “ქომაგი” რომ შეიქმნაო, ესაა მამხილებელი მასალა? ნამდვილად არ ვმალავ ჩემს პატივისცემას ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა კონკრეტულ პიროვნებას კი არა, იმ ძალას აქვს, ვინც შეიძლება, ეს უსამართლო ხელისუფლება შეცვალოს. ბატონი ბიძინა კი, თავისი წარსულით ის ადამიანია, ვისიც უნდა გვჯეროდეს, მას  ერი უნდა გაჰყვეს! ამ ხელისუფლებასაც ივანიშვილი ინახავდა - თუ რამე გაკეთებულა, ყველაფერში წვლილი მას მიუძღვის და არა - სააკაშვილის, რომელიც სხვის მიერ გაკეთებულ საქმეს იბრალებს.

ჩემი ოცნება ბუტას სახელობის ფონდის გახსნა იყო. ჩემი მისია სიკეთის კეთებაა, რადგან ამ ქვეყანაზე მეტი არაფერი დამრჩენია! ამიტომ, ამ ფონდის დაარსება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩაფიქრებული მქონდა, როგორც კი სტრასბურგის სასამართლოს მოვიგებდი, ამ თანხით ფონდი შემექმნა, მაგრამ ხელისუფლებამ ამის საშუალებაც არ მომცა - მკვლელს არასწორი მუხლი მიუყენა და ამიტომ ჩვენი საქმე სტრასბურგში ვერ მოხვდა. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, სურათი აბსოლუტურად შეიცვალა - ხალხში იმედი და ცვლილების შანსი გაჩნდა, მთელი ერი ელოდება, რომ არჩვენების გზით შეიცვალოს ეს ხელისუფლება. ასეთივე განცდა გაჩნდა საზღვარგარეთ მყოფ ემიგრანტებშიც, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობენ. უცხოეთში რაც უნდა კარგად ცხოვრობდე, თავს ისე ბედნიერად და სრულფასოვნად ვერ იგრძნობ, როგორც - საქართველოში. როცა ემიგრანტებს ფონდის დაარსება შევთავაზე, საოცარი ერთსულოვნება გამოხატეს...

- “ქომაგისდამფინანსებლებიდან სკანდალში მხოლოდ ბიძინა გიორგობიანი გაეხვა, რომელსაც ფონდში გადარიცხული თანხის გამო, კონტროლის პალატამ სოლიდური ჯარიმა დააკისრა. ფონდის სხვა დამფინანსებლები ვინ არიან?

- ამ გვარებს საზოგადოება მას შემდეგ გაიგებს, როცა ფონდის ანგარიშს ყადაღა მოეხსნება. ბიძინა გიორგობიანმა თანხა გერმანული საქველმოქმედო ფონდიდან ჩაგვირიცხა, თუმცა კონტროლის პალატამ დაასკვნა, რომ ბიძინამ თანხა არალიცენზირებული ბანკიდან გადმორიცხა. ბიძინას სახელზე საქართველოში არაფერია რეგისტრირებული, ის გერმანიის მოქალაქეა. ყველა დოკუმენტი წესრიგში გვაქვს, მაგრამ როგორი სასამართლოც გვაქვს, ყველამ კარგად იცის. საშინელება ისაა, რომ ხელისუფლება, რომელმაც თავისი ხალხი გაანადგურა და საარსებო წყაროს გარეშე დატოვა, ახლა მასზე ხელმეორე რეპრესიებს ახორციელებს. ფონდში მოსული ხალხის ისტორიების მოსმენა ძალიან მიჭირს და აღარ ვიცი, რა გავაკეთო ხოლმე - ბევრი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ზოგს შვილი უკვდება და წამლის ფული არ აქვს... როცა ხელისუფლება შეიცვლება, ამ ხალხის ტრაგედიებს წიგნად გამოვცემთ. ახლა კი, დასაბეჭდად ბუკლეტებს ვამზადებთ, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საელჩოებს გავუგზავნით, რომ ნახონ, თუ რა ხდება საქართველოში და იმ ცრუ ინფორმაციებს არ დაუჯერონ, რომელსაც სამთავრობო ტელევიზიები ავრცელებენ.

- ქალბატონო ია, ამასწინათ განაცხადეთ, რომ ვიღაცებიქომაგისსახელით სპეკულირებენ...

- ეს, რასაკვირველია, ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ იქნება, რამე ამოგვიქექოს და ჩვენზე კომპრომატები მოიძიოს. კიდევ კარგი, არავის აუღია მათ მიერ შეთავაზებული დახმარება, თორემ ეს რომ მომხრდარიყო, სახალხოდ გამოაჭენებდნენ და ათქმევინებდნენ, “ქომაგი” დაგვეხმარაო. იმ ადამიანებმა, ვისაც უკვე დავეხმარეთ, დაგვირეკეს და გვითხრეს, ჩვენთან უცხოები მოვიდნენ და გვითხრეს, ვინაიდან ჩვენ ანგარიში დაყადაღებულია, გადავწყიტეთ, რომ დახმარევა სახლებში მოგიტანოთ. კარგია, რომ ეს ხალხი ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს მიხვდა და პროვოკატორები გაყარეს! ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ხალხი მოდულის შენობაში დაიბარეს, 10-10 საათი დაკითხვაზე ჰყავდათ, აშინებდნენ და კომპრომატირებულ კითხვებს უსვამდნენ, თუმცა მათ ყველამ საკადრისი პასუხი გასცა.

- გასაგებია, რომ ბევრია რეპრესირებული, მაგრამ ქალბატონო ია, ისიც ფაქტია, რომ ზოგს აწყობს, რომ მეწამულის მანტია მოისხას და ხეირი თქვენგანაც ნახოს.

- დიახ, ჩვენთან ასეთებიც მოდიან, მაგრამ პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომისია გვყავს და გაუგებარი არაფერი გვრჩება. ისე, რა თქმა უნდა, ბევრი შემოგზავნილიც მოვა და სხვა ათას ავანტიურასაც გამოიგონებენ, მაგრამ კომისია სწორედ იმიტომ არსებობს, რომ არაფერში შევცდეთ. ყველას ვეხმარებით, ვინც პოლიტიკური ნიშნითაა რეპრესირებული. ახლახან, მეტროპოლიტენის 50-მა პატრულმა მოგვმართა. ისინი სამსახურიდან იმის გამო დაითხოვეს, რომ ივანიშვილის მისამართით სიმპათია გამოხატეს. ეს, ალბათ, ბედის ირონიაა - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე პატრული ჩემი დასაცავი გახდებოდა! პატრულმა გამანადგურა და ახლა პოლიციელებს ხელისუფლებისგან ვიცავ, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ პატრულშიც მუშაობდნენ კარგი ადამიანები და ყველა ჯალათი არაა!

- ქალბატონო ია, რეპრესირებულებს რა თანხით ეხმარებით?

- პირველ რიგში, ვთხოვთ სახელფასო ცნობას და კომპენსაციას სწორედ ამის მიხედვით ვაკეთებთ. პოლიტპატიმრების ოჯახზე ჩვენი დახმარება 1 500-დან 5000-ლარამდე განისაზღვრება. ზოგჯერ კი, შეიძლება, ერთჯერადი დახმარებაც იყოს. როცა უკიდურესი მდგომარეობა და ჩვენი მეურვეობის ქვეშ მყოფ ადამიანს, ვთქვათ, გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, მაშინ მეტ კომპენსაციას ვაძლევთ. “ქომაგი” უფრო პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულ ადამიანებს ეხმარება. ვიცით, რომ მოსახლეობის 80%-ი გაჭირვებულია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველას ვერ დავეხმარებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრიდან ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლება და ჩვენი ფონდი მუშაობას სხვა მიმართულებითაც დაიწყებს!

- ამბობენ, ია მეტრეველი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს და საქველმოქმედო ფონდის გახსნით საამისო ნიადაგს ამზადებსო...

- ამას ჩემზე ამბობენ? ია მეტრეველს პოლიტიკა რაში უნდა სჭირდებოდეს? მხოლოდ ერთი რამ მინდა: ვემსახურო სიკეთეს და ამის საშულება, იმედია, მექნება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ  ჩემს შვილამდე მივიდე, აქ არ დაგვაცალეს და მე და ბუტა ერთად ზეციურ სასუფეველში მაინც ვიქნები! მინდა, ყველამ იცოდეს, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე ნამდვილად არაა!