სასამართლოებში, ფოტო და ვიდეოაპარატურის გარდა, მობილური ტელეფონებისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანაც აიკრძალა. იურისტები ვარაუდობენ, რომ ეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ძალიან დაძაბავს. სასამართლოში ახალი წესების დამკვიდრების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა. მათი კორესპონდენტის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულ პირებს ურიგებენ სასამართლოს თავმჯდომარის 19 ივნისის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო, კინო და ვიდეოაპარატურის გარდა, მობილური ტელეფონისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანაც იკრძალება.სასამართლოებში ამ დრომდე დაუშვებელი იყო ფოტო და ვიდეოგადაღება, თუმცა, მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში ჟურნალისტებს სხდომის აუდიოჩანაწერის გაკეთება შეეძლოთ. შესაბამისად, შენობაში მობილური ტელეფონისა და ხმის ჩამწერი საშუალებების შეტანაზე შეზღუდვები არ ვრცელდებოდა.
ამასთან, "საერთო სასამართლოების შესახებ კანონის" მოქმედი ნორმის მიხედვით, "სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთარსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.
"სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გადაწყვეტილებით".
თავის დროზე, როდესაც სასამართლო პროცესზე ფოტო და ვიდეოგადაღება აიკრძალა, ხელისუფლების არგუმენტი საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება და პროცესზე წესრიგის დაცვა იყო. თუმცა, ოპოზიცია და ექსპერტთა დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას საგანგაშოდ მიიჩნვედნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ეს პროცესის გამჭვირვალობას ხელს შეუშლიდა.
ამის შემდეგ კი ფოტო და ვიდეოგადაღებების სასამართლოს ეზოში აკრძალვა უკვე საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს. მითუმეტეს, რომ ამ შემთხვევაში არგუმენტად ვეღარც წესრიგის დაცვა და ვეღარც საზღვარგარეთის პრაქტიკა ვერ დასახელდება, რადგან ასეთი რამ იქ უბრალოდ არ არსებობს.
საია-ის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია ამ საკითხს სწავლობს და შეფასებები უახლოეს პერიოდში გაკეთდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი გია გვილავა კი ამბობს, რომ ამ ვითარებაში ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან საეჭვოა და ბევრ კითხვას აჩენს.
"სასამართლოში აუდიო და ვიდეო გადაღება ისედაც აკრძალული იყო. აუდიოჩანაწერის გაკეთებისთვის აუცილებელი იყო მოსამართლის თანხმობა. ამიტომ ამ გადაწყვეტილებით კანონი არ დარღვეულა. უბრალოდ, ძალიან საეჭვოა და ძალიან გასაკვირია ის, რომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ეს ყველაფერი. ამის მოტივი იყო ის, რომ, თითქოს წესრიგი უნდა დაიცვან და წესრიგი ისედაც დაცული იყო. ჩვენს ორგანიზაციას სასამართლო სხდომების მონიტორინგი აქვს გაკეთებული და წესრიგი ისედაც არ ირღვეოდა," - ამბობს გია გვილავა.
განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ ამავე გადაწყვეტილებით, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გაკეთება სასამართლოების ეზოებშიც აიკრძალა, რასაც გია გვილავა უკვე კანონდარღვევას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი ახსნა არ მოეძებნება.
"კანონი ეზოში გადაღებას არ კრძალავს და, თუკი ამ ბრძანებაში ასეთი რამ სწერია, ეს არის სისულელე. ადმინისტრაციული შენობების გადაღება თავისუფლად შეიძლება, რადგან საჯარო ადგილებია და, თუკი ესეც იკრძალება, ძალიან გაუგებარია. კანონის სულისკვეთება ის არის, რომ პროცესის გადაღება არ შეიძლება, რომ წესრიგი არ დაირღვეს და ეზოში რაიმეს გადაღებამ რა წესრიგი უნდა დაარღვიოს?" - კითხულობს გია გვილავა და დასძენს, რომ "ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახლა რომ გააკეთეს, როდესაც გახმაურებელი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ძალიან საეჭვოა." ხელისუფლების მხრიდან კი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება.
"რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუშიც ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოების სრულიად დახურვის საშიშროება არსებობს.
"საქმე იქით მიდის, რომ მალე ალბათ, სასამართლო შენობების და მიმდებარე ტერიტორიების შეხედვის უფლებას ჩამოგვართმევენ. ეს ხუმრობით და სერიოზულად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდ რაღაცასთან გვაქვს საქმე. როგორც გახსოვთ, "ვარდების რევოლუციამდე" სასამართლოებთან მიმართებაში ძალიან მაღალი ხარისხის საჯაროობა იყო. მაშინ შესაძლებელი იყო, როგორც აუდიო ჩანაწერების, ასევე ვიდეოგადაღებების გაკეთება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აუცილებელია, რომ არსებობდეს საზოგადოების დიდი ნდობა.
"ამის შემდეგ ეს აიკრძალა და შემდეგ იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ, თითქოს, ეს მიდგომა უნდა შეერბილებინათ. მაგრამ რეალობა არის ის, რომ ასეთ აბსურდულ ბრძანებებს გამოსცემენ მოსამართლეები. მე არ ვიცი, რისი ეშინიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს რაღაცის შიშის გამო იღებენ," - ამბობს ლაშა ტუღუში.
მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
"როგორც ჩანს, რაღაცისთვის ემზადებიან და ეს მომზადება გულისხმობს შესაძლებლობების დახურვას. როგორც ჩანს, იმის ეშინიათ, რომ არ გაშუქდეს ის უმსგავსობები, რაც დღეს ხდება.
"მახსენებდება ერთი შემთხვევა, როდესაც სასამართლო პროცესზე ჟურნალისტი ხელით იწერდა, ეს სტენოგრამად ჩათვალეს და პროცესიდან გაუშვეს. როგორც ჩანს, ახლა უნდათ, რომ ყველაფერი ბოლომდე დახურონ და მე სხვა ვერაფრით ვერ ვხსნი იმას, თუ რატომ უნდა აიკრძალოს ვიდეო და ფოტოგადაღება სასამართლოების ეზოში," - ამბობს ლაშა ტუღუში.