ჰაერში არჩევნების “სუნი ტრიალებს”, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელისუფლებო გუნდსა და “ქართულ ოცნებას” შორის, პირდაპირ თუ ირიბად, ბრძოლაა გაჩაღებული. დაზღვეულია თუ არა ელექტორატი პოლიტიკური ზეწოლისაგან და ირღვევა თუ არა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის უფლებები? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ,,ქართული სიტყვა” ოპოზიციონერ პარლამენტარს, ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთვის” წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელ დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა.
- ბატონო დიმიტრი, მოდით, საუბარი საარჩევნო სიით დავიწყოთ. მართალია, სამთავრობო კომისიამ, დაზუსტების მიზნით, ე.წ. კარდაკარის პროგრამა განახორციელა, მაგრამ ბევრი მაინც თვლის, რომ საარჩევნო სია არაზუსტი იქნება. თქვენც ასე ფიქრობთ?
- საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ძალიან დიდი ხანია, არ ჩატარებულა და, მიუხედავად იმისა, რომ ეპოქალური არჩევნების წინ ვდაგავართ, არ ვიცით, ქვეყანაში რეალურად რამდენი ადამიანი ცხოვრობს. იმ სავალალო სტატისტიკით, რომელიც ხელთ მაქვს, 2009 წლის აპრილიდან 2010 წლის აპრილამდე საქართველოდან 160 ათასი ელექტორალური ასაკის ადამიანია გასული. ეს კატასტროფაა და ამ ფონზე, ის ციფრები, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთიანი ამომრჩევლის სახით წარმოგვიდგენს, არარეალური იქნება. ჩვენ ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე კი არ ვიმყოფებით, არამედ, ეს უკვე ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც ხელისუფლების არასწორი და გააზრებული პოლიტიკის შეგედია. ამ პოლიტიკის მიზანი ჯერ მკვიდრი მოსახლეობის გაღატაკება, შემდეგ კი, ქვეყნიდან განდევნა იყო!
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ,,კარდაკარით” დაზუსტებული ამომრჩეველთა სია ობიექტური, ,,კარდაკარი”, მით უმეტეს, როცა ის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ზუსტად ისეთივე პროცედურაა, როგორიც - საყოველთაო სახალხო აღწერა. საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის თავჯდომარე მამუკა კაციტაძეა, კომისიის ბიუჯეტი კი, 5 მილიონი ლარია და ამ პროცესში 11 ათასი ადამიანი მონაწილეობს. მამუკა კაციტაძე ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერია, კომისიაში სხვა პარტიების წარმომადგენლებიც არიან და, როგორ ფიქრობთ, ის 11 ათასი ადამიანი, რომელიც მათ შეარჩიეს, იქნება თუ არა პოლიტიკური წნეხისგან დაზღვეული?! მაქვს ინფორმაცია, რომ ამ 11 ათასიდან ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ,,ახალი მემარჯვენეებისა” და ,,ქრისტიან-დემოკრატების” წევრია და “კარდაკარის” დროს გარკვეულ პარტიულ ამოცანასაც ემსახურება. ამიტომ, მათ ობიექტურობას გამოვრიცხავ. მოდით, თავს ნუ მოვიტუებთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ ზემოხსენებული 5 მილიონი ,,ახალი მემარჯვენეებისა” და სხვა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის, რომლებიც ამ აღრიცხვაში მონაწილეობენ, გადაგდებული საკენკია. შესაბამისად, “კარდაკარით” დაზუსტებული სია სრულიად საქართველოს ინტერესების გამომხატველი ვერ იქნება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პოლიტიკური ფარსია!
- ბატონო დიმა, შეიძლება, ვინმემ ეჭვი “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ ალტერნატიული “კარდაკარის” ობიექტურობაშიც შეიტანოს...
- ,,ქართული ოცნება” “კარდაკარს” საკუთარი ხარჯებით ახორციელებს. ,,ქართული ოცნების” ამოცანაა, რომ ის ხარვეზები, რომლებიც სახელმწიფო კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად წარმოიშვება, დროულად გამოავლინოს, თუმცა იმის ილუზია არ მაქვს, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული “კარდაკარით” იდიალურ სურათს მივიღებთ. სხვათა შორის, დღეს ამომრჩეველთა საერთო რეოდენობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ალბათ, 2 მილიონ 600 ათასს არ აღემატება და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არაა...
- ბატონო დიმიტრი, რა ამის პასუხია და, “ნაცმოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” ერთმანეთს სატელევიზიო ომიც გამოუცხადეს, რასაც ,,გლობალ ტვ”-ის გარშემო ატეხელ სკანდალიც მოწმობს..
- ,,გლობალ ტვ”-ის გარშემო განვითარებული პოლიტიკური პროცესები იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ხელისუფლება აგონიაშია. ,,გლობალ ტვ”-ი მოსახლეობის ინფორმირებას ემსახურება. საერთოდ, ხალხის უფლებაა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი-პოლიტიკურ პროცესებზე სრული ინფორმაცი ჰქონდეს, მაგრამ წლებია, ხელისუფლება ამ უფლების ხელყოფას ახდენს და აი, ამ დროს ,,გლობალ ტვ”-ი იწყებს აქციას - რეგიონებში ყველა მსურველს უმონტაჟებს სატელიტურ თეფშს, რომლის ღირებულების დაფარვასაც მოსახლეობა ერთი წლის შემდეგ დაიწყებს, მანამდე კი, მხოლოდ სააბონენტოს გადაიხდის, ანუ აქ იმაზე არაა ლაპარაკი, რომ “გლობალ ტვ”-ი ვინმეს რამეს ჩუქნის, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერ ამას სარჩულად პოლიტიკური მიზნები დაუდო და ეს პოლიტიკური მიზნები ,,ქართული ოცნების” აქტივობას დაუკავშირა.
“გლობალ ტვ”-ის ამერიკელი მეწილის რამდენიმე საათით დაკავებაც იმ მიზნით მოხდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განეხორციელებინათ და რაღაც ისეთი ხელჩასაჭიდი მტკიცებულება მოეპოვებინათ, რომლითაც ბიძინა ივანიშვილზე გავიდოდნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და იძულებულნი გახდნენ, რომ ალექსანდრე რონჟესი გაეთავისუფლებინათ.
- იმ დროს, როცა კონტროლის პალატა “ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვაში “ამხელს”, ხელისუფლება სტუდენტებს უფასოდ მხოლოდ პატრიოტთა ბანაკებში კი არ ასვენებს, არამედ, სამუშაო ადგილებითა თუ ფასდაკლების ბარათებითაც ანებივრებს. ეს, მართლაც, მომავალ თაობაზე ზრუნვაა თუ ამომრჩევლის კლასიკური მოსყიდვა?
- ყველაფერ ამას ხშირად ის დატვირთვა აქვს, რომ ახალგაზრდების კონცენტრირებით სარგებლობენ - სტუდენტების გარშემორტყმული პრეზიდენტი საზოგადოებას შეტყობინებას უგზავნის ხოლმე, აი, ჩემს უკან დგანან ახალგაზრდები, რომლებიც მხარს მე მიჭერენო. სინამდვილეში, ასეთ ღონისძიებებზე ახალგაზრდების, ასე ვთქვათ, მიზიდვა “ნაციონალური” ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და მართვადი სტუდენტური კავშირებით ხდება... როცა სტუდენტებს რამდენიმედღიან დასვენებას სთავაზობენ, გაუგებარია, ამაში ფულს ვინ იხდის.
- სტუდენტების გარდა, შეღავათები მოსწავლეებზეც ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით, მრავალშვილიან ოჯახებს სასკოლო წიგნები უფასოდ დაურიდგებათ, თუმცა ამ კუთხით ერთი საყურადღებო ნიუანსია: დედა, რომელსაც შვილები სხვადასხვა მეუღლისგან ჰყავს, მრავალშვილიანად არ ითვლება და, შესაბამისად, მისი შვილები სკოლაში წიგნებს უფასოდ ვერ მიიღებენ. ბატონო დიმიტრი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი, ხომ არ ფიქრობთ, რომ შაშკინის უწყების ეს ინიციატივა დისკრიმინაციულია?
- ეს შაშკინის სრულიად უკანონო გადაწყვეტილებაა, რადგან პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. შესაბამისად, არავის აქვს უფლება, რომ სხვის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს. დიახ, ეს ინიციატივა დისკრიმინაცია და კონკრეტული ჩინოვნიკის თვითნებობაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას, უბრალოდ, ანგარიშს არ უწევს და ცდილობს, კონსტიტუციაზე მაღლა დადგეს!
- ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ხელისუფლება უკან იხევს. შეიძლება, ასეცაა, მაგრამ არ მგონია, რომ თუნდაც შაშკინის ზემოხსენებული ინიციატივა ხელისუფლების უკან დახევაზე მეტყველებდეს...
- ხელისუფლება, რომელიც ძალადობაზეა დამყარებული, ვიდრე საზოგადოებისგან ზეწოლა არ იქნება, უკან არ დაიხევს! ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე, ხელისუფლება ისე იყო გაძლიერებული, რომ ანგარიშს არავის და არაფერს უწევდა და მის მიერ გატარებული პოლიტიკა საზოგადოების ყოფა-ცხოვრების კანონზომიერებას ეწინააღმდეგებოდა. დღეს კი, ხელისუფლება საკუთარი ძალაფლების ტყვეობაშია! ამიტომ, რაც უფრო ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი, ხელისუფლება მით უფრო გონს მოდის, ანუ საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს და ნებისმიერ უკანონობაზე სწრაფად რეაგირებდეს.
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება” და, ამავე დროს, სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავს შეურიგებელ ძალებად მიიჩნევენ, სწორ ნაბიჯებს დგამენ და ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება! მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგები ძალიან დიდია, ,,ქართული ოცნება” და სხვა პოლიტიკური ძალები მოვლენების სხვა მიმართულებით, მაგალითად, ქუჩაში ინსტალაციას არ ცდილობენ, რაც წყალს პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის წისქვილზე დაასხამდა იმიტომ, რომ მას სჭირდება დაზარალებული ხელისუფლების მანტია მოირგოს. სწორედ ასეთი მოთმინებითა და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. სხვათა შორის, ერთია, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და მეორეა, სამართლიანად ჩატარებული არჩევნები საზოგადოებამ სანდოდ სცნოს. მანამდე კი, საჭიროა მოთმინება, რუტინული გზის გავლა და შიშის გატეხვა.