დღევანდელ სამყაროში ინფორმაცია ყველაზე ეფექტური იარაღია ძალაუფლებისათვის. ამ ბრძოლაში გამარჯვება მისია, ვისაც ინფორმაცია და საინფორმაციო ბერკეტები აქვს. ამიტომაც არის, რომ ხელისუფლება თავგამოდებით ცდილობს, აკონტროლოს მედია. ხელისუფლებამ კარგად იცის, რა ძალა აქვს ობიექტურ ინფორმაციას, ამიტომ როგორც ჩანს, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ "საშური საქმეა" ყველა საინფორმაციო ჭუჭრუტანის დახშობა.
მოგეხსენებათ, ქართული კანონმდებლობით პატიმრებს ხმის მიცემის უფლება აქვთ, ამიტომ საქართველოს ციხეებში გაუსაძლისი პირობებით გაწამებული, თანაც ინფორმირებული პატიმარი ორმაგად საშიშია ხელისუფლებისთვის არჩევნების პერიოდში. ცოტა ხნის წინ პატიმრებისთვის ჟურნალ-გაზეთების ციხეში შეგზავნა არაოფიციალურად, მაგრამ კატეგორიულად აიკრძალა. პატიმრები ჩივიან, რომ თუ რამდენიმე თვის წინ ციხის მაღაზიებში სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების ყიდვა შეიძლებოდა, ახლა მაღაზიაში შეძენას ვინ ჩივის, ახლობლებიც ვეღარ ახერხებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემების შეგზავნას მათთან. თუმცა, საკმარისია ციხეს რომელიმე უცხოური დელეგაცია ესტუმროს, რომ მათ დასანახად მაღაზიებში მაშინათვე ჩნდება პრესის სრული ჩამონათვალი... რა თქმა უნდა, პატიმრებისთვის შეძენის უფლების გარეშე...
ყოფილი პატიმარი: - კალმახელიძის სტილი ხომ უკვე ყველამ გაიგო რაც არის - მხოლოდ ტყუილები, თვალის ახვევა და სინამდვილეში უმძიმეს მდგომარეობაში ამყოფებენ პატიმრებს, რომლებსაც როგორც არაადამიანებს, ცხოველებს, ისე აღიქვამენ სასჯელაღსრულების სისტემაში...
ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მოტივით აიკრძალა ციხეში ჟურნალ-გაზეთების შეტანა და სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეა სუხიშვილმა ჯერ დრო ითხოვა საკითხის შესასწავლად, მოგვიანებით კი გვიპასუხა, რომ ციხეში პრესა დაუბრკოლებლად შედის.
თეა სუხიშვილი: "შედის, შედის ყველანაირი წიგნი და გაზეთი"(?!).
მართალია, სასჯელაღსრულების სამინისტრო დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ციხეში პრესა დაუბრკოლებლად შედის, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ინფორმაცია გვქონდა და ფარული კამერით შეიარაღებული, ჟურნალ-გაზეთებით ხელში გლდანის ციხეს მივადექით. გლდანში სიტყვაც არ დაგვასველებინეს, ისე მიგვასწავლეს "საქართველოს ფოსტის" გზა. თან, განგვიმარტეს, რომ ციხეში ჟურნალ-გაზეთების შეგზავნა მხოლოდ "საქართველოს ფოსტით" შეიძლება, ვინაიდან გლდანის ციხე დახურული რეჟიმის დაწესებულებაა... ახლა ის დაწესებულება შევარჩიეთ, სადაც სხვა ქართულ ციხეებთან შედარებით საუკეთესო პირობებია, კერძოდ, ორთაჭალის ციხე. იქ სასჯელს მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირები იხდიან. აქ არსებული უკეთესი პირობების გამო მას "ედემს" ეძახიან. დავინტერესდით, "ედემში" მაინც თუ შედის პრესა.
როდესაც "ედემს" ჟურნალ-გაზეთებით მივადექით, გვიპასუხეს, რომ მხოლოდ სპორტული, რელიგიური თემატიკის ჟურნალების და კროსვორდების შეტანა შეიძლება. როგორც ციხის თანამშრომელმა გვითხრა, ადრე გაზეთები ციხის მაღაზიაში იყიდებოდა, ახლა კი მხოლოდ გარედან შემოდის და ისიც არაპოლიტიკური თემატიკის.
რადგან გავარკვიეთ, რომ "საქართველოს ფოსტა" იყო ის ერთადერთი სარკმელი, საიდანაც წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების შეტანა ქართულ სატუსაღოში შესაძლებელია, იქით გავეშურეთ. წიგნების შეგზავნაზე ფოსტის თანამშრომელი იოლად დაგვთანხმდა, პრესაზე კი კატეგორიულად მოგვიჭრა, პრესის ციხეში გაგზავნა აკრძალულიაო(?!).
"რა ჟურნალ-გაზეთებია? არ შეიძლება, პრესა არ შეიძლება!.." - მოკლედ მოგვიჭრა ფოსტის თანამშრომელმა (ამ და სხვა კომენტარების ვიდეოსიუჟეტები შეგიძLლიათ იხილოთ პალიტრატვ.გე-ზე. - რედ.).
ბევრი ვეცადე მომეპოვებინა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ციხეში პრესის შეგზავნას კრძალავს, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან საქართველოში ასეთი დოკუმენტი არ არსებობს!
ვასილ თეთრუაშვილი, პრესის გავრცელების ერთ-ერთი სააგენტოს თანამშრომელი: "ციხეში მაღაზიების მომარაგებაზე ტენდერი ადრე კომპანია "მეგაფუდმა" მოიგო. ჩვენ მასთან გვქონდა ხელშეკრულება დადებული და ციხეში ჟურნალ-გაზეთები უპრობლემოდ შედიოდა. ბოლო პერიოდში ჯერ გაზეთების გამორჩევით შეტანა დაიწყეს, ფაქტობრივად, აგვიკრძალეს, ე. წ. პოლიტიკური პრესის შეტანა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი ჩვენთან თანამშრომლობა გაწყვიტეს. მიზეზად ის დაასახელეს, რომ თითქოს ვერ ვახერხებდით მაღაზიებში პრესის შეტანას. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. ამჟამად კომპანიას, რომელიც ციხის მაღაზიებს სხვადასხვა საქონლით ამარაგებს, პრესის შეტანაზე ხელშეკრულება "საქართველოს ფოსტასთან" აქვს გაფორმებული".
რადგან დავაზუსტეთ, რომ პრესით პატიმრების მომარაგების საპატიო მისია "საქართველოს ფოსტას" აქვს დაკისრებული, გვინდოდა, გაგვერკვია, რა მიზეზით ვერ ახერხებდა ეს კომპანია მოვალეობის შესრულებას.
არსებობს თუ არა კანონი ან ნორმატიული აქტი, რომელიც ციხეში პრესის შეტანას კრძალავს? - ამ კითხვით დავრეკეთ "საქართველოს ფოსტის" ცხელ ხაზზე, მაგრამ ეს კომპანია იმდენად "გასამხედროებული" აღმოჩნდა, რომ კომენტარის მიღება ვერ მოვახერხეთ. როგორც გვითხრეს, არაკომპეტენტურობის გამო პასუხს ვერ გაგვცემდნენ, ხოლო პრესსამსახურთან დაკავშირებაზე უარი ჯერ მისი მოუცლელობის მიზეზით მივიღეთ, მოგვიანებით კი (მას შემდეგ, რაც დირექციასთან დაკავშირება მოვითხოვეთ) გვიპასუხეს, რომ სამუშაო საათები დასრულდა და მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდებოდა.
სხვათა შორის, "საქართველოს ფოსტას" ძალზე საინტერესო ხელმძღვანელობა ჰყავს. მის გენერალურ დირექტორად ლევან სანაძე შარშან დაინიშნა (ის მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა), კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს კი ყოფილი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც ამბობენ, ფაქტობრივად "საქართველოს ფოსტა" ვანო მერაბიშვილის უწყებიდან იმართება.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ფიცი, რომ პრესა ციხეში დაუბრკოლებლად შედის, გვწამს, მაგრამ ბოლო ნამდვილად გვაკვირვებს.