"გურია ნიუსის" ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, საგანგებოდ გამართულ თათბირზე, ბიძინა ივანიშვილის "გასანეიტრალებლად" ახალი გეგმა იქნა შემუშავებული.
"ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის დატესტვა, გავაჩერებთ მას რამდენიმე საათი პროკურატურაში და იმის მიხედვით, რა რეაგირება ექნება საზოგადოებას, ამაზე იქნება დამოკიდებულებული ჩვენი მომავალი სამოქმედო გეგმა", -ასეთი ფრაზა გაჟღერებულა ამ საიდუმლო თთბირზე, რომლის შესახებაც "გურია ნიუსს" თავისმა წყარომ განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში დასაბარებლად საღამოს საათები იქნა შერჩეული. საუბარი იყო იმაზეც, რომ რაც შეიძლება დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო დაკითხვის პროცესი.
რა მოხდება ამ შემთხვევაში, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას და როგორ მოიქცევა თავად ბიძინა ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები _ ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც, შესაძლოა, ივანიშვილი პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარონ.
როგორც ჩვენი წყარო იტყობინება, ბიძინა ივანიშვილის, პროკურატურაში დაბარებას საფუძვლად მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები დაედება, სადაც აცხადებს, რომ ის დაკისრებულ ჯარიმებს არ გადაიხდის.
რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია და სამართლებრივად რა მიზეზი შეიძლება დაედოს ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას, ამაზე "გურია ნიუსი" "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, იურისტ ეკა ბესელიას ესაუბრა.
- ქალბატონო ეკა, დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ პირველ რიგში, ელოდით რომ პროკურატურა გამოიყენებდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღებას დაიწყებდა?
- რომ გითხრა, რომ მოულოდნელი იყო, ალბათ, არ ვიქნები მართალი. მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ესენი არ იცავენ არანაირ პროცედურას და სამართლებრივ ნორმებს.
- "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ეს ყველაფერი წინაპირობაა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი პროკურატურაში დაიბარონ. თქვენთვის ეს მოულოდნელი იქნება?
- კანონიერი რომ არ იქნება, ეგ ზუსტად ვიცი, იმიტომ, რომ მის მიმართ არ არსებობს არანაირი ფაქტი იმისთვის, რომ სამართლებრივი პროცედურები გახორციელდეს. ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად კანონმორჩილია და ყველა მისი ქმედება კანონთან შესაბამისობაში მოდის.
- რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ამ გეგმის შემუშავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ივანიშვილმა არაერთგზის განაცხადა, რომ ჯარიმებს არ გადაიხდის. ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, რას ითვალისწინებს კანონი?
- რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა, ყველა მისი თანამდევი ნაბიჯებიც უკანონო იქნება და შესაბამისად, უკანონო იქნება იძულებითი აღსრულების პროცედურებიც.
- თუმცა, აღსრულება უკვე დაიწყეს. როგორი იქნება თქვენი სტრატეგია იმ შემთხვევაში, თუ ეს კიდევ უფრო რთული ფორმებით გაგრძელდება-
- უნდა ვიყოთ მშვიდად, ვიმოქმედოთ უშეცდომოდ და ავამოქმედოთ ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა გავანეიტრალოთ ხელისუფლების უკონტროლო ქმედებები.
- მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩააყენეთ თუ არა საქმის კურსში საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები?
- დიახ, რა თქმა უნდა, ყველა საქმის კურსშია.
- როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია, თუ მართლა აამოქმედებენ ამ გეგმას და ივანიშვილს პროკურატურაში, ღამის საათებში, ხანგრძლივ დაკითხვაზე დაიბარებენ?
- მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან სახიფათო იქნება მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და მე არ ვურჩევ ამის გაკეთებას. ეგ უკვე წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავს და არ მგონია, ხელისფლებამ თავს ამის უფლება მისცეს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არც ქვეყნის შიგნით აქვთ მხარდაჭერა და არც ქვეყნის გარეთ.
პოლიტიკური პროცესები უნდა წარიმართოს პოლიტიკური წესების დაცვით. როცა ასე არ ხდება, ვიცით, როგორც სრულდება ყველაფერი. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო და წინასწარმეტყველის როლში აღმოვჩნდე, მაგრამ ხელისუფლებისთვის ეს კარგად არ დასრულდება