ქართულ-თურქულ ურთიერთობებსა და მიგრაციის პრობლემებზე აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გიორგი ანთელავა გვესაუბრება:
- თურქეთში პირველად 1973 წლის იზმირის საერთაშორისო ბაზრობაზე ვიყავი, სადაც ქართული პავილიონი ცალკე იყო წარმოდგენილი. იმჟამინდელი თურქეთი აშკარად ფეოდალური სახელმწიფოს შთაბეჭდილებას ტოვებდა, იგრძნობოდა რელიგიური წრეების დიდი გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ მუსტაფა ქემალ ათათურქმა თურქეთის რესპუბლიკა საერო, ლაიცისტურ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
- თუმცა, ათათურქის რეფორმები აზრთა სხვადასხვაობასაც იწვევს.
- ეს პროგრესული მოვლენა იყო, განსაკუთრებით ენის რეფორმა, ლათინურ ანბანზე გადასვლა, განათლების რეფორმა, თუმცა, ათათურქს საკმაო ბრძოლა მოუხდა იმისათვის, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში ისლამს სახელმწიფო რელიგიის სტატუსი არ ჰქონოდა. დღევანდელი თურქეთი, ცხადია, ძალიან განსხვავდება 1980-იანი წლების სახელმწიფოსგან, ის ძლიერი სახელმწიფოა, ინტეგრირებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიც არის ნატო, რომის კლუბი, საბაჟო კავშირი... აღსანიშნავია, რომ თურქეთის სწრაფვა ევროპისკენ ათათურქიდან მოყოლებული, ბუნებრივ პროცესად იქცა. თურქეთის ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ვერაფერი მოუხერხა უმუშევრობას, განსაკუთრებით აგრარულ სექტორში, სოციალურ გაჭირვებას, მოსახლეობა დიდ ქალაქებს მიაწყდა. ამიტომ, ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ რთული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მუშახელის მასობრივი ექსპორტია ევროპაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო გერმანიაში მუშახელის დიდი დეფიციტი შეიქნა, 1960 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცხადებულ 500 ათასი სამუშაო ადგილზე, ვაკანსიაზე მხოლოდ 188 ათასი მსურველი აღმოჩნდა. 1961 წლის 30 ოქტომბერს თურქეთის მთავრობის ინიციატივით თურქეთმა და გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას გერმანიაში თურქების დროებითი დასაქმების შესახებ, დაიწყო თურქების მასობრივი ემიგრაცია გერმანიაში, თუმცა, გერმანიაში ამას თავიდანვე ჰყავდა მოწინააღმდეგეები. მიგრანტების პირველი ტალღა - 2500 მუშა, გერმანელებმა ზარ-ზეიმით, მუსიკითა და ყვავილებით მიიღეს, დღეს კი გერმანიაში ლეგალურად, სამი მილიონი თურქი ცხოვრობს, გარდა ამისა, 700 ათასი უკვე გერმანიის მოქალაქეა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაციის პირველ წლებში თურქ ემიგრანტებს არავითარი მოთხოვნები არ ჰქონიათ, გარდა სოციალურისა. მათი მიზანი იყო, რაც შეიძლება სწრაფად შეეგროვებინათ საჭირო თანხა სამშობლოში მცირე ბიზნესის წამოსაწყებად, მაგრამ დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა. პირველი, რაც თურქებმა მოითხოვეს, გერმანიაში საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ღორის ხორცის აკრძალვა იყო. ამგვარი ყოფითი პრობლემები შედარებით მარტივად მოგვარდა, მაგრამ მოგვიანებით უფრო დიდმა პრობლემებმა იჩინა თავი.
თურქებთან დაკავშირებულია ევროპაში ისლამის რეანიმაცია, დღის წესრიგში მათი რელიგიურ-კულტურული პრობლემების გადაწყვეტის საკითხი დადგა, თურქებმა დაიწყეს რელიგიურ-კულტურული ცენტრების მოწყობა-მშენებლობა, რაც სალოცავ ადგილსაც გულისხმობდა, საფრანგეთში მხოლოდ 1980-დან 1985 წლამდე 1000 ასეთი სალოცავი მოეწყო. დღეს გერმანიის არაერთ ქალაქში დღეში ხუთჯერ ისმის მოეძინის ძახილი... გასული წლის 18-21 სექტემბერს, გერმანიაში ვიზიტის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ერთ-ერთ ინტერვიუში გერმანულ საზოგადოებაში თურქების ინტეგრაციის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მის გადასაჭრელად უდიდესი მნიშვნელობა აქვს გერმანული ენის უაქცენტო, ზედმიწევნით კარგ ცოდნას". პრეზიდენტის განცხადების ტონის და შინაარსის აშკარა ანტიპოდია პრემიერ-მინისტრ ერდოღანის პოზიცია. რამდენიმე წლის წინ, კიოლნში ვიზიტისას, კიოლნის სტადიონზე შეკრებილი თურქების 20000-იან აუდიტორიას შეახსენა: "თურქული თქვენი მშობლიური ენაა, რომელიც თქვენს შვილებს უნდა ასწავლოთ. ასიმილაცია დანაშაულია კაცობრიობის წინაშე! თქვენ თურქი მუსლიმები ხართ და ასეთებად უნდა დარჩეთ". გერმანიის ხელისუფლებას კი ურჩია, თურქული სკოლები გაეხსნა. მან შეკრებილებს პირდაპირ მიმართა: არ დაგავიწყდეთ, თქვენ სამი მილიონი ხართო. ამ განცხადებას გერმანიაში სკანდალი მოჰყვა, კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა: მშობლიურ ენას თურქები ისედაც ეუფლებიან ოჯახებსა და თურქულ უბნებში, გერმანიაში კი სახელმწიფო ენა გერმანულია და ყველამ, ვისაც კარიერაში წარმატება სურს, პირველ რიგში, სახელმწიფო ენა უნდა ისწავლოსო. დღეს, გერმანიის გარდა, თურქები კომპაქტურად ცხოვრობენ დანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში. 2009 წელს შვეიცარიის ხელისუფლებამ აკრძალა მინარეთების მშენებლობა. დანიამ, ჰოლანდიამ გაამკაცრეს საემიგრაციო პოლიტიკა. მეჩეთი არ არის მხოლოდ სალოცავი, ეს არის კლუბი, თავშეყრის ადგილი. ისლამში პოლიტიკა და რელიგია გამიჯნული არ არის. თვითონ თურქეთშიც დღეს გაცილებით ძლიერია ისლამისტთა პოზიციები, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ.
- ამ ვითარებაში როგორია სამხედროების პოზიცია, რომლებიც, ტრადიციულად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
- წინა თაობის სამხედრო წრეების წარმომადგენლები ქემალ ათათურქის იდეების ერთგულები იყვნენ, ახლა კი ვითარება შეიცვალა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ქვეყანაში ისლამისტების პოზიცია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა მინარეთები ცისკენ მიმართულ რაკეტებს შეადარა, მისი აზრით, "ლაპარაკი ზომიერ ისლამზე შეურაცხმყოფელია, ისლამი ისლამია და ამით ყველაფერია ნათქვამი". დღეს ბერლინსა თუ გერმანიის სხვა ქალაქებში არის უბნები, სადაც გერმანელი ცდილობს, არ შევიდეს, აქ წარწერები თურქულ ენაზეა. დანიაში, ჰოლანდიაში დაიწყეს ლაპარაკი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე. ჰოლანდიაში პოტენციურ ემიგრანტს ტესტს უტარებენ, აჩვენებენ ფილმს, რომელმაც უნდა განსაზღვროს, აგრესიულია თუ არა ის, ჰოლანდიის საელჩოში აბარებინებენ გამოცდას ჰოლანდიურ ენაში, რაც 500 ევრო ღირს.
- დღეს ქართულ-თურქული ურთიერთობების ყველაზე ცხელ თემად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები მიიჩნევა.
- როცა ჩვენში "შავი ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტის" მშენებლობაზე დაიწყო ცხარე დისკუსია, თურქოლოგებმა, გარდა ქალბატონი გიული ალასანიასი, თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს. საქმე ის არის, რომ თურქეთი არასოდეს ყოფილა განათლების დონით გამორჩეული, მით უფრო, განათლების ექსპორტიორი ქვეყანა. თავის დროზე ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრს ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია და შედგა კიდეც გარიგება. თავდაპირველად შავი ზღვის უნივერსიტეტის გახსნას ბაზალეთის ტბასთან აპირებდნენ, ესეც ტაქტიკური ნაბიჯი იყო - ქართველები ბაზალეთის ტბას არ დათმობენ, სამაგიეროდ, სხვა ადგილას უნივერსიტეტის გაშენებაზე ხმას არ ამოიღებენო. შემდეგ გაირკვა, რომ ამ ყველაფერში 50 მილიონი დოლარი გადაიხადეს და, ცხადია, არაფერი შეიცვლებოდა.
ჩემი აზრით, მთავარი ის არის, რომ დღევანდელი თურქულ-ქართული ურთიერთობები პარიტეტული არ არის. მხოლოდ თურქული თუ სხვა ინვესტიციის შემოსვლა არაფერს ნიშნავს, თუ სახელმწიფოებრივი ინტერესი არ იქნება დაცული. ერთობლივი ენერგოპროექტების, კასკადების მშენებლობისას არ ითვალისწინებენ ეკოლოგების აზრს.
რაც შეეხება ქართული ტაძრების - ოშკის, იშხანის და სხვათა პრობლემას. ეს ძეგლები რამდენიმე საუკუნეა, თურქეთის ტერიტორიაზეა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ტაძრებს თურქეთის ხელისუფლებამ "ძველი ძეგლების" სტატუსი მიანიჭა, რითაც მათზე პასუხისმგებლობა დაიკისრა, ისინი დღემდე სავალალო მდგომარეობაშია. რას ნიშნავს, როცა გვეუბნებიან: თუკი თქვენ მოგვცემთ უფლებას, ბათუმში აზიზიეს მეჩეთი ავაშენოთ და ახალციხეში მეჩეთს რესტავრაცია ჩავუტაროთ, ჩვენ ოშკის, იშხანის ერთობლივი რესტავრირების ნებას დაგრთავთო, ამგვარი "ბარტერი" დაუშვებელია! ჩნდება კითხვა: რისთვის უნდათ ბათუმში თურქებს მეჩეთი? ბათუმში არის მეჩეთი, სადაც ყველა სუნიტ მაჰმადიანს თავისუფლად შეუძლია ილოცოს, მაგრამ მათ თურქული ისლამის მეჩეთის აშენება სურთ. ევროპის მაგალითიც აჩვენებს, რომ ამგვარ მეჩეთებთან ჩნდება ორგანიზაციები, რომლებიც მართავენ თემს. არაოფიციალური მონაცემებით, დღეს ბათუმში 70 ათასი თურქი ცხოვრობს, არის ადგილები, სადაც ქართველები შესვლას ერიდებიან და სადაც მომრავლდა თურქულენოვანი წარწერები, ამასთანავე, აჭარის ტელევიზიით ყოველდღე გადაიცემა თურქული ენის გაკვეთილები. დღეს ქართულმა სახელმწიფომ ზუსტად არც კი იცის, რამდენი იმიგრანტი ჰყავს, რაც ადრე თუ გვიან, სავალალო შედეგს გამოიღებს. ქვეყანას მწყობრი, მიზანდასახული საემიგრაციო სამსახური სჭირდება, რადგან სწორედ ერთიანი საემიგრაციო პოლიტიკის უქონლობამ გამოიწვია ევროპაში ის დიდი პრობლემები, კოლიზიები, რის წინაშეც ისინი დღეს აღმოჩნდნენ. სხვის შეცდომებზე ხომ ბრიყვებიც კი სწავლობენ!