წინასაარჩევნო

წინასაარჩევნო "ნაციონალური" ტრენინგი 80 ათასი სტუდენტისათვის

 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მმართველი პარტია აქტიურად იწყებს საარჩევნო აგიტაციას. როგორც "მთელი კვირისთვის" გახდა ცნობილი, ანაკლიაში სტუდენტებისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს მმართველი პარტიის პიარ-კამპანია, რაშიც მონაწილეობა დაახლოებით 80 ათასმა სტუდენტმა უნდა მიიღოს. თუმცა უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობები და სტუდენტების ნაწილი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

გუშინ "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ფრთამ ამ საკითხთან დაკავშირებით სტუდენტებთან შეხვედრა ჩაატარა. როგორც "მთელ კვირასთან" საუბარში კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე ზურაბიანი აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრები უნივერსიტეტების თვითმმართველობების და "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით მართლაც ტარდება.

"ჩვენ გუშინ შევხვდით კოალიციის წევრ სტუდნტებს და ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა განხილვა. ეს ინფორმაცია რამდენიმე ხნის წინ მოგვივიდა. შეხვედრები მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია და თავად სტუდენტები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს არიდებენ, თუმცა პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ "სემინარები" "ნაციონალური მოძრაობის" პიარ-კამპანიაა და აგიტაცია მმართველ პარტიას ეწევა", - ამბობს ზურაბიანი.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, სტუდენტების მობილიზაცია მოახდინოს. ანაკლიაში კი იმისთვის მიჰყავთ, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია და პრიორიტეტები გააცნონ. უახლოეს დღეებში 300 სტუდენტის წაყვანა იგეგმება.

"ძალიან ბევრი სტუდენტი ამ ინფორმაციას ადასტურებს და უახლოეს მომავალში ყველაფერს გამოვააშკარავებთ. უნივერსიტეტების თვითმმართველობებს რომ ჰკითხოთ, რა თქმა უნდა, ამას უარყოფენ. თუ დასჭირდათ, იტყვიან, რომ ამერიკიდან კი არა, გრელანდიიდან ჰყავდათ ტრენერები ჩამოყვანილი.

"ეს რომ არ იყოს "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი და წინასაარჩევნო დავალება, მაშინ მსგავსი შეხვედრები აქამდე საქართველოში რატომ არ ტარდებოდა? გარწმუნებთ, რომ თვითმმართველობებს კონკრეტული დავალებები აქვთ მიღებული. მაგრამ დღეს, საბედნიეროდ, არაფერი იმალება და სტუდენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე თავად ეს ადამიანები საუბრობენ", - ამბობს ზურაბიანი.

მისივე თქმით, ამ შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება საჩხერელ სტუდენტებზე გამახვილდა. ასეთი კი დაახლოების 5000-ია.

"ძალიან თვალსაჩინოა ის, რომ საჩხერეში ახალგაზრდობა ბევრია, იმერეთის დანარჩენ რაიონებში მისი რაოდენობის 10%-იც არ არის. გარდა ამისა, ეს არის ადგილი, სადაც ახალაზრდები დასაქმებულები არიან, ყველანაირი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ ისინი რაიონში დაკავდნენ და სხვაგან წასვლა არ მოუწიოთ.

"განსაკუთრებული ყურადღებაც სწორედ ამიტომ გაკეთდა. ამ ახალგაზრდების აქტივობა ქუთაისში ჩატარებულ ღონისძიებაზე თვალშისაცემი იყო. შესაბამისად, ხელისუფლებამ მიიღო კონტრზომები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ ახალგაზრდების განეიტრალება, შესთავაზოს სპეციალური ღონისძიებები და შეხვედრები, რომ მათი ჩართულობა უზრუნველყონ", - ამბობს ზურაბიანი.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ლექსო კობაიძე "მთელ კვირასთან" საუბარში ანაკლიაში სტუდენტებისთვის ჩატარებულ ტრენინგებს "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს და ამბობს, რომ მასში მონაწილეობა არა წარჩინებულმა სტუდენტებმა, არამედ თვითმმართველობასთან და მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა პირებმა მიიღეს.

"სტუდენტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებიც თვითმმართველობაში არიან, ან მასთან დაახლოებული პირები, სამი დღით ანაკლიაში მიჰყავს "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრული ფრთის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე აშკარად და დაუფარავად მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის ქადაგება. ამ სამი დღის განმავლობაში მათთვის ყველაფერი უფასოა.

"ივნისის დასაწყისში მათთან პრეზიდენტი ჩავიდა. ამ დროს ყველა სტუდენტს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და მკაცრად გაჩხრიკეს. რომ იტყვიან, არაადამიანურად მოექცნენ.

"სტუდენტების ნაწილი ვთვლით, რომ ჩვენი აზრის გამოხატვის საშუალება უნდა მოგვეცეს და მიუხედავად იმისა, პრეზიდენტს ვხვდებით თუ სხვა ვინმეს, ასე არ უნდა გვექცეოდნენ", - ამბობს კობაიძე.

მისივე თქმით, სტუდენტებს ტრენინგებში მონაწილეობას არავინ ავალდებულებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ყველასთვის მასში მონაწილეობა ხელმისაწვდომი არ არის და გამორჩევა ხდება, უკვე ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს.

"აცხადებენ, წარჩინებული სტუდენტები მიგვყავსო, მაგრამ ასე არ არის. მეც წარჩინებული სტუდენტი ვარ, მაგრამ მათ სიაში ვერ მოვხვდი, არც ჩემი მეგობრები წაუყვანიათ. გამოყოფა პოლიტიკური ნიშნით ხდება და ამაში ძირითად როლს სტუდენტური თვითმმართველობები თამაშობენ. პიარის ერთ-ერთი სახე აქვთ მოფიქრებული, რომ ახალგაზრდები შეინარჩუნონ", - ამბობს კობაიძე.

მისივე თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტიდან ანაკლიაში უკვე 600-მდე სტუდენტი იმყოფებოდა. უახლოეს დღეებში კი, უნივერსიტეტებიდან კიდევ 300 სტუდენტი წავა.

"ერთი შეხვედრისთვის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან დაახლოებით 300 სტუდენტი მიჰყავთ. ჯგუფები შერეულია. ამ დროისთვის კი, ტექნიკური უნივერსიტეტიდან ანაკლიაში უკვე 600 სტუდენტი იყო. თუმცა, ეს შეხვედრები ანაკლიიდან არ დაწყებულა, თგქქუკ ოწი-დან დაიწყო, როდესაც მასში დარეგისტრირებულ სტუდენტებს ავალდებულებდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივობებში მიეღოთ მონაწილეობა", - გვითხრა კობაიძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 კურსის კიდევ ერთი სტუდენტი "მთელ კვირასთან" საუბარში ადასტურებს, რომ ანაკლიაში 13 ივნისს პრეზიდენტთან შეხვედრა მართლაც გაიმართა:

"პრეზიდენტმა შეხვედრაზე, საათნახევრის განმავლობაში, ძირითადად, ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პირველი საკითხი შემოდგომაზე საქართველოზე რუსეთის თავდასხმის თემა იყო, მზად ვიყავით თუ არა ამ თავდასხმისთვის, ხოლო მეორე - საქართველოს განათლების სისტემაში მომხდარი ცვლილებები.

"თბილისიდან 12 ივნისს წავედით. 13-ში ზუსტად 4 საათზე კი პრეზიდენტთან შეხვედრა გვქონდა. პრეზიდენტის გარდა, ჩვენთან შეხვედრაზე არავინ ყოფილა. ის ინფორმაციაც მცდარია, რომ ამბობენ, თითქოს შეხვედრამდე მკაცრად გაგვჩხრიკეს. არავინ გაუჩხრეკიათ, მაგრამ მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ ფოტოაპარატის და მობილური შეტანა არ შეიძლებოდა. მხოლოდ იმით გამოგვარჩიეს, რომ საკონფერენციოდ და კლასიკურად ჩაცმული სტუდენტები წინა რიგებში დასვეს. შეხვედრის შემდეგ კი, დათო ევგენიძის კონცერტი იყო".

რაც შეეხება ტრენინგისთვის სტუდენტების შერჩევას, ის ამბობს, რომ "გასაუბრება და მკაცრი შერჩევა ტრენინგზე მოსახვედრად არ ჩატარებულა. თვითმმართველობასთან დაახლოებული პირები გაგვიშვეს. ყველაფერი ნაცნობობით მოხდა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, კიდევ 80 ათას სტუდენტზეა საუბარი, რომლებმაც ამ შეხვედრებში მონაწილეობა უნდა მიიღოს".

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე ანაკლიაში სტუდენტების წაყვანას და მათთვის სემინარების ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ შეხვედრები "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით არ ტარდება.

"სემინარებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ამერიკიდან ჩამოყვანილი ტრენერები ატარებენ. მასში მონაწილეობას არა მარტო თსუ-ს, არამედ საქართველოში არსებული ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი.

"პირადად არც ერთ ტრენინგს არ დავსწრებივარ, მაგრამ როგორც ვიცი, სემინარების თემა "დროის მართვა და ინფორმაციული კომუნიკაციის უნარ-ჩვევებია". თსუ-ს სტუდენტები ანაკლიაში სემინარზე 26-27 მაისს იმყოფებოდნენ და მასში 400 სტუდენტი მონაწილეობდა", - ამბობს გუბაძე.

მისივე თქმით, სემინარში სტუდენტების მონაწილეობა ნებაყოფლობითი არ არის და შერჩევას უნივერსიტეტის თვითმმართველობა ახდენს.

"ის 400 სტუდენტი პირადად ჩემი შერჩეულია. შერჩევის კრიტერიუმი პირველ რიგში კარგი აკადემიური მოსწრებაა, სტუდენტი აქტიური და კომუნიკაბელური უნდა ყოფილიყო, ორგანიზატორული უნარ-ჩვევებით გამორჩეული და კარგად უნდა სცოდნოდა ინგლისური ენა, რადგან ტრენინგი ინგლისურენოვანია", - ამბობს გუბაძე.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ამ სემინარების კავშირს, გუბაძე უარყოფს და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სისულელეა.

"ვინც ანაკლიაში იყო, ნებისმიერი სტუდენტი გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ძნელი წარმოსადგენია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პიარს ამერიკიდან ჩამოსული ტრენერები ატარებდნენ", - აცხადებს გუბაძე.

თსუ-ს მე-4 კურსის სტუდენტი "მთელ კვირასთან" საუბარში ანაკლიაში სემინარის ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ შეხვედრა არა "ნაციონალური მოძრაობის" პიარ-კამპანია, არამედ ლიდერობასთან დაკავშირებული ტრენინგი იყო:

"ტრენინგი ლიდერობაზე ჩაგვიტარდა, თუმცა არ ვიცი, რატომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" პიარ-კამპანია იყო. მსგავსი არაფერი ყოფილა".

რაც შეეხება ჩვენს კითხვას, თუ როგორ შეარჩიეს სტუდენტები ანაკლიაში წასაყვანად და გაიარეს თუ არა გასაუბრება, სტუდენტი აღნიშნავს, რომ მსგავსი შერჩევა არ მომხდარა და თვითმმართველობასთან დაახლოებული პირები წაიყვანეს:

"არანაირი გასაუბრება არ გამივლია. სხვები როგორ შეარჩიეს არ ვიცი, მაგრამ მე არ გამივლია. ძირითადად, აქტიური სტუდენტები აირჩა. თვითმმართველობიდან მიცნობენ და იციან, რომ სხვადასხვა ღონისძიებაში ვმონაწილეობ, ანაკლიაშიც ამის გამო მოვხვდი".

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების უმრავლესობა საჯაროდ ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ანაკლიაში მიმდინარე სტუდენტთა ტრენინგების საქმის გამოძიებას უკავშირებდა 18 ივნისს თსუ-ში მომხდარ შელაპარაკებას უნივერსიტეტის სტუდენტი ბექა გაბადაძე. მისი განცხადებით, სტუდენტები სემინარებში მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმების და განსახილველი საკითხების გასაჯაროებას ითხოვდნენ, რასაც მათსა და თვითმმართველობის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.