საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი შოთა ხაბარელი გორში ოლიმპიური კედლის ჩამონგრევას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, იმ სპორტსმენების კვალი წაშალოს, ვინც "ქართულ ოცნებას" შეუერთდა.
როგორც ხაბარელმა "მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნა, მას პატარა ბიზნესი ჰქონდა, რომელიც შეჩერებული იყო. ამის მიუხედავად, მას 2.5 მილიონი ლარის ჯარიმა მაინც დააკისრეს. ყოფილი სპორტსმენის თქმით, მის მსგავსად სხვა ყოფილ სპორტსმენებსაც ანალოგიურად ექცევიან.
"ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის სპორტული დარბაზი იყო, რომელიც დახურეს, ვითომ რემონტი უნდა ჩაატარონ, ჩამოხსნეს მისი სურათები და აბრა", - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
შოთა ხაბარელი: გორში ოლიმპიური კედლის ჩამონგრევა ხელისუფლების მხრიდან ერთ-ერთი ამაზრზენი ქმედებაა. სურთ იმ ადამიანების სახელი და გვარები წაშალონ, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია და ვინც მათ ქმედებას არ ეთანხმება. შესაბამისად, კედელი, აბრა თუ სხვა რამ იქნება, ყველაფერს ანადგურებენ. ამის გარდა, კიდევ უამრავი ზეწოლის ფაქტი არსებობს.
- რა ზეწოლაზე გაქვთ საუბარი?
- ზეწოლა ძალიან ბევრნაირია. მაგალითად, მე საკმაოდ დიდი თანხით დამაჯარიმეს. ზვიადაურსა და კალაძეს იგივე გაუკეთეს. ხელისუფლებას ტერორის ათასნაირი ფორმა აქვს...
- ანუ გორში ოლიმპიური კედლის ჩამონგრევას სპორტსმენების "ქართულ ოცნებაში" წასვლას უკავშირებთ?
- სპორტსმენებმა უკვე დაამტკიცეს თავისი პოზიცია - უამრავი ოლიმპიური ჩემპიონი დადგა იქ, სადაც ხალხი დგას. სწორედ ეს არის დასჯის მიზეზი.
- ხომ არ პირებთ ამ ოლიმპიური კედლის ჩამონგრევის რაიმე სახით გაპროტესტებას?
- გავაპროტესტე როგორც საჭირო იყო და თუ მოხდება მასშტაბური აქცია, ნამდვილად მივალ. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები და საქართველოს ბევრი რამ გავუკეთეთ. ახლა პატარა ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს ამდენი სპორტსმენის ბედი - ჩამოხსნან აბრები, დარბაზებს გადაარქვან სახელები და ა.შ.
- ოლიმპიური კედლის დანგრევის მსგავსი სხვა პრეცედენტი თუ არსებობს, თუ იცით მსგავსი ფაქტი?
- პირველი ის, რომ ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის სპორტის დარბაზში ჩამოხსნეს სურათები, აბრები და მიზეზად რემონტი დაასახელეს. ჩემს კუთხეშიც, ქარელის რაიონში, სადაც არის ჩემი სახელობის დარბაზი, ალბათ იმასაც მიადგებიან, ამას გააკეთებენ.
- თქვენ თქვით, რომ ბიზნესი გქონდათ და დაგაჯარიმეს. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ბიზნესი გქონდათ და რა თანხით დაგაჯარიმეს?
- რესტორანი მქონდა, რომელიც რამდენიმე ხანია, დაკეტილია. თბილისის აქციის შემდეგ მოვიდნენ და მილიონი ლარით დამაჯარიმეს. ქუთაისისა და ოზურგეთის აქციის შემდეგ მილიონი კიდევ დაამატეს და 2 მლნ ნახევრამდე გაზარდეს. რას შვრებიან, იცით? - ამით ცდილობენ, დაგვატერონონ: ზვიადაურს ელექტროშოკით აშინებენ, ავალიანი გაიტაცეს, ზოგს ოჯახის წევრები დაუპატიმრეს.
სხვადასხვა მეთოდით ხდება ტერორი. კიდევ მოხდება ზეწოლა, რადგან მათ ღმერთის არ სწამთ. "ნაციონალებს" ჰგონიათ, რომ ქვეყანა მათია და არავინ სხვა არ არსებობს. თუ ხარ განსხვავებული აზრის, მოღალატედ გთვლიან.
- "ქართულ ოცნებაში" წასული სპორტსმენები მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელეს. სამტრედიაში კახა კალაძე იყრის კენჭს, ახმეტაში - ზურაბ ზვიადაური. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თქვენს რაიონში, ქარელში თქვენ იყაროთ კენჭი?
- ჯერჯერობით არ ვიცი, ეს პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია.