ხელისუფლება "მასთ ქერის" პრინციპის განხორციელებას დათანხმდა, ოღონდ მხოლოდ საარჩევნოდ. ზუსტად იმ დღეს, როდესაც კამპანია "ეს შენ გეხებამ" ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რათა ამ პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დანერგვა საზოგადოების სახელით დარეგისტრირდეს, პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა, რომ "მასთ ქერის" პრინციპი საარჩევნოდ განხორციელდება.
"ჩვენ ვმუშაობთ ახალ საკანონმდებლო გარანტიებზე და ახალ ინიციატივებზე, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა სატელევიზიო არხს მიეცემა საშუალება უფრო მეტ ამორჩეველს, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს მიაწვდინოს ხმა და სატელევიზიო არხების დაფარვის ზონა გაიზარდოს," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
როგორც მან განმარტა, "ეს გულისხმობს წინადადებებს, რომ საარჩევნო პერიოდში მოხდეს ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით. ეს შეეხება ყველა სატელევიზიო არხს და ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია. ჩვენს მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს მოუსმინოს ყველანაირ განსხვავებულ აზრს, მისაღებს თუ მიუღებელს და საბოლოო ჯამში ეს ემსახურება არჩევნების ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას".
ბოლო რამდენიმე თვეა, კამპანია "ეს შენ გეხება" ხელისუფლებას სთავაზობს, რომ კანონმდებლობით მოხდეს ე.წ. "მასთ ქერის" პრინციპის დანერგვა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ყველა საკაბელო კომპანია ვალდებული იქნება, ყველა ტელარხის ტრანსლირება მოახდინოს და ყველა ტელეარხი კი ვალდებული იქნება, რომ ყველა საკაბელო კომპანიაში ჩაერთოს.
ამ ინიციატივის შეთავაზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნაციონალურმა არხება ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად საკაბელო კომპანიას ჩართვაზე უარი უთხრეს, ხოლო იმ ტელეარხებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ არ არიან კონტროლირებადი, ხელისუფლების კონტროლირებადი საკაბელო კომპანიები არ რთავენ. ამის გამო კი რეგიონებში მოსახლეობას პრობლემები შეექმნათ, რადგან ისინი ვერ იღებენ ინფორმაციას.
სწორედ ამიტომ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ხელისუფლებას "მასთ ქერის" პრინციპის დანერგვას რამდენიმე თვის განმავლობაში სთხოვდნენ. ხელისუფლებამ კი უარი უთხრა იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლება კერძო კომპანიების საქმიანობაში ვერ ჩაერეოდა.
ხელისუფლების მხრიდან დღევანდლამდე ასეთი განცხადებები კეთდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ყოფნისას ამ პრინციპის განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ხელისუფლების საბოლოო უარის შემდეგ კამპანია "ეს შენ გეხებამ" მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება გადაწყვიტა და პარასკევს პროექტის ინიცირებისთვის საჭირო 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება დაიწყო, რათა ეს ინიციატივა საზოგადოების სახელით გაფორმებულიყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი ხელმოწერების შეგროვების დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ხელისუფლება მუშაობს ამ ინიციატივაზე და ამის მიზეზად საარჩევნო პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას ასახელებს.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, ქართული კანონმდებლობა უკვე აწესებს ძალიან მაღალ სტანდარტს თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვროდობის, მაგრამ ჩვენი სურვილი და ამოცანაა, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს სტანდარტი და ქართული დემოკრატია იყოს მუდმივად პოზიტიურად განვითარებადი ისტორია," - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, მან იმაზეც ისაუბრა, თუ ეს პრინციპი მაინცდამაინც ახლა რატომ უნდა განხორციელდეს და აღნიშნა, რომ "პასუხი არის ძალიან მარტივი - მართალია, სახელმწიფო კერძო ბიზნეს ურთიერთობებში მინიმალურად უნდა ერეოდეს, მაგრამ საარჩევნოდ პერიოდი ძალიან სპეციფიკურია თავისი შინაარსით. ეს არის პერიოდი, როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებულობას და ინფორმაციის თავისუფლებას. სწორედ ამიტომ საარჩევნო პერიოდში ჩვენ შესაძლებლად და მიზანშეწონილად გვესახება, გავაკეთოთ გამოიკალისი და ამ პერიოდში დავავალდებულოთ საკაბელო მაუწყებლები და ტელევიზიები მიაღწიონ შეთანხმებას იმ მიზნით, რომ ამ დავალდებულებით მოიგოს ჩვენმა ამომრჩეველმა, რომელსაც ექნება უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება".
საპარალმენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სათანადო ინიციატივა უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული, სადაც იქნება გაწერილი ეს პრინციპი ზუსტად როგორ და რა ვადით შეიძლება განხორციელდეს.
ბაქრაძის ამ ინიციატივას კამპანია "ეს შენ გეხებაც" გამოეხმაურა, რომლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ პრინციპის განხორცილება ზოგადად არის საჭირო და ამის გაკეთება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში საკმარისი არ იქნება.
"მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმული ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვან პოზიტიურ წვლილს შეიტანს თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისა და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის ჩამოყალიბებაში. მივესალმებით ხელისუფლების მზადყოფნას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და თანასწორი მედია გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. იმედს გამოვთქვამთ, რომ გაჟღერებული ინიციატივა ადეკვატურად იქნება ასახული პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში," - ნათქვამია კამპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის ელჩი სააქართველოში, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ამ პრინციპის განხორციელებასთან დაკავშირებით აქტიურ მხარდაჭერას აფიქსირებდა, ამბობს, რომ "პარლამენტის ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული, პოზიტიური და კონსტრუქციული ნაბიჯია". თუმცა, მისი თმით, მას ბაქრაძის განცხადება არ მოუსმენია და დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებს.