“ლეიბორისტული პარტია” საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებს საქართველოზე ფინანსური ტრანშების გაცემის შეჩერებისკენ მოუწოდებს და ამის მიზეზი, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი ამბობს, ისაა, რომ ამ ტრანშებით გაზულუქებული ქართული კომერციული ბანკები მოსახლეობას და საშუალო ბიზნესს მიზანმიმართულად აკოტრებენ.
- ფინანსური ტრანშები დანიშნულების მიხედვით არ გამოიყენება და სააკაშვილის მევახშე რეკეტიორი ბანკები კარგა ხანია, მოსახლეობას აკოტრებენ. წესით, ფინანსური ტრანშები ქვეყანაში იმ მიზნით შემოდის, რომ სოფლის მეურნეობა აღორძინდეს, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო შეიქმნას, ახალი საწარმოები გაიხსნას და ხალხი დასაქმდეს. სინამდვილეში კი, ამ ფულის ნაწილი ჩინოვნიკთა პირად ანგარიშებზე იდება. ნაწილი კი, ხელისუფლების საარჩევნო კამპანიას ხმარდება, რომ “ნაციონალებმა” მოსახლეობა მოისყიდონ და, არჩევნების გაყალბების გზით, კვლავ ხელისუფლებაში დარჩნენ. ამაში “ნაციონალებს” ხელს ბანკირები უწყობენ - საყოველთაოდ ცნობილია, რომ “საქართველოს ბანკის” შეფი გილაური ძმაა; ბანკ “რესპუბლიკის” მფლობელი კი, სულხან პაპაშვილია, რომელმაც 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. “თიბისი ბანკიც” სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.
- ბატონო სოსო, უცხოური ტრანშებიდან თანხა კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსნის პირად ანგარიშზე ირიცხება?
- პირველ რიგში, სააკაშვილისა და მისი გუბერნატორების. აშშ-ის ელჩს მივმართეთ, რომ მოეცა ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის დახმარებაა შემოსული საქართველოში მხოლოდ აშშ-დან და აღმოჩნდა, რომ ბოლო 3-4 წელში აშშ-დან საქართველოში 4 მილიარდი დოლარი შემოვიდა. ეს უზარმაზარი თანხაა, მაგრამ ჯონ ბასის გარდა არავინ იცის, თუ სად წავიდა. ბასი ამბობს, ამ 4 მილიარდიდან 1 მილიარდი სოფლის მეურნეობის აღორძინებას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ მან კარგად იცის, რომ ეს თანხა შეიჭამა, ანუ სააკაშვილის რეჟიმის გაძლიერებას მოხმარდა. ამიტომ მივმართავთ “მსოფლიო ბანკს”, “სავალუტო ფონდსა” და “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს”, რომლებიც ამ ხელისუფლების მთავარი დონორები არიან, რომ შეგვიწყვიტონ ფინანსური დახმარებები, რადგან ამით ძლიერდება დიქტატორული რეჟიმი და იმ მიზნებს, რისთვისაც ამ დახმარებას გვაძლევენ, არ ხმარდება. მაგალითად, ტრაქტორები, რომლებითაც ბატონი პრეზიდენტი ასე ამაყობს და ტრაქტორებით პარადებს აწყობს, შემდეგ, მაღაზიებში გააქვთ, სოფლის ბობოლები ყიდულობენ და მერე მოსახლეობაზე, როგორც იტყვიან, მამასისხლად აქირავებენ.
ზემოხსენებული 4 მილიარდის გარდა, ქვეყანას უამრავი შეღავათიანი კრედიტი აქვს ქვეყანას აღებული, რომლის გასტუმრებასაც ესენი არ აპირებენ და არც ის ადარდებთ, რომ საგარეო სესხმა 10 მილიარდს გადააჭარბა. მოკლედ, სააკაშვილი რომ აცხადებს, ქვეყანაში უპრეცენდენტო აღმშენებლობააო, ეს სესხებისა და კრედიტების ხარჯზე ხდება.
- ახლახან პრეზიდენტი ბანკირებს შეხვდა და თითი დაუქნია, მოსახლეობას შეღავათი გაუწიეთ და მაღალ პროცენტებს ნუ ახდევინებთ, თორემ რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთო...
- ეს მორიგი წინასაარჩევნო ტრიუკი იყო და მეტი არაფერი. სინამდვილეში კი, ხალხის გაღატაკების ხარჯზე ამოღებული ცოდვიანი ფულით, სააკაშვილი და მისი ოლიგარქიული ბანდა არჩევნების გაყალბებას გეგმავს! ასეთი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლების მომსწრე, სამწუხაროდ, წარსულშიც არაერთხელ ვყოფილვართ.
სხვათა შორის, საბანკო სესხებსა და კრედიტებზე დაწესებული არარეალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთის შედეგად, 300 ათასი მოქალაქე “შავ სიაშია” შეყვანილი. ბანკებმა 70 ათასს მოქალაქეს ქონება დაუყადაღეს, 20 ათასზე მეტი ოჯახი კი, საკუთარი სახლიდან უკვე გამოსახლებულია. ამასთან, ბანკებმა მოვალეთა რეესტრი შექმნეს, რაც ადამიანების დაკაბალების მრავასაუკუნოვანი მეთოდია - სესხი და კრედიტი საიმისოდ, რომ ადამიანი მორჩილებაში გყავდეს, შესანიშნავი მეთოდია. პირადად მინახავს - სოფლებში დადის ბანკის მანქანა და რუპორით ხალხს კრედიტის აღებას სთავაზობს. გაჭირვებული ადამიანი ამ ანკესზე, რა თქმა უნდა, იოლად წამოეგება.
- რას გულისხმობთ?
- გლეხს ეუბნებიან, მოგცემთ იაფ კრედიტს, ოჯახი დააპურე და მეურნეობას მიხედეო. საწყალი გლეხიც თანხმდება და იმაზე აღარ ფიქრობს, რომ ამ სესხის პროცენტის გადახდა მოუწევს. მოგეხსნებათ, ვალის გასტუმრება ყველას არ ძალუძს და ხალხი ამ გზით მორჩილებაში ჰყავთ. დღეს მოვალეთა რეესტრში 15 000 ოჯახია შეყვანილი, რომელსაც სახლის, მიწის ნაკვეთის გაყიდვა და უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება. ეს ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი ტრაგედიაა.
- ბატონო სოსო, “ლეიბორისტებმა” უკვე მიმართა სავალუტო ფონდს, რომ დახმარება აღარ გამოაგზავნოს. მსოფლიოს გავლენიანი ფინანსური ორგანიზაცია თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს?
- ყოველ დღე ველოდებით შეტყობინებას, მაგრამ არ მგონია, დადებითი პასუხი მივიღოთ. მიუხედვად ამისა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახლებიდან ხალხის გამოსახლების პროცესი შეჩერდეს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ძალიან ჰგავს მე-19 საუკუნის მდგომარეობას, როცა მთელი თავადაზნაურობა დაკაბალებულები იყო და ილია ჭავჭავაძემ “საადგილმამულო ბანკი” შექმნა, რომ ქართველი თავადაზნაურობა გაკოტრებისგან ეხსნა - მაშინაც ყველას ბანკში ჰქონდა ჩადებული სახლები თუ მამულები.
- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ საერთაშორისო დახმარებების შეწყვეტა ჩვენნაირ გაღატაკებულ ქვეყანას ხომ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს?
- მეტი უარესი რაღა იქნება, როცა საერთაშორისო ფინანსური დახმარებები მიზნობრივად არ იხარჯება და მხოლოდ მაღალჩინოსანთა ჯიბეებს ასქელებს?! ამიტომ, კარგი იქნება, თუკი დახმარებების გამოყოფა შეწყდება, ამით ფული გაზულუქებულ ჩინოვნიკებს მოაკლდებათ და არა - ხალხს.
- “ლეიბორისტები”, როგორც ვიცი, ფინანსურ ამნისტიასაც ითხოვთ...
- ფინანსური ამნისტია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუკი გაძლიერდება “ლეიბორისტული პარტია” და არჩვენებში საკმარის მანდატებს მოვიპოვებთ. მერე კი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინანსური ამნისტია გამოვაცხადოთ, რომელიც იმასაც ითვალისწინებს, რომ ხალხს კრედიტები გადაუვადოთ და ბანკის პროცენტების გადახდა თავიდან ავაცილოთ.
- ბატონო სოსო, რა ამის პასუხია და, ნატო-ში შესვლის წინააღმდეგი რატომ ხართ?
- ნატო-ს არც სიყვარული შეიძლება და არც - სიძულვილი. პოლიტიკოსმა ნატო-ს, ისევე, როგორც სხვა სამხედრო ბლოკში შესვლა-არშესვლას, პრაგმატულად უნდა შეხედოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში ყველა უბედურების სათავე ნატო-სკენ სწრაფვაა. რა უბედურებაც გვჭირს - ტერიტორიების რღვევაა თუ უმძიმესი საერთაშორისო მდგომარეობა - ყველაფერი იქიდან მოდის, რომ ხელისუფლება ნატო-სკენ ისწრაფვის. ასეთი პოლიტიკით ქვეყნის დაშლის პროცესს კიდევ უფრო ვძაბავთ.
- საქართველოს ევროპასა და ნატო-სთან ინტეგრაციაზე უარის თქმა, პირდაპირ თუ ირიბად, კრემლის თამაშია...…
- მე კი ვთვლი, რომ ვინც საქართველოს ნატო-ში ექაჩება, ის თამაშობს ამერიკის ადმინისტრაციის თამაშს, რომელმაც სადამდე მიგვიყვანა, ძალინ კარგად ვიცით. რუსეთთან ომი ერთ დღეში სამარცხვინოდ წავაგეთ და თუ ასე გაგრძელდა, ომის საშიშროების წინაშე კვლავ აღმოვჩნდებით, დავკარგავთ ჯავახეთს, ბორჩალოს და აჭარასაც. საქართველო დაიშლება 6-7 ნაწილად და ახლა, ამას უნდათ რუსული თამაში უწოდონ და უნდათ - ჩინური.
- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო 6-7 ნაწილად დაიშლება?
- უკვე დაიკარგა ავტონომიური რესპუბლიკები და გაერო-ს წევრმა ხუთმა თუ ექვსმა ქვეყანამ ეს რეგიონები აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
- პოლიტიკიდან წასვლაზე შალვა ნათელაშვილს ხმა ვინ გაუვრცელა?
- ეს ჭორი იმიტომ აგორდა, რომ ერთკვირიანი წინასაარჩევნო ტაიმ-აუტი გვქონდა გამოცხადებული. ამით ზოგმა გაიხარა, ზოგიც ძალიან დამწუხრდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: წინასაარჩევნო მარათონი დავიწყეთ.
- ისიც ითქვა, ნათელაშვილმა პოლიტიკაზე ხელი იმიტომ ჩაიქნია, რომ დაინახა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგასო...…
- ჭორს რა გამოლევს... თურმე, სააკაშვილმა ფული გადაგვიხადა, რომ პოლიტიკაში დავბრუნებულიყავით, მაგრამ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა.
- ისე, ბატონო სოსო, ჭორებს თავი რომ დავანებოთ, პოლიტიკურ არენაზე დღეს ორი ძირითადი მოთამაშეა - სააკაშვილის “ნაცმოძრაობა” და ივანიშვილის “ქართული ოცნება”. ამიტომ, დიდი შანსია, რომ “ლეიბორისტები” თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ...
- სააკაშვილსა და ივანიშვილს ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვთ გამოცხადებული. რაც შეეხება “ლეიბორისტულ პარტიას”, მართლაც, ვწუხვარ, რომ ჩვენი ელექტორატის გარკვეული ნაწილი ივანიშვილს გაჰყვა და თუ არჩევნების დროსაც ასე გაგრძელდა, მაშინ ქვეყანა შეწყვეტს არსებობას და, როგორც გითხარით, 6-7 ნაწილად დაიშლება. მერე, ჩვენ ნურავინ ნურაფერში დაგვდებს ბრალს, რადგან პილატესავით ხელებს დავიბანთ და გვიანღა იქნება თითზე კბენანი!..
ესაუბრა ნათია ლებანიძე