ოქტომბერში ბევრი რამ შეიცვლება

ოქტომბერში ბევრი რამ შეიცვლება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე მიმდინარე პროცესების თავისებურებებზე და ამ პროცესებზე დასავლეთის დამოკიდებულებაზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორ იმოქმედებს რუსეთი სირიაში ვითარების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში, "ინტერპრესნიუსი" პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა. 

- ცოტა ხნის წინ ხელისუფლება "მასთ ქერის" ამოქმედებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ამჯერად პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ საპირისპირო განცხადებები გააკეთა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ამ საკითხში ხელისუფლების პოზიციაში ცვლილება? და კიდევ, რას შეიძლება ნიშნავდეს "მასთ ქერის" პრინციპის მხოლოდ საარჩევნო პერიოდში მოქმედება?

- წინასაარჩევნო პერიოდში და, ზოგადად, საზოგადოებას ყველა სატელევიზიო არხზე შეუზღუდავად რომ უნდა მიუწვდებოდეს ხელი, ამაზე დიდი ხანია ჩვენში მიმდინარეობს საუბარი. კარგა ხანია, რაც გავიგეთ ტერმინებიც "მასთ ქერი" და "მასტ ოფერი". რამდენადაც ვიცი, სპეციალისტთა ჯგუფმა, ლაშა ტუღუშის მეთაურობით, წელიწადზე მეტია, შეიტანა პარლამენტში მთელი პაკეტი მედიასთან დაკავშირებით, სადაც ბევრი საინტერესო მოსაზრებაა ჩადებული. ამ ცვლილებების აუცილებლობაზე დასავლელი კოლეგებიც ინტენსიურად საუბრობენ. მაგრამ, ხელისუფლებამ რაციონალური რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოახდინა, რაც აირია "მონასტერი". ამ თემაზე ბაქრაძის განცხადებამდე საქმე წინ არ იძროდა. ოპოზიციაც იძულებული გახდა ეფიქრა გამოსავალზე და ემოქმედა კიდეც. ხელისუფლებას რომ დროულად გადაედგა ეს ნაბიჯი, ბევრ უსიამოვნებას თავიდან ავიცილებდით და იმის განცდაც ცოტა ნაკლებად გვექნებოდა, რომ ოპოზიციას ყველანაირად ჩაგრავენ. ივანიშვილის დაჯარიმებითა და მისი ქონების დაყადაღებითაც ხელისუფლებამ წამგებიან მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. 
ახლა კი პარლამენტის სპიკერის განცხადება საზოგადოების დიდმა ნაწილმა აღიქვა, როგორც იძულებითი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და კარგი იქნება თუ ამ საკანონმდებლო ინიციტივას პარლამენტი დროულად მიიღებს. ისე, თუ ეს ნორმა არჩვენების შემდეგაც იმოქმედებს, ნამდვილად არ გვაწყენს. მაგრამ, მოდით ჯერ წინასაარჩევნო პერიოდზე ვიფიქროთ და გზის შემდგომი მონაკვეთიც მერე გამოჩნდება. ოქტომბერში ბევრი რამ შეიცვლება, იმედი მაქვს უკეთესობისკენ. მთავარია, ჩამოყალიბდეს ისეთი პოლიტიკური ბალანსი, როდესაც ერთი მხარე ვერ მოირგებს სრულად ხელისუფლებასა და კანონს. 

- ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლების გააქტიურებული რეპრესიული მანქანის შეჩერება მხოლოდ დასავლეთს შეუძლია, მაგრამ აშკარაა, რომ კვალიფიციურ იურისტთა შეფასებით, ქართული თემიდის უკანონო გადაწყვეტილებებზე ვაშინგტონი და ბრიუსელი რეაგირებას ან არ აპირებენ ან დუმილს ამჯობინებენ. რას უნდა ნიშნავდეს დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგებთან პირდაპირ დაკავშირებული თემებისადმი ხელისუფლების მხრიდან საეჭვო კანონიერების ქმედებებზე რეაქციის არქონა? 

- არც ვაშინგტონის ადმინისტრაცია და არც ბრიუსელი არ არის საბჭოთა კომპარტიის "ცეკა". დასავლეთი გვეხმარება პოლიტიკურად, ფინანსურად, რჩევებით, გვიგზავნიან სპეციალისტებს, გვაქებენ სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯებისთვის და გვაკრიტიკებენ შეცდომებისთვის. უფრო მეტიც, იციან რა ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქვეყნის ცხოვრებაში მეტი ჩართულობის თაობაზე, დასავლეთის დიპლომატები, ელჩები ზოგჯერ იმაზე მეტსაც აქტიურობენ, ვიდრე საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ამერიკისა და ევროპელი ელჩების საკმაოდ პრინციპული განცხადებები. განა აშშ-ის ელჩი არ საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, სასამართლოს მიუკერძოებლობაზე, ბიზნესის პირობებზე და ა.შ.? ეს მათთვის იოლი საქმე არ არის, ისინი დიპლომატები არიან! მაგრამ, ვიმეორებ, ეს ჩვენი სურვილის საპასუხოდ ხდება. მეტს რას ველით, რომ მოხსნან რომელიმე ხელისუფალი, არ დაშალონ პარლამენტი? ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეგუოთ ამ აზრს.
საერთოდ კი, მერწმუნეთ, რომ არა დასავლეთის მტკიცე პოზიცია მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, საწუწუნო და საპროტესტო გაცილებით მეტი გვექნებოდა. 

- ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ სააკაშვილის საშუალებით აშშ კავკასიაში თავის სტრატეგიულ ინტერესს აკმაყოფილებს და მისთვის საქართველოში დემოკრატიის დონე და ხარისხი მეათეხარისხოვანი საკითხია. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცება?

- ჩემი აზრით, ამგვარი მტკიცება უსაფუძვლო და არასამართლიანიცაა. აშშ გლობალური ინტერესების მქონე სახელმწიფოა. ამგვარად, მას ინტერესები აქვს, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაშიც. ამ ინტერესების დასაცავად მას სჭირდება იმ ფასეულობების დამკვიდრება, რომლებიც მისი მთავარი პოლიტიკური იარაღია. ეს გახლავთ დემოკრატია. "ცივი ომისა" და საბჭოთა კავშირთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების პირობებში ვაშინგტონი იძულებული იყო თვალი დაეხუჭა ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ზოგჯერ მხარი დაეჭირა ანტიდემოკრატიული რეჟიმებისთვის. მაგრამ "ცივი ომის" დამთავრების შემდეგ დემოკრატია და დემოკრატიაზაცია იმ აუცილებელ პირობად იქცა, რასაც აშშ და ევროპის ქვეყნები ითხოვენ მათი პარტნიორებისგან. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია აქვთ. თუკი რომელიმე ჩვენს მეზობელს ნატოში გაწევრიანების სურვილი არ აქვს, მის მიმართ დემოკრატიის მოთხოვნებიც უფრო მოკრძალებულია. საქართველომ კი - ალიანსის წევრობის ასპირანტმა - უნდა მოინდომოს და დაუახლოვდეს ამ კრიტერიუმებით პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებსა თუ პორტუგალიას. ამ თვალსაზრისით არანაირ შეღავათს არ უნდა ველოდოთ. 
გარდა ამისა, კიდევ რა უნდა ითქვას ან ვინ უნდა მოგვმართოს, რათა ვირწმუნოთ დასავლეთის გულახდილობა დემოკრატიის განმტკიცების თაობაზე? განა ამაზე არ ისაუბრეს აშშ-ის პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა, ევროპის ლიდერებმა, მაღალი რანგის დიპლომატებმა და მოღვაწეებმა? 

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილი ვაშინგტონისა და მოსკოვის ინტერესებში თანაბრად ჯდება. აშშ-ს მიაჩნია, რომ იგი სამხრეთ კავკასიაში თავის მოკლევადიან სტრატეგიულ ინტერესებს აკმაყოფილებს, ხოლო მოსკოვი იმ დროს ელოდება, როცა საქართველოში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობები პიკს მიაღწევს. ნათელმხილველობა არ სჭირდება იმას, რომ სააკაშვილის სავარაუდო გაპრემიერ-მინისტრება ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განწყობებს საგრძნობლად გაზრდის, რაც ოფიციალური თბილისის დასავლური ვექტორის დისკრედიტაციას გამოიწვევს. ეს კი სწორედ ისაა, რაც კავკასიაში მოსკოვს, ვაშინგტონთან შედარებით, გრძელვადიან პერსპექტივაში უპირატესობას მიანიჭებს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ამერიკაში არ ესმოდეთ....

- გულახდილად გეტყვით, საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც საკმაოდ დამამცირებლად მიმაჩნია გაუთავებელი კითხვები იმის თაობაზე, ისურვებს თუ არა ბ-ნი სააკაშვილი გაპრემიერებას. გირჩევთ, გაესაუბროთ ფსიქოლოგს და იგი აგიხსნით, თუ რა შეიძლება იმალებოდეს ამ ერთი და იგივე კითხვების უკან. არ გვპასუხობს ეს კაცი და სანამ უნდა ვიმარჩიელოთ გვირილით ხელში: "წავა, არ წავა..."? ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ არჩევანი! მეტი გააზრებული პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს თითოეულმა ჩვენგანმა ქვეყნისა და ხელისუფლების ბედ-იღბალზე.
რაც შეეხება დასავლეთს, დარწმუნებული ვარ, მათი პრინციპული რჩევაა ჩვენი პრეზიდენტის მიმართ, არ გაიმეოროს პუტინის შეცდომა. თუკი ამ შეცდომას არ დაუშვებენ, სააკაშვილი პირველი პრეზიდენტი იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომლის დროსაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება. ამას ხალხი და ისტორია აუცილებლად დააფასებს. 

- სირიაში ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბება. რუსეთი კვლავ ასადის რეჟიმის შენარჩუნებას ცდილობს, სირიაში ხან სამხედრო ტექნიკას აგზავნის, ხანაც ამტკიცებს, რომ იქ გემებს თავისივე სამხედრო ტექნიკის გამოსატანად გზავნის. რამდენად სახიფათოა რუსეთი, თუ სირიაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, სავარაუდოდ, სირიის მიმართულებით რა ნაბიჯების გადადგმაა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან და რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს იგი საქართველოსთვის?

- კავკასიის რეგიონსა და ჩვენს ირგვლივ ფრიად რთული მდგომარეობაა. სამწუხაროდ, დენთის კასრთან ახლოს ვიმყოფებით. ეს გახლავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობათა მორიგი გამწვავება, სამოქალაქო ომი სირიაში, ვითარება ირანთან მიმართებაში. 
სირიაში სულ უფრო რეპრესიულ ხელისუფლებას რუსეთი აიარაღებს, ოპოზიციასაც ჰყავს დამხმარეები. კოფი ანანის ინიციატივა პრაქტიკულად ჩაიშალა და ომი სულ უფრო დაუნდობელ ხასიათს იძენს. მოსკოვისა და პეკინის პოზიციის გამო გაეროს უშიშროების საბჭო უფრო ეფექტურად ვერ მოქმედებს. სირია რუსეთის ერთადერთი ბასტიონია ახლო აღმოსავლეთში, ამიტომ თუკი დასავლეთი უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა სამაგიეროს გადახდაზე იფიქროს. ხომ გვახსოვს როგორი იყო ეს "სამაგიერო" კოსოვოს აღიარების შემდეგ? ეს, ასე ვთქვათ, ჰიპოტეტური მოსაზრებაა, მაგრამ ამ ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება. 
პრაქტიკულად უშედეგოდ დამთავრდა მოსკოვში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ამის გამო ირანის მიმართ ძალის გამოყენების თემა კვლავ აქტიურად მუსირებს. ძნელია იმის თქმა, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი საომარი მოქმედებების დაწყების შემთხევვაში. ალბათ გულხელდაკრეფილი არ დარჩება. ყველაფერს ემატება (ან ემთხვევა) რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო წრთვნები ჩვენს საზღვრებთან ოქტომბერში.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენმა არჩევნებმა მაქსიმალურად მშვიდად და სტაბილურ მდგომარეობაში უნდა ჩაიაროს. განსაკუთრებული სიფრხილე და სახელმწიფოებრივი ხედვა პოლიტიკოსებს მართებთ.