თემურ ჭკუასელი:

თემურ ჭკუასელი: "ბიძინა ივანიშვილი ხომ არ იტყვის, შალვა ნათელაშვილს ფული არ მივეცი და ამიტომ გაბრაზდაო, მე ამას ღიად გიდასტურებთ!"

ჩოხატაურში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხნის მეგობარი, "ქართული ხმების" დამაარსებელი, სცენარისტი და მწერალი თემურ ჭკუასელი წარადგინა, თუმცა "ვერსიის" გადამოწმებული იფნორმაციით, მანამდე ეს წინადადება, მან თამარ ჭოხონელიძეს შესთავაზა, რომელსაც პოლიტიკაში ჩართვის სურვილი არა აქვს. რატომ გადაწყვიტა აქტიურ პოლიტიკაში წასვლა თემურ ჭკუასელმა "ვერსიას" თავად განუმარტავს:

- მართალია, არჩევნებში მონაწილეობას პირველად ვიღებ, მაგრამ მაჟორიტარობასთან დაკავშირებით შემოთავაზებები ადრეც არაერთხელ მიმიღია. მათ პირდაპირ ვეუბნებოდი, რომ სულელურ პარლამენტში დეპუტატი არასოდეს გავხდებოდი.

- ამჯერად დარწმუნებული ხართ, რომ მომავალი პარლამენტი ღირსეული დეპუტატებით დაკომპლექტდება თუ თქვენი თანხმობა მაინც ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობის შედეგია?
- ადრე მსგავსი შემოთავაზებებით არ ვინტერესდებოდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემი თავისუფლება შეიზღუდებოდა. როცა კოალიციამ დაიწყო ფიქრი გურიაში კანდიდატად ჩემს დასახელებაზე, მაშინაც პირდაპირ ვთქვი - თუ არჩევანის თავისუფლებას მაძლევთ, ჩემი პოზიციაა არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მივიღო, მაგრამ თუ თქვენ გჭირდებით, უფლებაც არ მაქვს, უარი გითხრათ-მეთქი. ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში", მართლაც, ღირსეული ადამიანები არიან, თუმცა, არ დაგიმალავთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ მის ლიდერს ვანიჭებ.

- ხელისუფლება მუდმივად ხაზს უსვამს, რომ პროცესებში დომინანტი ჯერ კიდევ მმართველი გუნდია. საზოგადოების ნაწილიც ფიქრობს, რომ კოალიციას გამარჯვების მოსაპოვებლად არჩევნებამდე უმძიმესი სამუშაოების ჩატარება მოუწევს...
- გეთანხმებით, მაგრამ, მერწმუნეთ, "ქართული ოცნების" მიერ თბილისში, ქუთაისსა და გურიაში აგორებული ტალღა, მალე მთელ საქართველოს გადაედება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ქართული ოცნების" აქციებს უცხოელი დამკვირვებლებიც ესწრებიან, ამიტომ თუ ნაციონალურმა მოძრაობამ მაინც გაბედა არჩევნების გაყალბება, დასავლეთი არ დაიჯერებს, რომ თუნდაც გურიაში, მათ გამარჯვების შანსი ჰქონდათ. ბუნებრივია, ხელისუფლება ძალაუფლებას ადვილად არ დათმობს, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვნახავთ, რომ მმართველი გუნდის წრე თანდათან შევიწროვდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გამგებლის მოადგილე უკვე გაათავისუფლეს. "ქართულ ხმებს" რომ პრობლემებს უქმნიან, ამის შესახებ საზოგადოებამ უკვე კარგად იცის. პირადად ჩემთან, ნაციონალური მოძრაობის სახელით შოუბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელი მოვიდა და მთხოვა, "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას ნუ გამოუცხადებო. ცხადია, ვუპასუხე, თქვენი თხოვნით, ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობაზე უარს ვერ ვიტყვი-მეთქი. 15 წელია ვიცნობ, ამიტომ კარგად ვიცი, მას ის ადამიანები აკრიტიკებენ, ხელისუფლების ყურმოჭრილი მონები რომ არიან, ან გარკვეული მიზეზების გამო, დღემდე არ გადაუარათ წყენამ და გაბრაზებამ. პირადად მე ვიცი, რომ შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ოპერაციისთვის გარკვეულ თანხას სთხოვდა. მართალია, ბიძინა ივანიშვილი ყველას უანგაროდ ეხმარება, მაგრამ გარკვეული პრინციპების გამო, "ლეიბორისტების" ლიდერს დაფინანსებაზე უარი განუცხადა, ამიტომ, პატარა კაცისთვის დამახასიათებელი თვისების შესაბამისად, შალვა ნათელაშვილი დღემდე ცდილობს, ბიძინა ივანიშვილზე შური იძიოს.

- გინდათ თქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური დაპირისპირების სარჩული ფულია?
- დიახ, მხოლოდ ეს გახლავთ მიზეზი. სანამ შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო განცხადებების კეთებას დაიწყებდა, მას პრემიერ-მინისტრობას სთავაზობდა. ბიძინა ივანიშვილი ხომ არ იტყვის, შალვა ნათელაშვილს ფული არ მივეცი და ამიტომ გაბრაზდაო, თუმცა მე ამას ღიად გიდასტურებთ. საერთოდ, მსგავსი საკითხები ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციისთვის უმნიშვნელოა. ამ ეტაპზე, მეც მხოლოდ ჩოხატაურზე ვარ კონცენტრირებული. გაგეციანებათ, მაგრამ გამოუცდელობის გამო, ჯერჯერობით, ისიც კი არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მხოლოდ ჩემი დამოკიდებულება ვიცი ჩოხატაურისა და გურიისადმი, ეს მინათებს გზას არჩევნებამდე. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებული ვარ - უნდა შეიქმნას შტაბი, დავნიშნო შტაბის უფროსი, რომელიც შემდეგ მოამზადებს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. როცა ეს სამუშაოები დასრულდება, გადაწყვეტილი მაქვს, რეგიონში ჩავიყვანო კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ცნობილი რეჟისორები და ის ხელოვანი ადამიანები, ძალიან რომ უყვართ. არ მინდა, ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკურ აგიტაციას დაემსგავსოს - მინდა, გურულებს დღესასწაული მოვუწყო.